განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
330100118002536620
ინსტანცია
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1407-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ბ-----–-–---–ის,მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ---------------ას, კ-----------–---–ის, თ----–-------ას,მსჯავრდებულ - ვ-–---------–--ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ-–---------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების, თ----–-------ასა და თ---------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ვ-–---------------------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–---------------------------------------–--------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:

 

ვ-–---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი - ალექსი გოგოლაძისაგან ამოღებული, ქრთამის სახით მიცემული ფულადი თანხა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

ვ-–---------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2018 წლის 25 მაისის 20 საათი და 06 წუთიდან.

ვ-–---------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქრთამის მიცემა, ესე იგი მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება და გადაცემა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გაუწიოს სამსახურეობრივი მფარველობა, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის მაისში, შპს ,,ჯ---------------------ს“ მინდობილ პირს, ვ-–---------–--ეს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებდა ლიცენზიით გათვალისწინებულ კონტურებში სამუშაოებს, სურდა კონტურებს გარეთ ინერტული მასალის მოპოვება. ამასთან, რომ არ მომხდარიყო მისი გამოვლენა და განხორციელებულიყო უკანონო საქმიანობის მფარველობა, განიზრახა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ა-–-----------–--------ის ქრთამის მიცემა.

2018 წლის 19 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ვ-–---------–--ე შეხვდა ა-–-----------–--ეს და აუხსნა, რომ შპს ,,ჯ---------------------ს“ მფლობელობაში არსებულ ლიცენზიას ვადა გასდიოდა და მას დარჩენილი ჰქონდა დაახლოებით 45 დღე ლიცენზიის ფარგლებში სამუშაოდ. ამასთან, ლიცენზიით გათვალისწინებულ კონტურში ის უკვე ვერ მოიპოვებდა ინერტულ მასალას და სურდა ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ლიცენზიის ვადებში, მოეხდინა ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვება და სატვირთო ავტომანქანებით გატანა. იმ შემთხვევაში თუ ა-–-----------–--ე არ მოახდენდა მისი უკანონო საქმიანობის გამოვლენას და დაჯარიმებას, ასევე, წინასწარ შეატყობინებდა სხვა მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომელთა ვიზიტის შესახებ და გაუწევდა მას სამსახურეობრივ მფარველობას, ქრთამის სახით გადაუხდიდა 10 000 ლარს. ამასთან, დაპირდა თანხის ნაწილის წინასწარ გადაცემას.

2018 წლის 25 მაისს, ვ-–---------–--ემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მდებარე აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ა-–-----------–--ეს გადასცა ქრთამის სახით დაპირებული თანხის ნაწილი, 3000 (სამიათასი) ლარი, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ-–---------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, თ----–-------ამ და თ---------------ამ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასაჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შეცვლა ჯარიმით, 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით. საჩივარში მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები უთითებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და არასამართლიანი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ვ-–---------–--ის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, ის გარემოება, რომ ვ-–---------–--ე არ არის საჯარო მოხელე, რაც ამცირებს მისი მხრიდან მაღალ სოციალურ საშიშროებას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ვ-–---------–--ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ვ-–---------–--ისთვის თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება 20 000 (ოციათასი) ლარის ოდენობით.

 

პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ვ-–---------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, სრულად დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსებით; ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით; სატელეფონო საუბრების შედეგად მოპოვებული კრებსებით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ამოღების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულებით (ქრთამის სახით გადაცემული ფულადი თანხა) და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებაში და მიიჩნევს, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ-–---------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ-–---------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს - თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაცვლად ჯარიმის გამოყენების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე, კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ვ-–---------–--ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის აღიარება და მონანიება, ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი მონაწილეობის ხარისხი და როლი ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, ასევე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევა და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, 4 წელი.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ-–---------–--ე არ არის საჯარო მოხელე, რაც ამცირებს სასჯელის დანიშვნისას მისი მხრიდან მაღალ სოციალურ საშიშროებას. საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი ქმედების მაღალ სოციალურ საშიშროებაზე მიანიშნებს მსჯავრდებულის მხრიდან ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენელზე კორუფციული ზემოქმედების განხორციელება, რაც საფრთხეს უქმის ხელისუფლების ორგანოების მუშაობის სტაბილურობასა და საჯარო წესრიგს. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს ვ-–---------–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის შეცვლას უფრო მსუბუქი სახის ისეთი სასჯელით, როგორიცაა ჯარიმა.

 

ამდენად, სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ვ-–---------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენი;

 

ვ-–---------–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - ალექსი გოგოლაძისაგან ამოღებული ქრთამის სახით მიცემული ფული 3.000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ვ-–---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2018 წლის 25 მაისის 20 საათი და 06 წუთიდან.

 

ვ-–---------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ვ-–---------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 500 ლარი და 100 აშშ დოლარი დალუქული ერთ პაკეტად, პირადობის მოწმობა დალუქული ერთ პაკეტად, ორი ცალი მობილური ტელეფონი დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 02 ცალი DVD-R დისკი, დალუქული 02 ცალ ქაღალდის პაკეტში, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 01 ცალი CD-R დისკი (ფონოგრამა), დაუქული ერთ ცალ ქაღალდის კონვერტში, მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 ცალ DVD-R დისკი დალუქული ერთ ცალ ქაღალდის კონვერტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე