განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001978303
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3934-18 22 ნოემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – თამარ ალანია
მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს „მ--------------ი“
წარმომადგენელი - გ------ი თ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შ-----------------------------------------------------------------–---------–-–-------------------ი
წარმომადგენელი - თ---------------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „მ--------------ის“ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს შ-----------------------------------------------------------------–---------–-–-------------------ის მიმართ სარჩელი აღძრა. შპს „მ--------------ს“ და შ-- ა---------------------------------–---------–-–-----------------ტს შორის 2017 წლის 24 იანვრის #--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შეწყვეტა და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით შპს „მ--------------ის“ წარმომადგენელმა გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2017 წლის 24 იანვარს შპს „მ--------------ს“ (მიმწოდებელი) და შ-- ა---------------------------------–---------–-–-----------------ტს (შემსყიდველი) შორის #-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია შ-- ა----ის ა--- პ---–-–-------------------ის ბალანსზე რიცხული „S------ს“ მარკის ა/მანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი #1, #2 და #3-ის შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 160 000 ლარს შეადგენს (ს.ფ. 140-146).
6. 2017 წლის 24 იანვარს შპს „მ--------------ს“ (მიმწოდებელი) და შ-- ა---------------------------------–---------–-–-----------------ტს (შემსყიდველი) შორის #19 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია შ-- ა----ის ა--- პ---–-–-------------------ის ბალანსზე რიცხული „T------ს“ და „L-----ის“ მარკის ა/მანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი #1, #2 და #3-ის შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 184 000 ლარს შეადგენს (ს.ფ. 147-155).
7. 2017 წლის 24 იანვარს შპს „მ--------------ს“ (მიმწოდებელი) და შ-- ა---------------------------------–---------–-–-----------------ტს (შემსყიდველი) შორის #20 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია შ-- ა----ის ა--- პ---–-–-------------------ის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ა/მანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი #1, #2 და #3-ის შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 28 000 ლარს შეადგენს (ს.ფ. 156-163).
8. წინამდებარე ხელშეკრულებების 4.1 პუნქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა ხელშეკრულების დანართი #1, #2 და #3-ის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა ავტომობილების დათვალიერება უნდა ჩაატაროს და შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად წარუდგინოს, რომელშიც გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისთვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა იქნება აღნიშნული (ს.ფ. 140-165).
9. ხელშეკრულებების მე-5 მუხლი მხარეთა ვალდებულებებს განსაზღვრას. კერძოდ, 5.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია: შემსყიდველს ხელშეკრულების დანართი #1, #2 და #3 გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადებში გაუწიოს. ამასთან, მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების და წესების მოთხოვნის დაცვით (ს.ფ. 140-165).
10. ხელშეკრულების 5.1.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის ავტომანქანის მომსახურებას მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას გულისხმობს. 11.1 პუნქტის მიხედვით, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას უნდა შეასრულონ. მხარეები ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგებენ პასუხს (ს.ფ. 140-165).
11. 11.3 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა არ იქნება, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით დააჯარიმოს (ს.ფ.17-50,140-165).
12. მოპასუხის მხრიდან ირღვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ა/მანქანების მომსახურებისთვის დადგენილი ვადები, კერძოდ მოსარჩელის მხრიდან სულ 11 ავტომანქანის მომსახურებისთვის დადგენილი ვადა დაირღვა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბერის სხდომის ოქმი).
13. 2017 წლის 8 მაისის N1------ წერილის შესაბამისად, 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული #--, #19, #20 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, ამავე ხელშეკრულების 11.3 პუნქტის საფუძველზე შემსყიდველმა (საქართველოს შ-- ა----ის ა--- პ---–-–-------------------ი) 2017 წლის 8 მაისიდან ცალმხრივად ხელშეკრულება შეწყვიტა. ამავე წერილის შესაბამისად, შპს „მ--------------ს“ პირგასამტეხლოს სახით სამივე ხელშეკრულების საერთო თანხის 10%, სულ 372 00 ლარი, დაერიცხა (ს.ფ 52-53).
14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „მ--------------თან“ დადებული ნარდობის ხელშეკრულებები კანონით დადგენილი წესით შეწყდა.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას სამართლებრივი შეფასება მისცეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-690-651-2010).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება მონაწილეებს შორის. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. უდავოა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს #--------------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა, რომელთა თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა ფირმის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება გაეწია, აღნიშნული გარიგებები კი თავისი შინაარსით სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებათა რიგს მიეკუთვნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავოა, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელესთან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შესახებ პრეტენზიები გააჩნდა, რამაც საბოლოოდ 2017 წლის 8 მაისს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებების ცალმხრივი შეწყვეტა გამოიწვია.
15. კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელშეკრულების მოშლით ან ხელშეკრულებიდან გასვლის გზით. ხელშეკრულების მოშლა და ხელშეკრულებიდან გასვლა, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ვალდებულების ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყვეტას გულისხმობს, მაგრამ მოშლის თავისებურება სწორედ ისაა, რომ წყდება სამომავლო შესრულების ვალდებულება, ხოლო უკვე შესრულებული მხარეებს არ უბრუნდებათ (გარდა სამოქალაქო კოდექსის 399.4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხელშეკრულებიდან გასვლა კი, ნატურით დაბრუნებას გულისხმობს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-779-746-2014). აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მოპასუხე მხარემ ხელშეკრულების მოშლის შედეგად გაწყვიტა ხელშეკრულება.
ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების მოშლის უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არაერთჯერადი ხასიათისაა და ის არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია, თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
გარდა ზემოთაღნიშნული ზოგადი სამართლებრივი ნორმებისა სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის დანაწესს, რომელიც სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, იგი შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, საქმეებზე Nას-697-663-2015, Nას-901-851-2015, Nას-981-926-2015) ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
16. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად დასტურდება, რომ 2017 წლის 16 თებერვალს, საქართველოს შ-----------------------------------------------------------------–---------–-–-------------------მა შპს „მ--------------ს“ შეატყობინა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილის შეუსრულებლობისა და მათი ნაწილობრივ არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. წერილის თანახმად, მოსარჩელეს მითითებული ნაკლოვანებების უმოკლეს დროში აღმოფხვრა და ხელშეკრულებების ძალით ნაკისრი ვალდებულებების დაცვა მოეთხოვა. 2017 წლის 22 მარტს შემკვეთმა მენარდეს კვლავ გაუგზავნა წერილი, სადაც ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა, კერძოდ, მიეთითა, რომ ოთხი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას, ორ შემთხვევაში კი, წერილის გაგზავნის დროისთვის ვალდებულება ჯერ კიდევ არ იყო შესრულებული. ამავე დოკუმენტით შემკვეთი პრეტენზიას გამოთქვამს შპს „მ--------------ის“ მიერ ერთი და იგივე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რამდენიმე დეფექტური აქტის წარმოდგენას, მაშინ როდესაც ხელშეკრულებების თანახმად, მენარდეს ავტომობილის გადაცემიდან არაუგვიანეს ერთი დღისა დათვალიერების ჩატარების ვალდებულება ეკისრება რის შემდეგაც მან შემკვეთს დეფექტური აქტი უნდა წარუდგინოს, რომელშიც სრულყოფილად უნდა იყოს აღნიშნული გასაწევი მომსახურების დეტალები. ამავე წერილის მე-3 პუნქტში შემკვეთი ატყობინებს მოსარჩელეს, რომ ხშირ შემთხვევაში პრეისკურანტის არასწორ განმარტებას აქვს ადგილი, რის გამოც დეფექტური აქტები ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციას შეიცავს. გარდა ამისა, წერილის მე-4 პუნქტში საუბარია გარანტიის პირობებში მითითებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, კერძოდ მასზედ, რომ 29 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შეკეთებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა, რითიც შემსყიდველ კომპანიას ზიანი ადგება. ამავე წერილით მოსარჩელეს გაფორმებული ხელშეკრულებების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება მოეთხოვა. მიუხედავად ზემოაღნიშნული გაფრთხილებებისა ცხადია, რომ მენარდის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება კვლავ გრძელდებოდა, საქმის მასალებში არსებობს არაერთი დოკუმენტი, რომელიც 2017 წლის 22 მარტიდან 2017 წლის 04 მაისის ჩათვლით სხვადასხვა დროს, მოსარჩელესთვის, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას ადასტურებს. ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ მისთვის წაყენებული პრეტენზიის გაზიარებაზე უარის თქმას ან/და დარღვევების გამომწვევი მიზეზების ახსნა-განმარტების გაცემას დაადასტურებდა.
17. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ხელშეკრულების მოშლასთან მიმართებით სასამართლო არა მხოლოდ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას არამედ ასევე, ხელშემკვრელი მხარეების მიერ კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს აფასებს. კეთილსინდისიერად ქცევის ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. აღსანიშნავია სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ფუნქციაც, რომელიც ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის უფლებებისადმი და ინტერესებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-1163-1083-2017). განსახილველ დავასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას არამედ, მენარდის (მოსარჩელის) მიერ კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის დარღვევასაც, აღნიშნული დასკვნა ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის მასალებში წარდგენილ შემკვეთის არაერთ წერილზე მოსარჩელე კომპანიის მიერ პასუხის დაბრუნება/ინფორმაციის მიწოდება არ დასტურდება, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოში ზეპირ სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, მას შემდეგ რაც შემკვეთი მენარდეს შესრულების ნაკლზე წერილობით აცნობებდა, მიუხედავად ხელშეკრულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა - ვადების გაგრძელების მოთხოვნით წერილობით არასოდეს მიუმართავს, მენარდე ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, ვადაგადაცილებით ასრულებდა ვალდებულებას.
18. სააპელაციო პალატა ასევე, ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსსაც და მიუთითებს, რომ მოპასუხე ს----------–----–-----------------------------------–-–--- ერთ-ერთ დ-------------ს წარმოადგენს, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლების ტექნიკური დახმარების გაწევაც მოსარჩელემ ივალდებულა პ---–-–იის ო-----------– მანქანებს წარმოადგენდა. პალატა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ასკვნის, რომ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ნაკისრი სამუშაოს შესრულების შემჭიდროვებული ვადები ასე დეტალურად სწორედ იმ მიზნით გაიწერა, რომ აღნიშნული ვადების დაცვა შემკვეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც პირდაპირ კავშირშია აღნიშნული სამსახურის მიერ საჯარო წესრიგის ეფექტურად დაცვასა და მათი სახელმწიფოებრივი ვალდებულების ჯეროვან შესრულებასთან, შესაბამისად, ამ ვადების სისტემატიური დარღვევა მოსარჩელე კომპანიაზე მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრებით ვერ კომპენსირდება და შესაძლებელია მოპასუხე მხარის მიერ იმგვარი ვალდებულების დარღვევას შეიძლება გაუთანაბრდეს, რომელსაც თანახმად 405-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებისა, ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვა შეიძლება დავუკავშიროთ.
19. პალატა ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს პირგასამტეხლოსა და მის ტიპებს შორის განსხვავება.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო აღემატებოდეს. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტ მხარესთან დადებული ხელშეკრულებები მოწინააღმდეგე მხარემ (შემკვეთი) ცალმხრივად მოშალა, რის შედეგადაც მან შპს „მ--------------ს“ 11.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამივე ხელშეკრულების საფასურის 10%-ის გადახდის ვალდებულება დააკისრა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაკისრებული თანხა წარმოადგენს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს - ჯარიმას, რაც აღნიშნული დებულების სიტყვა-სიტყვითი განმარტების შედეგადაც დგინდება. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს ის ფაქტი, რომ შემკვეთს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აქვს აღძრული სადაც შპს „მ--------------ისთვის“ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს (ს.ფ. 227-240). შესაბამისად, რადგან ცალსახაა, რომ მოპასუხემ ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება მას ლოგიკურად ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილების ან/და მისი შესრულების ფორსირების ინტერესი აღარ გააჩნდა, ამიტომ, დაკისრებული თანხა თავისი არსით ჯარიმაა (პირგასამტეხლო), რომელიც ხელშეკრულების მოშლის შედეგად გამოწვეული ზიანის გამო დამრღვევი პირისთვის სანქციის დაკისრების დანიშნულებასაც შეიძლება ატარებდეს.
20. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ხელშეკრულების არაკანონიერი მოშლის და ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობების არარსებობა აპელანტ მხარეს უნდა ემტკიცებინა, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირისპიროდ აპელანტმა მხარემ საპირწონე მტკიცებულება ვერ წარადგინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას ვერ შეექმნა ვარაუდი დადებული ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში არსებითი დარღვევების არარსებობისა და მოსარჩელის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედების თაობაზე რაც მტკიცების ტვირთის ნაკლის გამო სააპელაციო საჩივარზე დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მხარის მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი ბაჟი 1492 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 377-ე, 386-ე, 389-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ--------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი
თამარ ზამბახიძე