განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
010210018002547232
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002547232

საქმე 2/ბ-897-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: შ-- ,,უ---------–-“

მოწინააღმდეგე მხარე: მ---- ლ------

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივლისი განჩინება

დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

კერძოს საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 17 ივლისს, შ-- ,,უ---------–--“ სარჩელი აღძრა ბ-------- საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა მ---- ლ------ და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისათვის 1508,50 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივლისის განჩინებით, შ-- ,,უ---------–-” უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

სასამართლომ მიუთითა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

გარდა ამისა, ამავე ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნიდან და მოსარჩელე შ-- "უ---------–-"-ს ფაქტობრივი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, კერძოდ, შ-- "უ---------–-" ფაქტობრივად მიკროსაფინანსო დაწესებულებაა, ეწევა მიკროსესხების გაცემას და რადგან მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს გორში, სსკ-ის მე-16.5 მუხლის საფუძველზე, მოცემული საქმე გორის რაიონული სასამართლოს განსჯადია.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186.1. მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-16 მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით, შ-- "უ---------–-ს" წარმომადგენელს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ-- ,,უ---------–-ს“ წარმომადგენელმა ა-----– ჯ------------- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ თავისივე განჩინებაში განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ადგენს განსჯადობის განსხვავებულ წესს, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარდეგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

სესხის ხელშეკრულების 12.3 პუნქტისა და 13.8 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების შესრულების ადგილი გამსესხებლის იურიდიული ადგილსამყოფელია და ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის არსებულ დავას, სასამართლო განიხილავს ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით.

მხარეთა მიერ, ხელშეკრულების შესრულების ადგილი განისაზღვრა გამსესხებლის იურიდიული ადგილსამყოფელი, რომელიც იმავდროულად კრედიტორის ფაქტობრივი ადგილსამყოფელიცაა.

ამდენად, მოცემული დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში არ იქნებოდა დათქმა, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილია გამსესხებლის (კრედიტორის) ადგილსამყოფელი, მაშინაც კი, განსჯადი ბათუმის საქალაქო სასამართლო იქნებოდა, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ შესრულების საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფლის მიხედვით, თუმცა, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო იმ მოტივით, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვეოდა, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო ქ.ბათუმი, გარდა ამისა, სსკ-ის 16.5 მუხლიდან გამომდინარე, დავა გორის რაიონული სასამართლოს განსჯადობას ექვემდებარებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ შ-- ,,უ---------–-” არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას − კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს, რა შემთხვევაშიც მოცემული კატეგორიის დავა განსჯადობის განსაკუთრებულ წესს დაექვემდებარებოდა, ამ შემთხვევაშიც, სსკ-ის 16.5 მუხლზე მითითებით სარჩელის მიღებაზე უარი არასწორია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ივლისს, შ-- ,,უ---------–--“ სარჩელი აღძრა ბ-------- საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა მ---- ლ------ და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისათვის 1508,50 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივლისის განჩინებით, შ-- ,,უ---------–-” უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რომლის გაუქმების მოთხოვნითაც წარმოდგენილი იქნა კერძო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა განსჯადობის საკითხი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები, სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულდეს (განსაკუთრებული განსჯადობა).

საქმეში განთავსებული, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 12.3 და 13.8 პუნქტის თანახმად, სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია გამსესხებლის იურიდიული მიმართი.

სესხის ხელშეკრულების (ს.ფ.14), ასევე სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შ-- ,,უ---------–-ს” (გამსესხებლის) იურიდიული მისამართია ქ. ბ-------, ა------ 1 შ--------, სახლი 7- (ს.ფ.32).

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შ-- ,,უ---------–-ს” ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, მისი იურიდიული მისამართის შესაბამისია, რაც მითითებული იქნა კიდეც სარჩელში.

იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი განისაზღვრა გამსესხებლის იურიდიული მისამართი, რაც ქ. ბათუმში, ა------ ქუჩა №- სახლი 7--ია და იმავდროულად კრედიტორის ფაქტობრივი ადგილსამყოფელიცაა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემული დავის განხილვაზე განსჯად სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს.

ხელშეკრულებაში შესრულების ადგილად კრედიტორის იურიდიული მისამართის მიუთითებლობის შემთხვევაშიც კი, განსჯად სასამართლოდ მაინც ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩაითვლება, ვინაიდან, ყოველგვარი ბუნდოვანების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, განსაზღვრა ფულადი ვალდებულების შესრულების წესი და ადგილი, რომლის მიხედვითაც, შესრულების ადგილის საეჭვოობისას, ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფლის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით.

წარდგენილი სარჩელის თანახმად, დავის საგანია ფულადი ვალდებულების შესრულება. ამდენად, სკ-ის 386.1 მუხლის მიხედვითაც, ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო კრედიტორის (მოსარჩელეს) ადგილსამყოფელის მიხედვით, რაც ქ. ბათუმია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაზიარებული ვერ იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოცემული სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესის, კერძოდ მოპასუხის-მ---- ლ------ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მჯელობას, რომლითაც განიმარტა სსკ-ის მე-16.5 მუხლი.

აღნიშნული ნორმის თანახმად, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაკუთრებულ განსჯადობას დაექვემდებარა სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობენ საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან.

ის, თუ რომელი იურიდიული პირი შეიძლება ჩაითვალოს სსკ-ის 16.5 მუხლში მითითებული სტატუსის მქონე სუბიექტად, განსაზღვრავს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ამ კანონის მიხედვით, საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების სტატუსის მინიჭება და ლიცენზიის გაცემა ხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და სტსტუსმინიჭებული დაწესებულება რეგისტრირდება სპეციალურ რეესტრში, რომელიც საჯაროა.

ვინაიდან, შ-- ,,უ---------–-” არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეესტრში რეგისტრირებულ სპეციალურ სუბიექტს, ის ფაქტი, რომ თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ახდენს კრედიტების გაცემას, ვერ მიიჩნევა სსკ-ის 16.5 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირად.

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივლისის განჩინება დაუსაბუთებელია, ხოლო კერძო საჩივარი მისი გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისათვის, არასწორად იმსჯელა განსჯადობაზე, რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლებიდან გამომდინარე დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებს, ეს საკითხები სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა.

ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის შემოწმება და მის განხილვა-გადაწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენციაა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოცემული საქმე, სარჩელის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს უფლებამოსილ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ-- ,,უ---------–-ს“ (დირექტორი-ომარ ვერძაძე) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივლისის განჩინება;

3. სამოქალაქო საქმე, მ---- ლ------ს წინააღმდეგ, შ-- ,,უ---------–-ს“ სარჩელის დასაშვებობის შემოწმების საპროცესო სტადიიდან, განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

4. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე