განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018002257397
საქმე№2/ბ-1046-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - ს---–--- გ----------ე
წარმომადგენელი-თ----- მ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ----- მ---------–ი, შპს „-- E--“
წარმომადგენლები-შ--–-- ნ--------ე ,დ----- ბ---–---ე
დავის საგანი - საზოგადოების (საწარმოს) ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორის დანიშვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 15 იანვარს ს---–--- გ----------ემ (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - მ----- მ---------–ისა და შპს „-- E--“-ს მიმართ (მოპასუხე, შემდგომში მოწინააღმდეგე მხარეები) შპს „-- E--“-ს დირექტორად დ----- გ----------ის დანიშვნის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
1.1. მოსარჩელის განმარტებით: 2002 წლის 05 ივნისს, მოპასუხე მ----- მ---------–ისა და ს---–--- გ----------ის მიერ დაფუძნდა შ.პ.ს. ,,ტ------“ რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკაბელო ტელევიზიის ფუნქციორება. პარტნიორთა შორის წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ს---–--- გ----------ე - 50% , მ----- მ---------–ი - 50%. დაფუძნების დღიდან, პარტნიორთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, დირექტორად დანიშნული იქნა საწარმოს 50% წილის მფლობელი პარტნიორი მ----- მ---------–ი, ხოლო კომპანიის გენერალურ მენეჯერად - ს---–--- გ----------ე.
1.2. 2012 წლიდან „ტ------ს“ დირექტორ მ----- მ---------–ის მიმართ ს.გ----------ეს წარმოეშვა გარკვეული უთანხმოება, რომელიც გამოწვეული იყო მის მიერ კომპანიის მართვის პროცესში გამოვლენილი დარღვევებიდან და არაკეთილგონივრული გადაწყვეტილებებიდან, რის გამო პარტნიორთა შორის შეთანხმების მიღწევა ვერ ხდებოდა, რისთვისაც დირექტორმა ს.გ----------ე პრაქტიკულად ჩამოაშორა კომპანიის მართვას და 2012 წლის ბოლოს გაათავისუფლა კიდეც დაკავებული თანამდებობიდან. მოგვიანებით სასამართლო წესით ს.გ----------ე აღდგენილი იქნა სამსახურში, სახელფასო განაცდურის კომპენსაციით.
1.3. ზემოაღნიშნულის შემდგომ ს---–--- გ----------ემ დაიწყო სასამართლო დავა „ტ------ს“ დირექტორის მ----- მ---------–ის წინააღმდეგ, დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და ახალ დირექტორად მისი დანიშვნის შესახებ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს.გ----------ის სარჩელი, მ----- მ---------–ი განთავისუფლდა „ტ------ს“ დირექტორის თანამდებობიდან, ხოლო ს---–--- გ----------ეს უარი ეთქვა ამავე საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე. დირექტორის განთავისუფლების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნა დაუყოვნებელი აღსრულებისათვის, ხოლო გადაწყვეტილება ს---–--- გ----------ის დანიშვნაზე უარის ნაწილში გასაჩივრდა სააპელაციო ინსტანციაში. დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გაცემული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და სააღსრულებო ფურცელი წარედგინა საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს. სამეწარმეო რეესტრის მიერ 2017 წის 14 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება 1---------, რომლითაც მ----- მ---------–ი ამოიშალა „ტ------ს“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორის თანამდებობიდან. იმავდროულად რეესტრის მიერ დადგენილი იქნა ხარვეზი საზოგადოების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, დირექტორის განთავისუფლების გამო მიჩნეული იქნა, რომ საზოგადოების რეგისტრაციის მონაცემები არ შეესაბამებოდა მეწარმე სუბიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ჩაითვალა, რომ საზოგადოება არასწორად იყო რეგისტრირებული და მიეცა 30 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად, ანუ უფლებამოსილი ორგანოს (პარტნიორთა კრების ოქმი) გადაწყვეტილების წარდგენისათვის - ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) დანიშვნაზე. ს---–--- გ----------ემ წერილობით მიმართა საზოგადოების 50% წილის მესაკუთრე პარტნიორ მ----- მ---------–ს და ითხოვა პარტნიორთა კრების მოწვევა. 19 დეკემბრის წერილობითი შეტყობინებით მ.მ---------–მა მოიწვია პარტნიორთა კრება 28 დეკემბერს 11:00 სთ-ზე დღის წესრიგით: „ტ------“-ს დროებითი დირექტორის დანიშვნა ბათუმის სასამართლოს დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებამდე და სასამართლო დავის დასრულებამდე. მოსარჩელის მიერ პარტნიორთა კრებაზე დღის წესრიგში შეტანილი იქნა საკითხი: „ტ------ს“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად 2 (ორი) დირექტორის დანიშვნა შესახებ თითოეული პარტნიორის კანდიდატურების მიხედვით. 28 დეკემბერს 11:00 საათზე შემდგარ პარტნიორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მ----- მ---------–მა მოითხოვა ერთპიროვნული დირექტორის დანიშვნა და საამისოდ შესთავაზა რ--------- მ---------–ის კანდიდატურა (ეს უკანასკნელი თავად ესწრებოდა კრებას). მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მიზანშეწონილი იყო ორივე პარტნიორის წარმომადგენლების დანიშვნა თანადირექტორებად. ს.გ----------ის მიერ დირექტორის კანდიდატურად დასახელებული იქნა დ----- გ----------ე, რომელსაც გააჩნდა შესაბამისი განათლება და გამოცდილება საჯარო და კერძო სტრუქტურებში მუშაობის. მათ შორის დ----- გ----------ე მუშაობდა მედიის სფეროში და წარსულში ეკავა აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა. მოპასუხე მხარემ კატეგორიული უარი განაცხადა თანადირექტორების დანიშვნაზე და მოითხოვა მხოლოდ ერთპიროვნული დირექტორის დანიშვნა და ისიც მხოლოდ მის მიერ დასახელებული პირის- რ--------- მ---------–ის, ხოლო დ----- გ----------ის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
1.4. 2017 წლის 28 დეკემბერს ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე, რომელიც სანოტარო ფორმით დადასტურდა, გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული საზოგადოების დირექტორის თანამდებობის დაკავების შესახებ პარტნიორთა ხმების 50% გაყოფის გამო.
1.5. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო მოსარჩელე სარჩელით ითხოვს „ტ------ს“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ დირექტორად დ----- გ----------ის დანიშვნას. მან აღნიშნა, რომ საზოგადოების 50-50% პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის არსებობის პირობებში და გადაწყვეტილების მიღება ვერ ხდება, სასამართლო წესით უნდა მოხდეს ჩარევა და გადაწყვეტილებაუნარიანი მდგომარეობის შექმნა, საქმეში არსებული გარემოებებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.
1.6. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქარტველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9, 46-ე,47-ე მუხლებზე მიუთითა.
მოპასუხის პოზიცია:
1.7. მოპასუხე მ----- მ---------–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ტ------ს“ დამფუძნებლები არიან ს---–--- გ----------ე და მ----- მ---------–ი, თითოეული მათგანი ფლობს 50%-იან წილს, საზოგადოების დირექტორი კი დაფუძნების დღიდან არის მ----- მ---------–ი. ს---–--- გ----------ე 2012 წელს მართლაც იქნა გათავისუფლებული გამოგონილი (ფიქტიური) თანამდებობიდან, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებით ისევ იქნა აღდგენილი. შემდგომ მოსარჩელემ დაიწყო სასამართლო დავა, სადაც ითხოვდა დირექტორის გათავისუფლებას და მის დანიშვნას დირექტორად. 2018 წლის 29 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და დირექტორის თანამდებობაზე აღდგა მ----- მ---------–ი. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, შესაბამისად, აღარ არსებობს ის საფუძვლები, რაც მოსარჩელის მიერ მითითებულია აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაში.
1.8. 2017 წლის 28 დეკემბერს გამართულ პარტნიორთა კრებაზე საკითხების განხილვა მოხდა შემდეგი თანმიმდევრობით: 1) მ----- მ---------–ის მიერ დაყენებული საკითხი - კომპანიის დროებით დირექტორად რ--------- მ---------–ის დანიშვნა და 2) ს---–--- გ----------ის მიერ დაყენებული საკითხი - კომპანიის დროებით დირექტორებად დ----- გ----------ისა და კიდევ სხვა პირის დანიშვნა, თუმცა მეორე კანდიდატურა არც კი დასახელებულა. პირველ საკითხის დაკმაყოფილებაზე ს---–--- გ----------ემ კატეგორიული უარი განაცხადა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ამის შემდეგ კრება გადავიდა მეორე საკითხის განხილვაზე და საკითხის ავტორმა - ს---–--- გ----------ემ კრებას შესთავაზა მისივე ძმის - დ----- გ----------ის დანიშვნა, ამასთანავე მან არ განმარტა წამოყენებული კანდიდატის უნარები ან გამოცდილება, ხოლო მეორე კანდიდატად მან შესთავაზა ნებისმიერი პირის დანიშვნა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მოსარჩელეს არ აღელვებდა კომპანიის ბედი და მისთვის სულერთი იყო ვინ მართავდა მას. რა თქმა უნდა, კრება არ დაეთანხმა ამგვარი სახით დაყენებულ საკითხს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი უარყოფითად გადაწყდა.
1.9. მოპასუხემ განმარტა, რომ ვინაიდან გაუქმებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ და მ----- მ---------–ი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე, შესაბამისად აღარ არსებობს ის საფუძვლები, რის გამოც მოწვეულ იქნა 2017 წლის 28 დეკემბრის პარტნიორთა კრება და ასევე აღარ არსებობს არცერთი ის გარემოება, რაც სარჩელს დაედო საფუძვლად, მაშასადამე, აღარ არსებობს დავის საგანიც, რაც სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ს---–--- გ----------ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2 მოსარჩელე ს---–--- გ----------ისა და მოპასუხე მ----- მ---------–ის გადაწყვეტილებით დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - „-- E--“, რომელიც რეგისტრირებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2002 წლის 5 ივნისს, სარეგისტრაციო ნომრით - 0---------. საზოგადოების საიდენტიფიკაციო ნომერია - 2--------; საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორების- ს---–--- გ----------ისა და მ----- მ---------–ის კუთვნილი წილები განისაზღვრა 50-50 %-ის ოდენობით.
2.3. პარტნიორთა გადაწყვეტილებით, საზოგადოების დაფუძნების მომენტიდან, საზოგადოების დირექტორად, დაინიშნა 50 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორი მ----- მ---------–ი. ს---–--- გ----------ე კი ამავე კომპანიაში დაინიშნა საზოგადოების გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე. მ----- მ---------–ის, როგორც საზოგადოების დირექტორისა და ს---–--- გ----------ის, როგორც საზოგადოების გენერალური მენეჯერის ხელფასი განისაზღვრა ყოველთვიურად 6500 ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით.
2.4. საზოგადოების წესდებით, შპს „-- E--“-ს ძირითადი საქმიანობის საგანი განისაზღვრა შემდეგი სახით: კომერციული საქმიანობა, საკაბელო ტელევიზიის ჩამოყალიბება, კერძო ტელეარხის შექმნა და მომსახურება; ასევე ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და პირდაპირ და არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზნებს;
2.5. შპს „-- E--“-ს წესდების თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ. პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე. კერძოდ:
· სამეურნეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
· წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;
· საწარმოების სახების და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა;
· ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
· საწარმოს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
· უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ინვესტიციების
განხორციელება;
· სესხებისა და კრედიტების აღება; სესხებისა და კრედიტების უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას.
· ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპის განსაზღვრა; პროკურის გაცემა და გაუქმება; წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;
· დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მასთან შრომის ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცება;
· აგრეთვე გადაწყვეტილების მიღება ყველა იმ საკითზე, რომლის უფლებაც კანონით აქვს მინიჭებული;
საზოგადოების წესდებით განისაზღვრა, რომ პარტნიორთა კრება მოიწვევა ერთ-ერთი პარტნიორის ან დირექტორის მოთხოვნით; პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით; საზოგადოების კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი;
2.6. საზოგადოების წესდების მიხედვით, საზოგადოების დირექტორი წარმოადგენს საზოგადოების საფინანსო-სამეურნეო და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს. საზოგადოების დირექტორი უფლებამოსილია:
· განახორციელოს ყველა ზემოთ აღნიშნული უფლებები და იკისროს ვალდებულებები პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის პერიოდებს შორის.
· საზოგადოების დირექტორს ისეთი უფლება-მოვალეობები გააჩნია, რაც
„მეწარმეთა შესახებ“ კანონში აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორს.
· დირექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს წერილობითი გადაწყვეტილების მეშვეობით.
2.7. საზოგადოების წესდების თანახმად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ: · მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების მართვაში; მიიღონ საზოგადოების საქმიანობიდან მიღებული წლიური წმინდა მოგების წილი; გაეცნონ საზოგადოების დოკუმენტაციას, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, მიიღო ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ; საზოგადოების პარტნიორები ვალდებული არიან დაიცვან საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები; დაიცვან საზოგადოების წესდების მოთხოვნები;
2.8. 2012 წლიდან შპს „-- E--“-ს დამფუძნებელი პარტნიორები ს---–--- გ----------ე და მ----- მ---------–ი იმყოფებიან კონფლიქტურ დამოკიდებულებაში.
2.9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს---–--- გ----------ის სარჩელი, დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა (გაწვეული იქნა) მ----- მ---------–ი, ხოლო ს---–--- გ----------ეს დირექტორად დანიშვნაზე უარი ეთქვა, გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყონებლივ აღსასრულებად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეების მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით.
2.10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „-- E--“-ს და მ----- მ---------–ის კერძო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ს---–--- გ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება ს---–--- გ----------ის მიერ საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული .
2.11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში, დავის დასრულებამდე, შპს „-- E--“-ს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ დირექტორად დანიშნული დ----- გ----------ე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
2.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, "მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლებზე და განმარტა შემდეგი: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
2.13. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის მიხედვით, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.
2.14. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9.1 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.15. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.1 მუხლის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
2.16. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ასეთის არსებობისას, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო.
2.17. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება „ფიდუციური მოვალეობები“, და სხვასთან ერთად მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ. აღნიშნული გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის იმავე მე-9.6 მუხლიდან, რომლის შესაბამისადაც, დირექტორი საკუთარი მოვალეობების დარღვევისაგან წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ;
2.18. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების შესახებ;
2.19. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით;
2.20. საქმეში არსებული შპს ,,T-----“-ს წესდებით დადგენილია, რომ საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ (4.1. პუნქტი). წესდებაში მითითებულია, რომ პარტნიორთა კრება ღებულობს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის, მასთან შრომითი ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცების შესახებ (4.2. პუნქტი). წესდების თანახმად, პარტნიორთა კრება მოიწვევა ერთ-ერთი პარტნიორის ან დირექტორის მოთხოვნით (4.3. პუნქტი);
2.21. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის თანახმად მხოლოდ პარტნიორთა კრებას შეუძლია დირექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. არც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს სხვა პირის ან სასამართლოს მიერ დირექტორის დანიშვნის შესაძლებლობას. კანონი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს, რომ აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის პარტნიორთა კრების დისკრეციას წარმოადგენს და რომ ამდენად, სასამართლო, სპეციალური ნორმატიული აქტების რეგულაციის პირობებში ვერ ჩაერევა აღნიშნულ სამეწარმეო ურთიერთობების მოწესრიგებაში;
2.22. ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელე ს---–--- გ----------ის პრეტენზიები და მიიჩნია, რომ მოთხოვნა, რომელიც შეეხება შპს ,,T-----“-ს დირექტორის თანამდებობაზე დ----- გ----------ის დანიშვნას - უსაფუძვლოა.
2.23. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის გადაწყვეტა, კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სცილდება სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა დ----- გ----------ის შპს ,,T-----“-ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშნვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ს---–--- გ----------ის მიერ. აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, თითქოს შეუძლებელია სასამართლოს ჩარევა პარტნიორთა კრების კომპეტენციაში, რათა მან იმსჯელოს დირექტორის დანიშვნის საკითხზე. კანონმდებლობაში არ არსებობს მოცემული საკითხის მომწესრიგებელი ნორმა.
3.2. აპელანტმა აღნიშნა,რომ დირექტორის განთავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ მარეგულირებელი ნორმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა კანონმდებლობაში პირდაპირი ფორმით არ არის მოცემული, თუმცა სამართლის ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე დასაშვებია ამგვარი დავის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ კანონის სხვა ნორმების განმარტებისა და სამართლის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კრძალავს უფლების ბოროტად გამოყენას.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გააჩნია კომპეტენცია ჩაერიოს მოცემული კატეგორიის დავაში, როდესაც სადაო საკითხი ვერ წყდება პარტნიორთა კრებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლი გარანტირებულად უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვას, ანუ სასამართლოსათვის ხელმისაწვდომობას. ამგვარი უფლებით აღჭურვა გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის მე-6 მუხლით, რომელიც განსაზღვრავს სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს. შესაბამისად მცდარია სასამართლოს ყველა მსჯელობა იმის შესახებ, რომ სასამართლო ვერ ჩაერევა პარტნიორთა კრების კომპეტენციაში. ასეთ პირობებში სასამართლო სწავლობს დირექტორის დანიშვნის აუცილებელ გარემოებებს და იღებს გადაწყვეტილებას ამ ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთებულობის მიხედვით. თუ რამდენად არსებობს აუცილებელი გარემოებები დირექტორის დანიშვნაზე, პარტნიორი ბოროტად იყენებს თუ არა უფლებას ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის ხელშეშლის შესახებ.
3.4. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩელის დაკმაყოფილება ითხოვა;
3.5. მოწინააღმდეგე მხარემ მ----- მ---------–მა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფიებაზე უარის თქმა ითხოვა და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებასა და დასაბუთებას, თუ რატომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება; ამასთან მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ სარჩელს გამოეცალა საფუძველი, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება ს---–--- გ----------ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ და საქმე დასრულებულია, ანუ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს---–--- გ----------ის სარჩელი დირექტორობიდან მ----- მ---------–ის გადაყენების შესახებ. ამასთანავე, უზენაესმა სასამართლომ ზეპირად განმარტა, რომ დირექტორის გამოწვევა-დანიშვნის საკითხი საერთოდ არ შედის სასამართლოს კომპეტენციაში და იგი უშუალოდ პარტნიორთა გადასაწყვეტია, ასევე არ არსებობს რაიმე სახის მატერიალური ნორმა, რომელიც სასამართლოს ასეთ უფლებას მიანიჭებდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. სამოქალაქო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.2. - 2.11. პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს შემდეგზე:
4.5. შპს „ტ------ს“ დამფუძნებლები არიან ს---–--- გ----------ე და მ----- მ---------–ი, თითოეული მათგანი ფლობს წილების 50%-ს, დირექტორი დაფუძნების დღიდან არის მ----- მ---------–ი.
4.6. დადგენილია, რომ მიმდინარე დავის გარდა, მხარეთა შორის არსებობდა არაერთი სამოქალაქო დავა; ერთ - ერთი სამოქალაქო დავა ს---–--- გ----------ემ დაიწყო „ტ------ს“ დირექტორის მ----- მ---------–ის წინააღმდეგ, დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და ახალ დირექტორად თავად ს---–--- გ----------ის დანიშვნის მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს---–--- გ----------ის სარჩელი, მ----- მ---------–ი განთავისუფლდა „ტ------ს“ დირექტორის თანამდებობიდან, ხოლო ს---–--- გ----------ეს უარი ეთქვა ამავე საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე. დირექტორის განთავისუფლების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4.7. გადაწყვეტილება ს---–--- გ----------ის დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდა სააპელაციო ინსტანციაში. დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ გაცემული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და სააღსრულებო ფურცელი წარედგინა საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს. სამეწარმეო რეესტრის მიერ 2017 წის 14 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება 1---------, რომლითაც მ----- მ---------–ი ამოიშალა „ტ------ს“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორის თანამდებობიდან. იმავდროულად რეესტრის მიერ დადგენილი იქნა ხარვეზი საზოგადოების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, დირექტორის განთავისუფლების გამო მიჩნეული იქნა, რომ საზოგადოების რეგისტრაციის მონაცემები არ შეესაბამებოდა მეწარმე სუბიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ჩაითვალა, რომ საზოგადოება არასწორად იყო რეგისტრირებული და მიეცა 30 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად, ანუ უფლებამოსილი ორგანოს (პარტნიორთა კრების ოქმი) გადაწყვეტილების წარდგენისათვის - ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) დანიშვნაზე. სამეწარმეო რეესტრის გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემდა მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაცის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს;
4.8. მითითებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ს---–--- გ----------ემ წერილობით მიმართა საზოგადოების 50% წილის მესაკუთრე პარტნიორს მ----- მ---------–ს და ითხოვა პარტნიორთა კრების მოწვევა. 19 დეკემბრის წერილობითი შეტყობინებით მ----- მ---------–მა მოიწვია პარტნიორთა კრება 28 დეკემბერს 11:00 სთ-ზე დღის წესრიგით: „ტ------“-ს დროებითი დირექტორის დანიშვნა ბათუმის სასამართლოს დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებამდე და სასამართლო დავის დასრულებამდე.
4.9. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე, რომელიც სანოტარო ფორმით დადასტურდა, გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული საზოგადოების დირექტორის თანამდებობის დაკავების შესახებ პარტნიორთა ხმების 50% გაყოფის გამო.
4.10. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ს---–--- გ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დადგენილია, რომ ს---–--- გ----------ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი და კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, ს---–--- გ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4.12. შესაბამისად დადგენილია, რომ შპს „-- E--”-ს ჰყავს დირექტორი, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი - მ----- მ---------–ი.
4.13. დადგენილია, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, ანუ საწარმოში დირექტორის არასებობა და საზოგადოებისთვის ლიკვიდაციის საფრთხის თავიდან აცილება დაედო საფუძვლად 2018 წლის 15 იანვარს ს---–--- გ----------ის მიერ აღძრულ წინამდებარე სარჩელს, რომლითაც მან საწარმოს დირექტორის დანიშვნა მოითხოვა; თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „-- E--“ს და მ----- მ---------–ის კერძო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში; ამასთან კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გადაწყვეტილება მ----- მეტრველის დირექტორობიდან გათავისუფლებაზე ს---–--- გ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად დადგენილია, რომ საზოგადოება არ არის დარჩენილი წარმომადგენლობასა და ხელმძღვანეოლაზე უფლებამოსილი პირის გარეშე და თავისი ფუნქცია აღუდგა დირექტორს მ----- მ---------–ს, რაც სრულად გამორიცხავს ს---–--- გ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებას;
სამართლებრივი დასაბუთება
4.15. სამოქალაქო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.12.-2.23. პუნქტებში გადმოცემულ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგზე:
4.16. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება „ფიდუციური მოვალეობები“ , რაც მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით.
4.17. საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება კი გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. დირექტორს გონივრულად უნდა სწამდეს, რომ მოქმედებს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ფიდუციური მოვალეობის საფუძველი, კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია. თანამედროვე საკორპორაციო სამართალში დიდი მნიშვნელობა ენიჭება „სამეწარმეო განსჯის წესს“ ანუ, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით, შესაბამისად, დირექტორების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, გადალახოს აღნიშნული პრეზუმფცია. დერივაციული სარჩელი წარმოადგენს დირექტორთა კორპორაციული ანგარიშვალდებულების მექანიზმს. დერივაციული სარჩელი უზრუნველყოფს, რომ დირექტორის არამართლზომიერი ქმედებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურებული იქნება კომპანიისათვის კომპანიის სახელით მოქმედი აქციონერის (პარტნიორის) მიერ სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ასეთი სარჩელი, ერთის მხრივ, ერთგვარი პრევენციაა დირექტორის მხრიდან გადაცდომის საწინააღმდეგოდ, როდესაც მას გააზრებული აქვს, რომ აქციონერი (პარტნიორი) უფლებამოსილია დირექტორატის გვერდის ავლით დამოუკიდებლად აღძრას სარჩელი კომპანიის სახელით და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დერივაციული სარჩელის აღვრა უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის №ას-687-658-2016 გადაწყვეტილება).
4.18. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.
4.19. ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ. აღნიშნული გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის იმავე მე-9 მუხლიდან, რომლის შესაბამისადაც, დირექტორი საკუთარი მოვალეობების დარღვევისაგან წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
4.20. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების შესახებ.
4.21. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
4.22. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული შპს ,,T-----“-ს წესდებით დადგენილია, რომ საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ (4.1. პუნქტი). წესდებაში მითითებულია, რომ პარტნიორთა კრება ღებულობს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის, მასთან შრომითი ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცების შესახებ (4.2. პუნქტი). წესდების თანახმად, პარტნიორთა კრება მოიწვევა ერთ-ერთი პარტნიორის ან დირექტორის მოთხოვნით (4.3. პუნქტი);
4.10. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც კანონის, ისე საწარმოს წესდების თანახმად მხოლოდ პარტნიორთა კრებას შეუძლია დირექტორის დანიშვნის/გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რადგან არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს სხვა პირის ან სასამართლოს მიერ დირექტორის დანიშვნის/გამოწვევის შესაძლებლობას. შესაბამისად,მოსარჩელე მხარის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით, რეალურად კიდევაც რომ დადასტურდეს დირექტორის მხრიდან კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტი -პარტნიორის დირექტორობიდან გამოწვევის საფუძველი, სასამართლო მაინც არ იქნება უფლებამოსილი შეაფასოს და იმსჯელოს დირექტორის გამოწვევა/დანიშვნის საკითხზე, ვინაიდან, როგორც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე მოცემული საზოგადოების წესდება ცალსახად და იმპერატიულად ადგენს, რომ აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის პარტნიორთა კრების დისკრეციას წარმოადგენს. ამდენად, სასამართლო, სპეციალური ნორმატიული აქტების რეგულაციის პირობებში ვერ ჩაერევა აღნიშნულ სამეწარმეო ურთიერთობების მოწესრიგებაში.
4.11. ზემოხსენებულთან ერთად, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის აღარ არსებობს ის კრიზისული მდგომარეობა, სახელდობრ დირექტორის, ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების განმახორციელებლი პირის არარსებობა, რაც ს---–--- გ----------ის მიერ სარჩელის აღძვრას დაედო საფუძვლად, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს ,,T-----“-ს სრულუფლებიანი დირექტორი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის მ----- მ---------–ი.
4.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ს---–--- გ----------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისთ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ს---–--- გ----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
5.1. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი არსებითად სწორია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად ს---–--- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
6.2. განსახილველ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა რა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ს---–--- გ----------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს---–--- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა