განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210118002656787
საქმე ?2/ბ-1315-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
31 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე- ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები - შ---–-- გ------–--ე, თ------- კ----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ------- ბანკი“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1.აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1.სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,კ------- ბანკმა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) 2018 წლის 02 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში შ---–-- გ------–--ის და თ------- კ----–---–ის (შემდგომში მოპასუხეები, აპელანტები) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.(ს.ფ. 2-20)
2.1.1.სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 14 დეკემბერს სს ,,კ------- ბანკსა“ და მოპასუხე შ---–-- გ------–--ეს შორის გაფორმდა ?173482257269ENX სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 2 200 ლარი 36 თვით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 28 %-ს, ხოლო კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 43.74%. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 275 დღის განმავლობაში.
მსესხებელ შ---–-- გ------–--ეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად უნდა დაეფარა 2020 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა მას გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ განუხორციელებია 2018 წლის 24 მაისის შემდეგ.
მსესხებელს ყავს ერთი თავდები, სახელდობრ 2017 წლის 14 დეკემბერს თ------- კ----–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
მსესხებლისა და თავდების მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, მსესხებელი და თავდები პირი არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო, აგრეთვე გაფრთხილების წერილების ჩათვლით. მიუხედავათ მათი არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ ვალდებულების შესრულება არ განხორციელდა. მოპასუხეებს აღნიშნულ სესხზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 3131.73 ლარი, საიდანაც 2000.85 ლარი არის ძირითადი თანხა, 833.27 ლარი -სესხზე პროცენტი, 173.29 ლარი - სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა, 100 ლარი - 0.41% ჯარიმა ძირზე, ხოლო 24.32 - 0.27%-იანი ჯარიმა ძირზე.
2018 წლის 31 მარტს სს ,,კ------- ბანკსა“ და მოპასუხე შ---–-- გ------–--ეს შორის გაფორმდა ?18902566666SKH სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 1200 ლარი 24 თვით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 60 %-ს, ხოლო კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 88.73%. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 275 დღის განმავლობაში.
შ---–-- გ------–--ეს 2018 წლის წლის 14 მაისის შემდგომ მოცემულ სესხზე გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხის დავალიანება ?18902566666SKH სესხზე შეადგენს 2192.34 ლარს, საიდანაც 1197.78 ლარი არის ძირითადი თანხა, 848.93 ლარი - სესხზე პროცენტი, 68.72 ლარი - სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა, 59.89ლარი - 0.41% ჯარიმა ძირზე, ხოლო 17.02- 0.27%-იანი ჯარიმა ძირზე.
2017 წლის 24 დეკემბერს სს ,,კ------- ბანკსა'' და მოპასუხე შ---–-- გ------–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება განვადების ბარათის მომსახურებაზე, რომლის მიხედვით მსესხებელს დაუმტკიცდა ლიმიტის მოცულობა 1265.39 ლარი. განვადების ბარათის მოქმედების ვადა შეადგენს 48 თვეს. ხელშეკრულებით განისაზღვრა სიცოცხლის დაზღვევის თანხა და პირგასამტეხლო, დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 275 დღის განმავლობაში. მსეხებელმა ბარათიდან აითვისა 378 ლარი, რომელიც არ დაუბრუნებია 2018 წლის იანვრის შემდეგ და შესაბამისად მისი დავალიანება შეადგენს 356.22 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა307.11 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა- 20.54 ლარი, 41%-იანი ჯარიმა ძირზე -15.36 ლარი, 0.27%- იანი ჯარიმა ძირზე -13.21 ლარი.
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------მ“ 2016 წლის 9 სექტემბერს რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, ხოლო ამჟამად ის წარმოადგენს ბანკს და მისი საფირმო სახელწოდებაა სს ,,კ------- ბანკი“
.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე სარჩელით დაყენებული იქნა შემდეგი მოთხოვნები:
1)შ---–-- გ------–--ესა და თ------- კ----–---–ს სს ,,კ------- ბანკის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3 131, 73 ლარის გადახდა.
2)მოპასუხე შ---–-- გ------–--ეს ?189025666666SKH ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად, სს ,,კ------- ბანკის'' სასარგებლოდ დაეკისროს 2192.34 ლარის გადახდა.
3)მოპასუხე შ---–-- გ------–--ეს ?173482257765NNK ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად, სს ,,კ------- ბანკის'' სასარგებლოდ დაეკისროს 356.22 ლარის გადახდა.
4)შ---–-- გ------–--ესა და თ------- კ----–---–ს სს ,,კ------- ბანკის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ბაჟის 50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 100 ლარის გადახდა.
5)შ---–-- გ------–--ეს, ინდივიდუალურად, სს ,,კ------- ბანკის'' სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის 50 ლარის გადახდა.
2.1.2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებს შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრულ ათდღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ.
2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს ,,კ------- ბანკის’’ (ს/კ 205232238) სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხეებს შ---–-- გ------–--ესა (პ/ნ 18101075004) და თ------- კ----–---–ს (პ/ნ 56001021242) სს ,,კ------- ბანკის'' (ს/კ 205232238) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3 131 (სამი ათას არ ოცდათერთმეტი) ლარისა და 73 (სამოცდაცამეტი) თეთრის გადახდა.
3.მოპასუხე შ---–-- გ------–--ეს (პ/ნ 18101075004) N189025666666SKH ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად, სს ,,კ------- ბანკის''(ს/კ 205232238) სასარგებლოდ დაეკისრა 2192 (ორი ათას ას ოთხმოცდათორმეტი) ლარისა და 34 (ოცდათოთხმეტი) თეთრის გადახდა.
მოპასუხე შ---–-- გ------–--ეს (პ/ნ 18101075004) N173482257765NNK ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად, სს ,,კ------- ბანკის'' (ს/კ 205232238) სასარგებლოდ დაეკისრა 356 (სამას ორმოცდათექვსმეტი) ლარისა და 22 (ოცდაორი) თეთრის გადახდა.
4. შ---–-- გ------–--ესა (პ/ნ 18101075004) და თ------- კ----–---–ს (პ/ნ 56001021242) სს ,,კ------- ბანკის'' (ს/კ 205232238) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარისა და ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 100 (ასი) ლარის გადახდა. შ---–-- გ------–--ეს (პ/ნ 18101075004) , ინდივიდუალურად, სს ,,კ------- ბანკის''(ს/კ 205232238) სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შ---–-- გ------–--ის (პ/ნ 18101075004) საქართველოში აკრედიტებულ ყველა ბანკში არსებულ პირად ანგარიშებზე არსებულ და ყოველთვიურად ჩარიცხული ფულადი სახსრების 50%-ზე ზევით თანხებს, სასარჩელო მოთხოვნის 5680.29 ლარის ფარგლებში, დარჩა უცვლელი.
სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგს:
სს ,,კ------- ბანკმა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) 2018 წლის 02 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში შ---–-- გ------–--ის და თ------- კ----–---–ის (შემდგომში მოპასუხეები, აპელანტები) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.(ს.ფ. 2-20)
საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში. (ს.ფ. 70-71)
მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 11 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნა გზავნილები, რომლის თანახმად მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მოპასუხეებს ჩააბარა სარჩელი და თანდართული მასალები. კერძოდ, მოპასუხე შ---–-- გ------–--ემ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე პირადად განაცხადა უარი 2018 წლის 06 ოქტომბერს, მოპასუხე თ------- კ----–---–მაც 2018 წლის 06 ოქტომბერს ასევე პირადად განაცხადა უარი გზავნილის ჩაბარებაზე.(84-85)
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლზე, რომლის თანახმად გზავნილი მოპასუხეებზე ჩაბარებულად ითვლება და მათ შესაგებელი უნდა წარმოედგინა 2018 წლის 06 ოქტომბრიდან 10 დღის ვადაში, 2018 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა მათ ამ ვადაში მას შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც შესაგებლის წარმოსადგენად ვადის გაგრძელების შესახებ მიუმართავთ სასამართლოსათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა-გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე - ა) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს; ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. გ) აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ. მე-6-მე-7 ნაწილების მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ წარუდგინოს სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 232I-ე მუხლზე, რომლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეებს ჩაბარდათ საპროცესო კანონით დადგენილი წესით. მათ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც შესაგებლის წარმოსადგენად ვადის გაგრძელების შესახებ მიუმართავთ სასამართლოსათვის.
ზემოხსენებულთან ერთად სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 623-625-ე, 361-ე, 463-465-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო გზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შ---–-- გ------–--ესა და თ------- კ----–---–ს ჩაბარდათ 2018 წლის 05 ნოემბერს (იხ.ს.ფ. 92-93)
2018 წლის 08 ნოემბერს მოპასუხეებმა-შ---–-- გ------–--ემ და თ------- კ----–---–მა საჩივრით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათ ხშირად აწუხებდათ ბანკის თანამშრომელი, რომელიც ძალიან აგრესიულად ექცეოდათ და თანხის გადაუხდელობის გამო ემუქრებოდათ სახლიდან ნივთების გაყიდვით. სასამართლოს გზავნილიც ბანკიდან მისული გაფრთხილების წერილი ეგონათ, შეეშინდათ და სასამართლოს გზავნილიც ამიტომ არ ჩაიბარეს.ამასთან, ვერ ერკვევიან სამართლებრივ საკითხებში და გათვითცნობიერებული არ ჰქონდათ მოსალოდნელი შედეგები. დავალიანება დაუგროვდათ იმის გამო, რომ აქვთ მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, არიან სოციალურად დაუცველები, შვილი დაავადებული ჰყავთ აუტიზმით, წლებია ბავშვის მოვლასა და მკურნალობაში დიდი თანხები ეხარჯებათ, ასევე თავად შ---–-- გ------–--ეც დაავადებულია ,,B“ ჰეპატიტით. ზემოაღნიშნულის გამო აიღეს სესხი როგორც ,,კ------- ბანკიდან“, ასევე სს ,,საქართველოს ბანკიდან“, რაც გაჭირვების გამო ვერ გადაიხადეს. საავადმყოფოებში მუდმივად სიარულის გამო მათ ვერ მოახერხეს გზავნილის ჩაბარება, თუმცა კიდევაც რომ ჩაებარებიათ გზავნილი, შესაგებლის წარმოდგენას მაინც ვერ მოახერხებდნენ, რადგან ჯანმრთელობის მდომარეობიდან გამომდინარე გააჩნდათ საპატიო მიზეზი , რამაც ხელი შეუშალათ შესაგებლის დროულად წარდგენაში. ამასთან, განმარტეს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო სასამართლოს იმ თვალსაზრისითაც, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შედგომ სასამართლოს მიერ დაკისრებული პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და საჩივრის განხილვის მიზნით 2018 წლის 20 ნოემბერს 14:00 საათზე დაინიშნა შესაბამისი სხდომა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე - 3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
სასამართლომ განმარტა სასამართლო შეტყობინების(გზავნილის) ჩაბარების მომწესრიგებელი ნორმები , მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-75-ე მუხლები, რომლის თანახმადაც თუ ადრესატმა უარი განაცხადა მის მიღებაზე, ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლომ ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების ფაქტობრივ გარემოებებთან შეჯერების საფუძველზე მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა როგოგორც შ---–-- გ------–--ემ, ასევე თ------- გ------–--ემ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე პირადად განაცხადეს უარი 2018 წლის 06 ოქტომბერს, რაც მითითებული თარიღიდან ითვლება მათზე ჩაბარებულად. შესაბამისად მათ შესაგებელი უნდა წარმოედგინათ 2018 წლის 06 ოქტომბრიდან 10 დღის ვადაში, 2018 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა. ამასთან არც შესაგებლის წარმოსადგენად ვადის გაგრძელების შესახებ მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სასამართლომ არ გაიზიარა დაუწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივარში მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ ,მართალია, საჩივარზე თანდართულია საჩივრის ავტორთა შვილის - გიორგი გ------–--ის ჯანმრთელობის შესახებ 2017 წლის 02 მაისის და 2018 წლის 02 ოქტომბრის ცნობები, სადაც მითითებულია გიორგი გ------–--ის დიაგნოზი - გონებრივი ჩამორჩენილობა- დაბადებიდანავე, ქრონიკულად, რასაც მუდმივად მკურნალობენ, თუმცა წარმოდგენილი ცნობებით არ დასტურდება, რომ შესაგებლის წარმოდგენის ვადაში - 2018 წლის 6 ოქტომბრიდან 2018 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით გიორგი გ------–--ე მოთავსებული იყო სტაციონარში, ანდა მისი ჯანმრთელობა მოცემულ პერიოდში ისე გაუარესდა, რაც ჩაითვლებოდა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად და ხელისშემშლელი იქნებოდა მოპასუხეებისათვის წარმოედგინათ შესაგებელი. სასამართლომ ანალოგიური შეფასება მისცა შ---–-- გ------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2006 წლის 27 ივლისის ცნობას, სადაც მითითებულია, რომ შ---–-- გ------–--ეს აქვს დაავადება ,,ჰეპატიტი ,,B“ ქრონიკული მიმდინარეობა'' და მიუთითა, რომ ეს ცნობაც ასახავს მხოლოდ შ---–-- გ------–--ის ქრონიკულ დაავადებას და არა კონკრეტულ პერიოდში, შესაგებლის წარმოდგენის ვადაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და დამძიმებას. რაც შეეხება მოპასუხეთა მიერ საჩივარში გადმოცემულ განმარტებას მძიმე ფინანსური მდგომარეობის თაობაზე, სასამართლომ აღნიშულზე მიუთითა, რომ სასამართლოში დავის წარმოებაში ფინანსური პრობლემები არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას, რადგან მათ , როგორც სოციალურად დაუცველ პირებს, იურიდიული დახმარების სამსახური უფასოდ გაუწევდათ იურიდიულ დახმარებას.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარმოდგენა ვერ შეძლეს საპატიო მიზეზით, რაც საფუძველი გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების.
სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო სასამართლოს იმ თვალსაზრისითაც, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შედგომ სასამართლოს მიერ დაკისრებული პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და აღნიშნულთან დაკავირებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობები ძირ თანხასთან მიმართებაში, სესხის პირობებისა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, გონივრულია და სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების მოთხოვნებს და 625-ე მულით გათვალისწინებულ სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობებს.
ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა და განსახილველი საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ ყოფილა დარღვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც იქნებოდა საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების
3. 1.აპელანტთა მოთხოვნა და საფუძვლები
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხეებმა წარმოადგინეს საპელაციო საჩივარი და მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმავე საფუძვლებით, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივარში მიუთითეს და აღნიშნეს, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სათანადო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მიერ არასწორად არ იქნა გაზიარებული.
3.2.მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
3.2.1.მოწინააღმდეგე მხარეს - სს ,,კ------- ბანკს“ სააპელაციო შესაგებელი არ წარმოუდგენია.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინების დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სს ,,კ------- ბანკმა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) 2018 წლის 02 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში შ---–-- გ------–--ის და თ------- კ----–---–ის (შემდგომში მოპასუხეები, აპელანტები) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.(იხ.ს.ფ. 2-20)
საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში. (იხ.,ს.ფ. 70-71)
მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 11 ოქტომბერს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა შესაბამისი გზავნილები, რომლის თანახმად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება,რომ მან მოპასუხეებს ჩააბარა სარჩელი და თანდართული მასალები. კერძოდ, მოპასუხე შ---–-- გ------–--ემ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე პირადად განაცხადა უარი 2018 წლის 06 ოქტომბერს, მოპასუხე თ------- კ----–---–მაც 2018 წლის 6 ოქტომბერს ასევე პირადად განაცხადა უარი გზავნილის ჩაბარებაზე.(იხ.ს.ფ. 84-85)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად გზავნილი მოპასუხეებზე ჩაბარებულად ითვლება.მათ სასამართლოში შესაგებელი უნდა წარედგინათ 2018 წლის 06 ოქტომბრიდან 10 დღის ვადაში, 2018 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.
დადგენილია, რომ შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც შესაგებლის წარმოსადგენად ვადის გაგრძელების შესახებ მიუმართავთ სასამართლოსათვის.
2018 წლის 30 ოქტომბერს სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე აპელირებით მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის გამო.
სასამართლო გზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შ---–-- გ------–--ეს და თ------- კ----–---–ს ჩაბარდათ 2018 წლის 05 ნოემბერს (იხ.ს.ფ. 92-93)
2018 წლის 08 ნოემბერს მოპასუხეებმა შ---–-- გ------–--ემ და თ------- კ----–---–მა საჩივრით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის(შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არააპატიო მიზეზით, მოამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხეების მიერ პასუხის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლომ იმ საკითხის შესაფასებლად განსახილევლ შემთხვევაში სახეზე იყო თუ არა შესაგებლის წარუდგენლობის პატივსადები მიზეზები, სწორად მიუთითა ასეთის მომწესრიგებელ ნორმაზე, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს,სახელდობრ მთითებული ნორმის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შერულებას. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის შეუძლებლობას. ამასთან ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.მოხმობილი ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ყველა გარემოება, რაზეც მხარე აპელირებს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია კუმულაციური პირობები: ა) უნდა არსებობდეს ერთ-ერთი ზემოაღნიშნული საპატიო საფუძველი (ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება) და ბ) მხარეს თავის ბრალის გარეშე არ უნდა შეეძლოს აცნობოს სასამართლოს ამ საპატიო მიზეზის თაობაზე. მითითებულთაგან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს მოცემული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობასთან ერთად, მხარეს აკისრებს რა იმ გარემოებების მტკიცების ტვირთსაც, რომ დამაბრკოლებელი, ხელშემშლელი გარემოების გამო არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსთვის საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობა,საპროცესო ვადაში შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობის საპატიოდ ჩასათვლელად საკმარისი არ არის მხოლოდ ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, არამედ საპროცესო ვადის დამრღვევმა პირმა უნდა ამტკიცოს, რომ ავადმყოფობის გამო მოკლებული იყო განცხადების წარუდგენლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინების შესაძლებლობასაც. ამასთან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, რომ გადაულახავი, პატივსადები ობიექტური გარემოება უნდა არსებობდეს მხარისათვის საპროცესო მოქმედების განორციელებისათვის დადგენილ ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეებმა შ---–-- გ------–--ემ და თ------- გ------–--ემ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე პირადად განაცხადეს უარი 2018 წლის 06 ოქტომბერს, ასეთი მითითებული თარიღიდან ითვლება მათზე ჩაბარებულად. შესაბამისად, მათ შესაგებელი უნდა წარმოედგინათ 2018 წლის 06 ოქტომბრიდან 10 დღის ვადაში, 2018 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ არც შესაგებლის წარმოსადგენად ვადის გაგრძელების შესახებ მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს საჩივრის ავტორთა შვილის - გიორგი გ------–--ის ჯანმრთელობის შესახებ 2017 წლის 02 მაისის და 2018 წლის 02 ოქტომბრის ცნობებისა და შ---–-- გ------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2006 წლის 27 ივლისის ცნობების თაობაზე და ხაზგამით აღნიშნავს, რომ ასეთით დგინდება მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გიორგი გ------–--ის დიაგნოზია - გონებრივი ჩამორჩენილობა- დაბადებიდანავე, ქრონიკულად, ხოლო შ---–-- გ------–--ისა - ,,ჰეპატიტი ,,B“ ქრონიკული მიმდინარეობა“ და არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შესაგებლის წარმოდგენის ვადაში - 2018 წლის 06 ოქტომბრიდან 2018 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით მოპასუხისა და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად გაუარესდა და დამძიმდა , რომ ასეთი შეიძლება მიჩნეულიყო განსაკუთრებულ საპატიო, ობიექტურ გარემოებად, რაც ხელისშემშლელი იქნებოდა მოპასუხეებისათვის წარმოედგინათ შესაგებელი.
სააპელაციო სასამართლოს არ იზიარებს საპელაციო საჩივრის ავტორთა სამართლებრივ თვალსაზრისს და მითითებას იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო იურიდიულად დაუსაბუთებელი და რომ თითქოსდა სახეზე არ იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზის გარეშე, იწვევს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ (მოწინააღმდეგე მხარემ) ბრალეულად დაარღვია შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. აქვე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლების არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, იგი ვალდებულია გამოარკვიოს სარჩელით წარმოდგენილი, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა კი, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობები ძირ თანხასთან მიმართებაში, სესხის პირობებისა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, გონივრულია და სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების მოთხოვნებს და 625-ე მულით გათვალისწინებულ სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობებს.
ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის შემოღება განპირობებულ იქნა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის ეფექტური განხორციელების მიზნით, რაც გამორიცხავს სასამართლოს ჩარევას კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში, ამასთან ზემოაღნიშნულთან ერთად დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები– საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს. ამავე დროს იგი არის გარანტია, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეს დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესის გაჭიანურების აღსაკვეთად, რითაც იგი ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და ეფექტურობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შ---–-- გ------–--ისა და თ------- კ----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამიად არ არსებობს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
5.1. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, შ---–-- გ------–--ისა და თ------- კ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ---–-- გ------–--ისა და თ------- კ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3.აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნანა კალანდაძე