განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2019
საქმის ნომერი
330100117001947467
ინსტანცია
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001947467

საქმე №1ბ/1557-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------------------ის

ადვოკატების: ზ-------------–-–---–ის, თ------------ის

გამართლებულის: გ-------------–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართელოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გ------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ გ-------------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #5----------), განქორწინებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------------------–---------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 25 მარტს, დღის საათებში, გ-------------–-–---–მა საკუთარ ავტომანქანაში ყოფნისას, თავის ყოფილ მეუღლეს, თ-----------ეს ურთიერთშელაპარაკებისას ყელში წაუჭირა ხელები, ასევე ძლიერად მოუჭირა მაჯაზე ხელი და ამ გზით მიაყენა სხეულის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართელოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გ------------------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ-------------–-–---–ის მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამართლებელი განაჩენის, რომელიც აპელანტს დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიაჩნია, გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ გ------------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში გამართლებულ გ-------------–-–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-------------–-–---–ის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ თ-----------ის ჩვენებით, მოწმეების - ა---------–------ის, ნ-----------------ის ჩვენებებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დასტურდება გ-------------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, ბრალდების მხარის ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ-------------–-–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

მოწმის სახით დაკითხული თ-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2008 წლის მარტიდან 2014 წლის აპრილამდე იმყოფებოდა გ-------------–-–---–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ორი საერთო შვილი. 2017 წლის 25 მარტს, დილის საათებში, ჩავიდა ეზოში გ-------------–-–---–თან სასაუბროდ და ჩაჯდა მის ავტომანქანაში. თავდაპირველად მშვიდად საუბრობდნენ, ხოლო შემდეგ მისი ყოფილი მეუღლე გახდა აგრესიული და დაიწყო ჩხუბი, დაძრა ავტომანქანა და უ-------------ის ქუჩის მიმართულებით წავიდნენ. დაზარალებულის განმარტებით, გზაში გ-------------–-–---–ი მას (დაზარალებულს) გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა, უარის მიღების შემდეგ კი სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა მობილური ტელეფონი. მის თხოვნაზე - მანქანა გაეჩერებინა და წასვლის საშუალება მიეცა, გ-------------–-–---–ი არ თანხმდებოდა. როდესაც თ------–---–ის ქუჩის კვეთაზე, შუქნიშანთან მანქანა გაჩერდა, დაინახა, რომ იქვე იდგა პატრული და სცადა მანქანიდან გადასვლა. გ-------------–-–---–მა არ მისცა გადასვლის საშუალება და ,,კაპიშონით“ მოქაჩა, ხოლო შემდეგ ყელში მოუჭირა ხელი, თავი ჩააყოფინა და რამდენჯერმე დაარტყა ზურგის არეში, იმავდროულად დაემუქრა, რომ პატრულისთვის მიმართვის გამო, პასუხს აგებინებდა. გ-------------–-–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ მივიდნენ მისი (დაზარალებულის) მეგობრის, ნ-----------------ის სახლთან და ისიც ჩაისვევს მანქანაში, ხოლო გ-------------–-–---–მა მოუთხრო მათ შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომ ყველაფერი მოხდა აღელვების გამო. ნ-----------------ის თხოვნის მიუხედავად, - დარჩენილიყო მასთან, უარი უთხრა და გაყვა გ-------------–-–---–ს, რომელმაც სახლამდე მიიყვანა. შემდეგ მას აღარ ხვდებოდა, რის გამოც გ-------------–-–---–მა მის სახლთან მოაწყო სკანდალი და პატრული გამოიძახა. პატრულის წასვლის შემდეგ მისმა ყოფილმა მეუღლემ წაიყვანა ბავშვები, დაურეკა და უთხრა, რომ მათ აღარ დააბრუნებდა. რადგან პატრულის გამოძახებას შედეგი არ ჰქონდა, განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

მოწმე ა---------–------ის განმარტებით, გ-------------–-–---–ი არის მისი ქალიშვილის, თ-----------ის ყოფილი მეუღლე. 2017 წლის მარტში, გ-------------–-–---–ი მივიდა მათ სახლთან და მის შვილს სთხოვა ქვემოთ ჩასვლა, რაზეც თ-----------ემ უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მათი წასვლის შემდეგ გ-------------–-–---–ი რეკავდა ტელეფონზე და იმუქრებოდა. აღნიშნულის გამო თ-----------ე იძულებული გახდა, განცხადებით მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მან (მოწმემ) მხოლოდ ამის შემდეგ გაიგო, რომ გ-------------–-–---–ს მანამდე ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია თ-----------ისთვის.

 

მოწმე ნ-----------------ის ჩვენებით, გ-------------–-–---–ი იყო მისი მეგობრის, თ-----------ის მეუღლე. 2017 წლის 25 მარტს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გ-------------–-–---–ის ტელეფონიდან დაურეკა თ-----------ემ და სთხოვა ეზოში ჩასულიყო. შვილთან ერთად გავიდა და ჩაჯდა გ-------------–-–---–ის მანქანაში. თ-----------ე იყო ანერვიულებული და ნამტირალევი, ამ უკანასკნელმა აჩვენა ყელზე შეწითლებული ადგილი, რაზეც გ-------------–-–---–მა უთხრა, რომ თ-----------ე მანქანიდან გადახტომას ცდილობდა და იმ დროს, როდესაც მას აჩერებდა, თ-----მა მიიღო დაზიანება. მანქანაში ყოფნისას გ-------------–-–---–სა და თ-----------ეს შორის კიდევ გაგრძელდა სიტყვიერი კამათი. მან (მოწმემ) თ-----------ეს შესთავაზა, მასთან (მოწმესთან) დარჩენილიყო, რაზეც თ-----მა უარი უთხრა და გაყვა გ-------------–-–---–ს.

 

გ-------------–-–---–ის განმარტებით, 2008 წელს დაქორწინდა თ-----------ეზე და 2014 წლამდე ცხოვრობდნენ ერთად. მათი დაშორების მიზეზი იყო მისი ყოფილი სიმამრი, რომელიც მუდმივად ერეოდა მათ ურთიერთობაში. დაშორების შემდეგ ყოფილ მეუღლესთან არ ჰქონია არანაირი კონფლიქტი. 2018 წლის 25 მარტს, როდესაც თ-----------ეს მანქანაში ესაუბრობოდა, სურდა ერთადერთი საკითხის გარკვევა - სად იცხოვრებდნენ მისი შვილები, რადგანაც თ-----------ე აპირებდა დაქორწინებას. თ-----------ის მონაყოლი, რომ შუქნიშანზე გადადიოდა მანქანიდან, არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, თ-----------ემ მიმავალი მანქანიდან სცადა გადასვლა მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ მამამისს ეტყოდა იმის შესახებ, რომ აპირებდა დაქორწინებას, ასევე არ დაუშვებდა, რომ მის შვილებს იმ პირთან ერთად ეცხოვრათ. სწორედ ამიტომ მოკიდა კაპიშონზე ხელი და სცადა მისი შეჩერება. ასევე დაიჭირა ხელით, რის გამოც საჭის მუხლებით დაჭერა მოუხდა. ამის შემდეგ ავტომანქანით მგზავრობისას რამდენჯერმე გაჩერდნენ, მათ შორის - ნ-----------------ესთანაც, რომელმაც სთხოვა თ-----------ეს დარჩენა, თუმცა თ-----ი არ დარჩა და ისევ მას (გ-------------–-–---–ს) გაჰყვა. აღნიშნულის შემდეგ, როდესაც თავისთან ჰყავდა შვილი, დაურეკა ყოფილმა სიმამრმა და უთხრა, რომ სასწრაფოდ მიეყვანა ბავშვი, რაზეც უთხრა, რომ ბავშვს უნდოდა მამასთან ყოფნა და დარჩებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვის წასაყვანად მის (გ-------------–-–---–ის) სახლში მივიდა პოლიცია.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, მოქ. თ-----------ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გულმკერდის მიდამოში აღინიშნებოდა დაზიანებანი - სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 25 მარტს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული, მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები (დაზარალებულ თ-----------ის ჩვენება, მოწმეების - ა---------–------ის და ნ-----------------ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა) უტყუარად ადასტურებენ გ-------------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში, ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ბრალის ფორმის მიხედვით კი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განზრახ დანაშაულს წარმოადგენს.

 

სააპელაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ შემთხვევის დროს გ-------------–-–---–ი და თ-----------ე ავტომანქანაში იმყოფებოდნენ მარტო. ორივე მათგანი მომხდარს აღწერს განსხვავებულად. თავდაპირველად, სააპელაციო პალატა შეფასებას მისცემს დაზარალებულ თ-----------ის ჩვენებას, რომელიც განმარტავს, რომ მანქანაში ყოფნის დროს გ-------------–-–---–მა მასზე სხვადასხვა ფორმით განახორციელა ძალადობა - ჯერ სახეში ჩაარტყა მობილური ტელეფონი, შემდეგ ყელში მოუჭირა ხელი, შემდეგ კი ზურგის არეში ჩაარტყა. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება (დაზარალებულის ჩვენება) ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რადგან წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ, დაზარალებულის მიმართ ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, თ-----------ეს დაზიანებები მიყენებული აქვს მხოლოდ გულ-მკერდის არეში. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენების აღნიშნული ნაწილი უკავშირდება უშუალოდ შემთხვევის მომენტს, დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ძალადობის (როგორც ამას დაზარალებული მიუთითებს) მეთოდებს, მასშტაბურობასა და ლოკალიზაციას, შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენებასა და ხსენებული ექსპერტიზის დასკვნას შორის არსებული, არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას უმნიშვნელოდ. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული წინააღმდეგობა მტკიცების საგნის თვალსაზრისით დაზარალებულის ჩვენებას უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას, ამასთანავე, სააპელაციო პალატას აძლევს დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოვლენათა იმგვარ განვითარებას, როგორც დაზარალებული აღწერს, ადგილი არ ჰქონია.

 

რაც შეეხება მოწმე ნ-----------------ის ჩვენებას, მისი განმარტებით, მანქანაში ყოფნის დროს თ-----------ემ აჩვენა ყელის არეში სიწითლე, რაზეც გ-------------–-–---–მა განმარტა, რომ, რადგან თ-----------ე ცდილობდა მიმავალი ავტომანქანიდან გადახტომას, კაპიშონზე და მკლავზე ხელი მოჰკიდა და ასე სცადა მისი შეჩერება. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემობას, რომ იგივე გარემობები დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა გ-------------–-–---–მა.

 

გარდა აღნიშნულისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით კი გ-------------–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ თ-----------ეს ურთიერთშელაპარაკებისას ყელში წაუჭირა ხელები, ასევე ძლიერად მოუჭირა მაჯაზე ხელი და ამ გზით მიაყენა სხეულის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ ბრალდება გ-------------–-–---–ს არ ედავება თ-----------ისთვის დაზიანების მიყენებას გულ-მკერდის არეში, როგორც ეს ექსპერტიზის დასკვნით იქნა დადგენილი.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ-------------–-–---–მა ჩაიდინა მეუღლის მიმართ ძალადობა, რომ მისი ქმედება - კაპიშონზე და მკლავზე ხელის მოკიდება მოიცავდა დაზარალებულისთვის ზიანის მიყენების განზრახვას. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ-------------–-–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ-------------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

რაც შეეხება ზემოხსენებული განაჩენის კანონიერებას, საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. საქართველოს სსსკ–ის მე–200 მუხლის მე–10 ნაწილის შესაბამისად, გირაოს შემტანს გირაოს თანხა დაუბრუნდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით. ვინაიდან აღნიშნული კუთხით არ არის მსჯელობა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში გ-------------–-–---–ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გ------------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში გ-------------–-–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

გ-------------–-–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გამართლებულ გ-------------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

გაუქმდეს გ-------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე