განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002707022
საქმე №1ბ/1671-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - ოთ------------ის
ადვოკატ - იუ--------------ის
მსჯავრდებულ - და-----–-----–-–---–ის
მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
და-----–-----–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 1----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ს------–---------სი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით და-----–-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 (ერთი) წელი.
და-----–-----–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
და-----–-----–-–---–ი, სისტემატიურად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ძმის მეუღლეს მე--------–--ეს. და-----–-----–-–---–მა 2018 წლის 19 სექტემბერს ბორჯომის რაიონის ს------–--------ში, სადაც ცხოვრობენ ერთად ბინაში, არიან ერთი ოჯახის წევრები და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, ორი არასრულწლოვანი შვილის, 5 წლის ვე-------–-----–-–---–ის და 10 წლის ლი-–--–-----–-–---–ის თანდასწრებით მე--------–--ე ლანძღა, აგინა, ითრია თმებიდან, ყელში ძლიერად წაუჭირა ხელები და მუშტი ჩაარტყა სახის არეში, რითაც მე--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ------------ემ და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და და-----–-----–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან და-----–-----–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, კერძოდ, მსჯავრდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, იგი სისტემატიურად ძალადობდა ძმის მეუღლეზე - მე--------–--ეზე. დანაშაული ჩადენილია ოჯახის გარემოში რძლის მიმართ, რომელსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა შვილების თანდასწრებით. ბრალდებულმა არაფრად ჩათვალა ოჯახის, რძლის და ძმისშვილების ინტერესი, არ გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და შვილების თანდასწრებით დედას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გასათვალისწინებელია ის გარემოება თუ რამდენად მძიმეა მცირეწლოვანი შვილებისთვის დედის ფიზიკური შეურაცხყოფის ყურება და მისი ლანძღვა-გინების მოსმენა ბიძის - მამის ძმის მხრიდან. იმდენად გაუსაძლისი და აუტანელი გახდა ოჯახის ერთად ცხოვრება, რომ დაზარალებული შვილებთან ერთად დროებით მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს ლმობიერი და უკანონო განაჩენები უარყოფითად მოქმედებს მსგავსი დანაშაულისაკენ მიდრეკილ პირებზე და ლმობიერებიდან გამომდინარე ისინი არაფრად მიიჩნევენ მოსალოდნელ სასჯელს და სჩადიან ანალოგიური დანაშაულებს, რასაც მოწმობს ქვეყნის მაშტაბით არსებული მდგომარება და სტატისტიკა, რაც ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგითაც კი მთავრდება, ინგრევა ოჯახები და იღუპებიან მოქალაქეები.
სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარემ განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ მე--------–--ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მა---–-----–-–---–ის, გი-------–-----–-–---–ის, გუ------------ის, ნი----–---------–--–---–ის, ლი-–--–-----–-–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები მე--------–--ის და და-----–-----–-–---–ის მიმართ და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პალატა აღნიშნავს, რომ და-----–-----–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
და-----–-----–-–---–ი (პ/№1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 1 (ერთი) წელი.
და-----–-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით.
და-----–-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფის მიზნით 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ვა---–-–-----–-–---–ის ( პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებას მდებარე ბორჯომის რაიონის ს------–--------სი, დაზუსტებული ფართობი 2-------------------------------------------–------------------------–------------–--
ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, რომლის შესრულება დაევალოს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოს.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე