განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001966731
N2ბ/103-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - რ---–---- ბ--------ი
წარმომადგენელი - ნ-----–---- ა------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ-------– ბ--------ის უფლებამონაცვლე რ----- ბ--------ი
წარმომადგენლები - მ------ ძ----–---–ი, ნ-----–- გ---------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ-------– ბ--------ის სარჩელი დაკაყოფილდა. რ---–---- ბ--------ს გ-------–ი ბ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ანაზღაურება.
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. კიროვის რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1983 წლის 3 აგვისტოს №4-- გადაწყვეტილების თანახმად, გ------- (გ-------–) კ--------ის ძე ბ--------ის მრავალწევრიან ოჯახს - თავად გ------- (გ-------–) ბ--------ს, მის აწ გარდაცვლილ დედასა და შვილს, რ---–---- ბ-------ს - დროებით საცხოვრებლად გადაეცათ ქ. თბილისში, თ-----------------ში, პირველ სართულზე მდებარე ერთი ოთახი, ფართით 2- კვ.მ. (ს/ფ 19, 176);
2.2. 2006 წლის 14 მარტს სანოტარო წესით დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის №107 დადგენილების შესაბამისად, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობამ რ---–---- ბ--------ს, გ-------– ბ--------სა და არასრულწლოვან დ---- ბ--------ს, რომელსაც ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა მამა - რ---–---- ბ--------ი, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ქ. თბილისში, თ----------------ში მდებარე უძრავი ქონება, ფართით 3--- კვ.მ. (ს/ფ 20-21);
2.3. 2006 წლის 20 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, თ----------------ში მდებარე, 3--- კვ.მ. ფართის მქონე უძრავი ქონება აღრიცხული იყო რ---–---- ბ--------ის, გ-------– ბ--------ისა და დ---- ბ--------ის თანასაკუთრებად (ს/ფ 26-27);
2.4. 2008 წლის 4 იანვარს შედგენილი მინდობილობის თანახმად, გ-------– ბ--------მა შვილის, რ---–---- ბ--------ის სახელზე განუხაზღვრელი ვადით გასცა მინდობილობა ქ. თბილისში, თ------------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან თავისი კუთვნილი წილის მართვისა და განკარგვის, მათ შორის გაყიდვის, უფლებამოსილებით (ს/ფ 29-30);
2.5. 2009 წლის 6 თებერვალს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, რ---–---- ბ--------მა, როგორც გ-------– ბ--------ის მინდობილმა პირმა, 2008 წლის 4 იანვრის მინდობილობის საფუძველზე გაყიდა, ხოლო რ---–---- ბ--------ის მეუღლემ, ა-–--–- ტ--------მა იყიდა ქ. თბილისში, თ----------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან გ-------– ბ--------ის კუთვნილი წილი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გ-------– ბ--------ის წილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა ა-–--–- ტ--------ის საკუთრებად (ს/ფ 32-33, 45).
2.6. 2016 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ა-–--–- ტ--------მა, დ---- ბ--------მა და რ---–---- ბაიაზაიანმა 60 000 აშშ დოლარად გაყიდეს, ხოლო მ----- ვ-–-----ემ და ი----- ჯ-------მ შეიძინეს ქ. თბილისში, თ-----------------ში მდებარე უძრავი ქონება, ფართით 3--- კვ.მ. და საჯარო რეესტრში აღირიცხნენ ამ უძრავი ნივთის მესაკუთრეებად (ს/ფ 36-37, 47);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.7. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, თ--------------ში მდებარე უძრავი ნივთის რეალიზაციით მიღებული თანხიდან მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუცია ამ უკანასკნელის კუთვნილი წილის შესაბამისი კომპენსაცია.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში უდავო იყო, რომ ქ. თბილისში, თ--------------ში მდებარე უძრავი ნივთის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში თავდაპირველად რეგისტრირებული იყო მოსარჩელე გ-------– ბ--------ი. მხარეებმა სადავოდ არ გახადეს ის გარემოება, რომ აღნიშნული წილი მოგვიანებით ფორმალურად აღირიცხა მოპასუხის მეუღლის, ა-–--–- ტ--------ის სახელზე, ხოლო ოჯახმა უძრავი ნივთი ფაქტობრივად გაასხვისა 2016 წლის 29 სექტემბერს 60 000 აშშ დოლარად. მოპასუხე არ უარყოფდა მოსარჩელისათვის მისი წილი თანხის - 20 000 დოლარის გადახდის ვალდებულების არსებობას, თუმცა, მიიჩნევდა, რომ ვალდებულება მის მიერ უკვე შესრულებლი იყო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის განხილვისას მოპასუხე რ---–---- ბ--------მა განმარტა, რომ მას არ უნდა დაეკისროს მისი მამისთვის დამატებითი თანხის გადახდის ვალდებულება, რადგან 10 000 აშშ დოლარი მას უკვე გადახდილი ჰქონდა. თუმცა, მოსარჩელემ ვერ შეძლო სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელისათვის 10 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ასეთი მტკიცებულება საქმის განხილვის მომენტისთვის მოპასუხეებს ხელთ არა ჰქონდათ.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ 10 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისათვის დანარჩენი 10 000 აშშ დოლარის გადახდად უნდა შეფასებულიყო ის გარემოება, რომ მოპასუხემ თავისი მეუღლის, ა-–--–- ტ--------ის სახელზე შეიძინა ქ. თბილისში, დ---------------------–---–----------------- კვ.მ ბინა, რომელშიც საქმის განხილვის დროს ცხოვრობდა მოსარჩელე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული მოსარჩელის წილი თანხიდან, მოპასუხის მიერ მეუღლისათვის ზემომითითებული ბინის შეძენით მოსარჩელეს სარგებელი არ მიუღია. მოსარჩელის ერთ-ერთ ძირითად პრეტენზიას სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ მოპასუხის მეუღლის ბინაში მისი ყოფითი პირობები ურთულესი იყო (იხ. მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალა, ს/ფ 231).
სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვისას, სასამართლომ მორიგების ფარგლებში შესთავაზა მოპასუხე მხარეს, მეუღლეზე, ა-–--–- ტ--------ზე რეგისტრირებული, დ--------------–---–----------------- კვ.მ. ბინის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა, თუმცა, მოპასუხე მორიგების აღნიშნულ პირობას არ დაეთანხმა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, უთანაბრდება გამდიდრებას. ამ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიუთითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ე.ი. როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. დასახელებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში - რაც განსახილველ საქმეში სახეზეა, ვინაიდან უძრავი ნივთი გასხვისებულია მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირთა ნამდვილი ნების საფუძველზე - მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან.
იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ნივთის გასხვისება მოხდა მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მაგრამ, მოსარჩელეს არ მიუღია თავისი წილი კომპენსაცია, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაკარგა კონკრეტული სიკეთის - გაყიდული უძრავი ნივთიდან მისი წილის ღირებულების - მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო გამდიდრების გათანაბრებისთვის აუცილებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მოსარჩელის სამართლებრივი სიკეთის - უძრავი ნივთის რეალიზაციიდან მიღებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის - მოსარჩელის თანხმობის გარეშე განკარგვის სახით და მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 20 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. ამ კუთხით, აპელანტმა მიუთითა, რომ გ-------– ბაიაზანს ქონებრივი მოთხოვნა წარმოეშვა 2009 წლის 6 თებერვალს მისი კუთვნილი 1/3 წილის რ---–---- ბ--------ის მიერ გენერალური მინდობილობის საფუძველზე გასხვისების შემდეგ და არა 2016 წლის 29 სექტემბერს, როდესაც ა-–--–- ტ--------მა, დ---- ბ--------მა და რ---–---- ბაიაზაიანმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაყიდეს ქ. თბილისში, თ-----------------ში მდებარე უძრავი ქონება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტში გასული იყო ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ, გ-------– ბ--------მა სარჩელი აღძრა 13.06.2017 წელს, მოთხოვნის ხანდაზმულობის როგორც 3-წლიანი ასევე 6-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამოდენიმე მოქმედება მარწმუნებელის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
აპელანტის მითითებით, 2008 წლის 4 იანვარს წილის მართვისა და განკარგვის თაობაზე შედგენილი მინდობილობა არის დავალების ხელშეკრულება, და მისგან გამომდინარე მოთხოვნა განისაზღვრება 3 ან 6 წლით.
აპელანტმა მიუთითა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის’’ მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, გ-------– ბ--------ს შესაძლებლობა ჰქონდა შეეტყო ან უნდა შეეტყო მისი ქონების, ანუ 1/3 წილის გასხვისების შესახებ 2009 წლის თებერვალიდან. გ-------– ბ--------მა სარჩელი აღძრა 13.06.17 წელს, მოთხოვნის ხანდაზმულობის როგორც 3-წლიანი, ასევე 6-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 279-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტით, ამავე კოდექსის 181-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტით, და მოსარჩელე რ---–---- ბ--------ის გარდაცვალების გამო, შეეჩერებინა საქმის წარმოება.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტში, გ-------– ბ--------ი გარდაცვლილი იყო. კერძოდ, მოსარჩელე გარდაიცვალა 2017 წლის 8 ნოემბერს, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის 17 ნოემბერს.
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოპასუხეზე გაყიდული ქონების ღირებულების 1/3 წილის, ანუ 20 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, დააყრდნო იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ა-–--–- ტ--------მა, დ---- ბ--------მა და რ---–---- ბაიაზაიანმა 60 000 აშშ დოლარად გაყიდეს, ქ. თბილისში, თ-----------------ში მდებარე უძრავი ქონება.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის საფუძველი ჰქონდა 20 000 ლარზე, 2009 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე მხარის კუთვნილი 1/3 წილი რ---–---- ბ--------ის მიერ გენერალური მინდობილობის საფუძველზე გასხვისდა 20 000 ლარად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი 20 000 აშშ დოლარის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 20.03.2006 წ. მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, თ----------------ში მდებარე, 3--- კვ.მ. ფართის მქონე უძრავი ქონება აღრიცხული იყო რ---–---- ბ--------ის, გ-------– ბ--------ისა და დ---- ბ--------ის თანასაკუთრებად (ტომი 1; ს/ფ 26-27 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
4.2. 04.01.2008წ. მინდობილობის თანახმად, გ-------– ბ--------მა (საკუთრების მიმნდობი) რ---–---- ბ--------ს (მინდობილი მესაკუთრე), მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: მინდობილი მესაკუთრე უფლებამოსილია მართოს და განკარგოს გ-------– ბ--------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის ნაწილი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, თ----------------, დადოს გარიგება, რომელიც დაკავშირებული იქნება მინდობილი საკუთრების მართვასა და განკარგვასთან, კერძოდ, გაყიდოს, გაასხვისოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დატვირთოს იპოთეკით, განსაზღვროს თანხა, ვადა და სხვა პირობები. მინდობილი მესაკუთრე უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი თანხა, რაც დაკავშირებულია მინდობილი საკუთრების მართვისა და განკარგვის უფლების რეალიზაციასთან ... მინდობილი მესაკუთრე ამ მინდობილობით მინიჭებულ უფლებამოსილებას განახორციელებს უსასყიდლოდ (ტომი 1; ს/ფ 29-30 - მინდობილობა);
4.3. 06.02.2009წ. გ-------– ბ--------ის მინდობილ პირს - რ---–---- ბ--------სა და ა-–--–- ტ--------ას (რ---–---- ბ--------ის მეუღლე) შორის სანოტარო წესით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საფუძველზე, რ---–---- ბ--------მა, მინდობილობის საფუძველზე გ-------– ბ--------ის კუთვნილი 1/3 წილი მიჰყიდა თავის მეუღლეს ა-–--–- ტ--------ს (პალატა აქვე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 20 000 (იცი ათას) ლარად, ხოლო, მე-6 პუნქტის თანახმად, მყიდველმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადა ამ ხელშეკურლების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო, გამყიდველმა მიიღო ნასყიდობის ფასი, თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან და ადასტურებენ, რომ მოსარჩელე მხარის წილი მხოლოდ ფორმალურად აღირიცხა მოპასუხის მეუღლის, ა-–--–- ტ--------ის სახელზე და ამ უკანასკნელს ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია (ტომი 1; ს/ფ 31-33). აღნიშნული კი უსაფუძვლოდ ქმნის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის უფლება გააჩნდა არა 20 000 აშშ დოლარზე 2016 წლის 29 სექტემბერის ნასყიდობის ხელშეკურლების შესაბამისად, არამედ, 20 000 ლარზე, თანახმად, 06.02.2009 წლის ნასყიდობის ხელშეკურლებისა.)
4.4. 13.07.2012 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 06.02.2009წ. ხელშეკრულების საფუძველზე, გ-------– ბ--------ის წილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა ა-–--–- ტ--------ის საკუთრებად (ტომი 1; ს/ფ 45 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
4.5. 29.09.2016წ. ერთის მხრივ, ა-–--–- ტ--------ას, დ---- ბ--------ს, რ---–---- ბ--------სა და მეორეს მხრივ, მ----- ვ-–-----ესა და ი----- ჯ-------ს შორის, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა-–--–- ტ--------მა, დ---- ბ--------მა და რ---–---- ბაიაზაიანმა 60 000 აშშ დოლარად გაყიდეს, ხოლო, მ----- ვ-–-----ემ და ი----- ჯ-------მ შეიძინეს ქ. თბილისში, თ-----------------ში მდებარე უძრავი ქონება, ფართით 3--- კვ.მ. (ტომი 1; ს/ფ 36-37 - 29.09.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება);
4.6. მ----- ვ-–-----ე და ი----- ჯ------- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულნი არიან თ--------------ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეებად (ტომი 1; ს.ფ. 47 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
4.7. წინამდებარე განჩინების 4.3. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ნივთის (ქ. თბილისში, თ----------------ში მდებარე, 3--- კვ.მ. ფართის მქონე უძრავი ქონება) რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა შეადგენს 60 000 აშშ დოლარს;
4.8. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელე მხარის მიმართ, მისი წილის შესაბამისად (რაც შეადგენს უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის 1/3-ს), ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემის ვალდებულების შესახებ, თუმცა, მიუთითებს მის მიერ ამ ვალდებულების შესრულების თაობაზე და ამასთან, სასარჩელო მოთხოვნას მიიჩნევს ხანდაზმულად, რაც აპელანტის (მოპასუხის) მითითებით, საფუძველს აცლის სარჩელის საფუძვლიანობას.
4.9. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილ მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რ---–---- ბ--------ის მიერ აწ გარდაცვლილი გ-------– ბ--------ის მიმართ არსებული ვალდებულების (20 000 აშშ დოლარის გადაცემის) შესრულების ფაქტს.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
ამდენად, რადგან ვალდებულების შესრულების/თანხის გადაცემის, დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება შემძენს, შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის/გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელე მხარისათვის თანხა, თუნდაც, 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, გადაცემული არ არის.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისათვის დანარჩენი 10 000 აშშ დოლარის გადახდად უნდა შეფასებულიყო ის გარემოება, რომ მოპასუხემ თავისი მეუღლის, ა-–--–- ტ--------ის სახელზე შეიძინა ქ. თბილისში, დ---------------------–---–----------------- კვ.მ. ბინა, რომელშიც საქმის განხილვის დროს ცხოვრობდა მოსარჩელე. ამ კუთხით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული მოსარჩელის წილი თანხიდან, მოპასუხის მიერ მოპასუხის მეუღლისათვის ზემომითითებული ბინის შეძენით მოსარჩელეს სარგებელი არ მიუღია. მოსარჩელის ერთ-ერთ ძირითად პრეტენზიას სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ მოპასუხის მეუღლის ბინაში მისი ყოფითი პირობები ურთულესი იყო.
4.10. პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს (ან სხვა ორგანოს) მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, შესაბამისი წინაპირობის არსებობისას, რაშიც იგულისხმება ის, რომ ამ გარემოებაზე უნდა უთითებდეს მოპასუხე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.
უპირველესყოვლისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, მოპასუხე მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილ შესაგებლში, არ მიუთითებია. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ამ გარემოებაზე (ხანდაზმულობაზე) მითითება, ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 380-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია. ამასთან, ამ გარემოებაზე სასამართლოს მსჯელობა არღვევს, საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს.
მიუხედავად აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის მოტივით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამ კუთხით, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლების წარმოშობამდე არ შეიძლება დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა. ამიტომ, უპირველესად, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა სადავო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიიჩნევს 2016 წლის 29 სექტემბრის შემდგომ პერიოდს, როდესაც მოსარჩელე მხარე საცხოვრებლად გადავიდა დიდ დიღომში და მიუხედავად მისი დაჟინებითი მოთხოვნისა, რომ საცხოვრებლად დაებრუნებინათ საკუთარ სახლში, მას განუმარტეს, რომ უძრავი ქონება უკვე გასხვისებული იყო.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოციციას, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად მიჩნეული უნდა იქნეს 2009 წლის 6 თებერვალი, როდესაც, მოსარჩელე მხარის კუთვნილი 1/3 წილი რ---–---- ბ--------ის მიერ გენერალური მინდობილობის საფუძველზე გასხვისებული იქნა მის მეუღლეზე. ამ კუთხით, აპელანტი მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის’’ მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე, და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არის უსინათლო, პირველი ჯგუფის ინვალიდი (უვადოდ), პალატა მიიჩნევს, რომ მისთვის ვერ იქნებოდა მისაწვდომი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები. ამასთან, აპელანტი ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარე 2009 წლის 6 თებერვალისათვის ინფორმირებული იყო მისი საკუთრების განკარგვის თაობაზე, მითუმეტეს, რომ იგი, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულიად დამოკიდებული იყო მოპასუხე მხარეზე და მის ოჯახზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1. მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, სასამართლოს მიმართა 2017 წლის 13 ივნისს, შესაბამისად მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან (29.09.2016წ), არც 3 წლიანი და მითუმეტეს 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
4.11. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, მოსარჩელე მხარე მოითხოვდა რ---–---- ბ--------ს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ქ. თბილისში, თ-----------------ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად გ-------– ბ--------ის კუთვნილი წილის შესაბამისი თანხის, 20 000 აშშ დოლარის, ეკვივალენტი ლარის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 715.1. მუხლს, რომლის თანახმად, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ 04.01.2008 წლის მინდობილობის თანახმად, გ-------– ბ--------მა (საკუთრების მიმნდობი) რ---–---- ბ--------ს (მინდობილი მესაკუთრე), მიანიჭა მისი წილის შესაბამისად, უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, თ--------------ში, განკარგვის უფლებამოსილება. სადავო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ შეადგინა 60 000 აშშ დოლარი. დადგენილია ასევე, რომ რ---–---- ბ--------ის მიერ აწ. გარდაცვლილი გ-------– ბ--------ის მიმართ არსებული ვალდებულება 20 000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ, არ შესრულებულა.
ამდენად, მითითებული თანხა, ზემოაღნიშნულის მუხლის თანახმად, ექვემდებარება მოსარჩელისათვის გადაცემას.
4.12. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით.
პალატა მიუთითებს, რომ გ-------– ბ--------ი გარდაიცვალა 2017 წლის 08 ნოემბერს. მართალია გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2017 წლის 17 ნოემბერს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქმის არსებითი განხილვა სასამართლომ დაასრულა 2018 წლის 03 ნოემბერს, გ-------– ბ--------ის გარდაცვალებამდე და 2017 წლის 17 ნოემბრისთვის გადადებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადება. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით, მოსარჩელე გ-------– ბ--------ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ----- ბ--------ი და ეს გარემოება სადავო არ გამხდარა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ---–---- ბ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი