განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№3ბ/3280-18
330310018002565029
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ლ-------------
თავდაპირველი მოპასუხე - თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 13 ივლისის №------------- გადაწყვეტილება; 3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე - ლ------------ისათვის 2018 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ლ------------- დაიბადა 1--- წლის 1---------------
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დ--–---ს“ 2018 წლის 19 ივლისის №---- ცნობის თანახმად, ლ------------- მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“, ს---–------, ს---------------- ს---------------–---- საწარმოში (----- ძ--------------–-- პოზიციაზე; (იხ.ს.ფ.16) (იხ.ს.ფ. 15);
2.2. ლ-------------მ, 2018 წლის 11 ივლისს, №----- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. (იხ. ს.ფ. 17)
2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ, 2018 წლის 13 ივლისსს გაცემული №------------- წერილის თანახმად, მოქალაქე - ლ-------------ს, მისი 2018 წლის 11 ივლისის №----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დ--–---“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას ლ------------- ვერ მოიპოვებდა (იხ. ს.ფ. 18);
2.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის მიერ, 2018 წლის 13 ივლისს გამოიცა №------------- გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, ლ-------------ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---ში“) (იხ. ს.ფ. 17);
3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტები, რომელთა გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვენ მოსარჩელეები მოპასუხე მხარისაგან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი მოსარჩელეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით.
3.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
3.3. სასამართლომ მიუთითა რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია -„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება
3.4. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე ლ------------- დაიბადა 1--- წლის 1---------------. შესაბამისად, ის წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. იმავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილი იყო, რომ ლ-------------მ 2018 წლის 11 ივლისს N----- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის მიერ 2018 წლის 13 ივლისს გამოიცა N------2------ გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, ლ-------------ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---ში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად).
სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ლ------------- მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში’’ ს---–------, ს---------------- ს---------------–---- საწარმოში (----- ძ--------------–-- პოზიციაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ამდენად სასამართლომ დადგენილად მიიჩნაი რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, სადაც მოსარჩელე ლ------------- მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენდა.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
ამდენად სასამართლომ მიუთთა, რომ გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ლ------------- საქმიანობს სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღონ სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მათთვისს სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
3.6. სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი: ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ხსენებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს ლ------------ის სასარგებლოდ 2018 წლის 01 აგვისტოდან მიუღებელი პენსიის თანხის ანაზღაურება.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის შინაარსიდან გამოდინარე, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად: ის გარემოება, რომ კანონმორჩილება საჯარო ხელისუფლების არსებობასა და ფუნქციონირებას უკავშირდება, სათავეს იღებს იმ დროიდან, როდესაც საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათივე მშვიდი თანაცხოვრებისათვის აუცილებელი იყო ისეთი ძალის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ყველასათვის საერთო სტანდარტების დადგენას და იქნებოდა გარანტი მისი აუცილებელი დაცვისა და შესრულების თვალსაზრისით.
კონსტიტუციის 39‑ე მუხლი კონკრეტულად უზრუნველყოფს იმ უფლებებს, რომლებიც კონსტიტუციის პრინციპებს – დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო – ეყრდნობა. განსაკუთრებით ეს ეხება იმ უფლებებს, რომლებიც სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს.
4.2 აპელანტი ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლოს მითითებით, ზოგადად ამოწურვადი რესურსები, მათ შორის სახელმწიფო სახსრების დაზოგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, სადაც სახელმწიფო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საკუთარი შეხედულებით მოახდინოს ამ სახსრების განკარგვა. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითაც, ამოწურვადი სახელმწიფო რესურსები, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტი, უნდა მოხმარდეს სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილებით ადამიანის უფლებათა გარკვეულ დაკმაყოფილებას. ასევე არსებული კონსტიტუციონალისტების შეხედულებით, არ ითვლება დისკრიმინაციად ის განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება, არსებითად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ შეფასებას, ითვალისწინებს საჯარო ინტერესს და ამყარებს სამართლიან ბალანსს საზოგადოების საერთო ინტერესსა და ინდივიდის უფლებებს შორის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკვეთრი ხაზი გაავლო ნებადართულ განსხვავებულ მოპყრობასა და უკანონო დისკრიმინაციას შორის. ევროპული სასამართლოს განმარტებით, განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდიეს კანონიერ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციული ურთიერთმიმართება განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ კანონიერ მიზნებს შორის. (საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი თავი მეორე საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი გამომცემლობა შპს „პეტიტი”, თბილისი, 2013.
აღნიშნული გარემოებების გარდა: საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
4.3. აპელანტი აღნიშნავს, რომ ევროპის სოციალურ ქარტიის მიმართ (შესწორებული) მიღებული ქ. სტრასბურგი, 3.V. 1996.წ. საქართველომ მოახდინა რატიფიცირება 2005 წლის 01 ივლისს საქართველოს პარლამენტის №1876 დადგენილებით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/43174) და რატიფიცირებულ იქნა სტრასბურგის 1996 წლის 3 მაისის „ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული)“ და მისი დანართი და ამავე ქარტიის III ნაწილის A მუხლის შესაბამისად საქართველო სავალდებულოდ აღიარებს ქარტიის შემდეგ მუხლებსა და პუნქტებს: მე-12 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები;
საქართველო ევროპის სოციალური ქარტიის მიზნებიდან გამომდინარე იღებს ვალდებულებას: მე-12 მუხლის მიხედვით: 1. შექმნან ან შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა; და 3) ეცადონ ეტაპობრივად მაღალ დონეზე აიყვანონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა;
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება დავის საგანთან დაკავშირებით, რომ "შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც სულ მცირე თანაბარი უნდა იყოს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიცირებისათვის აუცილებელი დონის;" ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვინაიდან ამ ნაწილში საქართველოს არც მოუხდენია რატიფიცირება.
4.4. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი ბს-77-75 (კ-15) სადაც უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე "სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დ--–---, საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით... დაადგინა, რომ "ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი" და აღნიშნულის შესაბამისად სასამართლოს მითითება, რომ უდავო გარემოებაა სამოქალაქო საპროცესოს 266-ე მუხლის მიხედვით დ--–---ს საქმიანობის პროფილი, დაუსაბუთებელია რადგან სასამართლოს აღნიშნული განმარტება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების პრეიუდიციულ ძალის, არასწორ შეფასებას, ვინაიდან პრეიუდიცია მხოლოდ იგივე მხარეებზე ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის და 266-ე მუხლის შესაბამისად.
4.5. აპელანტი მიუთითებს, საქართველოს ორგანული კანონის "საერთო სასამართლოების შესახებ" მე-17 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად მხოლოდ "უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. საქმის საკასაციო წესით განმხილველი სასამართლო მოტივირებული განჩინებით საქმეს განსახილველად გადასცემს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას)."
შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, არ ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება, უპირობოდ გაეზიარებინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება №ბს-77-75(კ-15) მიმდინარე ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით.
აპელანტი საქართველოს კანონის "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად განმარტავს, რომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ახორციელებს მეცნიერი, რომელიც უფლებამოსილია: განახორციელოს სამეცნიერო კვლევა, დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; ასევე საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" განსაზღვრავს მეცნიერის ცნებას, კერძოდ - მეცნიერი არის – დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი , რომელიც ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს , მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიერო - კვლევით მუშაობას, აღნიშნულის შესაბამისად "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"კანონის მიხედვით სსიპ - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება არის ის ერთეული, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო და დაწესებულება. ასევე მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, დაწესებულება ვალდებულია საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ასევე გასათვალისწინებელია რომ სამეცნიერო კვლევა შემოქმედებითი საქმიანობის ფორმაა, რასაც აუცილებლად უნდა ახორციელებდეს დაწესებულებაში მყოფი თანამშრომელი, რომ იგი ჩაითვალოს სამეცნიერო-კვლევის განმახორციელებლად და ასევე დაწესებულების საქმიანობის პროფილსაც უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რაც კანონის შესაბამისად აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი მის საქმიანობის წესში - წესდებაში.
აღნიშნული გარემოებების შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის №394 ბრძანებულების მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „ს----ს“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–---“. თუმცა არც აღნიშნულ ბრძანებულებაშია ჩანაწერი უშუალოდ დ--–---ს, როგორც მაკოორდინირებელი ცენტრის სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნების შესახებ.
ასევე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №264 დადგენილების მიხედვით: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ (შემდგომში ცენტრი) უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას უზრუნველეყო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ამავე დადგენილების მიხედვით: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ დებულების დამტკიცებას, რომლის სახელმწიფო კონტროლსაც დაექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) ფ------------------ის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ) რ------–------–-ს მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გ-------–-–---–-----ის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ი-–---------ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ) ინსტიტუტი „ო------“.
შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №25 ბრძანებით, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ დებულება.
აღნიშნული დებულების მიხედვით: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დ--–---“ (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---“. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები და წინამდებარე დებულება.
ამავე წესდების მიხედვით: ცენტრთან შექმნილია შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება): ა) ფ------------------ის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ) რ------–------–-ს მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გ-------–-–---–-----ის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ი-–---------ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ) ინსტიტუტი „ო------‘‘.
აპელანტი განმარტავს, რომ არც აღნიშნულ მინისტრის ბრძანებაში, ასევე საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში, არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება, რომ სსიპ- სსსტც დ--–--- - უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო- კვლევით, დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.
საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი, ყველაფერი აკრძალულია რაც კანონით ნებადართული არ არის, შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილება, მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება ჩაითვლება, როგორც უფლებამოსილების გადამეტება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო სსიპ -სსსტ ცენტრ "დ--–---ს" სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათ მიჩნევა, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება როგორც აღვნიშნე არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და მას აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქართველოს საკანონმდებლო ან სამართლებრივი აქტით, ვინაიდან საჯარო სამართალში არ მოქმედებს პრინციპი, კერძო სამართლისგან განსხვავებით, რომ "ყველაფერი ნებადართულია, რაც კანონით არ არის აკრძალული" და შესაბამისად საჯარო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს და უშუალოდ ცენტრ "დ--–---ს" , როგორც აღვნიშნე მოქმედი კანონმდებლობა უნდა ანიჭებდეს შესაბამისი უფლებამოსილებას.
აღნიშნული გარემოებების გარდა: საქართველოს კანონის სახელმწიფო პენსიის შესახებ მოთხოვნათა მიხედვით დარეგულირებულია პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველი, პენსიის ადმინისტრირების ორგანო, დადგენილია პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგადი პრინციპები.
აპელანტი აღნიშნავს, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) შრომით საქმიანობას ეწევა უშუალოდ სსიპ- სსსტ ცენტრ დ--–----ში, რაც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ საქმიანობას.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან).
აღნიშნული გარემოებების გარდა: საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი მხოლოდ :ა) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; და ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
აღნიშნულის გარდა, კანონის მიხედვით: საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს ამ პირის: ... ბ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს; .... და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) მტკიცდება კანონით დადგენილი წესით.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სსიპ სსსტც დ--–----ს წესდება, ან რომელიმე საკანონმდებლო აქტი არ ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პროფილის საქმიანობა, რადგან აღნიშნული არსად არის განსაზღვრული და მინიჭებული და რადგან დ--–--- ახორციელებს მხოლოდ დაქვემდებარებული სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს, აღნიშნული კანონმდებლობის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით არ გულისხმობს, რომ იგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
6. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
7. სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხოლო, ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
7.3. პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. მისი მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ხოლო მესამე პუნქტი ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
7.4. კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტის მოტივაციას წარმოადგენს ის გარემობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს წესდება, ან რომელიმე საკანონმდებლო აქტი არ ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პროფილის საქმიანობა, რადგან აღნიშნული არსად არის განსაზღვრული და მინიჭებული და რადგან, დ--–--- ახორციელებს მხოლოდ დაქვემდებარებული სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს, აღნიშნული კანონმდებლობის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით არ გულისხმობს, რომ იგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.
სააპელაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ რამდენადაც მოსარჩელე წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მომუშავე პირს, წინამდებარე დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, წარმოადგენს თუ არა სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“ საქმიანობა - საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რაც, კანონის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის გაცემის შესაძლებლობას.
საკითხს იმის შესახებ, თუ რა ჩაითვლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საჯარო საქმიანობის განხორციელებად, განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლი. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება საქმიანობა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს მათი მოტივირება და საპენსიო უზრუნველყოფის შენარჩუნების გზით, აღნიშნული კატეგორიის პირთა შესაძლებლობებისა და რესურსების გამოყენება. პალატა მიიჩნევს, რომ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის, განურჩევლად მათი საქმიანობის შინაარსისა, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების ინტერესებს და არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილ მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენენ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“''საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტებს, ვინაიდან ისინგი ეწევიან ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ“' პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო საქმიანობას.
7.5. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანი, საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია დადგინდეს, რას წარმოადგენს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ შემოსავლის წყარო და არის თუ არა „დ--–---“ ბიუჯეტზე დამოკიდებული დაწესებულება. „დ--–---ს“ დებულების შესაბამისად, მისი შემოსავლის წყაროა: სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები; გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსულობები; საქველმოქმედო შემოწირულობები და კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს, აღნიშნული, „დ--–---ს“ დებულების 24-ე მუხლის შესაბამისად, შემოიფარგლება მხოლოდ მიზნობრივი სახსრებით.
7.6. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს არ ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება, უპირობოდ გაეზიარებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება №ბს-77-75(კ-15) მიმდინარე ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით, რამდენადაც აღნიშნული განმარტება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების პრეიუდიციულ ძალის, არასწორ შეფასებას.
სააპელაციო სასამართლო არ უარყოფს იმ მოსაზრების მართებულობას რაც უკავშირდება გადაწყვეტილებისათვის პრეუდიციული მნიშვნელობის მინიჭების შეზღუდვას, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)) მითითების მიზანს წარმოადგენს არა ამ გადაწყვეტილების პრეუდიციაზე ხაზგასმა, არამედ ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის წარმოჩენა. სააპელაციო სასამართლო, თავის მხრივ, კვლავაც მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
7.7. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
ამრიგად, მოსარჩელეებს ზემოთ აღნიშნული აქტებით, გარანტირებული ჰქონდათ უფლება, კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართათ სასამართლოსათვის და იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოეთხოვა, რომლითაც მათ უარი ეთქვათ სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.
7.8. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2018 წლის 11 ივლისს, მოსარჩელე ლ-------------მ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შესაბამისი ასაკის გამო, გადაწყვეტილების თანახმად, ლ----------ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
პალატა განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სადავო გადაწყვეტილება, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი, მის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით სასამართლომ, 2018 წლის აგვისტოს თვიდან დაავალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელეს დაუნიშნოს სახელმწიფო გასაცემელი (პენსია).
7.9. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას გამოკვლეული და შესწავლილი იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ბინადრობის სტატუსის მინჭებაზე კანონიერია და არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას.
8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
9. საპროცესო ხარჯები:
9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აპელანტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მირანდა ერემაძე