განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210117002167504
საქმე №2ბ/3959-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ა--------- ბ----ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ---------------–-------’’ (მოპასუხე)
წარმომადგენლები - ზ-----------–---–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მასში ცვლილებების შეტანა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა--------- ბ----ემ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში შპს ,,მ---------------–-------ს’’ მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს თ------- მ------–---–ის მიერ 2----–-–-------------ოს გაცემული №--------- სააღსრულებლო ფურცელის ბათილად ცნობა სარგებლის - 1663.20 ლარის, პირგასამტეხლოს - 4895.12 ლარის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის - 120 ლარის ნაწილში.
2. ა--------- ბ----ე სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
2----–-–---------------ს, ა--------- ბ----ესა და შპს ,,მ---------------–------ს’’ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხამ შეადგინა 3300 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისიწნებული იქნა სარგებელი წლიური 120%, პირგასამტეხლო - ერთჯერადად გადასახდელი 20 ლარი და ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ ძირ თანხაზე 1%.
ნოტარიუს თ------- მ------–---–ის მიერ 2-----–-–-----------------ს გაცემული ?--------- სააღსრულებლო ფურცლით, აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითდი თანხა - 3300 ლარი, სარგებელი - 1663.20 ლარი, პირგასამტეხლო - 4895.12 ლარი, საერთო ჯამში მოთხოვნა შეადგენს 9858.32 ლარს და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯები - 126.72 ლარი.
მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სააღსრულებლო ფურცლით მოპასუხის მიერ მოთხოვნილი თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი და არარეალური, რადგან სარგებლის და პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა სცდება ყოველგვარ გონივრულ და მორალურ ზღვარს. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ სთხოვა მოპასუხეს მიეცა მისთვის უფლება ძირი თანხის დაფარვის თაობაზე,3. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით შპს ,,მ---------------–------მა’’ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც მიუთითა მოსარჩელემ, არ შეესაბამება სააღსრულებლო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძვლებს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ გარიგება არის ცალმხრივი ორმხრივი ან/და მრავალმხრივი ნების გამოვლენა. ამასთან, პირის ნება, დადოს ესა თუ ის გარიგება, უნდა იყოს ნამდვილი, ანუ მას უნდა სურდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. მოპასუხე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გარიგება შეიძლება საცილო გახდეს თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ასეთ შეცდომად კი ითვლება ისეთი შემთხვევა, როცა პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია გარიგების შეცდომით დადების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ ნოტარიუსმა განუმარტა მხარეებს ხელშეკრულების შინაარსი და ამ ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები. აგრეთვე მიიღეს განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცლის ინსტიტუტის შესახებ.
გარდა ამისა, მცდარია მოსარჩელის პოზიცია შეუსაბამო სარგებელსა და პირგასამტეხლოს ნაწილში, რადგან ორივე პირობა და სამართლებრივი შედეგი შეესაბამება და გამომდინარეობს ხელშეკრულების არსებითი პირობებიდან. სესხის ძირითადი პირობა ეფუძნება საპროცენტო სარგებლის ოდენობას, ხოლო სესხის ვადაგადაცილების პირობები პირგასამტეხლოს შეთანხმებულ ოდენობას და მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლო, რომელიც უნდა გადახდეს მოვალეს ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით, ა--------- ბ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შევიდა ცვლილება ნოტარიუს თ------- მ------–---–ის მიერ 2----–-–-------------ოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №---------), კერძოდ, მე-6 პუნქტში, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლო განისაზღვრა 1300 ლარით, ხოლო დანარჩენ ნაწილში ა--------- ბ----ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე (მსესხებელი) სადავოდ ხდიდა სააღსრულებო ფურცლით დადგენილი პროცენტის ოდენობას და მიუთითებდა, რომ სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი პროცენტის განსაზღვრის ნაწილში, ვინაიდან წლიური 120% სცილდებოდა გონივრულ ზღვარს. მოსარჩელის ამ პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძველს მოკლებული იყო. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 4895.12 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალი იყო. პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატებოდა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობასაც კი. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო - 4895.12 ლარი შეამცირა 1300 ლარამდე. შესაბამისად, ამ კუთხით ცვლილება შევიდა სააღსრულებო ფურცელში.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა--------- ბ----ემ, მოითხოვა გასაჩივარებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. ა--------- ბ----ის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სესხის თანხა განსაზღვრული იყო 3300 ლარით.
აპელანტის განმარტებით, იგი რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სესხის ძირი თანხა იყო 2 000 ლარი. ვალდებულების დარღვევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, ძირ თანხას - 2000 ლარს დაემატა 1300 ლარი, პირგასამტეხლოს სახით და როგორც ახალი სესხი, ხელშეკრულება გაფორმდა 3300 ლარზე.
რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სარგებელი - 1663.20 ლარის ოდენობით, შეესაბამებოდა კანონის ნორმებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სარგებლის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
აპელანტის მითითებით, მართალია სასამართლომ შეამცირა სააღსრულებო ფურცლში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა 1300 ლარამდე, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა მისი კიდევ უფრო შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სესხის ძირი თანხა იყო 2 000 ლარი. ვალდებულების დარღვევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ, მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, ძირ თანხაზე - 2000 ლარზე მოხდა 1300 ლარის დამატება პირგასამტეხლოს სახით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. 2--------- წელს, ა--------- ბ----ესა და შპს ,,მ---------------–------ს’’ შორის გაფორმდა სასესხო და თავდებობის ერთობლივი გენერალური ხელშეკრულება №--------- (თავდებები: ნ----- მ--–--ე, ლ--- ხ----–--–ი), რომლის თანახმად, ა--------- ბ----ეზე სესხის სახით გაიცა 3300 ლარი.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსიაზღვრა 28.11.2017 წლამდე, საპროცენტო სარგებლის ოდენობა - მაქსიმუმ წლიური 120%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისიწნებული იქნა პირგასამტეხლო, ერთჯერადი გადასახადი თანხის 20 ლარის და ყოველდღიური დარიცხული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებულ ძირ თანხაზე 1%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 5.4 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა (მათ შორის ვადაზე ადრე) და მსესხებელი ან თავდები ნებაყოფლობით არ შეასრულებდა მისოს მოთხოვნას, მისო უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით (ტომი 1, ს.ფ. 22-28.).
9. ა--------- ბ----ემ დაარღვია 2--------- წლის №--------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აპელანტი (მოსარჩელე) აღიარებს და ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში მას გადახდა საერთოდ არ უწარმოებია.
10. 1--------- წელს, ნოტარიუს თ------- მ------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი N---------, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითდი თანხა - 3300 ლარი, სარგებელი -
1663.20 ლარი, პირგასამტეხლო - 4895.12 ლარი. საერთო ჯამში მოთხოვნამ შეადგინა
9858.32 ლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 18-21).
11. 10.10.2017 წელს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალეებს გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 30-35).
12. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის 2--------- წელს გაფორმებული სასესხო და თავდებობის ერთობლივი გენერალური ხელშეკრულება №----------ის საფუძველზე 1--------- წელს ნოტარიუს თ------- მ------–---–ის მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სააღსრულებო ფურცელი შეიცვალა მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში და ა--------- ბ----ისათვის დაკისრებული ვალდებულების მოცულობა ამ ნაწილში 4895.12 ლარიდან შემცირდა 1300 ლარამდე.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
14. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
15. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხოლო მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
17. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
როგორც აღინიშნა, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორს შეუძლია აღსრულება დაიწყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. დადგენილია, რომ ა---------- ბ----ემ დაარღვია 2--------- წლის №--------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის საფუძველზეც გაიცა სადავო სააღსრულებო ფურცელი.
18. აპელანტი (მოსარჩელე) სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის განმაპირობებელ გარემოებად მიუთითებს მოდავე მხარეთა შორის 2000 ლარზე სასესხო ვალდებულების არსებობის ფაქტე, რასაც, შემდგომ სესხის რესტრუქტურიზაციის საფუძველზე, დაემატა 1300 ლარი პირგასამტეხლოს სახით. ამდენად, აპელანტი (მოსარჩელე) მიიჩნევს, რომ აღარ არსებოს დამატებით სარგებლისა და პირგასამტეხლოს მისთვის დაკისრების საფუძველი.
საქართველოს სსკ-ის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო, მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი 2--------- წლის სესესხო და თავდებობის ერთობლივი გენერალური ხელშეკრულებით (№---------) დასტურდება ა--------- ბ----ეზე სესხის სახით 3300 ლარის გაცემის ფაქტი. პალატა აღნიშნავს, რომ ა--------- ბ----ეს მითითებული ხელშეკრულების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია. საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ზემოთ მითითებულ პრეტენზიას.
19. ამასთან, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2--------- წელს მოდავე მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა, რაც წლიურად შეადგენს 120%-ს, სადავო სააღსრულებო ფურცლით შემცირებულია დაახლოებით 51%-მდე (3300 ლარის 120% არის 3960 ლარი, ხოლო, სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების მოცულობა სარგებლის ნაწილში შეადგენს 1663.20 ლარს, რაც დაახლოებით არის ძირითადი ვალდებულების წლიური 51%).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს.
პალატა განმარტავს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით სესხისთვის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობად 100 % განსაზღვრა (625-ე მუხლი), რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ოდენობის მაღლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშეუსაბამოა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილება 2017 წლის 15 იანვარს შევიდა ძალაში, ხოლო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 08 ნოემბერს, შესაბამისად, ის ვერ გავრცელდება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე, თუმცა, რადგან გარიგების ამორალურობა სამართლის შეფასებითი კატეგორიაა, კანონმდებლის მიერ განხორციელებული ცვლილებები სასამართლოსთვის მნიშვნელოვან საორიენტაციო ვექტორს წარმოადგენს და სესხისთვის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-ის ოდენობამდე განსაზღვრა გარკვეულწილად „დაკანონდა“, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, „კანონშესაბამისი“ გახდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით წლიური საპროცენტო განაკვეთის ეროვნულ ვალუტაში 51%-ით განსაზღვრა ზნეობისა და მორალის საწინააღმდეგო შეთანხმებას არ წარმოადგენს, რადგან იგი იმ ფარგლებში ექცევა, რომელიც მოგვიანებით კანონმდებელმა „დააკანონა“ და „კანონშესაბამისად“ მიიჩნია. ამიტომ ითვლება, რომ იგი არ არის სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო.
ზემოაღნიშნულის გათვალსიწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობა, რაც წლიურად შეადგენს 51%-ს, გონივრულია და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ. 6.05.2015წ., საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2--------- წლის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული იქნა პირგასამტეხლო ერთჯერადი გადასახადი თანხის - 20 ლარის და ყოველდღიური დარიცხული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებულ ძირ თანხაზე 1%-ის ოდენობით. №--------- სააღსრულებლო ფურცლით, პირგასამტეხლოს ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა 4895.12 ლარით, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 4895.12 ლარი იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირებულიყო 1300 ლარამდე.
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო 1300 ლარი არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, რის გამოც არ არსებობს მისი კიდევ უფრო შემცირების საფუძველი.
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილში შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლოს პრაქტიკასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.05.2015წ. განჩინება საქმეზე N1125-1072-2014; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.05.2015წ. განჩინება საქმეზე 1269-1209-2014).
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ა--------- ბ----ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტ ა--------- ბ----ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75.00 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა--------- ბ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი