განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
330100118002589789
ინსტანცია
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1658-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - გ----------------ის,მსჯავრდებულ - კ--–----–------ის,ადვოკატ - ი------------–---–ის მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის პროკურორ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

კ--–-----------------–-------ს მიმართ - (პ/ნ 1----------) - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------–----–---–-----------. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენით:

კ--–----–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი;

კ--–----–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;

კ--–----–------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 28 ივნისიდან, 2018 წლის 09 ნოემბრამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ კ--–----–------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 10:13 საათზე, ქ------–--–-----------------------------–ი განთავსებული შ---–------ საელჩოს (რ--------------------------–--) შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ--–----–------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა---------------- შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას 120 (ასოცი) ლარისა და 100 (ასი) აშშ დოლარის ოდენობით. კ--–----–------ის ქმედებით, აფის მამედოვს მიადგა 365 ( სამასსამოცდახუთი) ლარისა და 53 (ორმოცდაცამეტი) თეთრის ოდენობის მნიშნელოვანი მატერიალური ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ----------------ემ და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის დამძიმების კუთხით.

 

ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია; დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კ--–----–------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, რადგან ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში, ვერ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ----------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულმა კ--–----–------ემ და მისმა ადვოკატმა ი------------–---–მა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის პროკურორ გ----------------ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. კ--–----–------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებებით; ვებგვერდის დათვალიერების ოქმებით; ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით; დაზარალებულ ა---------------- გამოკითხვის ოქმებით, მოწმეთა: ნ------------------–-----------------------–---–---------–------------------------–---------------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ--–----–------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.

რაც შეეხება მსჯავრდებულ კ--–----–------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან, ხუთ წლამდე.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და კ--–----–------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მის ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ კ--–----–------ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადექვატურობის პრინციპის დაცვით, სამართლიანობისა და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ კ--–----–------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ზიანი ანაზღაურებულია; არ არის ნასამართლევი; არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

კ--–----–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი;

კ--–----–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

კ--–----–------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 28 ივნისიდან, 2018 წლის 09 ნოემბრამდე.

პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ კ--–----–------ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულებები:

კ--–----–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 120 (ას ოცი) ლარისა და 100 (ასი) აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ ერთი ახალი დიზაინის 100 ლარიანი კუპიურა ნომრით A---------, ერთი ახალი დიზაინის 20 (ოცი) ლარიანი კუპიურა ნომრით A--------- და ერთი 100 (ასი) აშშ დოლარიანი კუპიურა ნომრით J----------, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

კ--–----–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთ 100 (ასი) ლარიანი ახალი დიზაინის კუპიურა A---------, ერთი ცალი 500 რუბლის კუპიურა (H--------), ავტომობილის გასაღები, „აიფონის“ მობილური ტელეფონი იმეი კოდით 0--------------, კ--–----–------ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის მოწმობა, საფულე, მართვის მოწმობა, მამაკაცის ფოტო, „ავერსის“ მტრედი ბარათი, „ლიდერბეთის“ ბილეთი, მეტრომანი, „რომპეტროლის“ ბარათი, ხატი, ექიმ ნ----------–---–ის სავიზიტო ბარათი, უნიქარდი და ფულადი თანხა 60 ლარის ოდენობით, კერძოდ 50 ლარიანი კუპიურა და ორი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, რომლებიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდე კანონიერ მფლობელს.

 

კ--–----–------ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით გათვალისწინებული წესით.

 

ა---------------- ნერწყვის ნიმუში, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით გათვალისწინებული წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე