განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2018
საქმის ნომერი
130210016001258443
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3514-16 3 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე– ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ო“

წარმომადგენელი - მ----------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – მ--–-----------ე

წარმომადგენელი - ქ--------------–--ე

 

დავის საგანი – შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის უკან დაბრუნება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხე ი/მ მ--–-----------ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2151,78 ლარის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ოს“ სარჩელი ი/მ მ--–-----------ის მიმართ 2151.78 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ომ“ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

4.1. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაცული არ იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების დანაწესი და შეთანხმების პირობა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა. სასამართლომ მართალია, დაადგინა ი/მ მ--–-----------ის მხრიდან ნორმატიული აქტისა და შეთანხმების პირობების დარღვევა, თუმცა არასწორად მიიჩნია, რომ ამ დარღვევას არსებითი ხასიათი არ ჰქონია და გავლენა არ მოუხდენია შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრივად ხარჯვაზე.

 

4.2. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხემ ნაცვლად, შეთანხმებული 10 (ათი) ერთეულისა, 7 (შვიდი) ერთეული სანაშენე პირუტყვი შეიძინა.

 

4.3. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია დადგენილად, რომ მ--–-----------ეს სააგენტოში სესხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის ობიექტური მიზეზი ჰქონდა. იურიდიულ საფუძველს მოკლებულია ასევე სასამართლოს შეფასება, რომ დოკუმენტაციის წარუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს სესხის არამიზნობრივ ხარჯვად.

 

4.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პირუტყვი იყო არაიდენტიფიცირებული, შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს განმარტება, რომ მოპასუხემ „ფაქტობრივად იდენტიფიცირებული“ პირუტყვი შეიძინა. ასეთი განმარტება ხელს შეუშლის სახელმწიფო მიდგომას საკითხისადმი - სააგენტომ შეწყვიტოს თანადაფინანსება იმ ბენეფიციარების მიმართ, რომლებმაც შეიძინეს არაიდენტიფიცირებული საქონელი. იდენტიფიცირებული საქონლის შესყიდვა მოპასუხესთან გაფორმებული თანადაფინანსების არსებითი პირობა იყო და არა „დამატებითი პირობა“, შესაბამისად, მის დარღვევას შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა. გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, შესყიდვის აქტში უნდა მითითებულიყო სხვადასხვა ინფორმაცია, ხოლო თავად აქტი უნდა დადასტურებულიყო მყიდველის ან გამყიდველის მხარის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, რაც მ--–-----------ის მიერ არ იქნა შესრულებული.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

8.1. მოპასუხე მ--–-----------ე წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმე სუბიექტს, რომლის საქმიანობაც სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობასთან არის დაკავშირებული.

 

8.2. 2015 წლის 23 აპრილს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ოსა“ და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ. თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრა 10 000 ლარით; 2015 წლის 23 აპრილს ი/მ მ--–-----------ეზე გაიცა 68000 ლარი (საიდანაც 58 000 ლარით სხვა სესხი გადაიფარა); სესხის ვადა განისაზღვრა 24 თვით - 2015 წლის 23 აპრილიდან 2017 წლის 23 აპრილამდე, 14 %-იანი სარგებლის გადახდის პირობით.

 

შეღავათიანი კრედიტის მიზნობრიობა მდგომარეობდა საქართველოს ბანკში მიმდინარე სესხის 58 000 ლარის დაფარვასა და 10 000 ლარად 10 სული სანაშენე პირუტყვის შეძენაში. ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძენი პირუტყვი უნდა ყოფილიყო ინდენტიფიცირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. 300 ლარის ზევით განხორციელებული შესყიდვის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებული იყო გაეფორმებინა ნასყიდობის აქტი. შესყიდვის აქტის დადასტურება სავალდებულო იყო გამყიდველი და/ან მყიდველი მხარის ტერიტორიული ორგანოს თვითმმართველობის მიერ, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.

 

8.2. ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ომ“, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარის ი/მ მ--–-----------ის სასარგებლოდ გადაიხადა სესხის ნაწილი - 2151.78 ლარის ოდენობით.

 

8.3. მხარეთა შორის 2015 წლის 23 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე განეხორციელებინა ბანკის მიერ გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. თუ მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენდა ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის დარღვევას, შეწყვეტდა ბენეფიციარის თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას და აღნიშნულის შესახებ აცნობებდა ბანკს. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ბენეფიციარისათვის მიღებული თანხის უკან დაბრუნება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

8.4. 2015 წლის 08 ივლისს განხორციელებული საველე მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ი/მეწარმე მ--–-----------ემ 10 000 ლარით შეიძინა 3 სული მეწველი ძროხა, თითოეული 1700 ლარად, ჯამში 5100 ლარად, ხოლო დარჩენილი 4900 ლარით გეგმავდა „ბრაუნის“ ჯიშის დეკეულების შეძენას.

 

8.5. 2015 წლის 8 ივლისს საველე მონიტორინგის შედეგად ფერმაში ნანახი იქნა შეძენილი საქონელი, თუმცა ბერიძემ მონიტორინგის მიერ დადგენილ ვადაში - 2015 წლის 22 ივლისამდე ვერ წარადგინა პირუტყვის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც სააგენტოს მიერ თანადაფინანსება შეწყდა 2015 წლის 12 აგვისტოს. სააგენტოს განმარტებით ხელშეკრულების შეწყვეტის არსებითი საფუძველი გახდა მოპასუხის მიერ არაიდენტიფიცირებული (არანიშანდებული) პირუტყვის შეძენა.

 

9. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლისა და რესტიტუციის მოთხოვნის კანონიერება.

 

9.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ოს“ მიერ თანადაფინანსების შეწყვეტის და თანხის დაბრუნების მოთხოვნის წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

9.2. ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). 405-ე მუხლის კი ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესს და სავალდებულო წინაპირობებს. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია ჯერ ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების განსაზღვრა.

 

9.3. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

9.4. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს, კერძოდ, დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების აღმოცენების სამართლებრივი საფუძველია პირველადი მოთხოვნის შეუსრულებლობა. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლების საბაზისო, მატერიალური წინაპირობაა, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით იზომება. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როცა ვალდებულების დარღვევა სერიოზულობის განსაზღვრულ დონეს აღწევს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის ნე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა. ხელშეკრულებიდან გასვლის მეორე წინაპირობაა დამატებითი ვადის დაწესება, ანუ მხარეები ერთხელ მაინც უნდა შეეცადონ გადაარჩინონ ხელშეკრულება.

 

9.5. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული შესრულების შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან.

 

9.6. დადგენილია, რომ შეთანხმების #1 დანართის თანახმად, იმისათვის, რომ ბენეფიციარს ესარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის სესხით, დაცული უნდა ყოფილიყო შემდეგი პირობები: შესაძენი პირუტყვი უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული, შესყიდვის აქტი კი უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თვითმმართველობის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით. შეთანხმების მე-3-ე მუხლის თანახმად, თანადაფინანსების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა - შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობის დარღვევა. კრედიტის მიზნობრიობას სანაშენე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა წარმოადგენდა.

 

9.7. დადგენილია, რომ 2015 წლის 19 მაისს მ--–-----------ემ იყიდა 3 სული პირუტყვი (საფურე დეკეული) 5100 ლარად, ხოლო 2105 წლის 26 სექტემბერს - 4 სული პირუტყვი 10 000 ლარად (ტ.1. ს.ფ. 54,55);

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ--–-----------ემ აგროკრედიტის მიზნობრიობის შესაბამისად, სანაშენე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეიძინა, თუმცა იმ პერიოდში, როდესაც მონიტორინგი ჩატარდა (2015 წლის ივლისის თვე), მოპასუხის მიერ შერჩეული და შეძენილი ჯიშის პირუტყვი ჯერ არ იყო იდენტიფიცირებული. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბენეფიციარმა მონიტორინგის სამსახურს შეთანხმების #1 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ წარუდგინა თვითმმართველობის უფლებამოსილ პირის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით დასადასტურებული შესყიდვის აქტი, ხცისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელის ზაზა ჯიქურაშვილის განმარტებით დადგენილია, რომ ი/მ მ--–-----------ემ მიმართა თვითმმართველობის უფლებამოსილ პირს პირუტყვის ნასყიდობის ხელშეკრულების დამოწმების თხოვნით, მაგრამ ვინაიდან შეძენილი პირუტყვი კანონის თანახმად არ იყო იდენტიფიცირებული - მან უარი მიიღო ნასყიდობის აქტის დადასტურებაზე.

 

9.8. პალატა აღნიშნავს, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ოსა“ და მოპასუხეს შორის 2015 წლის 23 აპრილს გაფორმებული თანადაფინანსების შესახებ შეთანხმების ვადა განსაზღვრული იყო 24 თვით - 2015 წლის 23 აპრილიდან 2017 წლის 23 აპრილამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხე მ--–-----------ე უფლებამოსილი და ვალდებული იყო შეთანხმების პირობები შეესრულებინა აღნიშნული ვადის ამოწურვამდე.

 

9.9. სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს 2016 წლის 18 აპრილის 09-13/2258 წერილით და ამავე სამმართველოს თანამშრომლების ი-----–----------ის და ტ---------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ხაშურის რაიონის სოფელ ხცისსა და გომში მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიცირება განხორციელდა 2015 წლის აპრილში და სექტემბერ-ოქტომბერში.

 

9.10. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 აპრილის წერილით დასტურდება, რომ მ--–-----------ის კუთვნილ მსხვილფეხა პირუტყვს ნიშანდება ჩაუტარდა 2015 წლის ოქტომბრის თვეში. ამდენად, საქმის მასალებით, დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეიძინა მსხილფეხა პირუტყვი და განახორციელა მათი ინდენტიფიცირება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულდა ხელშეკრულების მოთხოვნა იდენტიფიცირებული პირუტყვის შეძენის შესახებ. საგულისხმოა გარემოება, რომ ი/მ მ--–-----------ის ფერმაში 2015 წლის 18-19 ოქტომბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა 20 სული მსხვილფეხა პირუტყვი (2015 წლის 18-19 ოქტომბრის მსხვილფეხა პირუტყვის ინდენტიფიკაციის სახელობითი სია (ს.ფ.94-96));

 

9.11. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლების თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე წინასწარი გაფრთხილება და ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი მხოლოდ ხელშეკრულებით დადგენილი ვადის ამოწურვას უკავშირდება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ხელშეკრულების შესრულებისათვის ვადა 2017 წლის 23 აპრილამდე ჰქონდა, მონიტორინგის სამსახურის მხრიდან მოპასუხის გაფრთხილება და ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ოს“ მიერ კომისიის #2 სხდომის ოქმის შედგენა კი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე წლინახევრით ადრე - 2015 წლის 12 აგვისტოს განხორციელდა, რის გამოც აღნიშნული ოქმი არ შეიძლება გახდეს მ--–-----------ის მიმართ სადავოდ გამხდარი სამართლებრივი შედეგის დადგომის - ხელშეკრულების (თანადაფინანსების) შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

10. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

11. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე