განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.11.2018
საქმის ნომერი
330210017002180233
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002180233

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3097-18 16 ნოემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - სს „-------------- კ-------- ჯ------- ჰ---------ი“ (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ------ ჯი------–--ა (მოსარჩელე)

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.12.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 19.04.2018წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოპასუხისთვის 11 739 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, იგი 2010 წლიდან დასაქმებული იყო შპს "კ-------- ბ-–-- სი გ-----ში" ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლის 10 ოქტომბერს დამსაქმებელმა საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება. მოსარჩელე 2016 წლის 18 ოქტომბრიდან დაზღვეული იყო იძულებითი უმუშევრობის რისკზე. მ------ ჯი------–--ას სრულად აქვს შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები და გადახდილი აქვს სოლიდური ს------------- პრემიაც, თუმცა ს------------- კ-------- უარს აცხადებს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. მოპასუხეს ეკისრება ვალდებულება აუნაზღაუროს მოსარჩელეს ექვსი თვის საკომპენსაციო თანხა - 11 739 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.12.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ------ ჯი------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს ''ს------------- კ-------- ჯ--------- ჰ---------ს'' მოსარჩელე მ------ ჯი------–--ას სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 11 739 ლარის გადახდა.

 

3.1. 2017 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოპასუხეს 2017 წლის 24 ნოემბერს.

 

3.2. სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღიან ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მას არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის და არც საპროცესო ვადის გაგრძელება უთხოვია.

 

3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- მოსარჩელე 2010 წლიდან დასაქმებული იყო შპს "კ-------- ბ-–-- სი გ-----ში" ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლის 10 ოქტომბერს დამსაქმებელმა საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება.

- მოსარჩელე 2016 წლის 18 ოქტომბრიდან დაზღვეული იყო მოპასუხის მიერ იძულებითი უმუშევრობის რისკზე. მოსარჩელეს ს------------- კომპანიიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები სრულად აქვს შესრულებული და გადახდილი აქვს სოლიდური ს------------- პრემიაც, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე.

- მ------ ჯი------–--ას დარიცხული ხელფასი შეადგენდა 3494 ლარს, ხელზე მისაღები თანხა კი შეადგენდა 2795 ლარს, მოპასუხე ვალდებულებას იღებდა, რომ იძულებითი უმუშევრობის დადგომისას აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის ხელფასის 70%, ანუ თვეში 1956 ლარი. შესაბამისად მოპასუხეს ეკისრება ვალდებულება აუნაზღაუროს მოსარჩელეს ექვსი თვის საკომპენსაციო თანხა - 11739 ლარი.

 

3.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ამასთანავე, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2018წ. სს ''ს------------- კ-------- ჯ------- ჰ-----------'' საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საჩივრით არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დადგენილი საპატიო მიზეზი, რაც საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ ჰქონია ადგილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის კანონით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველს და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის საფუძველზე.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.12.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 19.04.2018წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

 

5.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი. ამასთან, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს განაცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მოპასუხის აშკარად გამოხატული ნება, გააქარწყლოს სარჩელში მოყვანილი გარემოებანი, ხოლო დადგენილ ვადაში შესაგებლის წარდგენა შესაძლოა გამოწვეულია უნებური შეცდომით ან/და გაუფრთხილებლობით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა იყოს მიჩნეული მიზანშეწონილად, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

როგორც შემდგომში გამოიკვეთა, სარჩელი შპს „ს----------–-----------ის“ მეშვეობით, სამუშაო დროის გასვლის შემდეგ, მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 24 ნოემბერს, რა დროსაც შემოსვლის თარიღად სასამართლოს გზავნილის პირველ გვერდზე აისახა მომდევნო სამუშაო დღის თარიღი – 27.11.2017 წ. და შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შესაბამის სამსახურს. აღნიშნული თარიღიდან 10 დღის ვადაში, 2017 წლის 07 დეკემბერს მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი. ანუ, მოცემულ შემთხვევაში ცალსახად გამოხატულია მხარის ნება გააქარწყლოს სარჩელში მოყვანილი გარემოებანი და ასეთ ვითარებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

5.2. დ--------ის ხელშეკრულებით განსაზღვრულია შემთხვევის ს------------- შემთხვევად აღიარების, დაფარული რისკებისა და გამონაკლისების საკითხები. დამსაქმებლის 10.10.2017წ. ბრძანებით დასტურდება, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა დარღვევა, რაც არ წარმოადგენს დაფარულ რისკს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოთხოვნის უსაფუძვლობასთან ერთად, დაუსაბუთებელია მოთხოვნის მოცულობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება:

 

6. 20.11.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ------ ჯი------–--ამ (შემდგომში „მოსარჩელე“) მოპასუხე სს „-------------- კ-------- ჯ------- ჰ-----------“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ ს------------- შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (ს.ფ. 1-11).

 

7. მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები გზავნილი მოპასუხე მხარისთვის ჩასაბარებლად (ს.ფ.25). 21.11.2017წ. მოსარჩელეს ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო განსახილველად და მას ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა ( ს.ფ.27).

 

სასამართლო გზავნილით დგინდება, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღიანი საპროცესო ვადა ( ს.ფ. 26).

 

8. პალატას დადგენილად მიაჩნია გარემოება მასზედ, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მას შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ 10 დღიან ვადაში სარჩელზე შესაგებელის წარდგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

· 28.11.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და წარმოადგინა საფოსტო შეტყობინების ბარათი მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების თაობაზე (ს.ფ.28,29).

· საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ 24.11.2017წ., სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მოპასუხის კანცელარიას. გზავნილის ჩაბარების დასტურზე აღნიშნულია როგორც მისი მიმღები პირის ხელმოწერა, ისე დასმულია მოპასუხის კანცელარიის სპეციალური ბეჭედი ( ს.ფ.29).

· საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მესამე ნაწილით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღარ ხდის სადავოდ ფაქტს მასზედ, რომ კანცელარიას ფ-----ის მეშვეობით გზავნილი ჩაბარდა 24.11.2017წ., უბრალოდ უთითებს, რომ ჩაბარდა სამუშაო დროის გასვლის შემდეგ რა დროსაც შემოსვლის თარიღად სასამართლოს გზავნილის პირველ გვერდზე აისახა მომდევნო სამუშაო დღის თარიღი – 27.11.2017წ. და შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შესაბამის სამსახურს. აღნიშნული თარიღიდან 10 დღის ვადაში, ანუ 2017 წლის 07 დეკემბერს მოპასუხემ წარადგინა კიდეც შესაგებელი სასამართლოში (ს.ფ. 88).

 

პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე მხარე წარმოადგენს ორგანიზაციას - იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სტრუქტურა და შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, უფლებამოსილი პირების მეშვეობით ახორციელებს საკუთარ მოვალეობებს. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც კანცელარიის თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას შეეხებოდა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სტრუქტურული ხარვეზები სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საპროცესო უფლების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს და მსგავსი არგუმენტები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევა (იხ.: სუსგ N 964-929-2016, 6 მარტი, 2017 წელი ; სუსგ №ას-959-1238-09, 28 დეკემბერი, 2009 წელი).

 

ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ჯეროვნად იყო ინფორმირებული სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის წარმოების თაობაზე და მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალებით.

 

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პროცესუალურ სანქციას პირის მიმართ, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არასათანადოდ ახორციელებს სასამართლო დავალებას. ასეთ დროს (ივარაუდება შესაგებლის შეუტანლობა ან მოპასუხის გამოუცხადებლობა) გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, უფრო მეტიც, კანონი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას იმპერატიულად ადგენს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნევა და მართლმსაჯულება შემოიფარგლება მხოლოდ დადგენილი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებით. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობით დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 779-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მესამე ნაწილით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის შესაგებლის წარუდგენლობის რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა და ასეთზე აპელანტი არც მიუთითებს. არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.

 

13. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია ( ს.ფ.94).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს „-------------- კ-------- ჯ----- ჰ-----------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.12.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 19.04.2018წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე