განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002270572
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3110-18 13 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – თამარ ალანია
მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე, ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ნ---- კ---------ე
წარმომადგენელი - ხ----- კ----ე
მოწინააღმდეგე მხარე - ქ------- დ--------ა
წარმომადგენელი - ნ----–- ხ----–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ------- დ--------ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ნ---- კ---------ეს მიმართ სარჩელი აღძრა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 10 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და მოპასუხე ნ---- კ---------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: ქ. ქუთაისი, ს---–--------------–-ს ქუჩა, მ----–-------ი, N- (ყ------–- უ---–--ს ქუჩა, მ----–------------, საკადასტრო კოდი N0-----------) ახალი საკადასტრო კოდით N0-----------., აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევა მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნ---- კ---------ემ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2012 წლის 29 ნოემბერს, ქ------- დ--------ასა და ნ---- კ---------ეს შორის სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც ქ------- დ--------ამ ნ---- კ---------ეს 10 000 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით, 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით, ასესხა. სესხი საპროცენტო სარგებლის გარეშე გაიცა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ნ---- კ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ს---–--------------–-ს ქუჩა, მ----–-------ი, N-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0-----------, იპოთეკით დაიტვირთა. ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქ------- დ--------ა ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში ისარგებლებდა იპოთეკით დატვირთული ქონებით, კერძოდ, აღნიშნულ ბინაში იცხოვრებდა. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ იპოთეკის საგნის (მთლიანად ან მისი ნაწილის), ფართ(ებ)ის დაზუსტების, მიწის ნაკვეთის ფართის დაზუსტების და ფართის სხვა ცვლილების, ასევე საკადასტრო კოდის ცვლილების შემთხვევაში, იპოთეკა მესაკუთრის საკუთრებაში არსებულ ამ კონკრეტულ უძრავ ნივთზე - სრულად გავრცელდება. მსესხებელს გამსესხებლისთვის თანხა 2014 წლის 29 მაისს უნდა დაებრუნებინა. აღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში 2017 წლის 07 მარტს დარეგისტრირდა (ტომი I, ს.ფ. 20-27, 16-19).
6. უძრავი ქონების, მდებარე: ქუთაისი, ს---–--------------–-ს ქუჩა, მ----–-------ი N- (ყოფ. უ---–--ს ქუჩა, მ----–------------), ნაკვეთის წინა ნ----------, დაუზუსტებელი ფართობი: 383.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------- საკუთრების უფლებით ნ---- კ---------ეს ეკუთვნის (ტომი I, ს.ფ. 20-21).
7. მოპასუხე ნ---- კ---------ემ, მის საკუთრებაში არსებული, ქ------- დ--------ას სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქუთაისი, ს---–--------------–-ს ქუჩა, მ----–-------ი N- (ყოფ. უ---–--ს ქუჩა, მ----–------------), ნაკვეთის წინა ნ----------, დაუზუსტებელი ფართობი: 383.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0-----------, 2012 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რამდენჯერმე დატვირთა იპოთეკით შპს მ---- ,,ბ-------–ის“ სასარგებლოდ (ტომი I, ს.ფ. 22-25).
8. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 23 ოქტომბრით დათარიღებულ ხელშეკრულებით არ დასტურდება სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მხარეთა შორის სანოტარო წესით 2012 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ სესხსა და იპოთეკის ხელშეკრულებასთან კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელშეკრულებაში ერთი და იგივე მხარეები მონაწილეობენ, რაც ცალსახად არ ადასტურებს სანოტარო წესით გაფორმებულ ხელშეკრულებასთან რაიმე სახის კავშირს, ვინაიდან თავად 2012 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი მასზე დაახლოებით ერთი თვის წინ დადებულ ხელშეკრულებაზე.
9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
ნ---- კ---------ის სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ძირითადად ორი არგუმენტია მითითებული, კერძოდ, მხარე აპელირებს, რომ გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო არ იყო განსჯადი სასამართლო და ამასთანავე, პირველმა ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მორიგების მიზნებისთვის არ იხმარა საკმარისი ღონე, რასაც მას საპროცესო კანონმდებლობა ავალდებულებდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარში მითითებულ პირველ პრეტენზიას სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მასზე დასაბუთებული პასუხის გაცემას. მოცემულ შემთხვევაში, სადავოდაა გამხდარი 2012 წლის 29 ნოემბერს, ქ------- დ--------ასა და ნ---- კ---------ეს შორის დადებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ, სესხის სახით აღებული 10 000 აშშ დოლარის გამსესხებლისთვის დაბრუნების ვალდებულება. შესაბამისად სადავოდაა გამხდარი სახელშეკრულებო ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---- კ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქუთაისი, ს---–--------------–-ს ქუჩა, მ----–-------ი N- (ყოფ. უ---–--ს ქუჩა, მ----–------------), ნაკვეთის წინა ნ----------, დაუზუსტებელი ფართობი: 383.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0-----------. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სრულად ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედების სფეროში, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველი დავის განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მეორე პრეტენზიას, სააპელაციო პალატა მას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმების გაცნობის შემდეგ, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ საქმის განმხილველმა მოსამართლემ მიიღო საკმარისი ზომები მხარეთა მოსარიგებლად, თუმცა, მოდავე მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობისა და სხვა მრავალი ფაქტორის გამო, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. გარდა ზემოაღნიშნულისა, მხარეები შეზღუდული არ არიან მორიგებას სასამართლოს მიღმა მიაღწიონ, ურთიერთშეთანხმებისა და მოლაპარაკების გზით ასეთი უფლება არსებობდა მათ შორის სააპელაციო სასამართლოში განჩნების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდეც. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ მოსამართლის მიერ მორიგებისთვის არასაკმარისი ზომების მიღება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს გაზიარებული ვერ იქნება.
10. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას დავის არსთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს თავდაპირველი მოსარჩელისგან სესხის სახით 10 000 აშშ დოლარი გადაეცა, აღნიშნული თანხის მიღების ფაქტი აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ვალდებულება შესრულებული არ არის, ნიშანდობლივია, რომ არც სააპელაციო საჩივარში და არც სასამართლოში გამართულ ზეპირ სხდომაზე აპელანტს არ მიუთითებია ის გარემოებები, რომელიც მის მიერ ვალდებულების შესრულებას, მის არარსებობას ან/და მის შეწყვეტას დაადასტურებდა. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ---- კ---------ისთვის სესხის სახით აღებული 10 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნების დაკისრებასთან და აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე.
11. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის მიმართ 10 000 აშშ დაკისრებას და აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევას მოითხოვდა, სარჩელის საფუძვლიანობის დასამტკიცებლად სასამართლოს მხარეთა შორის 2012 წლის 29 ნოემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება წარუდგინა. მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპის თანახმად, სასესხო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მსესხებელს აწევს, სწორედ მან უნდა ამტკიცოს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი. საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც აპელანტის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების/შეწყვეტის ან არარსებობის ფაქტი დადასტურდებოდა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად სასამართლოს არაგანსჯადობისა და მის მიერ მხარეთა მორიგებისთვის არასაკმარისი ზომების გამოყენება სამართლის მიზნებისთვის კვალიფიციურ შედავებას არ წარმოადგენს და გაზიარებული ვერ იქნება.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ნ---- კ---------ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 976,05 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 386-ე, 377-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ---- კ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები თამარ ზამბახიძე
ქ------- მესხიშვილი