განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2018
საქმის ნომერი
330310016001441454
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001441454 (№3ბ/1875-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლეები - შოთა გეწაძე

ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი - ბმა ,,ა-----------ის ს---–ი“;

წარმომადგენელი - ნ----- მ----ა, ბ--- ბ------–---–ი, ნ--- მ--------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - შ--–--------–-–---–ი;

 

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური;

წარმომადგენელი - ი-------------–----ი, შ--–--------–-–---–ი;

 

მესამე პირი - ბმა ,,ძ---–-------–--ი“;

წარმომადგენელი - მან--- ბ--------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.აპელანტის მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ბმა ,,ა-----------ის ს---–ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარმოებებთან დაკავშირებით:

 

22.07.2010წ. დაფუძნდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მ------+”, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ა---- გ--–-–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-22.07.2010წ. №1 საერთო კრების ოქმი.

 

ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 11.02.2008წ. დამტკიცდა მიწის ნაკვეთის გეგმა.

 

აღნიშნული გეგმა გასაჩივრდა ბმა ,,მ------+ის” მიერ, რომელმაც მოითხოვა გეგმის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც განხორციელდა თ----------ის გამზირი №7-ში მცხოვრები მოქალაქეების კუთვნილი №7, №8, №9 ნაგებობებისა და №4/1 სავენტილაციო ნაგებობის სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრებში მოქცევა. ვინაიდან ბმა ,,მ------+ის” წევრები ფლობენ მითითებულ ნაგებობებს, რომლებიც 1970-1971წწ. აშენებულია მათ მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთის გეგმის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა მოექცია მითითებული ნაგებობები გასაჩივრებული მიწის ნაკვეთის გეგმაში.

 

ქალაქ თბილისის მერიის 01.03.2011წ. №3-- განკარგულებით ბმა ,,მ------+ის” ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 11.02.2008წ. დამტკიცებული მიწის ნაკვეთის გეგმა;

- ქალაქ თბილისის მერიის 01.03.2011წ. №3-- განკარგულება.

 

ბმა ,,მ------+მა’’ 24.11.2015წ. შეიცვალა სახელი და ეწოდა,,ა-----------ის ს---–ი”, ხოლო თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ----- მ----.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი.

 

05.05.2016წ. ბმა ,,ა-----------ის ს---–ის” წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 11.02.2008წ. დამტკიცებული მიწის ნაკვეთის გეგმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. ვინაიდან მათ მიერ საქართველოს ეროვნული არქივიდან მოძიებულ იქნა 1950წ. დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ თ----------ის გამზირ №7-ში მდებარე კორპუსი განლაგებული იყო 1820კვ.მ.-ზე, ხოლო დღეის მდგომარეობით განლაგებულია 952კვ.მ. ფართზე.

 

ბმა ,,ა-----------ის ს---–ის” წარმომადგენელის მოსაზრებით ბმა ,,ძ---–-------–--ს" (მდებარე ქ.თბილისი თ----------ის ქ№5ა) წითელი ხაზებით იმაზე მეტი ფართი მიენიჭა ვიდრე ეკუთვნოდა, ვინაიდან 1950 წლიდან ეზო იყო საერთო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი გეგმა-ნახაზები და საარქივო ცნობები;

-05.05.2016წ. ადმინისტრაციული საჩივარი.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 28.07.2016წ.№1----- ბრძანებით ბმა ,,ა-----------ის ს---–ის” ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 28.07.2016წ.№1----- ბრძანება.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველ ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ ბმა,,მ------+ს” ეწოდა ბმა,,ა-----------ის ს---–ი, აგრეთვე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის 01.03.2011წ. №3-- განკარგულებით ბმა ,,მ------+ის” ადმინისტრაციული საჩივარი 11.02.2008წ. მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ბმა ,,ა-----------ის ს---–ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ არქივში მოძიებული 1950 წლის 02 მარტის გეგმა-ნახაზის დედანი, არ ჩათვალა ახლად აღმოჩენილ გარემოებად. სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენდა თუ არა ახლად აღმოჩენილ გარემოებას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ორ კორპუსს შორის ეზო ყოველთვის წარმოადგენდა მათ საერთო სარგებლობის ფართს. 2008 წლის 11 თებერვალს დადგენილი წითელი ხაზებით საერთო სარგებლობის ეზო გახდა მხოლოდ ერთი კორპუსის საკუთრება, რითიც უხეშად შეილახა N7 კორპუსის მაცხოვრებელთა უფლებები.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.

 

4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ აპელანტმა ბმა ,,ა-----------ის ს---–მა“ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოაყალიბა იგი შემდეგი სახით: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ივლისის N1----- ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და 2) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას განიხილოს ბმა ,,ა-----------ის ს---–ის“ 2016 წლის 5 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს არსებობდა თუ არა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რაც სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, ქმნის საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ადმინისტრაციულ ორგანოში. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ (ზაკ-ის 193.1 მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (201.1 მუხლი). პალატა აღნიშნავს, რომ გარდა მითითებული გადაწყვეტილებებისა კოდექსი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევებს. კერძოდ, ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პირობებში შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებით და იღებს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ჯეროვნად იქნეს გამოკვლეული საქმეზე წარმოდგენილი ყოველი კონკრეტული მტკიცებულება, ერთხელ უკვე მიღებულია თუ არა სადავო საკითზე გადაწყვეტილება.

 

საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს უკვე განხილულ საკითხზე თავიდან მსჯელობას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა პირობებში. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამდენად, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება წარმოადგენს საფუძველს მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ იმსჯელოს უკვე განხილულ საკითხზე, რომლის ფარგლებშიც უნდა შეაფასოს ახალი მტკიცებულებები და გარემოებები. აღნიშნულ პირობებში ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი განუხილველად დატოვოს განცხადება მასზედ მითითებით, რომ საკითხი უკვე განხილულია და გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის 2011 წლის 1 მარტის N3-- განკარგულებით, ბმა ,,მ------+ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 11 თებერვლის მიწის ნაკვეთის გეგმა. ამდენად, 2011 წელს ამხანაგობის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მითითებული გეგმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია და მხარეებს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ბმა ,,მ------+მ“ 24.11.2015წ. შეიცვალა სახელი და ეწოდა ,,ა-----------ის ს---–ი“. დადგენილია, რომ ბმა ,,ა-----------ის ს---–მა“ 2016 წლის 05 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და კვლავ მოითხოვა თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 11 თებერვალს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის (წითელი ხაზების) გაუქმება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ ადმინისტრაციულ საჩივარს დაურთო საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული მტკიცებულებები, რომელიც დაინტერესებული პირის სამართლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებდა. კერძოდ, წარმოდგენილია 1950 წლის 2 მარტის თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის N1--- დადგენილების ოქმი7-----, რომლის თანახმად, 1820 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საერთო ეზოს თამბაქოს ფაბრიკის ს---–თან.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ივლისის N1----- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იგივე საკითხზე უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არ იკვეთებოდა საქმესთან დაკავშირებით ისეთი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ადმინისტრაციულ ორგანოს განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი. საგულისხმოა, რომ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებთან მიმართებით ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად არ უმსჯელია, არ განუხილავს მხარის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და არ გაუქაწყლებია ისინი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოსცა აქტი, რომლითაც ეროვნული არქივიდან მოპოვებული მტკიცებულებები არ მიიჩნია ადმინისტრაციული წარმოების განახლების საკმარის მტკიცებულებად.

 

ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს წერილობით გამოცემული აქტის დასაბუთების ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული სადავო ბრძანება არ არის გამოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. ამათან, იგი არ არის დასაბუთებული, რაც მის უკანონობას განაპირობებს. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოებები და დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ივლისის N1----- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაუცველად, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს არსებითად განიხილოს ბმა ,,ა-----------ის ს---–ის“ 2016 წლის 05 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი და შეაფასოს წარდგენილი მტკიცებულებები, როგორც ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარმოებები (მტკიცებულებები). სააპელაციო პალატა მიუთითებს აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილ სადავო კორპუსებს შორის არსებული მიწის ნაკვეთის გეგმა- ნახაზზე (ტომი პირველი, ს.ფ.156), რომელიც არ ყოფილა წარდგენილი და შეფასებული აღნიშნულ საკითხზე 2011 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას და მიაჩნია რომ აღნიშნული მტკიცებულების გათვალისწინებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა შემოწმდეს სადავო კორპუსებს შორის არსებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის კანონიერება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ბმა ,,ა-----------ის ს---–ის“ დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ბმა ,,ა-----------ის ს---–ის“ სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბმა ,,ა-----------ის ს---–ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ბმა ,,ა-----------ის ს---–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ბმა ,,ა-----------ის ს---–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 28.07.2016წ. N1----- ბრძანება;

5. მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ბმა ,,ა-----------ის ს---–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი

 

მოსამართლეები შოთა გეწაძე

 

ილონა თოდუა