განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 180140618002733685
საქმე N 1ბ/04-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
11 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მაია თეთრაული
მურმან ისაევი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მა----ა ქე----–-----ის (პირადი ნომერი: 1----------, დაბადების თარიღი: 19---–-–----------------რი) საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინებაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განაჩენით, მა----ა ქე----–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
მა----ა ქე----–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 21 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანიდან - 2017 წლის 11 აპრილიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 04 სექტემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ მა----ა ქე----–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ მა----ა ქე----–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----------ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ მა----ა ქე----–-----ის შუამდგომლობა ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2019 წლის 03 იანვარს მსჯავრდებულმა მა----ა ქე----–-----მა გაასაჩივრა მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინება და მოითხოვა ხანდაზმულობის გამო, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება. საჩივრის ავტორს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიაჩნია, ვინაიდან მას მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარზე მეტი, სასჯელის მოხდის პერიოდში არ აქვს დისციპლინური დარღვევა და არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებას.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მა----ა ქე----–-----ის საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობას მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,განსაზღვრული საკითხების განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“.
აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია რამდენიმე პირობის ერთდროულად არსებობასთან. ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, ხანდაზმულ ასაკთან ერთად კანონის უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს, რომ მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის არანაკლებ ნახევარი უნდა ჰქონდეს მოხდილი.
მოცემულ შემთხვევაში, მა----ა ქე----–-----ი დაბადებულია 19---–-–----------------რს და არის 78 წლის, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ხანდაზმულ ასაკს წარმოადგენს. ამასთანავე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწო 2017 წლის 11 აპრილიდან და შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირობების არსებობასთან ერთად უნდა შემოწმდეს ამავე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული საკითხები. მხოლოდ ხანდაზმულობის ასაკის ქონა და სასაჯელის არანაკლებ ნახევარის მოხდა უპირობოდ არ წარმოადგენს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს. მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდაგარი შედეგი და სხვა კანონით გათვალისწინებული გარემოებები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შესაფასდეს.
განსახილველ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ მა----ა ქე----–-----ი მსჯავრდებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, (მან თანნაქონი დანის გამოყენებით დაზარალებულს მიაყენა მძიმე ხარისხის სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) ასევე მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს (მა----ა ქე----–-----მა ჩაიდინა განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაული), მოტივს, მიზანს, დამდგარ შედეგს და მიაჩნია, რომ მა----ა ქე----–-----ის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებით ვერ მოხდება სასჯელის მიზნების შესრულება - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამასთან, პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც ხანდაზმულობის ასაკი შეუსრულდათ სასჯელის მოხდის პერიოდში. აღსანიშნავია, რომ განაჩენის გამოტანისას, მა----ა ქე----–-----ი მიღწეული იყო ხანდაზმულობის ასაკს და აღნიშნული გათვალისწინებული იქნა მის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე და 291-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მა----ა ქე----–-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მაია თეთრაული
მურმან ისაევი