განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080370017002201220
საქმე N3/ბ-435-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ ე-–------ ბ--------
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
ე-–------ ბ--------მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის N1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 9 ნოემბრის №2---- ბრძანება; ნაწილობრივ (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის N3---- ბრძანება.
მოსარჩელის მითითებით, მისი ოჯახი შედგება ორი წევრისგან (თავად ე-–------ ბ-------- და მეუღლე თ----- შ----–--ე), რომლებიც ცხოვრობენ წალენჯიხის რაიონი სოფელ ჯ---––-. 2017 წლის 30 იანვარს ხანძრის შედეგად მთლიანად დაეწვათ საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლის აღდგენისა და დახმარების მიზნით, მოსარჩელემ მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 26 აგვისტოს და 3 სექტემბერს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები N1--------- და N1--------- ხე-ტყის დამზადების უფლებით. 2017 წლის 25 სექტემბერს ხე-ტყის დამუშავების შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული ხე-ტყის მასალა ჩამოიტანა ქალაქ ზუგდიდში, მაგრამ ვინაიდან იყო ნედლი და შემოდგომის დროს ბუნებრივ პირობებში გაშრობა ვერ ხერხდებოდა, მეგობარ ბ------ გ--------ს სთხოვა დახმარება მასალის თბილისში ტრანსპორტირებაში, რათა თბილისში არსებულ საამქროში მომხდარიყო ხელოვნური გაშრობა. 2017 წლის 9 ოქტომბერს, როდესაც ბ------ გ--------ს თბილისში გადაჰქონდა მასალა, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა. მიუხედავად იმისა, რომ ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული მასალა წარმოადგენდა მის საკუთრებას და არ იყო განკუთვნილი სამეწარმეო საქმიანობისათვის, რის დამადასტურებლადაც წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები, 2017 წლის 26 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრის მიერ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ე-–------ ბ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 9 ნოემბრის N2---- ბრძანება; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3---- ბრძანება; კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე-–------ ბ--------ს საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის N1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე; სსიპ შემოსავლების სამსახურს ე-–------ ბ--------ს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება; დაუბრუნდა ე-–------ ბ--------ს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 (ოთხმოცი) ლარი.
ფაქტობრივი დასაბუთება:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 2017 წლის 01 თებერვლის N2----- ცნობის თანახმად დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანვარს ხანძრისგან მთლიანად განადგურდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---––- მდებარე ე-–------ ბ--------ს საცხოვრებელი სახლი.
2017 წლის 26 აგვისტოს ე-–------ ბ--------ს სახელზე გაიცა ხეტყის წარმოშობის დოკუმენტი N1---------, რომლის თანახმად: მორების რაოდენობა: 1; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 49 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 45სმ; მორების რაოდენობა: 2; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 57 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 52სმ; მორების რაოდენობა: 3; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 64 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 55სმ; მორების რაოდენობა: 4; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 58 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 48სმ; მორების რაოდენობა: 5; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 53 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 47სმ; მორების რაოდენობა: 6; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 46 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 40სმ; მორების რაოდენობა: 7; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 55 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 52სმ; მორების რაოდენობა: 9; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 67 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 58სმ; მორების რაოდენობა: 10; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 49 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 39სმ; დამზადების ადგილი: მესტიის სატყეო უბანი, ხე-ტყის სართო მოცულობა მ 3 -13,920; დოკუმენტის შევსების თარიღი - 20:30 2---------. გადამუშავებული მ 3- 13,97; მიღებული პროდუქტი - 10,47.
2017 წლის 3 სექტემბერს ე-–------ ბ--------ს სახელზე გაიცა ხეტყის წარმოშობის დოკუმენტი N1---------, რომლის თანახმად: მორების რაოდენობა: 1; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 52 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 45სმ; მორების რაოდენობა: 2; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 56 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 51სმ; მორების რაოდენობა: 3; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 62 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 56სმ; მორების რაოდენობა: 4; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 53 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 44სმ; მორების რაოდენობა: 5; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 56 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 51სმ; 4 მორების რაოდენობა: 6; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 54 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 43სმ; მორების რაოდენობა: 4; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 49 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 42სმ; დამზადების ადგილი: მესტიის სატყეო უბანი; ხე-ტყის საერთო მოცეულობა (მ3 ) - ჯამი 9,000; დოკუმენტის შევსების თარიღი 0---------; გადამუშავებული მ 3- 9; მიღებული პროდუქტი - 6,75.
ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ ინფორმაციით დადგენილია, რომ გადამუშავების შედეგად ხე-ტყის მოცულობამ შეადგინა 1,970+1,750=3,72მ2.
2017 წლის 9 ოქტომბერს ბ------ გ-------- ახორციელებდა დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის ტრანსპორტირებას D-1--M- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 10 ოქტომბრის N4---------- დასკვნით დადგენილია, რომ ბ------ გ--------ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაზე სახ. ნომით D-1--M- ძარაში განთავსებული დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 18,82მ3, შეფასების თარიღისთვის (1---------წ) მისი საორიენტაციო ღირებულებაა - 12233 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 9 ოქტომბერს 12:35 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ჩ--------–---ში, შეჩერებული იქნა ზემოაღნიშნული D-1--M- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ბ------ გ--------. აღნიშნული ავტომანქანის მონაცემები გადამოწმებული იქნა ,,o-----’’ ელექტრონულ ბაზაში და აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა გადაადგილდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე.
2017 წლის 24 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ე-–------ ბ--------ს და ბ------ გ--------ს. 2017 წლის 26 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის განყოფილების ოფიცრების გ------- ქ----------–---–ის და ლ---- გ--------ის მიერ შედგა მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად შესწავლილი იქნა ხე-ტყის წარმოშობის N1--------- და N1--------- დოკუმენტები, რომელთა გადამუშავების შედეგად ჯამში მიღებულია 3,72 მ3 ფიცარი, ხოლო D-1--M- სახ. ნომრის მქონე ავტომანქანით ბ------ გ-------- ახდენდა 18,82მ3 ფიცრის ტრანსპორტირებას კანონმდებლობით განსაზღვრული ზედნადების გარეშე. აღნიშნულის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს ე-–------ ბ--------ს მიმართ შედგა N1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სსკ-ის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით. სახდელად განესაზღვრა - ფულადი ჯარიმა - 5000 ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა. 2018 წლის 26 ოქტომბერს ე-–------ ბ--------ს მიმართ შედგა ასევე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB8----- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და სახდელად განესაზღვრა - ჯარიმა 500 ლარი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 09 ნოემბრის N2----- ბრძანებით, გასწორდა ფ/პ ე-–------ ბ--------ს მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების 2017 წლის 26 ოქტომბერს შედგენილ საგადასახადო სამართალდარღვევის N1----- ოქმში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მე-6 გრაფაში შეფარდებული სანქცია, სანქციის სახე ან/და ოდენობა, ნაცვლად სსკ-ის 286 მუხლის 12 ნაწილი, ფულადი ჯარიმა (5000 ლარი) და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა, მიეთითა სსკ-ის 286-ე მუხლის 32 ნაწილი, ფულადი ჯარიმა (10,000 ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის N1----- და NCB8----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები ე-–------ ბ--------მ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე-–------ ბ--------ს საჩივარი. გაუქმდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის NCB8----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია. დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი დასაბუთება
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს; ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში; გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს (72-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის12 ნაწილი მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. ამავე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული ნორმების განმარტების შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება სამართალდარღვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის. საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 30 იანვარს ხანძრისგან მთლიანად განადგურდა ე-–------ ბ--------ს საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელის განმარტებით მან დახმარების მიზნით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. 2017 წლის 26 აგვისტოს და 2017 წლის 3 სექტემბერს ე-–------ ბ--------ს სახელზე გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები. საქმეში წარმოდგენილი მასალებით საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ხე-ტყის მოპოვების უფლება და იგი სამეწარმეო საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, ვინაიდან ხის მასალა (ფიცარი) ე-–------ ბ--------ს სჭირდებოდა სახლის შესაკეთებლად, მოპოვებული ხე-ტყე საჭიროებდა დამუშავებას, რაც დაკავშირებულია გარკვეულ დროსა და პროცედურებთან. შესაბამისად, ე-–------ ბ--------ს არასამეწარმეო (პირადი) მიზნებისთვის სურდა ხის მასალი (ფიცრის) გამოყენება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და ბათილად ცნო სადავო აქტები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. ამავე კოდექსის 51–ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: დ) უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა; კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით;
აპელანტის მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ე-–------ ბ--------ს მიერ ტრანსპორტირებული საქონელი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის.
აპელანტის მითითებით, გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 25(2) მუხლის მე–5 პუნქტის მიხედვით, ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე–ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე; ბ)ხე–ტყის მომპოვებლის მიერ ხე–ტყის წარმოშობის დოკუმენტით მრგვალი ხე–ტყის (მორის) ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირებისას; გ) თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ხე-მცენარეებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობით ან/და ხეტყის წარმოშობის დოკუმენტით ხე-მცენარეების მისი მესაკუთრის მიერ ტრანსპორტირებისას, გარდა მიწოდებისა; დ) აუქციონის შედეგების შესახებ სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) და შესაბამისი მიღებაჩაბარების აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით (ბრძანებით) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას.
აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არცერთი ზემოაღნიშნული პირობა სახეზე არ იყო, შესაბამისად ე-–------ ბ--------ს ხე–ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ფიცარის ტრანსპორტირება საჭიროებდა ზედნადების არსებობას.
აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ იმისათვის რომ, მოქმედება ჩაითვალოს სამეწარმეო საქმიანობად, გადამწყვეტია არა მოქმედებების სიმრავლე, არამედ მისი შინაარსი (მოსარჩელე ახორციელებდა დიდი რაოდენობით 18.82 კუბ.მეტრი, 12 233 ლარის ღირებულების ხის მასალის ტრანსპორტირებას) და პირის განზრახვა – მოგების მიღება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის არგუმენტები მის მიერ სამართალდარღვევის არ ჩადენასთან დაკავშირებით, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას შედგენილი აქტები ანუ დოკუმენტური მტკიცებულებები და განმარტებები არ გაითვალისწინა, ყოველივე აღნიშნული კი ეწინააღმდეგება საქმის ყოველმხივ და ობიექტურად განხილვის პრინციპს.
4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი დასაბუთება:
განსახილველ შემთხვევაში ე-–------ ბ--------ს მიერ მიერ სასამართლოში აღძრულია შეცილებითი სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ე-–------ ბ--------ს მიერ სადაოდ ქცეული, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის N1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 9 ნოემბრის №2---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის N3---- ბრძანება, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შემოწმებულიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მათი შესაბამისობა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის12 ნაწილი მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. ამავე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს; ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში; გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს (72-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ამდენად, სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.
მართებულია საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება სამართალდარღვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტების შესაბამისად, სასაქონლო ზედნადები უნდა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას ან იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმცემი (გამყიდველი) მის მიერ დაქირავებული თანამშრომლის, დისტრიბუტორის მეშვეობით ახორციელებს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებას, ე.ი. გამყიდველი (მეწარმე) ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული - გამოწეროს სასაქონლო ზედნადები, მას ამგვარი ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარუდგენს მეწარმის დამადასტურებელ დოკუმენტს. ზედნადების ქონის ვალდებულება გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას.
საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ ე-–------ ბ--------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, ვინაიდან სადავო მუხლის დისპოზიციის შესაბამისად, სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
პალატა მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადების შევსების მიზანია გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამდენად, საგადასახადო მიზნებისთვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისაგან თავის არიდების საფუძველი, როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისთვის. მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული ყველა ქმედება შეიძლება არ წარმოადგენდეს მოგების მიღების მიზნით განხორციელებულს. მათი ნებისმიერი მოქმედება არ უნდა იქნას მიჩნეული სამეწარმეო მიზნებისთვის განხორციელებულად, არამედ აღნიშნული მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადგინდეს.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს, გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ ე-–------ ბ--------ს მოქმედება უნდა ჩაითვალოს სამეწარმეო საქმიანობად, ვინაიდან მისი ქმედების შინაარსი იძლეოდა სამეწარმეო საქმიანობად მიჩნევის საფუძველს (მოსარჩელე ახორციელებდა დიდი რაოდენობით 18.82 კუბ.მეტრი, 12 233 ლარის ღირებულების ხის მასალის ტრანსპორტირებას) და მას გააჩნდა მოგების მიღების განზრახვა.
პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას და დაუსაბუთებელ ვარაუდს, რის გამოც ვერ გამოდგება ე-–------ ბ--------ს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად. აღნიშნულის საწინააღმდეგეოდ, ე-–------ ბ--------ს მიერ წარმოდგენილი იქნა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, მას 2017 წლის 30 იანვარს ხანძრის შედეგად მთლიანად დაეწვა საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელი სახლის აღდგენისა და დახმარების მიზნით, მოსარჩელემ მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 26 აგვისტოს და 3 სექტემბერს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები N1--------- და N1--------- ხე-ტყის დამზადების უფლებით და 2017 წლის 25 სექტემბერს ხე-ტყის დამუშავების შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული ხე-ტყის მასალა ჩაიტანა ქალაქ ზუგდიდში, მაგრამ ვინაიდან იყო ნედლი და შემოდგომის დროს ბუნებრივ პირობებში გაშრობა ვერ ხერხდებოდა, მეგობარ ბ------ გ--------ს სთხოვა დახმარება მასალის თბილისში ტრანსპორტირებაში, რათა თბილისში არსებულ საამქროში მომხდარიყო ხელოვნური გაშრობა.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ე-–------ ბ--------ს მიერ ტრანსპორტირებული საქონელი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, რის გამოც არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6.საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით, 257-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი