განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
080210018001789279
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001789279

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-833-18 26 დეკემბერი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - მ------ კ--------–-ა ვ-–- ხ--------–---–ი თ-------ი კ-------ე ა-–---------- თ-----–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, თ-------ი კ-------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის 18 ივნისს, მხარეებს შორის დაიდო 20 000 აშშ დოლარის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მ------ კ--------–-ას საკუთრებაში არსებული ქონება, მდებარე ქ. ბ---------------------------------------- მ------ კ--------–-ამ დათქმულ ვადაში ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე, 2012 წლის 13 ნოემბერს, ქ. ბათუმის ნოტარიუს ლ---–--------ს მიერ, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც წარდგენილ იქნა გურიის სააღსრულებო ბიუროში აღსასრულებლად. მიუხედავად კრედიტორის მცდელობისა მოეხდინა თანხის დაბრუნება, მ------ კ--------–-ამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ნოტარიუსის მიერ, 2012 წლის 13 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა მ------ კ--------–-ას სასარჩელო მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული. ამ მოქმედებებით, მოვალე მ------ კ--------–-ამ, კრედიტორს-თ-------ი კ-------ეს დააკარგვინა ორი წელი და მიაყენა მნიშვნელოვანი მორალური და მატერიალური ზიანი. შესაბამისად, არსებობს სესხის ძირითადი თანხის დაკისრებისა და ამ თანხის გადახდევინების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მ------ კ--------–-ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად, თანხის გადაცემაზე უნდა შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი, რაც არ განხორციელებულა, ვინაიდან, თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, რაც ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას. გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით, სესხის დაბრუნების ვადას წარმოადგენდა 2012 წლის 18 დეკემბერი. მოცემული სარჩელი აღძრულია 2016 წლის 31 აგვისტოს, რაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას ადასტურებს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. თ-------ი კ-------ის (წარმომადგენელი, ა-–---------- თ-----–-–---–ი) სარჩელი მ------ კ--------–-ას მიმართ დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხე მ------ კ--------–-ას, მოსარჩელე თ-------ი კ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს, 20 000 (ოციათასი) აშშ დოლარის გადახდა; 3. მოხდეს, იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ბ----------------------------------------------------------------------------- იძულებითი რეალიზაცია; 4. მოპასუხე მ------ კ--------–-ას, მოსარჩელე თ-------ი კ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს, 1383.60 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა -461.38 ლარის ოდენობით; 5. მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2012 წლის 18 ივნისს, მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით, რომლის საფუძველზეც მ------ კ--------–-ამ, თ-------ი კ-------ისაგან მიიღო 20000 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეადგენდნენ მიღება-ჩაბარების აქტს. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოვალემ (მოპასუხე), დათქმულ ვადაში ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა, რის გამოც, მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე 2012 წლის 13 ნოემბერს ნოტარიუსისი მიერ გაცემული იქნა N 1-------- სააღსრულებო ფურცელი. 2.2. დადგენილია, რომ მ------ კ--------–-ამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, ქ. ბ----------------------------------------------------------------- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე: 1) მ------ კ--------–-ასა და თ-------ი კ-------ეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა; 2) მ------ კ--------–-ას და ც---- ავ--–---ს შორის, 2012 წლის 05 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; მოსარჩელემ, ასევე იშუამდგომლა, ნოტარიუს ლ---–--------ს მიერ გაცემული N 1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე აღსრულების შეჩერება. 2.3. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელეს მოთხოვნა, ნოტარიუს ლ---–--------ს მიერ გაცემული N 1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე აღსრულების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. 2.4. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ------ კ--------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი, მ------ კ--------–-ას და ც---- ავ--–---ს შორის, 2012 წლის 05 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ბინაზე, მდებარე ქ. ბ------------------------------------------------------------------------, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 128-131-ე, 138-ე, 268-269-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. 20 000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, N--------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა მ------ კ--------–-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ------------------------------------------------------------------------, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. 2.6. იპოთეკა უზრუნველყოფს, როგორც მოთხოვნას, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის შესააბამისად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმაზე მითითებით, რომ მოპასუხე მ------ კ--------–-ამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ დაუბრუნა ნასესხები თანხა, თ-------ი კ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის-უძრავი ქონების რეალიზაცია. 2.7. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე, ასევე 138-ე, 139.1-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, რომლის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. 2.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ კრედიტორმა თ------- კ-------ემ, 2012 წლის 18 ივნისს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იმავე წელს დაიწყო სესხის დასაბრუნებლად საჭირო ღონისძიების განხორციელება, თუმცა აღსრულება შეჩერებული იქნა, მოპასუხე მ------ კ--------–-ას სარჩელის უზრუნველსაყოფად წარდგენილი განცხადების საფუძველზე. გარდა ამისა, თავად სარჩელზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მ------ კ--------–-ას მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით უცვლელად დარჩა, რაც შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 09.09.2016 წელს, თ------- კ-------ის წინამდებარე სარჩელის წარმოდგენის დროისათვის, მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასული არ იყო, რაც გამორიცხავდა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მოპასუხის პოზიციის გაზიარებას. 2.9. მოსარჩელეს მოთხოვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტების ეტაპზე იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, ზოგადად მიუთითა საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენელს არ დაუსაბუთებია, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობა, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად ცნო დადგენილად, რომ მ------ კ--------–-ამ მოსარჩელე თ------- კ-------ისგან სესხის სახით მიიღო 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი. როგორც საქმის მასალებითა და თვით სესხის ხელშეკრულებით დგინდება, მ------ კ--------–-ას, მოსარჩელესგან სესხად 20 000 აშშ დოლარი არ მიუღია. ამას ადასტურებს ისიც, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა, რადგანაც სადავო თანხა მოპასუხეს არ გადაცემია. 3.2. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები, სასამართლომ, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას არასწორად მიიჩნია ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე მ------ კ--------–-ამ გაასაჩივრა მოცემულ საქმეზე 2012 წლის 13 ნოემბერს გაცემული სააღსრულებლო ფურცელი სასამართლოში. ვინაიდან, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცელი სასამართლომ ცნო ბათილად, ადასტურებს, რომ მხარეები დაბრუნდნენ პირვანდელ მდგომარეობაში. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ იცოდა, რომ ნოტარიუსს არ ჰქონდა უფლება, ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაეცა სააღსრულებლო ფურცელი, მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ მიაღწია მის მიღებას. ამდენად, ხანდაზმულობის დინების ათვლა დაიწყო, არა 2014 წლის 19 აგვისტოს ე.ი. გადაწყვეტილების მიღების დღეს, არამედ 2012 წლის 18 ნოემბრიდან, როცა დამთავრდა ხელშეკრულების ვადა და მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. ვინაიდან, თ. კ-------ემ სასამართლოს, თანხების დაკისრების თაობაზე მიმართა 2016 წლის სექტემბრის თვეში. ე.ი. სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, სარჩელი ხანდაზმულია.

3.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა მათ, ასევე, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 139-ე მუხლების შინაარსი, აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თ-------ი კ-------ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5-2.9 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 128-131-ე, 138-ე, 268-269-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, კრეტიტორმა-თ-------ი კ-------ემ გადასცა, თუ არა მოვალე-მ------ კ--------–-ას სესხის თანხა 20 000 აშშ დოლარი და ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი კრედიტორის მოთხოვნა არის, თუ არა ხანდაზმული. 4.4. აპელანტის პრეტენზიის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა 20000 აშშ დოლარის მოპასუხეზე გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში განთავსებულ მტკიცებულებას, 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის წერილობით ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, თანხის გადაცემა უნდა დადასტურდებულიყო, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, სამართლებრივი თვალსაზრისით, უპირველესად შეფასებული უნდა იქნეს, 18.06.2012 წ. წერილობით ხელშეკრულებაში გამოხატული ნება. 4.5. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. 4.6. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. 4.7. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მითითებული მატერიალური ნორმისა (სკ-ის 623-ე მუხლი) და სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, წინამდებარე შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის 20000 აშშ დოლარის მსესხებელზე გადაცემის ფაქტის მტკიცება, გამსესხებლის ვალდებულებაა, ვინაიდან მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მოსარჩელემ (კრედიტორმა) სადავო თანხის გადაცემის დასადასტურებლად, 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, ასევე, იმავე მხარეებს შორის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე მიუთითა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული და კანონიერ ძალაშია შესული. 4.8. საქმეში განთავსებულ, მხარეთა მიერ, სანოტარო წესით დადასტურებულ, 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ „..ქალბატონმა თ------- კ-------ემ, ქალბატონ მ------ კ--------–-აზე-6 (ექვსი) თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით, გასცა სესხი თანხით 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, რაც (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი=1,6363 ლარს) ექვივალენტია 32 726 (ოცდათორმეტი ათას შვიდასოცდაექვსი) ლარის, ხოლო მ------ კ--------–-ამ მიიღო აღნიშნული თანხა სესხად, რის შესახებაც მხარეები შეადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს...“ (ს.ფ.55). სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილ, ამ ხელშეკრულებაში გამოხატული ნების შეფასებით, ნათლად დასტურდება, რომ მსესხებელზე-მ------ კ--------–-აზე, გამსესხებლის-თ------- კ-------ის მიერ თანხა რეალურად გადაცემული იქნა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ფაქტის დასადასტურებლად გააფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტს. ის, რომ დამატებით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი არ ყოფილა, ვერ აქარწყლებს თანხის გადაცემის ფაქტს, ვინაიდან, მატერიალური კანონმდებლობა, სესხის გაცემის ფაქტის დასადასტურებლად, მხოლოდ ასეთი დოკუმენტის შედგენას არ ითვალისწინებს და მოვალის ხელმოწერით დადასტურებული, ნებისმიერი წერილობითი ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომლის შინაარსი სარწმუნოდ დაადასტურებს ამ მოქმედების განხორციელებას, მიჩნეული უნდა იქნეს სათანადოდ. 4.9. პალატა ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. განსახილველ შემთხვევაში, იმავე მხარეებს შორის, სამოქალაქო დავაზე, კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების 6.1. პუნქტით დადგენილია, რომ 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, თ------- კ-------ემ, მ------ კ--------–-აზე-6 (ექვსი) თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით, გასცა სესხი თანხით 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი. ამდენად, სსკ-ის 106-ე მუხლის შესაბამისად, 20 000 აშშ დოლარის მოპასუხეზე გადაცემა დადასტურებულია. 4.10. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სადავო თანხის გადაცემის დასამტკიცებლად სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით განსაზღვრული განკუთვნადი მტკიცებულებები წარმოადგინა, რითაც დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი. 4.11. ვინაიდან, მიღებული სესხის-20 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება მ------ კ--------–-ას გააჩნდა, რაც არ განუხორციელებია, სკ-ის 623-ე, 361-ე, 301-ე მუხლების შესაბამისად, ამ თანხის დაკისრებისა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე, სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული, რაც გამორიცხავს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.12. სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სამართლომ სწორად დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ 2016 წლის 09 სექტემბერს სამოქალაქო წესით სარჩელის წარდგენამდე, კერ კიდევ 2012 წლის 13 ნოემბერს მიმართა სანოტარო ორგანოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, რითაც სცადა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონით დადგენილი სხვა საშუალებით, თუმცა, მოპასუხემ სარჩელით სადავო გახადა, როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ისე სააღსრულებო ფურცლის ნამდვილობა, რის გამოც სესხის დაბრუნების მიზნით აღსრულება ვეღარ განხორციელდა. ამდენად, სსკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე სააღსრულებო ფურცლის ბათილობასთან დაკავშირებით მოპასუხის სარჩელზე მიღებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (10.09.2015წ.), ხოლო სკ-ის 141-ე მუხლის საფუძველზე, 2016 წლის 09 სექტემბერს წარდგენილი სარჩელი, სამწლიან ვადაში წარდგენილად, რაც გამორიცხავს ხანდაზმულაც მიჩნევას. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც თ------- კ-------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ მ------ კ--------–-ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-2093,20 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ------ კ--------–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე