განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2019
საქმის ნომერი
010141319700072391
ინსტანცია
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-----------------

საქმე №1/აგ-01-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------------------ შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 ნოემბრის განაჩენით:

 

გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;

გ----------------ეს აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომნტიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენით:

 

გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

გ------------------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

გ----------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 20 იანვრიდან, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენით:

 

მსჯავრდებულ გ------------------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განჩინებით:

 

მსჯავრდებულ გ------------------ საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებით:

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ„ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდა მსჯავრდებულ გ------------------ მიმართ.

 

2019 წლის 08 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ----------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გ------------------ შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით; სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 ნოემბრის განაჩენით, გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) - ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, ასევე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა უფლებები (საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ განაჩენი დაკისრებული სასჯელის - ჯარიმის ნაწილში არ არის აღსრულებული).

 

რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული გ----------------ე უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან. მასვე უნდა აღუდგეს აღნიშნული განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ასევე, გ------------------ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე და გ----------------ეს მოსახდელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ------------------ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------------------ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე:

 

მსჯავრდებული გ----------------ე გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან.

 

მასვე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

გ----------------ეს მოსახდელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი

 

ლ.თევზაძე