განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200210016001231032
N2ბ/4882-2017
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - თ----- მ-----–-–---–ი (მ----- მ-----–-–---–ის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – შ----- მ---------–ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ც---–- თ---------–--ლი, შ------ა ჭ--------იძე (მოპასუხეები)
წარმომადგენელი – ი-----------ე
დავის საგანი – გამოსყიდვის პირობით უძრავი ნივთის ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების გადაფორმების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 06 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
თელავის რაიონული სასამართლოს 09.06.2017 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ----- მ-----–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების ც---–- თ---------–--ლისა და შ------ა ჭ--------იძის მიმართ, 11.01.2011 წ. გამოსყიდვის პირობით უძრავი ნივთის ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თელავში, კ-----------------------, ს--------–------------, მ. მ-----–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლების გადაფორმების დავალდებულებისა და 23 600 აშშ დოლარის, როგორც მ. მ-----–-–---–ის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის, მოპასუხეებისათვის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 29.01.2016 წელს, მ----- მ-----–-–---–მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების ც---–- თ---------–--ლის და შ------ა ჭ--------იძის მიმართ.
საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოპასუხეებს გაეგზავნათ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, რაც მათ ჩაბარდათ 11.03.2016 წ.
22.03.2016 წ. მოპასუხეებმა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარადგიდეს წერილობითი შესაგებელი შესაბამისი დასაბუთებით.
09.06.2017 წ. 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სადაც მხარეები სხდომაზე მოწვეული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა.
09.06.2017 წ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ იგი ნამდვილად იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში და ეს გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით. მოპსაუხე მხარის მოსაზრებით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი განცხადება ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. შესაბამისად, მოპასუხემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, იყო საფუძვლიანი და მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის თაობაზე.
23.06.2017წ. მ----- მ-----–-–---–ის წარმომადგენელმა ა-–---------ე ლ--------–--ლმა საჩივრით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ამავე სასამართლო 09.06.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ არსებობდა სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი - ავადმყოფობა, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით, რის თაობაზეც, სასამართლო წინასწარ იყო ინფორმირებული. რაც შეეხება თავად მისი მარწმუნებლის გამოუცხადებლობას, წარმომადგენელმა განმარტა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მ----- მ-----–-–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (ვერ ხედავს და ვერ დადის), იგი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა თავისი უფლებების დაცვას.
თელავის რაიონული სასამართლოს 06.07.2017 წ. განჩინებით მ----- მ----–-–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 09.06.2017 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ასევე შეიძლება იყოს საპატიო მიზეზი, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისთვის განსაზღვრულია 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმადაც საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა, ავადმყოფობის გამო საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით, სადაც აღნიშნა, რომ მიემგზავრებოდა ქ. თბილისში, რ-------–----------------------–----–-------- გამოკვლევებზე, მაგრამ წასვლა ვერ მოახერხა, რადგან გახდა შეუძლოდ და შეიქმნა საჭიროება მისი თელავის საავადმოყფოში გადაყვანის, დიაგნოზით - არტერიული ჰიპერტენზია, რის შემდეგაც იგი 5 დღე იმყოფებოდა წოლით რეჟიმში, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ის ხუთი დღის განმავლობაში იწვა სტაციონარში, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ არც საჩივარში და არც საქმის ზეპირი მოსმენის დროს, არ ყოფილა მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის, ამიტომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი მისი ავადმყოფობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ, ხოლო, სხდომის გადადების შუამდგომლობა - გაჭიანურების მცდელობად. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილ სამედიცინო ცნობა მიუთითებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, რის თაობაზეც, სასამართლო წინასწარ იყო ინფორმირებული.
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების და საქმის განახლების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ თ----- მ-----–-–---–ის (მ----- მ-----–-–---–ის უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 06 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახლველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული სასამართლო აქტები იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მათი გაუქმების საფუძველია.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ: 1. საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე; 2. მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სასამართლოს სხდომის დანიშვნის თაობაზე; 3. მოსარჩელე არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე და არ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ; 4. მოსარჩელის გამოუცხადებლობა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით; 5. მოპასუხემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.
დადგენილია, რომ თელავის რაიონულ სასამართლოში მ----- მ-----–-–---–ის სარჩელთან დაკავშირებით მთავარი სხდომა დანიშნული იყო 09.06.2017 წ. 12:00 საათზე. დადგენილია ასევე, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 09.06.2017 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ----- მ-----–-–---–ის სარჩელი, მისი, როგორც მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა. ხოლო, თელავის რაიონული სასამართლოს 06.07.2017 წლის განჩინებით, მ----- მ-----–-–---–ის საჩივრი ამავე სასამართლოს 09.06.2017 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასაბუთებისას მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, ასევე, ის ფაქტი, რომ სასამართლო სხომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე–3 ნაწილი).
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, მხარე არ აპელირებს საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული რომელიმე საფუძვლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე. აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი მისი ავადმყოფობით.
4.3. იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს მის ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლომ 16.03.2018 წლის განჩინებით, საქმეზე №ას-37-37-2018, განმარტა, რომ კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. (სუსგ 25.11.2017წ. საქმე №ას-1078-998-2017).
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N-------- ცნობაზე (ტომი 1; ს.ფ. 246), რომლის თანახმად დგინდება, რომ ა-–---------ე ლ--------–--ლმა 2017 წლის 09 ივნისს მიმართა ქ. თელავში მდებარე, შპს ,,ა---------–---------–---–-----–----ას’’, რომელსაც აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერთონული კრიზი. მოკლე ანამნეზის მიხედვით, უჩივის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის ციფრების მატებას, ყურებში ხმაურს, საერთო სისუსტეს. პაციენტის გადმოცემით აღნიშნული ჩივილები დაეწყო დაახლოებით 1 საათის წინ. მიღებული ჰოპოტენზიური მედიკამენტების მიუხედავად, ჩივილების ინტენსივობამ იმატა, როს გამოც მიყვანილი იქნა კლინიკაში.. ცნობის თანახმად, პაციენტის ზოგად მდგომარეობად მიეთითა საშუალო სიმძიმის მდგომარეობა, ამასთან, პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის სამედიცინო ცნობა აკმაყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნებს და შეიცავს მითითებას, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2017 წლის 09 ივნისს ობიექტურად არ შეეძლო საქმის განხილვაზე გამოცხადება, კერძოდ, პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცნობით დგინდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ა-–---------ე ლ--------–--ლი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის (09.06.2017 წ) იმყოფებოდა მძიმე (საშუალოდ მძიმე) მდგომარეობაში და მისი ავადმყოფობის გამო 2017 წლის 09 ივნისს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, ვერ შეძლებდა გამოცხადებას. დადგენილია, რომ ცნობა გაიცა კონკრეტულად სხდომის დღეს და ასახავს სწორედ სადავო მომენტისათვის მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით საჩივრის ავტორმა დაადასტურა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი მისი ავადმყიფობით, რაც დადასტურებულა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც, თავისი შინაარსის გათვალისიწნებით მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
4.4. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოსათვის წინასწარ იყო ცნობილი მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე და გამოუცხადებლობის მიზეზი, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი განცხადებით, რომელიც თარიღდება 09.06.17წ. დასტურდება, რომ სასამართლო სხდომის დაწყებამდე (12:00 სთ) დაახლოებით 2 საათით ადრე (10:10 სთ-ზე), სასამართლო მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ ინფორმირებული იყო, მისი ავადმყოფობის შესახებ, და ამ საფუძვლით, სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე შუამდგომლობის არსებობის თაობაზე (ტომი 1; ს/ფ 232). რაც შეეხება სასამართლოს მოსაზრებას, რომ განცხადება ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობას, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სხდომის გადადების შუამდგლომლობით მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მანამდე მიმართა მხოლოდ ერთხელ - 16.02.17წ. ავადმყოფობის მოტივით და საქმეს დაურთო ფორმა 100ა, რომლის თანახმადაც, წინა დღეს 15.02.17წ. იგი მოთავსებული იყო სტაციონარში არასტაბილური სტენოკარდიით, არტერიული ჰიპერტენზიით და გადიოდა მკურნალობას ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ (იხ. ს/ფ 149-150). ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე მისი ავადმყოფობის გამო, რაც ნათლადაა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებით, ვერ ჩაითვლება საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 215.3. მუხლით.
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა მოსარჩელე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაიონული სასამართლო, სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, ვალდებული იყო გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განეახლებინა საქმის განხილვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნულის განუხორციელება წარმოადგენს გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმებისა და საქმის განახლების საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე თ----- მ-----–-–---–ის (მ----- მ-----–-–---–ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 06 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახლველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს (სსსკ-ის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად).
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ----- მ-----–-–---–ის (მ----- მ-----–-–---–ის უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 06 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახლველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი