განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.12.2018
საქმის ნომერი
030310518002284945
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310518002284945

საქმე№3/ბ-353-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

აპელანტი (მოპასუხე) – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი – გ----------–--–--ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ----- ც--–აბაძე

წარმომადგენლები – ა----- ც--–აბაძე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2018 წლის 01 თებერვალს ლ----- ც--–აბაძემ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 იანვრის N-- ბრძანების (2013 წლის 26 აპრილის N--- ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში) ბათილად ცნობა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება ქონების ჩამორთმევის გამო გადასახდელი კომპენსაციის - 11375 ლარის ანაზღაურების შესახებ;

 

სარჩელის მიხედვით მოსარჩელის მიერ 2014 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით განხორციელდა საავტომობილო გზის მშენებლობა ისე, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, არც კანონით დადგენილი წესით გაუფრთხილებია მესაკუთრე წინასწარ აღნიშნულ საკითხზე და არც რაიმე ტიპის კომპენსაცია მიუღია. აღნიშნული სამუშაოს განხორციელების შეტყობინებისთანავე, მოსარჩელემ წერილობით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რაზედაც სრულიად დაუსაბუთებელი პასუხი მიიღო. ადმინისტრაციულ ორგანოს არც შესაბამისი სამართლებრივი აქტები მიუწოდებია მისთვის. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა როგორც სამართლებრივი აქტების, ისე ქონების ექსპროპრიაციის შედეგად შესაბამისი კომპენსაციის გადახდა, რაზეც ადმინისტრაციული ორგანოდან უარი მიიღო. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ფოთის მერიის ქმედებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნები.

 

მოპასუხე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ლ----- ც--–აბაძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის N-- ბრძანება (2013 წლის 26 აპრილის N--- ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში). ამავე გადაწყვეტიებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა აუნაზღაუროს ლ----- ც--–აბაძეს ქონების ჩამორთმევის გამო გადასახდელი კომპენსაცია 11 375 ლარის ოდენობით.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. 2016 წლის 01 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ.ფოთში, ლ------------------–ი მდებარე 504 კვ.მ. ფართობის, ს/კ. 0-----------, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ლ----- ც--–აბაძე.

 

2.1.2. 2013 წლის 13 მაისის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი საკადასტრო გეგმის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ს/კ. 0-----------, ფართობია 504 კვ.მ.

 

2.1.3. 2017 წლის 04 აპრილს შესრულებული საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის თანახმად, ქ.ფოთი, ლ------------------–ი მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 503.79 კვ.მ.

 

2.1.4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის N--------- წერილის თანახმად, 0-----------, 0-----------, 0----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლები არ შეესაბამება თვითმმართველი ქალაქის ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ 2013 წლის 26 აპრილის N---, N--- და N--- ცნობებში მითითებულ მიწის ნაკვეთებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ მითითებული საკითხი შესწავლილი და გამოკვლეული უნდა ყოფილიყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

 

2.1.5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 იანვრის N-- ბრძანების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მ--–------- უბანში დაევალა განეხილა თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 26 აპრილის N---, 3--, N--- ცნობების არარად აღიარების საკითხი.

 

2.1.6. 2013 წლის 15 მაისის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ.ფოთი, ლ------------ის ჩიხი), საკადასტრო კოდით 0-----------, მესაკუთრე არის თ--------------ია, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს N--- ცნობა.

 

2.1.7. 2018 წლის 13 აპრილის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ.ფოთი, ლ------------ის ჩიხი), საკადასტრო კოდით 0-----------, მესაკუთრე არის ლ----- ც--–აბაძე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.

 

2.1.8. 2017 წლის 09 ნოემბრის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ჯ---------------ის მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ 2013 წლის 26 აპრილის მდგომარეობით ჯ---------------ე იყო თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული. მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას საკადასტრო აზომვით ნახაზებზე დაფიქსირებულია შენობა-ნაგებობები, რაც ასევე ასახულია საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერებში, ხოლო 2013 წლის 26 აპრილს გაცემული N---, 3-- და N--- ცნობებში მითითებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ასახულ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მდებარეობას, კერძოდ აღნიშნული ცნობები გაცემულია 0-----------, 0-----------, 0----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული ტბის გადაღმა, მეორე ნაპირზე. ასევე, მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზები არ არის დამოწმებული თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს ბეჭდით. ცნობების გაცემის დროისათვის მიწის ნაკვეთებზე ფიქსირდებოდა შენობა-ნაგებობები, ხოლო ის ტერიტორია სადაც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა ჭაობს და ცნობების გაცემის დროისათვის მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა რაიმე ტიპის შენობა-ნაგებობები, რომელიც არც მუნიციპალიტეტის მიერ გზის მშენებლობის დროს არსებობდა.

 

2.1.9. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის ჯ.გ---------ის 2013 წლის 26 აპრილს გაცემული ცნობის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტაციითა და მათ ხელთ არსებული ინფორმაციით თ--------------ია 1990 წლიდან უვლის და მართლზომიერად სარგებლობს ქ.ფოთი ლ------------ის ქუჩის მიმდებარედ მდებარე 503 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე 18 კვ.მ. ნაგებობით.

 

2.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 აპრილის N----- წერილის თანახმად, ქ.ფოთში, ლ------------ის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ არის.

 

2.1.11. ნ-------------–-–ვილსა და ლ----- ც--–აბაძეს შორის 2014 წლის 16 აპრილს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ლ----- ც--–აბაძემ 11375 ლარად შეიძინა 504 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 0-----------.

 

2.1.12. საჯარო რეესტრიდან 2014 წლის 15 აპრილის ამონაწერის თანახმად, ქალაქ ფოთში, ლ------------------–ი მდებარე 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 0-----------) მესაკუთრე არის ნ-------------–-–ვილი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ექსპროპრიაცია არის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. ამავე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაცია გულისხმობს მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით გათვალისწინებული წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება საკომპენსაციო თანხის გადახდით ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემით. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით: ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის; ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის; გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის; დ) ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის; ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის; ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის; ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის; თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის; ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის; კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის.

 

2.2.2. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ისეთი გარემოება, როდესაც მოპასუხე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უარყოფს ექსპროპრიაციის ფაქტს და ამის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0-----------, მესაკუთრის ლ----- ც--–აბაძის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი ქონების რეგისტრაცია თავდაპირველ მესაკუთრეზე განხორციელდა იმ ცნობის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა იყოს არარა აქტი.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის პოზიცი იყო უსაფუძვლო, რადგან იმ შემთხვევაშიც თუ N--- ცნობა განიხილება, როგორც არარა აქტი, ლ----- ც--–აბაძე აღნიშნული ფაქტის მიმართ იყო კეთილსინდისიერი და მას იცავდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

 

2.2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

2.2.4. თ--------------ია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით 0-----------, მესაკუთრედ. 2014 წლის 14 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ქონებაზე გადაეცა ნ-------------–-–ვილს, რომელიც დარეგისტრირდა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, ხოლო ნ-------------–-–ვილისაგან მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 0-----------, 2014 წლის 16 აპრილს ლ----- ც--–აბაძემ 11375 ლარად შეიძინა.

 

2.2.5. საკუთრების უფლება ფუნდამენტურ უფლებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის სრულფასოვანი განხორციელება, ერთი მხრივ, ინდივიდის ღირსეული არსებობისა და მეორე მხრივ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების არსებობის წინაპირობაა. ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

2.2.6. საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომელიც საკუთრების უფლებას ეხება, თავისი შინაარსით შეესაბამება ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს. კერძოდ, ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

საკუთრება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლება, ზესახელმწიფოებრივი უფლებაა და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას სახელმწიფოს მხრიდან.

 

2.2.7. ,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება 1/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".). ,,საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორე მხრივ, მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავისუფლდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 13 პუნქტებით დადგენილ ფარგლებში" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება 2/1-370,382,390,402,405 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".).

 

2.2.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

2.2.9. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

2.2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

2.2.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ ლ----- ც--–აბაძის სარჩელი საფუძვლიანად ცნო და დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით 2017 წლის 04 დეკემბერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებით მიმართა ლ----- ც--–აბაძემ, რომელმაც ზიანის ანაზღაურება და სადავო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის სრული მოცულობით მიწოდება მოითხოვა. განმცხადებელს ეცნობა, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის N--------- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, განცხადებაში მითითებული საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით;

 

3.1.2. პელანტის განმარტებით ლ----- ც--–აბაძის 2017 წლის 04 დეკემბრის N---- განცხადებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის N------ წერილის საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით დაინიშნა ზეპირი მოსმენა და კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მოცემული სამართალურთიერთობის მხარეებს. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილი და გამოკვლეულ იქნა, რომ ქ.ფოთში, ლ------------------–ი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ლ----- ც--–აბაძე, ს/კ. 0-----------. აღნიშნული მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია, საჯარო რეესტრში განხორციელებულია თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული 2013 წლის 26 აპრილის N--- ცნობის საფუძველზე. ამასთან მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას საკადასტრო აზომვით ნახაზზე დაფიქსირებულია შენობა-ნაგებობა, რაც ასევე ასახულია საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერებში. ფაქტობრივი მდგომარეობით კი ტერიტორია, სადაც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია აღნიშნული მიწის ნაკვეთი (ს/კ. 0-----------), წარმოადგენდა ჭაობს და ცნობების გაცემის დროისათვის მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა რაიმე ტიპის შენობა-ნაგებობები, რომელიც არც მუნიციპალიტეტის მიერ გზის მშენებლობის დროს არსებობდა. ამასთან, საქმის გამოკვლევისას დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 26 აპრილს გაცემულ N--- ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამებოდა საჯარო რეესტრში ასახულ მიწის ნაკვეთების ფაქტიურ მდებარეობას, კერძოდ აღნიშნული ცნობები გაცემულია 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული ტბის გადაღმა, მეორე ნაპირზე. ასევე, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი არ არის დამოწმებული თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს ბეჭდით.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი არ შეესაბამებოდა თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ 2013 წლის 26 აპრილის N--- ცნობაში მითითებულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული ცნობა, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულია მართლზომიერი სარგებლობის დადასტურების მიზნით ისე, რომ მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. ამდენად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანო არ იყო უფლებამოსილი გაეცა 2013 წლის 26 აპრილის N--- ცნობა.

 

ამდენად აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 იანვრის N-- ბრძანებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მ--–------- უბანში (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიულ ორგანოს უფლებამონაცვლეს) დაევალა, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 26 აპრილის N--- ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ, უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის N-- ბრძანების (2013 წლის 26 აპრილის N--- ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

პალატის მოსაზრებით, 2018 წლოს 18 იანვრის N-- ბრძანება არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თავისი ბუნებით ის შუალედური აქტია, რადგან საბოლოო შედეგს არ განუსაზღვრავს მხარეს და წარმოადგენს მხოლოდ პროცედურულ წინაპირობას თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------- უბნის ტერიტორიული ორგანოს მხრიდან 2013 წლის 26 აპრილის N--- ცნობის არარად აღიარების საკითხის განსახილველად. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ შუალედური აქტი ცალკე გასაჩივრებას შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. ცალსახაა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს, ამდენად მისი გასაჩივრება საფუძველს მოკლებულია.

 

4.1.2. ადმინისტრაციულ ორგანოზე ზიანის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში აღიარებულმა უფლებამ ასახვა ჰპოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

იმავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები; კერძოდ, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

საქმეში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.ფოთში, ლ------------------–ი მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართობით - 504 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 განაშენიანების ფართი 17.7 კვ.მ, ს/კ-ით 0-----------, მესაკუთრეა ლ----- ც--–აბაძე, უფლების დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია 16.04.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (ს.ფ. 110-111).

 

საქმის მსასალებით, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებით ისიც დადგენილია, რომ ლ----- ც--–აბაძის საკუთრების ნაწილზე ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაიყვანა საავტომობილო გზა.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ქონების შეფასების შესახებ N30-ქ დასკვნით ირკვევა, რომ 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 14.11.2018 წლის მდგომარეობით შეადგინა 27 582 ლარი.

 

ქ.ფოთში, ლ------------------–ი მდებარე მიწის ნაკვეთის ს/კ. 0-----------, ფუნქციური შეფასებით დადგენილია, რომ საავტომობილი გზის გაყვანის ხარჯზე მესაკუთრეს მნიშვნელოვნად შეეზღუდა კანონით განსაზღვრული ზონირების შესაბამისად მთელი ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობა... კანონით დადგენილი 100 მეტრიანი შეზღუდვა მოიცავს და სცდება ნაკვეთის მთელ სიგრძეს, რაც მთლიანად უკარგავს მესაკუთრეს შესაძლებლობას, ისარგებლოს მიწის ნაკვეთით კანონით განსაზღვრული ფუნქციით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე ისე გაიყვანა საავტომობილო გზა, რომ არ გამოუყენებია ქონების ექსპროპრიაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები, არ განხორციელებულა სამართლიანი ფასის ანაზღაურებაზე მოლაპარაკება, არ იხელმძღვანელა რეესტრის ჩანაწერებით, რითიც შეილახა ლ----- ც--–იბაძის საკუთრების უფლება. ამდენად მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოსარჩელის საკუთრების შელახვის ფაქტი, რამაც მოსარჩელეს უდავოდ მიაყენა ქონებრივი ზიანი. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა მოპასუხეზე ზიანის დაკისრების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის N-- ბრძანების (2013 წლის 26 აპრილის N--- ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში) ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის N-- ბრძანების (2013 წლის 26 აპრილის N--- ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ;

 

3. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

 

4. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი

 

მურთაზ მეშველიანი