განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
330210018002484861
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002484861

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7660-18 28 დეკემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი - შპს „თ---–--------------------------------ა“

 

წარმომადგენელი - ნ------–-------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ-“

 

წარმომადგენელი - თ-------------–---

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „ჯ-“-მ შპს „თ---–--------------------------------ის“ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 16 167 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეს 16 167 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის 486 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „თ---–--------------------------------ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 11 აგვისტოს, შპს „თ---–--------------------------------ასა“ და შპს „ჯ-“-ს შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----------- ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 56 701 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ხელშეკრულების მეშვიდე მუხლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საქონელი მიღებულებად, მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე ჩაითვლება (ს.ფ. 24 - 28).

 

6. 2017 წლის 11 აგვისტოს #---------- ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს 53 892 ლარის ღირებულების საქონელი მიეწოდა. შპს „თ---–--------------------------------ას შპს „ჯ-“-ისათვის 37 725.10 ლარი აქვს გადახდილი (ს.ფ. 52-59, 60-63).

 

7. შპს „თ---–--------------------------------ამ“ შპს „ჯ-“-ს ნაკლის გამო, 2 808 ლარის ღირებულების პროდუქცია დაუბრუნა. შპს „ჯ-“-ს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაეკისრა, რომელიც დროულად გადაიხადა (ს.ფ. 37 – 40, 41).

 

8. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და შპს „ჯ-“-ს მიერ მიწოდებული საქონლის შესაბამისად, შპს „თ---–--------------------------------ის“ დავალიანება მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ 16 167 ლარს შეადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება მოსთხოვოს. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს, შპს „თ---–--------------------------------ას“ და შპს „ჯ-“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----------- ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 56 701 ლარის ოდენობით განისაზღვრა. შესაბამისად, დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულება არსებობს.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მხარემ სადავოდ გახადა არა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ არაჯეროვანი შესრულება და საკუთარი პოზიციის გასაზიარებლად ხელშეკრულების მე-8 პუნქტზე მიუთითა, რომლის თანახმად, საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ. აპელანტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქონელი, რომლის ღირებულების ანაზღაურების თაობაზეც მოსარჩელე დავობდა, სრულად მიიღეს, იყო უხარისხო, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კი, მათ ამგვარ მიწოდებაზე ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშვებოდათ.

 

9. სააპელაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლს, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა სამართლებრივი შეფასების და არა სასამართლოს მიერ კანონის განმარტების ან/და ნორმის შეფარდების მართებულობის დადგენას ეხება, ამიტომ, მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას მხარეთა ახსნა-განმარტებებს და საქმეში არსებულ სხვა სახის მტკიცებულებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება, მოულოდნელი/გაუგებარი არ იყოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 52-ე მუხლების თანახმად, ხელშეკრულებაში, გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე წერილობით დაფიქსირებული ტექსტის საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი და ცნობილი გარემოების გათვალისწინებით. ამდენად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გამოვლენილი ნების განმარტებისას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ განმარტავდა გამოვლენილ ნებას ნებისმიერი გონიერი ადამიანი ანალოგიურ გარემოებებში მოქმედებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხელშეკრულების ღირებულებას 56 701 ლარი წარმოადგენდა, ასევე უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ ს---------------------------- 53 892 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა, საიდანაც მოპასუხეს მხოლოდ 37 725.10 ლარი აუნაზღაურდა. ასევე, მხარეები არ დავობენ და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებითაც დასტურდება, რომ ს---------------------------- მოსარჩელის მიერ მიწოდებული 2 808 ლარის საქონელი დაიწუნა და უკან დააბრუნა, რისთვისაც შპს „ჯ-“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადაიხადა. მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ დარჩენილი 16 167 ლარის აპელანტისთვის დაკისრების წინაპირობები.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-12 პუნქტით მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის არის შეთანხმებული. აღნიშნული დებულებიდან დგინდება, რომ როგორც მიმწოდებელს, ასევე შემსყიდველს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში 0,1% და 0,2 %-ის ოდენობით პირგასამტეხლო დაეკისრებათ. ასევე, საქონლის საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი პროდუქტის დაწუნების შემთხვევაში, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, დამატებით, წუნდებული პროდუქტის ჯამური ღირებულების ორმაგი ოდენობის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა. სამოქალაქო ურთიერთობაში პირგასამტეხლოს ინსტიტუტს ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილების, მისი შესრულებისა და შესაძლო ზიანის თავიდან აცილების ფუნქცია გააჩნია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ხელშეკრულების პირობების შინაარსობრივი და სიტყვა-სიტყვითი განმარტების შედეგად, ასევე, გონივრული განსჯის სტანდარტიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებისა და სხვა სანქციების დაკისრების წინაპირობები ხელშეკრულებაში დეტალურად გაიწერა, აღნიშნული გარემოება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული პროდუქციის ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლებას მარტოოდენ იმ მოტივით, რომ იგი ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს არ შეესაბამება, იმთავითვე გამორიცხავს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ასევე, ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურება მისი ნაკლოვანების გამო არ მოხდა. გარდა გონივრული განსჯის სტანდარტისა, ხელშეკრულების პირობის სადავოობისას, ყურადღება ექცევა, ასევე, მხარეთა კონკლუდენტურ ქმედებებს, აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ რას გულისხმობდნენ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ს---------------------------- მოსარჩელის მიერ მიწოდებული 2 808 ლარის საქონელი დაიწუნა და უკან დააბრუნა, რისთვისაც შპს „ჯ-“-ს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ხელშეკრულების მე-8 პუნქტის სასამართლოსეულ განმარტებას მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებაც შეესაბამებოდა, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი მხარე მოსარჩელის მიერ მიწოდებულ 16 167 ლარის პროდუქციას წუნდებულად მიიჩნევდა, წინა შემთხვევის მსგავსად, ისიც უკან უნდა დაებრუნებინა და მხარისთვის შესაბამისი ვადის დაწესებით, ჯეროვანი შესრულება უნდა მოეთხოვა. ამის საპირისპიროდ, აპელანტი მხარე 2018 წლის 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის მითითებას მასზედ, რომ მიწოდებული საქონლის შპს „ჯ-“-სთვის უკან დაბრუნება არ მომხდარა და იგი აპელანტმა საწარმომ დაიტოვა. ზემოგანვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ რადგან მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით მიწოდებული საქონლის ნაკლოვანება სადავოდ არ გაუხდია, საქონელი უკან არ დაბრუნებულა და სადავო ღირებულების საქონელზე მიღება ჩაბარების-აქტიც შედგა, შპს „ს------------------------------“ სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 477-ე მუხლების საფუძველზე ღირებულების გადახდის ვალდებულება წარმოეშვა (ს.ფ. 41-99).

 

ამასთან, სასამართლო მოცემული სამართალურთიერთობის სამართლებრივი შეფასების მიზნებისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის კონტექსტში ნაყიდი და მიღებული საქონელი მყიდველის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება. არგუმენტი მასზედ, რომ საქონელი ნაკლიანია, მის ანაზღაურებას არ გამორიცხავს, თუ ნაკლოვანი საქონელი მყიდველმა მიიღო. ასეთ ვითარებაში მყიდველს ისეთი დამატებითი მოთხოვნები წარმოეშობა, როგორიცაა, გამყიდველისათვის ნაკლის გამოსასწორებლად დროის მიცემა, საკუთარი ძალებით ნაკლის გამოსწორება და შემდეგ მისი ანაზღაურების მოთხოვნა ან კიდევ პროდუქციის ხარისხის ნაკლოვანების პროპორციულად ფასის შემცირება, ისიც მას შემდეგ, რაც მყიდველი გამყიდველს ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობას მისცემს. რაც შეეხება ფასის გადაუხდელობას, აღნიშნული შეიძლება მართლზომიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიჩნეულიყო, თუ მყიდველი, შესრულების ხარისხის ნაკლოვანების საფუძვლით, პროდუქციას არ მიიღებდა. განსახილველ შემთხვევაში კი, მყიდველი იმ პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებაზე აცხადებს უარს, რომელიც მიიღო, ხარისხის ნაკლოვანების გათვალისწინებით, ფასის შემცირებაზე დაფუძნებული მტკიცება კი აპელანტს (მოპასუხეს) არ განუხორციელებია. აღნიშნული სამართლებრივი მსჯელობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე, 490-ე, 493-ე და 495-ე მუხლებს ეფუძნება.

 

10. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას მოითხოვს, შესაბამისად, მას ასეთი ვალდებულების არსებობის მტკიცების ვალდებულება გააჩნდა. მოსარჩელემ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, მოპასუხის მიერ განხორციელებული გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და 2 808 ლარის ღირებულების საქონლის უკან დაბრუნების საბუთი წარმოადგინა. რაც შეეხება მოპასუხეს, რადგან განსახილველ შემთხვევაში იგი სადავოდ ხდის მიღებული საქონლის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობას, მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების გაბათილება და საწინააღმდეგოს მტკიცება წარმოადგენდა. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლის შეცილებით შემოიფარგლა და ხელშეკრულების მე-8 პუნქტზე მიუთითა, თუმცა, სასამართლომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების განმარტებით დაადგინა, რომ მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შეთანხმება, გამორიცხავდა აპელანტის შესაძლებლობას, პროდუქციის ნებისმიერი სახით დაწუნების შემთხვევაში, ანაზღაურებაზე უარი ეთქვა. ამავე გარემოებას ადასტურებდა თავად აპელანტი საწარმოს მიერ 2808 ლარის ღირებულების პროდუქციის დაწუნება და მოსარჩელისთვის მისი უკან დაბრუნება, რასაც პირგასამტეხლოს დაკისრებაც მოჰყვა.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა მხარემ, სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის სტანდარტი სათანადოდ ვერ დასძლია. სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ მიღებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობდა, მით უფრო კი ისეთ პირობებში, როდესაც მხარე საქონლის დატოვებას არ უარყოფს და საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც აპელანტის მიერ მიწოდებული საქონლის ნაკლოვანების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას/გაფრთხილებას დაადასტურებდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ შპს „თ---–--------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 646,68 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „თ---–--------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. შპს „თ---–--------------------------------ის“ მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი