განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001785511
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/691-18 12 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე, თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - შპს „მ------------------–--“
წარმომადგენლები - ლ-–-------------------------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-----------------–-ნ“
წარმომადგენელი - მ-–----------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - ურთიერთმოთხოვნების გაქვითვით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „მ------------------–--მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოსარჩელე შპს „მ------------------–--ის“ ვალდებულების მოპასუხე შპს „ს-----------------–-ნის“ მიმართ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის გზით შეწყვეტა, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმის №2---------) დადასტურებული მოთხოვნიდან, 250 606.99 აშშ დოლარიდან, მხარეთა შორის 2014 წლის 8 მაისის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის დავალიანების 83 636.21 აშშ დოლარის მოცულობით გაქვითვა მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მ------------------–--მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2014 წლის 08 მაისს შემკვეთს შპს „მ------------------–--სა“ და მენარდე შპს „ს-----------------–-ნს“ შორის ნარდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მენარდემ იკისრა ვალდებულება ქ. თბილისში, ფ---------- (ყოფილი ბ-------–----) №---ში მიწის ნაკვეთზე 4 საცხოვრებელი და ერთი საოფისე მრავალსართულიანი შენობის რკინა-ბეტონის საძირკვლისა და კარკასის მოწყობის სამუშაოების წარმოება განეხორციელებინა (ს.ფ. 79, 169, 11-18).
6. ნარდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.6. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი მენარდის სამჯერად კვებასა და საცხოვრებელ ადგილს უზრუნველყოფდა, რომლის პირობები და ღირებულება დანართი №4-ით იყო განსაზღვრული. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის 4.2.4. ქვეპუნქტის თანახმად, შემკვეთის შპს „მ------------------–--ის“ ვალდებულებას მენარდის სამჯერადი კვებითა და საცხოვრებელი ადგილით, დანართი №4-ით გათვალისწინებულ ფასებში, უზრუნველყოფა წარმოადგენდა (ს.ფ. 79, 169, 13,14).
7. შპს „მ------------------–--მა“ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად 83 636.21 აშშ დოლარის ოდენობით ხარჯი გაიღო, რომელშიც კვების ღირებულება 80 134.21 აშშ დოლარი, საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა 211 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, 3291 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მიწოდებული საქონლის ღირებულება (ბალიში, ორიარუსიანი საწოლი, თეთრეული, საბანი და მატრასი) შედიოდა (ს.ფ. 23-48).
8. შპს „ს-----------------–-ნმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს „მ------------------–--ის“ მიმართ სარჩელი აღძრა და 2014 წლის 08 მაისის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება მოსთხოვა (ს.ფ. 91-107).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ს-----------------–-ნის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „მ------------------–--ს“ შპს „ს-----------------–-ნის“ სასარგებლოდ 250 606.99 აშშ დოლარისა და ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლოს სახით 12.53 აშშ დოლარის გადახდა 2015 წლის 1 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაეკისრა (ს.ფ.107).
10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემკვეთმა შპს „მ------------------–--მა“, იკისრა ვალდებულება გაეღო ხარჯები მშენებლობაზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების კვებითა და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფაზე, შესაბამისი ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ.
სააპელაციო საჩივრით შედავებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა შემკვეთის მიერ გასაწევი მომსახურების ხასიათთან დაკავშირებით, კერძოდ, განმარტების საგანს წარმოადგენს შემკვეთის მიერ მუშა-მოსამსახურეების კვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება წარმოადგენდა უსასყიდლო, თუ ანაზღაურებას დაქვემდებარებულ მომსახურებას. პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი საკითხი ფაქტის საკითხს წარმოადგენს, შესაბამისად, მხარეთა ნების განმარტებისა და მისი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ უნდა დაადგინოს შემკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გამოეკვება და საცხოვრებლით უზრუნველყო მენარდის მუშა-მოსამსახურეები, წარმოადგენდა თუ არა სასყიდლიან მომსახურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. პალატა განმარტავს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა სამართლებრივი შეფასების და არა სასამართლოს მიერ კანონის განმარტების ან/და ნორმის შეფარდების მართებულობის დადგენას ეხება, ამიტომ, მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას მხარეთა ახსნა-განმარტებებს და საქმეში არსებულ სხვა სახის მტკიცებულებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება, მოულოდნელი/გაუგებარი არ იყოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 52-ე მუხლების თანახმად, ხელშეკრულებაში, გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე წერილობით დაფიქსირებული ტექსტის საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი და ცნობილი გარემოების გათვალისწინებით. ამდენად, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წესდებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ განმარტავდა გამოვლენილ ნებას ნებისმიერი გონიერი ადამიანი ანალოგიურ გარემოებებში მოქმედებისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გარიგების განმარტების შესახებ 52-ე მუხლის გარდა, მოიცავს ასევე ნორმებს, რომლებიც ხელშეკრულებათა განმარტების საკითხებს აწესრიგებს, მაგალითად, 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული.
11. მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 08 მაისს მოდავე მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების მე-3 ნაწილი დასათაურებულია, როგორც ხელშეკრულების თანხა და ანგარიშსწორება, მისი სიტყვა-სიტყვითი განმარტებით დგინდება, რომ ხელშეკრულების დებულებით მხარეები არსებული ურთიერთობის ფინანსური მხარის დარეგულირებას შეეცადნენ, ამავე მუხლის 3.6-3.8 პუნქტებში აღნიშნულია, რომ დამკვეთი უზრუნველყოფს მენარდის სამჯერად კვებას და საცხოვრებელ ადგილს, რომლის პირობები და ღირებულება განსაზღვრული იქნება დანართ N4-ში. ანაზღაურება ხორციელდება შედგენილი ფორმა N2-ის საფუძველზე. ხელშეკრულების დანართ N4-ში მითითებულია ყოველდღიური სამჯერადი კვების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ მენარდე კისრულობდა ვალდებულებას, უსასყიდლოდ შეესრულებინა კვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, მაშინ გაუგებარია რა საჭიროა დანართი N4-ის არსებობა და ყოველდღიური სამჯერადი კვების საფასურის გაწერა, მით უფრო, დღგ-ს გადასახადის მითითება, რომელიც გადახდის ტვირთიც, როგორც წესი, არა მიმწოდებლის, არამედ მომხმარებელს აწევს.
საქმის მასალებში ასევე, წარმოდგენილია მენარდისა (შპს „ს-----------------–-ნის“) და შემკვეთის (შპს „მ------------------–--ის“) მიერ ყოველთვიურად გაფორმებული ანგარიშ -ფაქტურები და მიღება - ჩაბარების აქტები, საიდანაც ირკვევა, რომ, მაგალითად, 2014 წლის მაისის თვეში მენარდის პერსონალის სამჯერადი კვებით უზრუნველყოფის საფასური - 853 აშშ დოლარს, 2014 წლის ივნისის თვეში - 2782,79 აშშ დოლარს, 2014 ივლისის თვეში - 10302,75 აშშ დოლარს და ა.შ. შეადგენდა. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ მხარეებმა არა მხოლოდ ხელშეკრულებით გაითვალისწინეს, არამედ, შემდგომ, კონკლუდენტური მოქმედებითაც დაადასტურეს, შპს „მ------------------–--ის“ მიერ მენარდის მუშა-მოსამსახურეების ყოველდღიური სამჯერადი კვებით, ხელშეკრულების დანათა N4-ში გათვალისწინებული ღირებულების ფარგლებში, უზრუნველყოფა. ამასთანავე, საქმის მასალებში არსებობს შპს „ს-----------------–-ნის“ მიერ საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით შედგენილი აქტი, სადაც ცალსახადაა მითითებული, რომ მენარდემ შემკვეთისგან სხვადასხვა მომსახურების სახით 83 636,21 აშშ დოლარი მიიღო.
12. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ხელშეკრულებიდან, მიღება-ჩაბარების აქტებიდან და 2018 წლის 18 აგვისტოს საბოლოო ანგარიშსწორების აქტიდან დგინდება, რომ შპს „ს-----------------–-ნს“ შპს „მ------------------–--ის“ მიმართ შესრულებული ვალდებულების სანაცვლოდ 83 636,21 აშშ დოლარი აქვს გადასახდელი. ამავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შპს „მ------------------–--ის“ ვალდებულება შპს „ს-----------------–-ნის“ მიმართ 250 606,99 აშშ დოლარით განისაზღვრა. სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ყველა ელემენტი, რაც მისი გამოყენების წინაპირობას ქმნის, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული 250 606,99 აშშ დოლარიდან შპს „ს-----------------–-ნის“ დავალიანება 83 636,21 აშშ დოლარის ოდენობით უნდა გაიქვითოს.
13. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, შემკვეთი მენარდესთან ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტას მოითხოვდა, შესაბამისად, მას სასყიდლიანი ვალდებულების წარმოშობის, მისი ჯეროვანი შესრულებისა და მენარდის მიერ ანაზღაურების არარსებობის დადგენა წარმოადგენდა. მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის 3.6-3.8 პუნქტები შესასრულებელი ვალდებულების ანაზღაურების ფორმას განსაზღვრავს, ასევე, საქმის მასალებში არსებობს სხვადასხვა თვეებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშ-ფაქტურები, ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ მხარეები არა მხოლოდ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, არამედ შემდეგ განხორციელებული ქმედებებით კონკლუდენტურად დაადასტურეს მათ მიერ გამოხატული ნება - მუშა-მოსამსახურეების კვებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომსახურების სასყიდლიანობის თაობაზე. ამგვარი დაშვების შესაძლებლობას იძლევა ასევე ხელშეკრულების დანართ N4-ში მხარეთა მიერ ყოველდღიური სამჯერადი კვების საფასურის 7,00-8,55 აშშ დოლარამდე დღგ-ს ჩათვლით, განსაზღვრა. მოწინააღმდეგე მხარემ მოსარჩელის მიერ დამტკიცებული გარემოებების გაქარწყლება ვერ შეძლო, კერძოდ, ვერ დაამტკიცა ხელშეკრულების არსიდან, ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე შემკვეთს რატომ შეიძლებოდა უსასყიდლოდ აეღო ვალდებულება, მენარდის მუშა-მოსამსახურეების გამოკვებისა და დაბინავების თაობაზე, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოდავე მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში რამდენჯერმე, არაორაზროვნადაა საუბარი მომსახურების ღირებულებასა და მის ანაზღაურების ფორმაზე, დანართ N4-ში კი ღირებულების ფარგლებია შეთანხმებული. ამასთანავე, მოწინააღმდეგე მხარეს, სულ მცირე, უნდა დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ 2015 წლის 18 აგვისტოს შპს „ს-----------------–-ნის“ პროექტის მენეჯერის მ--------------- მიერ შედგენილი საბოლოო ანგარიშსწორების აქტში მითითებული 83 636,21 ლარი ღირებულების მომსახურება, რომელიც მენარდეს შემკვეთისგან ჰქონდა მიღებული, „სხვა სახის“ და არა კვებით მომსახურებას შეეხებოდა, ანდა, მართალია, სადავო კვებით მომსახურებას შეეხებოდა, თუმცა, უკვე ანაზღაურებული იყო, რაც სარჩელის საფუძვლიანობას გამორიცხავდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე მხარეს შედავება არ განუხორციელებია. გარდა ზემოაღნიშნულისა, ყურადსაღებია ისიც, რომ შპს „ს-----------------–-ნსა“ და შპს „მ------------------–--ს“ შორის კვებითი უზრუნველყოფის ხარჯებთან დაკავშირებით შედგენილ ანგარიშფაქტურებში შპს „მ------------------–--ი“ გამყიდველად არის მითითებული, ხოლო შპს „ს-----------------–-ნი“ მყიდველად, რაც, მათ შორის, მომსახურების სასყიდლიან ბუნებას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, ხოლო იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ ვერ გასწია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეუძლია ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, შპს „ს-----------------–-ნს“ შპს „მ------------------–--ის“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 9 051,90 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, შპს „მ------------------–--ის“ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი ბაჟი - 5000 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განჩინებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, ასევე, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 7000 ლარის ოდენობით შპს „ს-----------------–-ნს“ უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ------------------–--ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. შპს „მ------------------–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით დადასტურებული შპს „მ------------------–--ის“ დავალიანებიდან შპს „ს-----------------–-ნის მიმართ, კერძოდ, 250 606,99 აშშ დოლარიდან გაიქვითოს შპს „ს-----------------–-ნის“ დავალიანება შპს „მ------------------–--ის“ მიმართ 83 636,21 აშშ დოლარის ოდენობით;
5. შპს „ს-----------------–-ნს“ დაეკისროს შპს „მ------------------–--ის“ მიმართ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 9 051,90 ლარის, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე გადახდილი ბაჟის - 150 ლარის, ასევე სააპელაციო ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 7 000 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ზამბახიძე
თამარ ალანია