განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210118002254285
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/3645-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - შ-- ,,N------------------–------–----------------–--“
წარმომადგენელი - ს--–-------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,-------“
წარმომადგენელი - თ------–------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შ-- ,,N------------------–------–----------------–--“, შ-- ,,-------“-ს 2012 წლიდან 2014 წლის ივლისამდე უწევდა მომსახურებას მათ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე. კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ შეასრულა დ---------------–--- საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები; 2014 წლის აგვისტომდე შესრულებული სამუშაოების ღირებულება მოპასუხის მიერ ანაზღაურდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 19.04.2018წ. სხდომის ოქმი 14:25:04)
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, 19.04.2018წ. სხდომის ოქმი 14:31:04)
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. მოსარჩელე მხარე ითხოვს 2014 წლის აგვისტო - სექტემბერში შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას 56 379 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარე არ ადასტურებს შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ მიერ ამ პერიოდისათვის სამუშაოების შესრულების ფაქტს და განმარტავს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის ივლისის თვეში და მას შემდეგ, არც ზეპირი და არც წერილობითი გარიგება სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით არ დადებულა.
სარჩელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2012 წლის 02 აგვისტოს, დ-------------–----–-------- და შ-- ,------“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დ-----ის მ----–----–------ის ტერიტორიაზე სხვადასხვა საგზაო-სარემონტო სამუშაოების შესრულება, მათ შორის დ---------------–--- საავტომობილო გზის 16-კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოების შესრულება, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 3 224 554 ლარს და ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ეტაპობრივად. შ-- ,------“-ს მიერ შესრულებული იქნა 2012 წლის 02 აგვისტოს N--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მათ შორის თანამშრომლობა გრძელდებოდა წლების განმავლობაში. გარდა მხარეთა ახსნა- განმარტებისა, აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რომელიც გაცემულია შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ მიერ, 2012 წლის 13 დეკემბრიდან - 2014 წლის აგვისტომდე პერიოდში და დადასტურებულია შ-- ,------“-ს მიერ. აღნიშნული ანგარიშფაქტურების თანახმად, მხარეები თანამშრომლობდნენ: ქ. დ---------------–--- გზის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოებზე, დ-----ის მ----–----–------ის სოფელ ვ-------- მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოებზე, საგზაო სამუშაოების შესასრულებლად სხვადასხვა ტექნიკის იჯარით გაცემაზე. მხარეები არ დავობენ, რომ მითითებული სამუშაოების ღირებულება სრულად იქნა გადახდილი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის. მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს 2016 წლის 02 მარტს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ფაქტი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 56379 ლარს. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უარყოფილი იქნა მოპასუხე შ-- ,------“-ს მიერ. 2016 წლის 02 მარტს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, ოპერაციის განხორციელების პერიოდია 2014 წლის 03 სექტემბერი, ხოლო მომსახურების დასახელებაა დ---------------–--- საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოების შესრულება. აღნიშნული სამუშაოების მოსარჩელის მიერ შესრულების ფაქტს უარყოფს მოპასუხე მხარე და უთითებს, რომ სადავო სამუშაოები შეასრულა შ-- ,------“-მ და მასში მონაწილეობა არ მიუღია შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“.
მტკიცების ტვირთის განაწილების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ მითითებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების თანახმად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა და მოპასუხეს უნდა შეესრულებინა სამუშაოები კონკრეტულ მონაკვეთზე მოპასუხის მითითების შესაბამისად. ანაზღაურება კი უნდა მომხდარიყო შესრულებული სამუშაოების მიხედვით ყოველი წლის ბოლოს შედგენილი შედარების აქტის საფუძველზე. გასათვალისწინებელია მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებითაც, რომ მას არ დაუსრულებია სამუშაოები და მხარეთა შორის ურთიერთობა შეწყდა 2----–-–--------------ში იმ მიზეზით, რომ მოპასუხემ არ აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა მხარეთა შორის წინასწარ არ ყოფილა შეთანხმებული და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე მხარის ნების გამოვლენას საჭიროებდა, ახალი გარიგების დადების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, რაც მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული. კერძოდ, გარდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა, მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული იქნენ მოწმეები, რომელთაც განმარტეს, რომ მხარეთა შორის გარიგების დადების ფაქტს არ ესწრებოდნენ და მხარეთა შეთანხმება მათთვის ცნობილი არ ყოფილა. მათი ჩვენებებით ასევე შეუძლებელია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო პერიოდში შესრულებული სამუშაოების მოცულობა შეადგენდა 28189,5 მ2-ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა მოსარჩელე ორგანიზაციაში დასაქმებული პირები, კერძოდ სამუშაოთა მწარმოებელი ი--------------–---–-, რომელმაც განმარტა, რომ 2014 წლის ზაფხულის პერიოდში, დაახლოებით ივლისი-აგვისტო-სექტემბრის თვეებში, ასფალტის საფარი დააგეს დ---------------–--- გზაზე, სამუშაოების შესრულებაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. მოწმის განმარტებით, იგი სამუშაოებს ასრულებდა მისი უშუალო უფროსის ლ---- ჩ----–-–---–ის დავალებით, თუმცა მისთვის ცნობილი არ არის მისი უფროსი ვისი დავალებით ასრულებდა ამ სამუშაოებს. 3 წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ შ-- ,------“-სთან, შემდგომ შეწყვიტეს თანამშრომლობა, რადგან შ-- ,------“ თანხას აღარ უხდიდა. ყოველწლიურად აგებდნენ 5 კილომეტრს. 2014 წელს 5 კილომეტრი ბოლომდე არ დაუგიათ და დასაგები დარჩა დაახლოებით 1კმ და 200 მეტრი სიგრძის გზა.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ლ-------–---–მა, რომელიც დასაქმებულია შ-- ,,N------------------–------–----------------–--ში“ მ--------------ად, განმარტა, რომ ნამდვილად განახორციელეს დ---------------–--- გზის მოასფალტება, წელი და თვე არ ახსოვს როდის მუშაობდნენ. აღნიშნული გზა სრულად იქნა მათ მიერ დაგებული. მოწმის მითითებით, მას ევალებოდა საფუძვლის მომზადება და მოპირკეთება, დაახლოებით 1-2 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნა მათ მიერ დაგებული. ზ---- ლ-------–---–ის მითითებით, იგი სამუშაოებს ასრულებდა ლ---- ჩ----–-–---–ის დავალებით. მოწმის მითითებით, იგი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რაიმე მოლაპარაკებას არ დასწრებია.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლის თანახმად შ-- ,-------“-ს მიერ შესრულებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, სასამართლო, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ეს სამუშაოები სწორედ მოსარჩელის მიერ იქნა შესრულებული ვერ გაიზიარებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შ-- ,-------“-ს მიერ გზის საფარის სარემონტო სამუშაოების შეწყვეტის ფაქტს მოსარჩელე მხარე თავად ადასტურებს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გარიგების დადების ფაქტი არ დასტურდება, მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ აღნიშნული გარიგება მათ შორის დაიდო ზეპირი ფორმით, აღნიშნულ გარემოებას უარყოფს მოპასუხე მხარე, ხოლო მოსარჩელეს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებას, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან, ზემოხსენებული მოწმეები არ დასწრებიან შ-- ,,N------------------–------–----------------–--სა“ და შ-- ,------“-ს შორის არსებულ მოლაპარაკებას. ისინი ასევე ვერ ადასტურებენ შესრულებული სამუშაოების მოცულობას და პერიოდს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მის მიერ მითითებული გარემოებები, მოპასუხისათვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოწმე ი------ ხ------–---–ის ჩვენება (იხ. 19.04. 2018 წლის სხდომის ოქმი 15:30:59-
15:39:17);
- მოწმე ზ---- ლ-------–---–ის ჩვენება (იხ. 19.04. 2018 წლის სხდომის ოქმი 15:42:54-15:47:08);
- 02.08.2012 წლის N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 19-23);
- შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები და პირობები (ს.ფ. 24-28).
- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან (ს.ფ 80).
2.3. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მომსახურების საფასურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხოლო 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა სახელშეკრულებო ურთიერთობა და არ არსებობს არც შესრულება და არც შესრულების ანაზღაურების ვალდებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. როგორც მოსარჩელე უთითებს, მის მიერ სამუშაოები შესრულებული იქნა 2----–-–--------------ში, ხოლო მოსარჩელემ სარჩელით მომართა 2017 წლის ოქტომბრის თვეში, შესაბამისად, გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულ მოსაზრებას არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე და განმარტა, რომ მათ მიერ სადავო ანგარიშფაქტურა გამოწერილი იქნა 2016 წლის 02 მარტს, ანუ 3-წლიანი ვადის გასვლამდე კრედიტორმა მოთხოვნა წარადგინა და ამ პრეტენზიის წარდგენიდან კიდევ ერთხელ უნდა აითვალოს ხანდაზმულობის ვადა. განსახილველ შემთხვევაში, შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ მიერ სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2017 წლის 30 ოქტომბერს, ანუ 3 წლისა და 1 თვის გასვლის შემდეგ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ დ---------------–--- გზის სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა 2012 წლიდან - 2014 წლის აგვისტომდე პერიოდში, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებული ზეპირი ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება თუ რა სამუშაოები შეასრულა მან 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში მოპასუხის დავალებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე მხარე მიუთითებს მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში გაწეული მომსახურების საფასურის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოიშვა 2----–-–--------------ში, რომლის მომდევნო 3 წლის მანძილზე შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ უნდა აღეძრა სარჩელი გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის მოთხოვნით. როგორც მოსარჩელე მხარე განმარტავს, მან 2014 წლის სექტემბრის თვეში შეწყვიტა შ-- ,-------“-სთვის მომსახურების გაწევა, გაწეული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა განისაზღვროს 2014 წლის 30 სექტემბერი. დადგენილია, რომ შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ მიერ სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2017 წლის 30 ოქტომბერს, ანუ 3 წლისა და 1 თვის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომსახურების გაწევის დადასტურების შემთხვევაშიც, მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით საზოგადოებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა დაედასტურებინა ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადების ფაქტი. გარდა ამისა, დირექტორმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ახსნა-განმარტებაში აღწერა მხარეთა შორის თანამშრომლობის დამკვიდრებული პრაქტიკა: 1) ფაქტობრივად სამუშაოს შესრულება ხორციელდებოდა მოპასუხის მიერ მიწოდებული მასალის შესაბამისად; 2) ყოველი თვის ბოლოს იდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი და ხელშეკრულება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე, ვინაიდან ზუსტი მოცულობის განსაზღვრა სწორედ სამუშაოთა დასრულების შემდგომ ხორციელდებოდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატის გამოყენება გამომდინარეობდა სწორედ მხარეთა შორის ნდობის მაღალი ხარისხიდან, რომელიც შემდგომ მოპასუხის მხრიდან არაკეთილსინდისიერად იქნა გამოყენებული, სწორედ ტენდერის ბოლო ეტაპზე, როდესაც თანამშრომლობის საჭიროებას შ-- "ტ----"ვეღარ ხედავდა.
3.1.2. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით მხარეები 2012 წლიდან 2014 წლის სექტემბრამდე თანამშრომლობდნენ ქ. დ-----ის მ----–----–------ის მიერ 2----–-–-----------ს გამოცხადებულ ტენდერის (№ს-----------) ფარგლებში. კერძოდ აპელანტი ორგანიზაცია, მოპასუხე შ-- "ტ---"-ს დავალებით ასრულებდა სწორედ იმ სამუშაოებს რომელიც დ-----ის მუციპალიტეტის მიერ გამოცხადებული სატენდერო დავალებით და შემდეგ უკვე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. სწორედ ის სამუშაოები (ბოლო ეტაპი) უნდა ჩაებარებინა შ-- "ტ----"-ს დ-----ის მ----–----–------ისთვის, რომელიც აპელანტმა შეასრულა.
აპელანტის აზრით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იმ შემთხვევაში თუ მხარეთა მიერ არ იქნებოდა ნების გამოვლენა აღნიშნულ სამუშაოების შესრულებაზე და არ ექნებოდა აპელანტს იმის მოლოდინი, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს შესაბამისი ანაზღაურება მოჰყვებოდა (1 კვ.მ ორი ლარი) იგი არ შეასრულებდა და ვერც შეასრულებდა აღნიშნულ სამუშაოებს. ასევე მხარეთა მიერ წინასწარ სამუშაოს მოცულობა განსაზღვრული არ ყოფილა, რადგან დ-----ის მ----–----–------ის მიერ გამოცხადებული ტენდერი დ---------------–--- საავტომობილო გზის 16 კილომეტრიანი გზის სარემონტო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა, სწორედ აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში აპელანტი და მოპასუხე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს კერძოდ, დ---------------–--- 16 კილომეტრიანი გზის რომელ მონაკვეთის სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებდა აპელანტი, სამუშაოს შესრულების შემდგომ კი მოხდებოდა გაზომვა და შემდგომ ანაზღაურება, შედარების აქტის საფუძველზე. როგორც მოსარჩელის დირექტორმა აღნიშნა სასამართლო სხდომაზე, მოცემული ფორმატის საჭიროება გამომდინარეობდა იქიდან, რომ სამუშაოთა შესრულება დამოკიდებული იყო შ-- "ტ----"-ს მიერ სამუშაოთა შესრულებისათვის საჭირო მასალის (ასფალტი) მიწოდებასა და მის რაოდენობაზე.
წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული ტენდერის ფარგლებში 2----–-–----------------------–-–------------------ აპელანტის მიერ მოასფალტებული იქნა 28189,5 კვ.მ გზის საფარი, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 56 379 (ორმოცდათექვსმეტი ათას სამას სამოცდაცხრამეტი) ლარს და რომლის ანაზღაურებაც არ მომხდარა მოპასუხის მხრიდან. მან განზრახ არ დაადასტურა აპელანტის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არაკეთილსინდისიერად გამოიყენა მხარეთა შორის არსებული ნდობა.
3.1.3. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა, რომლებიც თავის მხრივ დასაქმებულები იყვნენ აპელანტ ორგანიზაციაში დაადასტურეს ფაქტი მასზედ, 2014 წლის ზაფხულის პერიოდში ივლისი-აგვისტო-სექტემბრის თვეებში მუშაობდნენ დ---------------–--- გზის მოასფალტების სამუშაოებზე.
3.1.4. აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაწესის შესრულების სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნა აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს წარუდგინა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მეშვეობით (ეს იყო უკანასკნელი მოთხოვნა, თუმცა მანამდე არაერთგზის მხარეთა შორის ზეპირი კომუნიკაციისა თუ იმავე მეთოდით მოთხოვნის წარდგენა მანამდეც ხორციელდებოდა) 2016 წლის 2 მარტს. შესაბამისად, სამუშაოების ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშვა სწორედ 2016 წლის 2 მარტიდან.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2-----–-–------------------------- თვეში დ---------------–--- საავტომობილო გზის მონაკვეთზე გზის სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მიზნით ერთი მხრივ შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ და მეორე მხრივ შ-- ,-------ს’’ შორის გარიგება არ გაფორმებულა და აღნიშნულ პერიოდში შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ დ---------------–--- საავტომობილო გზის მონაკვეთზე შ-- ,--------ს’’ სასარგებლოდ გზის სამშენებლო სამუშაოები არ უწარმოებია.
ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, რაზეც მოსარჩელის წარმომადგენელი როგორც რაიონულ, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას უთითებდა. კერძოდ, შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ წარმომადგენელის (დირექტორის) განმარტებით მხარებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებული პრაქტიკა არსებობდა, რომლის მიხედვითაც მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ სამუშაოებს შ-- ,,N------------------–------–----------------–--“ შ-- ,--------ს’’ მიერ მიწოდებული მასალით ასრულებდა, ყოველი თვის ბოლოს კი მათ შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი და ხელშეკრულება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება,2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა,3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი,4. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, ხელშეკრულების დადების და ამ ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოების შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რომელიც უთითებს, რომ მან მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დადებული გარიგების საფუძველზე, დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალით 2014 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში დ---------------–--- საავტომობილო გზის მონაკვეთზე გზის სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ შ-- ,,N------------------–------–----------------–--“ სადავო გარემოებების, კერძოდ, 1. გარიგების დადების და 2. ამ გარიგების საფუძველზე მის სასარგებლოდ 2014 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების ჩატარების დადასტურებას მოპასუხის მიერ უარყოფილ 02.03.2016 წლის საგადასახადო ანგარიშფაქტურაზე, მოწმეთა ჩვენებებზე და დამკვეთის - შ-- ,--------ს’’ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების და აღნიშნულის სანაცვლოდ სამუშაოების 99 % ღირებულების მიღების ფაქტებზე მითითებით შეეცადა.
4.1.2. განსახილველ შემთხვევაში გათვალისწინებით იმისა, რომ აპელანტი მხარე მხარეთა შორის დამკვიდრებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე მითითებით, სამუშაოების მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიწოდებული მასალით შესრულებაზე უთითებდა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზი გაუსვას იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისთვის 2014 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში საავტომობილო გზაზე სამუშაოების შესრულებისთვის მასალის მიწოდების ფაქტი არ დასტურდება.
4.1.3. საქმეში წარმოდგენილი შ-- ,--------ს’’ მიერ უარყოფილი 2016 წლის 02 მარტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: სერია №ე------------, „გამყიდველი“ - შ-- ,,N------------------–------–----------------–--“ (ს/ნ 2--------) და „მყიდველი“ - შ-- ,-------’’ (ს/ნ 2--------), მომსახურების დასახელება - ქ. დ---------------–--- საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები, მიწოდებული საქონლის რაოდება - 28188.00, საქონლის ღირებულება - 56379ლარი, შ-- ,--------ს’’ და შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ შორის 2014 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში ქ. დ---------------–--- საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოებზე გარიგების დადების და მის საფუძველზე ამ უკანასკნელის მიერ 56379 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტს არ ადასტურებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფ-------------------- მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით.
ამავე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფ-------------------- მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სადავო პერიოდში ადასტურებს თუ არა მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას. ამ თვალსაზრისით პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტად არ მიიჩნევა. ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დასადასტურებლად პირი შემოსავლების სამსახურების ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა იყოს ავტორიზებული, ანუ პირს უნდა ჰქონდეს ელექტრონულ სისტემის წვდომისათვის საჭირო ინფორმაცია: პირადი ნომერი და პაროლი, რაც მხოლოდ მომხმარებლისათვის არის ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ ხდება ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ელექტრონულად, შ-- ,--------ს’’ სახელით უარყოფილია. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ასეთი (ელექტრონული) უარყოფის პირობებში, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი გარიგება, რომლის არსებით პირობებს სადავო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული პირობები: „გამყიდველი“ - შ-- ,,N------------------–------–----------------–--“ (ს/ნ 2--------), „მყიდველი“ - შ-- ,-------’’ (ს/ნ 2--------), მომსახურების დასახელება - ქ. დ---------------–--- საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები, მიწოდებული საქონლის რაოდება - 28188.00, საქონლის ღირებულება - 56379 ლარი წარმოადგენდა გაზიარებული ვერ იქნება. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ელექტრონულად უარყოფილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, როგორც მტკიცებულება, მხარეთა შორის გარიგების დადების და ამ გარიგების საფუძველზე 56 379ლარი ღირებულების სამუშაოების შესრულების არსებობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
4.1.4. პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულებით სამართალში მტკიცების განაწილების სტანდარტის მიხედვით შ-- ,,N------------------–------–----------------–--მ“ სადავო გარემოების დადასტურება ვერც მოწმეთა ჩვენების საფუძველზე შეძლო. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელე საზოგადოებაში სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე დასაქმებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ი--------------–---–-ს ჩვენებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ 2014 წლის ზაფხულის პერიოდში, დაახლოებით ივლისი-აგვისტო-სექტემბრის თვეებში, დ---------------–--- გზაზე ასფალტის დაგების სამუშაოებში მონაწილეობა თავადაც მიიღო... სამი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ შ-- ,------“-სთან, შემდგომ შეწყვიტეს თანამშრომლობა, რადგან შ-- ,------“ თანხას აღარ იხდიდა. ყოველწლიურად აგებდნენ 5 კილომეტრს... 2014 წელს 5 კილომეტრი ბოლომდე არ დაუგიათ, დასაგები დარჩა დაახლოებით 1კმ და 200 მეტრი სიგრძის გზა. მოწმე ზ---- ლ-------–---–--- რომელიც მოსარჩელე საზოგადოებაში მ--------------ის თანამდებობაზეა დასაქმებული განმარტა, რომ ნამდვილად განახორციელეს დ---------------–--- გზის მოასფალტება, თუმცა, მოწმემ სამუშაოების შესრულების პერიოდი ვერ გაიხსენა. მისი განმარტებით მათ მიერ აღნიშნული გზა სრულად იქნა დაგებული. პირველ რიგში პალატა შენიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან ერთი მხრივ საზოგადოებაში სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე დასაქმებული ი--------------–---–- თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ შ-- ,,N------------------–------–----------------–--მ“ სამუშაოები შეწყვიტა, რადგან დამკვეთი ანაზღაურებას აღარ იხდიდა, ხოლო მეორე მხრივ მოწმე ზ---- ლ-------–---–ი უთითებს, რომ გზა სრულად იქნა დაგებული. უფრო მეტიც, პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ის განმარტავს, რომ შ-- ,--------სთან სამი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, ყოველწლიურად კი ხუთ კილომეტრს აგებდნენ, საგულისხმოა, რომ საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოებისთვის უარყოფილი 02.03.2016 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერამდე მოსარჩელის მიერ ბოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 2013 წლის ნოემბრის თვეში, ამის შემდეგ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნებისთვის. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2013 წლის ნოემბრიდან სადავო პერიოდამდე, კერძოდ, 2014 წლის აგვისტო-სექტემბერამდე საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოების წარმოების მიმდინარეობის შესახებ მითითებული არ ყოფილა არც თავად მოსარჩელე მხარის მიერ. ამდენად, იმ პირობებში, თუ მოსარჩელე კომპანია წელიწადში დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიგრძის გზას აგებდა არალოგიკურია ერთ თვეში და ერთ კვირაში (2014 წლის აგვისტო და სექტემბრის პირველი კვირა იხ. 04.12.2018წ. სხდომის ოქმი) დაახლოებით 3,8-4 კილომეტრის სიგრძის გზის მონაკვეთის დაგება. გარდა ამისა, მოწმეებმა დაადასტურეს და არც თავად მოსარჩელე/აპელანტი მხარე არ ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და დ---------------–--- საავტომობილო გზის 16-კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები მას არ დაუსრულებია. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გარემოების დადასტურების მიზნით უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტი მასზედ, რომ შ-- ,--------მ’’ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ანაზღაურების 99 % მიიღო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეს არ მოეპოვება არც იმის დამდასტურებელი მტკიცებულება (მიღება ჩაბარების აქტი), რომლითაც სადავო სამუშაოების შესრულებას დაადასტურებდა, საგულისხმოა, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მხარეების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების პრაქტიკის შესახებ მოსარჩელის წარმომადგენელი(დირექტორი) თავად უთითებდა.
4.1.5. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა მხარეებს შორის გარიგების დადების და მის საფუძველზე მოსარჩელის მიერ 2014 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში დ---------------–--- საავტომობილო გზის 16-კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, სასარჩელო მოთხოვნას, მისი ხანდაზმულობის გამო, წარმატების პერსპექტივა მაინც არ ექნებოდა. ხანდაზმულობის ვადის განსაზღვარასთან და მისი ათვლის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე მუხლის, 130-ე მუხლების ნორმატიული შინაარსი, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, რაც სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე, უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, და აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან კანონით სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულების წარმოშობის საფუძველს გარიგების საფუძველზე სამუშაოების შესრულებას უკავშირებს. სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, სამი წელია. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარე თანხის მოთხოვნის საფუძვლად 2014 წლის სექტემბრის თვის პირველ კვირაში გარიგებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებაზე უთითებს, რომლის მოთხოვნის უფლებაც მას სამუშაოების დასრულებისთანავე წარმოეშვა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა მასზედ, რომ მოთხოვნის წარმოშობისთანავე მოსარჩელე საზოგადოებამ ზეპირი ფორმით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას თანხის ანაზღაურების შესახებ, ამის შემდეგ კი ელ. სისტემის საშუალებით პერმანენტულად ახდენდა საგადასხახო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას და გაგზავნას. (იხ. 04.12.2018წ. სხდომის ოქმი 12:49:13-12:49:30) გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი 30.10.2017 წელსაა აღძრული, აპელანტი/მოსარჩელე მხარე კი ადასტურებს მოთხოვნის წარმოშობისთანავე (2----–-–--------------ის თვეში) ზეპირი ფორმით მოპასუხე ორგანიზაციისთვს თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართვის ფაქტს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
ამგვარად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მასში ასახული სამართლებრივი შეფასებების გასაქარწყლებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ-- ,,N------------------–------–----------------–--ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /