განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №12031-018002513945
საქმე №3ბ/2606-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
0- დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, ილონა თოდუა
აპელანტი (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ---------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ბ---------- 2---“;
მესამე პირი (ასკ-ს 16.1 მუხლი) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი;
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 0- აგვისტოს გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, უფლების დამდგენი დოკუმენტით, 6----------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ (ე.წ. ვირტუალური);
1.2. დაევალოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაადგინოს უფლების დამდგენი დოკუმენტით, 6----------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 18 იანვარს შევიდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N3---- მომართვა, 6----------- საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, ამის მოსწრება შეუძლებელი იყო, რაც არ ნიშნავს იდენტურობის დადგენაზე უარს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს „ბ---------- 2---“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ე.წ. ვირტუალური) 6----------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა 6----------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა კანონით დადგენილ ვადაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2018 წლის 12 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შპს ,,ბ---------- 2----ის“ განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცის მოთხოვნით, უძრავ ნივთზე, მდებარე: ბორჯომი, დ--- ბ----------, ა----------ს დ-----–--ა (ზონა:ბორჯომი, სექტორი: დ--- ბ----------) (იხ.სფ.11).
4.2. 2018 წლის 12 იანვარს შპს ,,ბ---------- 2---"-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ბორჯომი, დ--- ბ----------, ა----------ს დ-----–--ა (ზონა: ბორჯომი, სექტორი: დ--- ბ----------). საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2018 წლის 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 18 იანვრის N 3---- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან. აქვე მიეთითა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 18 იანვრის N 3---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე (იხ.სფ.12-13).
4.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 იანვარს N 3---- გაგზავნილი წერილით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ სსიპ „საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენილია N 8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბორჯომი, დ--- ბ----------, ა----------ს დ-----–--ა (ზონა: ბორჯომი, სექტორი: დ--- ბ----------). დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
სააგენტომ ამავე წერილში მიუთითა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა შპს ,,ბ---------- 2---"-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ეთხოვა დაედასტურებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (იხ.სფ.14).
4.4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე, დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სარეგისტრაციო ზონა - ბორჯომის რაიონი N6-, სექტორი - დ--- ბ----------ს საკრებულო, კოდი -1-, კვარტალის ნომერი - 0-, ნაკვეთი - N---, მისამართი - ა----------ს დ-----–--აში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბ---------- 2---“ (იხ.სფ.16-17).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2018 წლის 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება N 8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმად 2018 წლის 12 იანვარს საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შპს ,,ბ---------- 2---"-ის განცხადება, რომლითაც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას, მდებარე ბორჯომი, დ--- ბ----------, ა----------ს დ-----–--ა (ზონა:ბორჯომი, სექტორი: დ--- ბ----------). სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 18 იანვრის N3---- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ/მისმა წარმომადგენლმა კანონით გათვალისწინებულ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ ჩაუტარებია, შესაბამისად მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ ე.წ. ვირტუალური უარი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 6----------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში დაადგინოს 6----------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 0- აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ან დაუბრუნდეს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განხილვისთვის.
6.1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას პირდაპირ დეავალა ნაკვეთის იდენტურობის დადგენა და არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოედქსით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების საკითხი.
სააპელაციო საჩვრის ავტორმა განმარტა, რომ საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო პალატას მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალური უარის კანონიერება. პალატა აღნიშნავს, რომ ამგვარი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობით მიღებულ აქტს, რაც თავის მხრივ გულისხმობს დასაბუთების არარსებობას. ასეთ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ შედეგი უარის სახით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების სავალდებულოობა დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. კერძოდ, 53-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას; დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს; ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამდენად, აქტის კანონიერების განმსაზღვრელ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მისი დასაბუთება. ამასთან, დასაბუთება გულისხმობს ყველა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მითითებას, რაც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა ასევე ითვალისწინებს აქტის გამოცემას შესაბამისი დასაბუთების გარეშე, თუმცა კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძოდ: წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ: ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს; ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას. აღნიშნული ჩამონათვალი არის ამომწურავი და სხვა შემთხვევებში დაუშვებელია აქტის გამოცემა დასაბუთების გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტი შეიძლება გამოიცეს დასაბუთების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუმცა დასაბუთება უნდა გამოიცეს ერთი კვირის განმვალობაში. ამდენად, გადაუდებელი აუცილებლობაც არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის დასაბუთებისაგან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი დასაბუთებულობის სავალდებულოობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს აქტის გამოცემის საფუძვლებს, თუ რა გარემოებებმა განაპირობა კონკრეტული სახის აქტის გამოცემა და ჰქონდეს შესაძლებლობა სრულად შეაფასოს აქტის მართლზომიერება და კანონიერება, ამასთან, მიიღოს გადაწყვეტილება გასაჩივრებისა თუ აქტში მოყვანილი დასაბუთების გაზიარების, უფლების დაცვის სხვა ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს აქტის გამოცემის ვადებს, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ითვლება, რომ გამოცემულია აქტი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. კერძოდ, ზაკ-ის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. სწორედ ეს უკანასკნელი სამართლებრივი ნორმა მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ვირტუალურ უარზე, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ქმედების განუხორციელებლობის შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 12 იანვარს შპს ,,ბ---------- 2----მა" განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, უძრავი ნივთზე მდებარე: ბორჯომი, დ--- ბ----------, ა----------ს დ-----–--ა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, რა მიზნითაც საქმის მასალები გადაუგზავნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში, მოთხოვნილ საკითხზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წერილობითი ფორმით არ გამოუცია.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს სადავოდ არ აქვს გამხდარი ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე არ დგინდებოდა ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა და აღნიშნული საჭიროებდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკითხის შესწავლას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, რომელიც მსგავსი საკითხის შესწავლის შედეგად გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. აქტი კი უნდა გამოიცეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რაც უკვე სასამართლოს მიერ განიმარტა.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ბორჯომის მინიციპალიტეტის მერიამ საჯარო რეესტრის წერილის საფუძველზე, კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ შეისწავლა საკითხი და არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, გამოცემულია ვირტუალური უარი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიიჩნევს ბათლად თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა საფუძველზე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის/მისი წარმომადგენლის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მისი უპირობოდ ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან სადავო ე.წ. ვირტუალური უარი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს შეისწავლოს საკითხი კანონით დადგენილ ვადაში და წესით და აღნიშნულის შედეგად მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. ვიდრე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ იქნება შესწავლილი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების შედეგის წინასწარ განსაზღვრა, მათ შორის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს 6----------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. პალატა კვლავაც აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებათა შესწავლა-გამოკვლევა განაპირობებს მისაღები გადაწყვეტილების შედეგს, რაც განსახილველი დავის ფარგლებში ვერ იქნება განხორციელებული, შესაბამისად, მისაღები გადაწყვეტილების კონკრეტული სახის შედეგის წინასწარ განსაზღვრაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. სრულყოფილად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემული აქტი შესაძლებელია არ ითვალისწინებდეს იმგვარი შინაარსის აქტის გამოცემას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, აღნიშნული საჭიროებს დამატებით კვლევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 6----------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზემოაღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალება არსებითად იმსჯელოს 6----------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის თაობაზე და აღნიშნულის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.
8. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
განსახილველ საქმეზე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელის - შპს ,,ბ---------- 2----ის“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1-0 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 0- აგვისტოს გადაწყვეტილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 6----------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზემოაღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს არსებითად იმსჯელოს 6----------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის თაობაზე;
3. შპს ,,ბ---------- 2----ის“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1-0 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -