განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.10.2018
საქმის ნომერი
330310017001885748
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/536-18

საქმე №330310017001885748

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ონიანი

 

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ------------------ი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - მ------------ე, ნ--–--–-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - თ------–------–--ე, ა-------------

წარმომადგენელი - ზ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა

 

1.1. აპელანტები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვენ.

 

2. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით თ------–------–--ისა და ა-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თ------–------–--ის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის N----- ბრძანება, „ა-------------ს უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის N----- ბრძანება, „ა-------------ს და თ------–------–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 23 თებერვლის N----- ბრძანება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ------–------–--ისა და ა-------------ს უსახლკარო პირებად რეგისტრაციის შესახებ.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 20 მაისს თ------–------–--ემ და ა-------------მ განაცხადით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და უსახლკარო პირებად რეგისტრაცია მოითხოვეს. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განმცხადებლებმა წარადგინეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის N------ და N------ წერილები, რომელთა თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მიხედვით, ა-------------სა და თ------–------–--ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ იყო.

 

2.2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2016 წლის 15 ნოემბრის N9 ოქმის მიხედვით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა თ------–------–--ესა და ა-------------ზე იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ პუნქტის მოთხოვნებს.

 

აღნიშნული ოქმის საფუძველზე ხსენებული დადგენილებით დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის N----- და N----- ბრძანებებით თ------–------–--ესა და ა-------------ს უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე.

 

2.2.3. 2017 წლის 23 იანვარს თ------–------–--ემ და ა-------------მ ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის N----- და N----- ბრძანებების ბათილად ცნობა და უსახლკარო პირებად რეგისტრაცია მოითხოვეს.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 23 თებერვლის N----- ბრძანებით, თ------–------–--ისა და ა-------------ს ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მათ ჰქონდათ შემოსავალი, რაც საკმარისი იყო ოჯახის საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, თ------–------–--ის ოჯახის შემოსავალს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის N--------- განკარგულებით გათვალისწინებული 350 ლარი, რომელიც ქ. თბილისში, წ-------–-----------ი N--ში მცხოვრებ პირებზე, მათ შორის, თ------–------–--ის ორსულიან ოჯახზე გაიცემოდა ყოველთვიურად ბინის ქირის საკომპენსაციოდ და ასევე სს ,,ლ-------------ის“ ამონაწერით, თ------–------–--ის ანგარიშიდან დასტურდებოდა, რომ ექვსი თვის განმავლობაში თ------–------–--ის დებეტი შეადგენდა 2986 ლარს.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

2.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ სათანადო საცხოვრისის უფლება აღიარებულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებით, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (შემდგომში პაქტი) მე-11 მუხლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერია, ვინაიდან იგი საქართველოს სახელმწიფოსთვის სავალდებულოდ შესასრულებელ ნორმას წარმოადგენს. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და საცხოვრებელი ბინა. პაქტით განსაზღვრული საცხოვრებელი ბინა არ უნდა განიმარტოს ვიწროდ, ვინაიდან იგი თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ თავშესაფრის ქონას, არამედ უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრებას. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი გაგებული უნდა იქნეს, როგორც სათანადო საცხოვრისის უფლება. სახელმწიფოს ვალდებულება, მოახდინოს საცხოვრისის უფლების სრული რეალიზება მოიცავს უსახლკარობის პრევენციის ვალდებულებასაც. გაეროს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვის კომიტეტის (შემდგომში კომიტეტი) განმარტების თანახმად, უფლება სათანადო საცხოვრისზე არ არის იზოლირებურად მდგომი უფლება და მჭიდრო კავშირშია ადამიანის ღირსების დაცვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებთან.

 

სათანადო საცხოვრისის უფლებას ცალკე არ გამოყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) არ მოიცავს სახლით უზრუნველყოფის უფლებას, თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ აღნიშნა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ადგილი, რომელსაც უწოდებს სახლს და შეძლებს ღირსეულად ცხოვრებას. კონვენციის მე-8 მუხლი პირდაპირ არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ ყველა უზრუნველყოს სახლით, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა სახელმწიფოს ასეთი პოზიტიური ვალდებულება წარმოეშვას. როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, იმ პირებს, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათ შეძლონ პირადი ცხოვრების უფლებით ნორმალური სარგებლობა. სათანადო საცხოვრისის უფლებაზე მითითება პირდაპირ გვხვდება ევროპის გადასინჯულ სოციალურ ქარტიაში. ქარტია 31-ე მუხლით მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ დაიცვან საცხოვრისის უფლება და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები უსახლკარობის შესამცირებლად. ამისათვის აუცილებელია საგანგებო ზომების მიღება, მაგალითად, როგორიცაა თავშესაფრით უზრუნველყოფა, სადაც იქნება საკმარისი ადგილი და ისეთი პირობები, რომელიც ადამიანის ღირსებასთან არის შესაბამისობაში. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისზე უფლება საქართველოს კონსტიტუციით არ არის გარანტირებული, 39-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომელიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა უფლება სათანადო საცხოვრისზე.

 

სათანადო საცხოვრისის უფლებასთან მიმართებით, უსახლკარობა მიჩნეულია სათანადო საცხოვრისის უფლების უპატივცემულობის ყველაზე თვალსაჩინო და მძიმე გამოვლინებად. პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ უსახლკარობის მასშტაბის შესაფასებლად ყველა ზომა მიიღო. ამდენად, აუცილებელია სახელმწიფოებს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პირების შესახებ, ვინც მოწყვლად და არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან სათანადო საცხოვრისის მხრივ; მათ შორის, განსაკუთრებულ კატეგორიას უსახლკარო პირები წარმოადგენენ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, უსახლკარობის ნორმატიული რეგულირების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 27 ნოემბრის N-8-116 დადგენილებით დაამტკიცა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“, სადაც გათვალისწინებულ იქნა პირთა უსახლკაროდ რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. ხსენებული წესი განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს, ხოლო მისი განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 9 დეკემბრის N---------- განკარგულებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის დებულების“ პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისია განიხილავს უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის საკითხს და იღებს შესაბამის რეკომენდაციას. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მიღება. კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის მდივანი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 27 ნოემბრის N-8-116 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის საფუძველზე, პირმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას: ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე; ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე. ბოლოს კი, პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური).

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2016 წლის 15 ნოემბრის N9 ოქმის მიხედვით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო (,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ პუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო) კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა თ------–------–--ესა და ა-------------ზე, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის N----- და N----- ბრძანებებით თ------–------–--ესა და ა-------------ს უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე.

 

ზემოხსენებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი (შემდგომში – პირი) უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: ა) რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე; გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება ან, როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; დ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან არსებული შემოსავალი არ აღემატება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორი და მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას; ე) არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის 3 ან მეტი გადაკვეთა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.

 

ზემოხსენებული ნორმის განმარტების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს მოთხოვნათა იმპერატიულ ჩამონათვალს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ფიზიკური პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველს. ხსენებულ შემთხვევაში კანონმდებლის განზრახულობის გათვალისწინებით პირის შემოსავლად არ შეიძლება განხილულ იქნეს სოციალური დახმარების სახით მიღებული თანხები, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის ქირავნობისა და საარსებო მინიმუმისთვის განკუთვნილი თანხა. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხის უარი პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე პირებს აქვთ შემოსავალი, რაც საკმარისია საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, ისინი იღებენ დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციას ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით და ამონაწერით სს ,,ლ-------------იდან“ დასტურდება, რომ ექვსი თვის განმავლობაში თ------–------–--ის დებეტი შეადგენს 2986 ლარს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა შემოსავლს წარმოადგენს მხოლოდ სოციალური დახმარების სახით მიღებული შემოსავლები, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის კომუნალურ და საკომუნიკაციო გადასახადებზე ფულადი დახმარება, საარსებო შემწეობა და კომპენსაცია ბინის ქირის დასაფარად, რაც არ შეიძლება წარმოადგენდეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემოსავალს, რამდენადაც იგი სწორედ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამიდან გაცემულ კომპენსაციას წარმოადგენს და იგი არ აღემატება საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორი და მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას. ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეთა უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე მოპასუხის უარი წინააღმდეგობაშია ქ. თბილისის საკრებულოს ზემოთ აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებულ, მითითებულ პირობასთან რის გამოც არსებობს გასაჩივრებული სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.

 

2.3.3. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ თ------–------–--ისა და ა-------------ს სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის N----- და N----- ბრძანებები, ასევე ,,ა-------------ს და თ------–------–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 23 თებერვლის N----- ბრძანება და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ------–------–--ისა და ა-------------ს უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე.

 

3.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთა ერთობლიობაც ქმნის ფიზიკური პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველს, ხოლო ერთ-ერთის არარსებობა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კი უსახლკარო პირის ცნებას უკავშირებს შემოსავლის არარსებობის ფაქტს. დადგენილია, რომ თ------–------–--ე იღებდა კომპენსაციას, მის მიერ მიღებული შემოსავალი კი ქმნიდა ვარაუდს, რომ საკმარისი იყო მოსარჩელის საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის. რაც შეეხება ა-------------ს, თ------–------–--ეს, როგორც მის მეუღლეს, გააჩნია მისი საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება.

 

აპელანტის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

 

3.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N-8-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლით განსაზღვრულია მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომელთა ერთობლიობა ქმნის ფიზიკური პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველს. შესაბამისად, არსებულ მოთხოვნათაგან ერთ-ერთის არარსებობა გამოიწვევს განმცხადებლის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმას. ამასთან, აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი უსახლკარო პირის ცნებას უკავშირებს პირის შემოსავლის არარსებობის ფაქტს. დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის N--------- განკარგულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას მიეცა თანხმობა ყოველთვიურად გასცეს ბინის ქირის კომპენსაცია 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, 2015 წლის აპრილიდან, არაუგვიანეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ბოლომდე, ქ. თბილისში, წ-------–-----------ი N--ში მცხოვრებ პირებზე, მათ შორის, თ------–------–--ეზე. ასევე წარმოდგენილია ამონაწერი სს „ლ-------------ში“ არსებული თ------–------–--ის ანგარიშიდან, რომლითაც დასტურდება, რომ ექვსი თვის განმავლობაში თ------–------–--ის დებატმა შეადგინა 2986 ლარი. საქართველოს ბანკში არსებული მონაცემებით კი, ექვსი თვის განმავლობაში ჩარიცხვების ჯამმა შეადგინა 5047.12 ლარი. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული ინფორმაცია იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ თ------–------–--ის შემოსავალი ერთობლიობაში საკმარისია პირის საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის. რაც შეეხება ა-------------ს, თ------–------–--ე წარმოადგენს მისი ოჯახის წევრს (მეუღლეს) და გააჩნია მისი საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

5.2.2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და საცხოვრებელი ბინა.

 

უფლება სათანადო საცხოვრისზე მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ადამიანის სხვა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების დაცვასთან, სრულყოფილად გამოყენებასა და გარანტირებულობასთან, მათ შორის, პირის ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვასთან, პიროვნული განვითარების უფლების რეალიზებასთან. სახელმწიფოს აკისრია არაერთი პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულება, რათა სოციალური სახელმწიფოს არსებობის პრინციპის დაცვით, შეუქმნას პირებს ცხოვრებისთვის ღირსეული, შესაბამისი პირობები. მოცემული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია უსახლკარობის პრევენციის ვალდებულების თვალსაზრისით, რისთვისაც სახელმწიფომ უნდა გაატაროს საცხოვრისის უფლების რეალიზების კონკრეტული ღონისძიებები.

ზემოაღნიშნული მიზნების განსახორციელებლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 27 ნოემბრის N-8-116 დადგენილებით დამტკიცდა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“, რომლითაც გათვალისწინებულ იქნა პირთა უსახლკაროდ რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. ხსენებული წესი განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს, ხოლო მისი განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 9 დეკემბრის N---------- განკარგულებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის დებულების“ პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისია განიხილავს უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის საკითხს და იღებს შესაბამის რეკომენდაციას. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მიღება. კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის მდივანი.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N-8-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის საფუძველზე, პირმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას: ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე; ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე. ბოლოს კი, პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური).

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2016 წლის 15 ნოემბრის N9 ოქმით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო (,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი), კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა თ------–------–--ესა და ა-------------ზე, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის N----- და N----- ბრძანებებით თ------–------–--ესა და ა-------------ს უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N-8-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი (შემდგომში – პირი) უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: ა) რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე; გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება ან, როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; დ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან არსებული შემოსავალი არ აღემატება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორი და მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას; ე) არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის 3 ან მეტი გადაკვეთა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით განსაზღვრულია ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი უსახლკარო პირად ცნობისათვის, მათ შორის, მას არ უნდა ჰქონდეს შემოსავალი. უსახლკარო პირად ცნობისა და შესაბამისი სოციალური გარანტიების მინიჭების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, აუცილებელია, ზუსტად განისაზღვროს, რა სახის კომპენსაცია შეიძლება იქნას მიჩნეული შემოსავლად, რომლის მიღებაც პირის უსახლკაროდ დარეგისტრირებას გამორიცხავს. კერძოდ, პირს შეიძლება გააჩნდეს შემოსავალი, მაგრამ იგი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ იყოს საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის. ამდენად, შეფასებული უნდა იქნას მიღებული შემოსავლის ოდენობა, დანიშნულება, მისი გაცემის საფუძვლები. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ პირის შემოსავლად არ შეიძლება განხილულ იქნეს სოციალური დახმარების სახით მიღებული თანხები, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის ქირავნობისა და საარსებო მინიმუმისთვის განკუთვნილი თანხა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხის უარი პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე პირებს აქვთ შემოსავალი, რაც საკმარისია საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, ისინი იღებენ დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციას ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით და ამონაწერით სს ,,ლ-------------იდან“ დასტურდება, რომ ექვსი თვის განმავლობაში თ------–------–--ის დებეტი შეადგენს 2986 ლარს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეთა შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ სოციალური დახმარების სახით მიღებული შემოსავლები, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის კომუნალურ და საკომუნიკაციო გადასახადებზე ფულადი დახმარება, საარსებო შემწეობა და კომპენსაცია ბინის ქირის დასაფარად, რაც არ შეიძლება წარმოადგენდეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემოსავალს, რამდენადაც სწორედ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამიდან“ გაცემულ კომპენსაციას წარმოადგენს და იგი არ აღემატება საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორი და მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხის უარი ხსენებული საფუძვლით მოსარჩელეთა უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე უსაფუძვლოა და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.

 

5.2.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხი გადაწყვეტილია კანონშესაბამისად. კერძოდ, არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის თ------–------–--ისა და ა-------------ს უსახლკარო პირებად რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე თამარ ონიანი