განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001892112
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/3295-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი, მარინე თათრიაშვილი, ელენე ომანიძე
აპელანტი - შ-- ,,მ-----–---------------------’’
წარმომადგენელი - ნ----------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,--------’’
წარმომადგენელი - ა---------–----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით შ-- ,--------’’-ის სარჩელი შ-- ,,ა----------------–------–ისა’’ და შ-- ,,მ-----–---------------------ს’’ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. შ-- ,,ა----------------–------–ს’’ შ-- ,--------’’-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1444,85 ლარის გადახდა. შ-- ,,მ-----–--------------------ს’’ შ-- ,--------’’ - ის სასარგებლოდ დაეკისრა 13 190,68 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სასამართლოს მითითებით მოპასუხე შ-- ,,მ-----–---------------------“-მ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა მისთვის ქ-------–--–----–--------------- საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ღირებულებით 185 408,92 ლარი.
მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულებაც, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა უფლება- მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ მოპასუხის განმარტება არ მიიჩნია იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ მოსარჩელის მხრიდან 185 408,92 ლარის ღირებულების სამუშაოები არ შესრულებულა. სასამართლოს ამგვარი დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს, კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა შ-- ,--------’’-ის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
მოპასუხის მოსაზრებით, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მიღება -ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, სამუშაოს შესრულების ფაქტიც არ დასტურდება.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს არა მხოლოდ მიღება -ჩაბარების აქტით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებითაც. ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები ამ თვალსაზრისით რაიმე გამონაკლისს არ ითვალსწინებენ. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მიღება - ჩაბარების აქტის შედგენაზე, მაგრამ, სასამართლო მიიჩნევს, რომ, თუ სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, მხოლოდ მიღება -ჩაბარების აქტის არარსებობა ხსენებული ფაქტის უარსაყოფად ვერ გამოდგება (იხ. სუსგ, 01.12.2011წ., საქმეზე №ას-323-307-2011).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე (ნარდობა) და მოსარჩელის მხრიდან შესრულდა ქ------–--–----–--------------- საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ღირებულებით 185 408,92 ლარი.
2.2. მხარეთა შორის სადავოა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი თანხის - 13 190,68 ლარის დაკისრების საკითხი.
მოპასუხე შ-- ,,მ-----–------ი------------ს’’ არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
სასამართლომ მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელეს სრულად არ გადაუხადა მისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება და მოპასუხისათვის 13 190,68 ლარის დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
მნიშვნელოვანია წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საგადახდო დავალებების იმ ნაწილის შეფასება, რომელიც ეხება დავალიანების ოდენობას, კერძოდ:
- როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე (ნარდობა) და მოსარჩელის მხრიდან შესრულდა ქ-------–--–----–--------------- საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ღირებულებით 185 408,92 ლარი.
- შ-- ,,მ-----–----- ი------------ს“ სხვადასხვა დროს შ-- ,--------’’-ისათვის მიწოდებული აქვს 698 021,71 ლარის ღირებულების ინერტული მასალები, რაზედაც შედგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 22-43).
- შ-- ,,მ-----–----- ი------------ს“ მიერ ქ-------–--–----–--------------- საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 115 000 ლარს, კერძოდ, 2013 წლის 05 თებერვალს 30000 ლარი, 2012 წლის 27 ნოემბერს 40 000 ლარი, 2012 წლის 26 ოქტომბერს - 30 000 ლარი და 2012 წლის 28 სექტემბერს 15 000 ლარი (ს.ფ. 18-21);
- შ-- ,--------’’-ის მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან გადახდილი აქვს მხოლოდ 640 803,46 ლარი (ს.ფ. 44-62).
ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ-- ,,მ-----–------ი------------“-ს ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება ნაწილობრივ აქვს შესრულებული და მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 70 408,92 ლარს (185 408,92-115 000). რაც შეეხება შ-- ,--------’’-ის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას, მის მიერაც ნაწილობრივ იქნა შესრულებული თანხის გადახდის ვალდებულება და შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 57 218,25 ლარს. სწორედ აღნიშნული თანხების სხვაობა შეადგენს მოსარჩელის მოთხოვნას.
სასამართლომ განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.
2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ. - ის კანონი N-----სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს.
კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და შესაბამისად დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.
შ-- ,,ა--------------–------–-სა’’ და შ-- ,,მ-----–------ი------------ს’’ მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ- ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.
მოპასუხეები - შ-- ,,ა----------------–------–ი’’ და შ-- ,,მ-----–---------------------’’არ შედავებიან მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგალითად, იმას, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე შ-- ,,ა--------------–------–-“-ს დავალიანება შეადგენს 1444,85 ლარს, ხოლო შ-- ,,მ-----–------ი------------“-ს დავალიანება - 13 190,68 ლარს.
მოპასუხის შედავება შემოიფარგლა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რაც ზოგადი ხასიათის შედავებაა.
მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის მიმართ დარღვეული იქნა თანხის გადახდის ვალდებულება. შ-- ,,ა----------------–------–ისა’’ და შ-- ,,მ-----–---------------------ს’’ შესაგებელი კი ამ ფაქტებს ვერ აბათილებს.
რაც შეეხება მოპასუხე შ-- ,,მ-----–--------------------ს’’ მიერ წარმოდგენილ 2013 წლის 09 დეკემბრის შედარების აქტს, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მხარე ვალდებულების გაქვითვის თაობაზე აპელირებს სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მთავარ სხდომაზე წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან მას შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე არ მიუთითებია. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ახალი ფაქტობრივი გარემოების მითითება მოხდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა -განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოაპსუხე მხარეს შესაგებელში არ მიუთითებია, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებულ ახალი ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო სამართლებრივად არ შეაფასებს.
2.3. სასამართლომ განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.
როგორც უკვე აღინიშნა, 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ. -ის კანონი N-----სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“).
სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, ამასთან, ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი არ აქარწყლებს მოთხოვნას, არამედ მოთხოვნას განუხორციელებლად აქცევს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გამოკვლევა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სადავოდ ხდის მხარე. გარდა ამისა, სასარჩელო ხანდაზმულობის შედეგი პროცესუალური ხასიათის უფროა, ვიდრე მატერიალური, რადგან ხანდაზმულობა არის სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმა და თავისთავად მოთხოვნის გაქარწყლებას არ იწვევს. სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ კანონმდებლობა ადგენს საშუალებას და არა უფლებას, ამასთან, ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი მხარის მითითების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ.
შ-- ,--------’’-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი მოპასუხეების შ-- ,,ა----------------–------–ისა’’ და შ-- ,,მ-----–---------------------ს’’ წარმომადგენელმა სადავოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გახადა, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე მხარე შეზღუდული იყო ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების კუთხით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის სახით, სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხის მხრიდან შესრულდა ნაწილობრივ.
დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გათვალისწინებით განსაზღვრული იყო ჯამში 185 408,92 ლარით. შ-- ,,მ-----–---------------------“-ს მიერ შ-- ,--------’’- სათვის ანაზღაურებული იქნა მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილი 115 000 ლარი.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საგადახდო დავალებების იმ ნაწილის შეფასება, რომელიც ეხება დავალიანების ოდენობას, კერძოდ:
- სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე (ნარდობა) და მოსარჩელის მხრიდან შესრულდა ქ-------–--–----–--------------- საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ღირებულებით 185 408,92 ლარი.
- შ-- ,,მ-----–----- ი------------ს“ სხვადასხვა დროს შ-- ,--------’’-ისათვის მიწოდებული აქვს 698 021,71 ლარის ღირებულების ინერტული მასალები, რაზედაც შედგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 22-43).
- შ-- ,,მ-----–----- ი------------ს“ მიერ ქ-------–--–----–--------------- საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 115 000 ლარს, კერძოდ 2013 წლის 05 თებერვალს 30000 ლარი, 2012 წლის 27 ნოემბერს 40 000 ლარი, 2012 წლის 26 ოქტომბერს - 30 000 ლარი და 2012 წლის 28 სექტემბერს 15 000 ლარი (ს.ფ. 18-21);
- შ-- ,--------’’-ის მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან გადახდილი აქვს მხოლოდ 640 803,46 ლარი (ს.ფ. 44-62).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ-- ,,მ-----–------ი------------“-ს ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება ნაწილობრივ აქვს შესრულებული და მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 70 408,92 ლარს (185 408,92-115 000). რაც შეეხება შ-- ,--------’’-ის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას, მის მიერაც ნაწილობრივ იქნა შესრულებული თანხის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 57 218,25 ლარს.
სწორედ აღნიშნული თანხების სხვაობა შეადგენს მოსარჩელის მოთხოვნას 13 190,68 ლარის (70 408,92-57 218,25) დაკისრების ნაწილში.
2.5. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობი ვადა სამ წელს შეადგენს. აპელანტის მითითებით მოპასუხე მხარემ სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიუთითა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით მითითებული იქნა მხოლოდ მთავარ სხდომაზე. აპელანტის მითითებით საგადახდო ანგარიშ-ფაქტურები თავისთავად დამოუკიდებლად ვალდებულებას არ წარმოშობს, ანგარიშ-ფაქტურებით ვალდებულება დასადასტურებლად შეიძლება იქნეს მიჩნეული მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებთან ერთობლიობით. აპელანტი პრეტენზიას აცხადებს შ-- ,--------’’-ის დირექტორის მიერ გაცემული დოკუმენტის დართვაზე და აღნიშნულის დოკუმენტისთვის მტკიცებულების ძალის მინიჭებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1 სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, ერთი მხრივ შ-- ,,მ-----–----- ი------------ს“ და მეორე მხრივ შ-- ,---------ს’’ შორის ქ-------–--–----–----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ-- ,,მ-----–----- ი------------ს’’ შ-- ,---------ს’’ სასარგებლოდ გააჩნია თუ არა თანხის -13 190.68 ლარის გადახდის ვალდებულება. აპელანტი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არსებობის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორი შეფასების თაობაზე (სსსკ-ის 105-ე მუხლი). თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქვემდგომმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საგადახდო დავალებების ერთობლიობაში შეფასება შ-- ,,მ-----–----- ი------------ს“ და შ-- ,---------ს’’ შორის როგორც გარიგების (ნარდობის) დადებას, ასევე ამ უკანასკნელის მიმართ შ-- ,,მ-----–----- ი------------ს“ მხრიდან 13 190.68 ლარის ოდენობით შეუსრულებელი ვალდებულების ფაქტს ადასტურებდა.
4.1.2. სააპელაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს წინამდენარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე:
4.1.2.1 ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნარდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც მენარდეს, ისე - შემკვეთს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ურთიერთობაში მენარდის ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ამ წესის დაცვის შემდგომ კი შემკვეთის მიმართ მასვე წარმოეშვება საპასუხო შესრულების შეთანხმებული საზღაურის მოთხოვნის უფლება.
4.1.2.2. როგორც უკვე აღინიშნა, შ-- ,---------ის’’ სასარჩელო მოთხოვნას საცხოვრებელი სახლის აშენებისთვის შეთანხმებული საზღაურის ნაწილის სახით მოპასუხისთვის 13 190,68 ლარის დაკისრება წარმოადგენს. თანხის დაკისრების საფუძვლად მოსარჩელე მხარე როგორც მოპასუხესთან ხელშეკრულების დადების და მის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების, ისე - მოპასუხის მხრიდან საპასუხო ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტზე უთითებს. ნიშანდობლივია, აღინიშნოას, რომ მოპასუხე/აპელანტი მხარე სადავოდ არ ხდის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს, ეს უკანასკნელი სადავოდ ხდის ამ გარიგებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ 13 190,68 ლარის დავალიანების არსებობას.
ამდენად, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქ-------–--–----–----------------ში საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით მათ შორის ნარდობის შესახებ გარიგება დაიდო. ამ მიმართებით საქმეში ასევე წარმოდგენილია 13.08.2013 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: სერია №-------------, „გამყიდველი“ - შ-- ,--------’’ (ს/ნ 4--------) და „მყიდველი“ - შ-- ,,მ-----–----- ი------------’’ (ს/ნ 2--------), ხელშეკრულების საგანი - ქ-------–--–---–--------------- საცხოვრებელი სახლის მშნებლობა, ღირებულება - 185408.92 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით.
ამავე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტად არ მიიჩნევა. ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის მ–----------------ში საცხოვრებელი სახლი უნდა აეშენებინა, მოპასუხე მხარე არც იმ გარემოებას უარყოფს, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ელექტრონულად, მის მიერ არის დადასტურებული. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე/აპელანტი მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელესთან ქ. თბილისში, მ–----------------ში საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს, ამასთან, უდავოა, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სერია №------------- „გამყიდველი“ - შ-- ,--------’’ (ს/ნ 4--------) და „მყიდველი“ - შ-- ,,მ-----–----- ი------------’’ (ს/ნ2--------), ხელშეკრულების საგანი - ქ-------–--–---–--------------- საცხოვრებელი სახლის მშნებლობა, ღირებულება - 185408.92 ლარი), დადასტურებულია ამ უკანასკნელის მიერ, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ მხარეებს შორის დადებული იყო გარიგება ქ-------–--–---–-------------ში საცხოვრებელი სახლის 185 408.92 ლარად აშენების შესახებ. მართალია, მოპასუხე/აპელანტი მხარე ადასტურებს მოსარჩელესთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მისი ვალდებულების შესრულების ფაქტს, თუმცა, სადავოდ ხდის ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობას და ამ მიმართებით მხარეების მიერ ვალდებულების შესრულების შედეგად სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტზე უთითებს. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ შესრულება ცალკე დადასტურებას საჭიროებს. აღნიშნული სამართლებრივი არგუმენტაციის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მრავალი სახე არსებობს. ეს შეიძლება იყოს ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი, და სხვა. თავად 429-ე მუხლში აღნიშნული დოკუმენტი რამდენიმე ფორმით არის ფორმულირებული და ერთგვაროვან ტერმინს 429-ე მუხლი არ აყალიბებს.
4.1.2.3. განსახილველ შემთხვევში საქმეში წარმოდგენილი 28.09.2012წ., 26.10.2012წ., 27.11.2012წ.და 05.02.2013წ., საგადახდო დავალებებით ირკვევა, რომ შ-- ,,მ-----–----- ი------------ს’’ შ-- ,---------ის’’ სასარგებლოდ ქ-------–--–----–--------------- საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გადახდილი აქვს 115 000 ლარი, (ტ.1.ს.ფ. 18-21) აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით შეწყვეტის დადასტურების მიზნით მოპასუხე/აპელანტმა მხარემ 09.12.2013 წლის შედარების აქტზე მიუთითა. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 09.12.2013 წლის შედარების აქტი ვერ ჩაითვლება იმ შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც მოცემულ საქმეზე სადავო გარემოების - შ-- ,,მ-----–----- ი------------ს’’ მიერ ქ-------–--–----–-------------ში საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ გარიგებიდან გამომდინარე მისი ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტის დადგენის საფუძვლად შეიძლება იქნეს მიჩნეული. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მართალია შედარების აქტში მითითებულია სამშენებლო მასალების გადახარჯვის საფუძველზე შ-- ,---------ის’’ მიერ შ-- ,,მ-----–----- ი------------ს’’ მიმართ 69 198,60 ლარის ვალდებულების აღიარების და ამ უკანაკნელის მიმართ შ-- ,---------ის’’ 70408,92 ლარის მოთხოვნის სანაცვლოდ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ დასახელებული დოკუმენტით არ დასტურდება, რომ მოთხოვნის უფლება, რომელიც გაქვითული იქნა შ-- ,---------ის’’ მიერ აღიარებულ ვალდებულებასთან, ქ-------–--–---–----------------ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეკრულებიდან გამოდინარე თანხის მოთხოვნის უფლებას წარმოადგენდა. ამ მიმართებით საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებით ირკვევა, მათ შორის არაერთი გარიგების საფუძველზე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე/აპელანტმა მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარმოადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც გარიგების ფასის 185 408.92 ლარის სრულად გადახდის ფაქტს დაადასტურებდა, აღნიშნული გარემოება კი, შ-- ,, ,---------ის’’ სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი წინაპირობაა. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (ტ.1.ს.ფ. 22-43) და საგადახდო დავალებებით (ტ.1.ს.ფ. 44-62) ირკვევა, რომ შ-- ,---------ს’’ შ--,,მ-----–----- ი------------სთვის’’ სხვადასხვა დროს მიწოდებული 698 021,71 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის სანაცვლოდ გადახდილი აქვს 640 803,46 ლარი. აღსანიშნავია, რომ შ-- ,---------ი’’ შ-- ,,მ-----–----- ი------------ს’’ მიმართ შესასრულებელი ვალდებულების და ამ უკანაკსნელის მიმართ არსებული მოთხოვნის სხვაობის სახით (1. 698 021,71-640 803,46 =57218,25; 2. 185408,92-115000=70408,92; 3. 70408,92-57218,25=13190,67) ამ უკანაკსნელისთვის 13 190,67 ლარის დაკისრებას მოითხოვს. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 26.02.2018 წლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა დაევალა, რა დროსაც მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელზე დართულ მტკიცებულებებთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან და საგადახდო დავალებებთან ერთად ამ დოკუმენტების საფუძველზე წარმოშობილი და შესრულებული ვალდებულებების გაშიფრული ვერსია წარადგინა, ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას, მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მთავარ სხდომაზე სამოქალაქო სპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ დოკუმენტს ემყარება, რამეთუ, დასახელებულ დოკუმენტით შეჯამებული მონაცემები მხარეთა ვალდებულებების და ერთმანეთის მიმართ მოთხოვნის ოდენობის შესახებ საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებებით (საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები, საგადახდო დავალებები) ისედაც ირკვეოდა.
4.1.3. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის/აპელანტის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის საფუძვლით მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი არ აქარწყლებს მოთხოვნას, არამედ მას განუხორციელებლად აქცევს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გამოკვლევა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სადავოდ მხარე ხდის. სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ კანონმდებლობა ადგენს საშუალებას და არა უფლებას, ამასთან ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი, მხარის მითითების გარეშე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყების შემდეგ ე.ი. მთავარ სხდომაზე დაუშვებელია ისეთი შუამდგომლობებისა თუ განცხადებების აღძვრა, რომლებიც არ ყოფილა დაყენებული მოსამზადებელ სტადიაზე არასაპატიო მიზეზით.
განსახილველ შემთხვევაში მართალია შ-- ,,მ-----–----- ი------------ს’’ წარმომადგენელი საქმის მომზადების სტადიაზე მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებაზე აპელირებს, თუმცა, აღნიშნულის საპირისპიროდ საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი საქმის წინასწარი მომზადების სტადიაზე სადავო არ გაუხდია. (იხ. შესაგებელი, 18.10.2017წ. განცხადება). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სადავოდ არ გაუხდია სარჩელის ხანდაზმულობა, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე ემსჯელა.
საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები შ-- ,---------ის’’ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 160 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ-- ,,მ-----–---------------------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური