განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/2436-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - ვ-–-------- ც--–--ე;
წარმომადგენელი - გ--------------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე - ა------- ტ----------ე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ა------- ტ----------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ვ-–-------- ც--–--ეს ა------- ტ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 11 450 აშშ დოლარის გადახდა. ვ-–-------- ც--–--ეს ა------- ტ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 11 450 აშშ დოლარის წლიური 5 პროცენტის გადახდა 2015 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2011 წლის 9 სექტემბერს ა------- ტ----------ეს და ვ-–-------- ც--–--ეს შორის შედგა სასესხო ხელწერილი, რომლითაც მოპასუხე ადასტურებს, რომ მოსარჩელისგან 2010 წლის ივლისის თვიდან დღემდე, პირადი მიზნებისათვის სესხის სახით მიღებული აქვს 14 900 ლარი. აქვე აღინიშნა, რომ თანხის გადახდას დაიწყებს 2012 წლიდან. აღნიშნულ თანხაში არ შედის ბაჩო, იგივე ვ-–-------- ც--–--ის სახლის რემონტზე ა------- ტ----------ის მიერ გადახდილი თანხა.
2.2. 2011 წლის 15 ნოემბერს შედგენილი იქნა ვალის აღიარების ხელწერილი, სადაც ვ-–-------- ც--–--ე ადასტურებს, რომ მოსარჩელისგან სესხის სახით მიღებული აქვს 19 050 ლარი. აქვე აღნიშნავს, რომ თანხა არის მისი პირადი ვალი ა------- ტ----------ის წინაშე და მას არანაირი კავშირი არ აქვს მის საქმიანობასთან, კერძოდ შპს "ო------ პ-----------თან" ან ა------- ტ----------ის მიერ ჩემი სახლის რემონტზე დახარჯულ თანხასთან და მისგან გამომდინარე რაიმე ფინანსურ ვალდებულებასთან. ამავე ხელწერილის შინაარსიდან დგინდება, რომ თანხა სესხის სახით აღებული იქნა ვ-–-------- ც--–--ის ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე პრობლემების მოსაგვარებლად. ამასთან, აღნიშნული ვალის დაბრუნება არ მოხდება 2012 და 2013 წლებში. მის მიერ ვალის დაფარვა მოხდება ნაწილ-ნაწილ 2014 წლის განმავლობაში, 2014 წლის 31 დეკემბრამდე.
2.3. მხარეებმა 2011 წლის 17 ნოემბერს შეადგინეს კიდევ ერთი ვალის აღიარების ხელწერილი, რომლითაც ვ-–-------- ც--–--ე ადასტურებს, რომ 2010-2011წლებში მას წარმოექმნა და დღემდე აქვს ორი ვალი: ერთი შპს "ო------ პ-----------ი"-ს და მეორე პირადად ა------- ტ----------ის 19 050 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ვალდებულებათა ერთმანეთში გაიგივება არ ხდება და არც მომავალში მოხდება ვალის დაფარვის დროს. მოპასუხე ვ-–-------- ც--–--ე ამავე ხელწერილით ადასტურებს, რომ 19 050 ლარი არის კერძო პირის ვალი ა------- ტ----------ის წინაშე, რომელიც დაიფარება 2014 წლის 31 დეკემბრამდე. ამავე ხელწერილით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების (19 050 ლარი) აშშ დოლარში დაფიქსირებაზე, რამაც იმდროინდელი კურსით (1.67) შეადგინა 11 495 აშშ დოლარი.
2.4. 2012 წლის 24 იანვარს შედგა ვალდებულებათა დეკლარაცია, რომლითაც გაწერილია ვ-–-------- ც--–--ის ვალდებულებები შპს "ო------ პ-----------ი"-ს და პირადად ა------- ტ----------ის მიმართ. ამავე ვალდებულებათა დეკლარაციით მხარეებმა ერთმანეთისაგან გამიჯნეს შპს ”ო------ პ-----------ის” და სახლის რემონტის დანახარჯი პირადი ვალებისაგან, სადაც ვ-–-------- ც--–--ე ადასტურებს, რომ ა------- ტ----------ის მიმართ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 11 450 აშშ დოლარს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ოქმები ფაქტების კონსტანტაციის შესახებ არ შეიცავს მონაცემებს მოცემულ დავასთან მიმართებაში, მით უფრო მოპასუხე ვ-–-------- ც--–--ის მიერ 2011 წლის 17 ნოემბრის ვალის აღიარების ხელწერილში მითითებული ვალდებულების შესრულების თაობაზე. მოკლეტექსტურ შეტყობინებებში მითითებული 14 500 ლარის შესასრულებელი ფულადი ვალდებულება დაკავშირებული იყო შპს ”ო------ პ-----------ის” საქმიანობასთან და მას არ აქვს კავშირი განსახილველ დავასთან. კერძოდ: 1. 2012 წლის 10 მარტის მოკლეტექსტურ შეტყობინებაში მითითებულ 10.435 ლართან დაკავშირებით ვ-–-------- ც--–--ის სახლის ე.წ. რემონტის ხარჯების გადახდაზე წარიმართა სასამართლოს დავა და სამოქალაქო საქმეზე №2/5565-12 09.08.2012 წელი დავა დასრულდა მორიგებით. 2. იმავე თარიღის შეტყობინებაში 2 მაგიდის საფასური 270 ლარის გადახდის თაობაზე, აღნიშნული ვალდებულება დაკავშირებული იყო შპს ”ო------ პ-----------ის’ საქმიანობასთან, რაზეც ასევე აღიძრა სარჩელი შპს”ო------ პ-----------სა” და ვ.ც--–--ეს შორის სამოქალაქო საქმე №2/12852-12 10.12.2014 წელი გადაწყვეტილება აღსრულებულია. 3. იმავე თარიღის მოკლეტექსტურ შეტყობინებებში მე-3 და მე-4 პუნქტად მითითებული ე.წ. ”მოიკის”, ”ტუმპლერების”, ”პუსკატელების” 150+ 100 ლარის თაობაზე ასევე სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საქმე№ 2/12852 ამჟამად საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე მიმდინარეობს დავა სააპელაციო სასამართლოში. 4. იმავე თარიღის მოკლეტექსტურ შეტყობინებებში მე-5 პუნქტში საუბარია მაცივრის საფასურზე - 320 ლარზე, რომელიც ასევე დაკავშირებული იყო შპს ”ო------ პ-----------ის” საქმიანობასთან და რომელზეც ასევე მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე №2/12852-12 10.12.2014 წელი. გადაწყვეტილებით მაცივარი დაუბრუნდა შპს ”ო------ პ-----------ს”. 5. რაც შეეხება ვ.ც--–--ისაგან კედლის რუკის და წიგნების დაბრუნებას. მოსარჩელის განმარტებით, რუკაც და წიგნებიც მას დაუბრუნდა. აღნიშნული თანხა არ შედის სადავო თანხაში. 6. მოკლეტექსტური შეტყობინების მე-7-8-9 პუნქტად მითითებული თანხა 50, 150, 500 ლარი, ჯამურად 700 ლარის ოდენობით შპს ”ო------ პ-----------ისათვის” დაბრუნების თაობაზე, რაზეც ასევე მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმე №2/12852-12 10.12.2014 წელი, დავა დასრულდა შპს ”ო------ პ-----------ის” სასარგებლოდ. 7. მოკლეტექსტური შეტყობინების მე-10 პუნქტი 377 ლარის მოთხოვნის თაობაზე ასევე უკავშირდება შპს ”ო------ პ-----------ის” საქმიანობას, რაც არ წარმოადგენს პირად ვალს. 8. მოკლეტექსტური შეტყობინების მე-11 პუნქტში მითითებული თანხა 2100 ლარი ასევე უკავშირდება შპს ”ო------ პ-----------ის” საქმიანობას, რაზეც სამოქალაქო საქმეზე №2/12852-12 10.12.2014 წელი მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამჟამად იხილება სააპელაციო სასამართლოში. 9. 2012 წლის 4 თებერვლის მოკლეტექსტურ შეტყობინებაში საუბარია შპს”ო------ პ-----------ის” ბიუჯეტიდან ანგარიშსწორებისას წარმოქმნილ შესაძლო დავალიანებებზე, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შპს ”ო------ პ-----------ის” საქმიანობას, რაზეც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამოქალქო საქმე№2/12857-14 და შესულია კანონიერ ძალაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. მოცემულ შემთხვევაში, 2011 წლის 17 ნოემბრის შეთანხმება, დავალიანების გადახდის შესახებ, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს როგორც ვალის არსებობის აღიარებად, რომლის თანახმადაც ვ.ც--–--ემ აღიარა რომ მას გააჩნია ვალი ა------- ტ----------ის მიმართ 11 450 აშშ დოლარის ოდენობით და იღებს ვალდებულებას, აღნიშნული დავალიანების 2014 წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ დაფარვის თაობაზე 2014 წლის 31 დეკემბრამდე. სასამართლო ხაზს უსვამს (სასამართლო გადაწყვეტილების 3.1.2-3.1.3 პუნქტები) 2011 წლის 15 და 17 ნოემბერს შედგენილ ვალის აღიარების ხელწერილების შინაარსზე, სადაც ვ-–-------- ც--–--ე მკაფიოდ ადასტურებს, რომ 19 050 ლარი არის მისი პირადი ვალი ა------- ტ----------ის წინაშე და მას არანაირი კავშირი არ აქვს შპს "ო------ პ-----------თან" ან ა------- ტ----------ის მიერ მისი სახლის რემონტზე დახარჯულ თანხასთან და მისგან გამომდინარე რაიმე ფინანსურ ვალდებულებასთან.
უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის 17 ნოემბრის შეთანხმება შეესაბამება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, კერძოდ მასში მითითებულია კონკრეტული დავალიანება 11 450 აშშ დოლარი, რომელიც გააჩნია ვ-–-------- ც--–--ეს, ა------- ტ----------ის მიმართ ასევე, ამ ვალდებულების მომავალში მხარეთა შეთანხმებული პერიოდით გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, ა------- ტ----------ეს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქვს უფლება ვ-–-------- ც--–--ეს მოსთხოვოს 2011 წლის 17 ნოემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ხელწერილის ნამდვილობა და მისი შინაარსი, თუმცა განმარტა, რომ ფულადი ვალდებულება წარმოშობილია საერთო ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე და ამ მიზნით მიუთითებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლითაც მას შპს "ო------ პ-----------ის" და ა------- ტ----------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა გარკვეული ოდენობის თანხები. მოპასუხემ სადავოდ გახადა ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და აღნიშნა, რომ მას შესასრულებელი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია. ამასთან, მოპასუხემ სარჩელში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ოქმები ფაქტების კონსტატაციის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტების დადგენის დრო ოთხივე ოქმზე დაფიქსირებულია 03.05.2016 წელი 13:50-დან 03.05.2016 14:20-მდე. პირველ ოქმში დაფიქსირებული მოკლეტექსტური შეტყობინება განხორციელებულია 08.03.2012 წელს, სადაც №14 ფაილში მოსარჩელე მოპასუხეს ახსენებს, რომ ვალის ოდენობა შეადგენს 14 500 ლარს, მეორე ოქმში დაფიქსირებული მოკლეტექსტური შეტყობინება განხორციელებულია 04.02.2012 წელს, მესამე ოქმში დაფიქსირებული მოკლეტექსტური შეტყობინება განხორციელებულია 04.02.2012 წელს სადაც საუბარია ”ფირმის” პრობლემებზე, მეოთხე ოქმში დაფიქსირებული მოკლეტექსტური შეტყობინება განხორციელებულია 10.03.2012 წელს სადაც მე-13-19 ფაილებში საუბარია ვალების სიაზე, კერძოდ: 1.”მოპასუხის სახლის რემონტის დავალიანება 10 435 ლარი, 2. მაგიდა 2 ცალი -270 ლარი, 3. მოიკა -150 ლარი, 4. ”ტუმპლერები”, ”პუსკატელები” -100 ლარი, 5. მაცივარი მისი რემონტისათვის 320 ლარი, 6. რუკა წიგნები- 40 ლარი, 7. მერიაში, რეესტრში-50 ლარი, 8.სახლის რეგისტრაციისათვის -150 ლარი, 9. პირადი ვალი-508 ლარი, 10. გატანილი საქონელი-377 ლარი, 11. ზარალის მინიმუმი -2100 ლარი, ჯამში 14 500 ლარი. ამას დამატებული ბიუჯეტის მიმართ დავალიანება, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია”.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული თანხა არ მოიაზრება მოცემული დავის ფარგლებში და არ წარმოადგენს იმ შესასრულებელი ვალდებულების თანხას, რაც უკავშირდება 2011 წლის 17 ნოემბერს შედგენილ ვალის აღიარების ხელწერილს. მოპასუხის მოსაზრება მითითებული ვალის აღიარების ხელწერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე ნაკლებად სარწმუნოა მხოლოდ მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე მითითებით, რადგან შეტყობინებებში მითითებულია სულ სხვა ვალდებულებების არსებობაზე და ამასთან აღნიშნული შეტყობინებები არაა იმ შინაარსის შემცველი, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე შეასრულა 11 450 აშშ დოლარის ვალდებულება. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მხარეები შეთანხმდნენ სადავო ვალდებულების შესრულების პერიოდზე ვალის აღიარების ხელწერილით, რომლის თანახმადაც ვალის დაბრუნება არ მოხდებოდა 2012 და 2013 წლებში და რომ ვალი დაიფარებოდა ნაწილ-ნაწილ 2014 წლის განმავლობაში, 2014 წლის 31 დეკემბრამდე.
გარდა იმისა, რომ მოკლეტექსტური შეტყობინების შინაარსით არ დგინდება მოპასუხის მიერ რაიმე ვალდებულების შესრულება, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული შეტყობინებები გაგზავნილია 2012 წლის თებერვლის და მარტის თვეში, ანუ ვალის აღიარების ხელწერილის გაფორმებიდან 3-4 თვეში, მაშინ როცა შეთანხმების თანახმად ვალდებულება არ უნდა შესრულებულიყო (2012 და 2013 წლებში).
ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოპასუხემ ვერ ზიდა მისი წილი მტკიცების ტვირთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არ არსებობის დადასტურება. მხარეთა შორის სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ პირველ რიგში ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს მოდავე მხარეებს შორის პირადი სასესხო და ბიზნეს საქმინობიდან წარმოშობილი ვალდებულებები. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები და მასში გადმოცემული შინაარსი მოიცავს მათ შორის ბიზნეს საქმიანობიდან, კერძოდ შპს "ო------ პ-----------იდან" წარმოშობილ ვალდებულებებს, რომელსაც არ გააჩნია შემხებლობა ორ პირს შორის არსებულ სასესხო ვალდებულებასთან. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, როგორც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებს. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ვ-–-------- ც--–--ეს ვალდებულების შესასრულებლად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 11 450 აშშ დოლარის გადახდევინება.
2.7. მოსარჩელე მოითხოვს ვ-–-------- ც--–--ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 11 450 აშშ დოლარის წლიური 5 პროცენტის გადახდა 2015 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობის მიზნით, საქმეში წარმოდგენილია სს თიბისი ბანკის 2015 წლის 31 დეკემბრის წერილი, რომლის თანახმად 2015 წლის 5 იანვარს ვადიან ანაბარზე ერთი წლის ვადით, სარგებლის ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში, საპროცენტო აშშ დოლარში განისაზღვრებოდა წლიური 5%-ის ოდენობით. შესაბამისად, 11 450 აშშ დოლარზე ერთი წლის ვადით განხსნილ ანაბარზე ვადის ბოლოს მოხდებოდა 572.50 აშშ დოლარის ოდენობით საპროცენტო სარგებლის დარიცხვა.
კონკრეტულ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს საბანკო დაწესებულებაში დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რასაც კრედიტორი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის - ფულის, შეგროვებად ანაბარზე განთავსების შედეგად. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ 11 450 აშშ დოლარის სხვაგვარად გამოყენების შედეგად მოსარჩელე მიიღებდა წლიურ სარგებელს 5%-ის ოდენობით და მას არ მიადგებოდა ის ზიანი, რაც ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. გადაწყვეტილების 6.1 პუნქტის მე-3 აბზაცში სასამართლო მიუთითებს, რომ 2011 წლის 17 ნოემბრის შეთანხმება წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარებას და სარჩელს ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით აკმაყოფილებს, მაშინ როდესაც სასამართლო არასწორად აფასებს მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი 4 ოქმს ფაქტის კონსტატაციის შესახებ. სასამართლო, გადაწყვეტილების 3.1.2-3.1.3 პუნქტებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ხელწერილში დაფიქსირებული თანხა 19 050 ლარი არის ვ-–-------- ც--–--ის პირადი ვალი და მას არანაირი კავშირი არა აქვს შპს „ო------ პ-----------თან" ან ა------- ტ----------ის მიერ მისი სახლის რემონტზე დახარჯულ თანხასთან და მისგან გამომდინარე რაიმე ფინანსურ ვალდებულებასთან.
ასეთი მოსაზრების დაფიქსირებისას სასამართლო უგულებელყოფს აპელანტის განმარტებას მოცემულ საკითხზე, რომ ვალის არსებობის აღიარება განხორციელდა 2011 წლის ნოემბერში, ხოლო მოკლეტექსტური შეტყობინებები კი მიუთითებს, რომ ა------- ტ----------ის მიერ ვ-–-------- ც--–--ის სახელზე გაგზავნილ იქნა 2012 წლის თებერვალ-მარტში, ანუ ვალის აღიარების ხსენებული ხელწერილის შემდეგ. შესაბამისად, მოკლეტექსტური შეტყობინებები მოგვიანებით შედგენილი მტკიცებულებებია და მისი შემდგენელი ა------- ტ----------ეა. აღნიშნული გარემოება მან დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში და დაადასტურა ისიც, რომ ეს შეტყობინებები მისი და მისი შვილის ტელეფონებიდან არის გაგზავნილი. სასამართლო ასეთი შეტყობინებების შინაარსს არასწორად აფასებს და იმის მოშველიებით, რომ 2011 წლის ნოემბერში შედგენილი ხელწერილის თანახმად ვალის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლამდე, ამიტომ იმ ხელწერილსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებში მითითებულ თანხებს შორის კავშირს უარყოფს, რაც ამ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების უხეში დარღვევაა.
ასევე არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილება 11 450 აშშ დოლარის წლიური 5 პროცენტის გადახდის დაკისრების ნაწილშიც. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებას, რომლის თანახმად მოტივაცია იმის თაობაზე, რომ მხარე კონკრეტულ თანხას აუცილებლად საბანკო ანგარიშზე განათავსებდა სარგებლის მიღების მიზნით, არ არის გაზიარებული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა, უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1-2.5 პუნქტები) და მიუთითებს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას; განსაზღვრული უნდა იყოს აღიარებული ვალის მოცულობა, მისი შესრულების ვადა და სხვა... წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეების მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება (ხელწერილი, განმარტება, შეთანხმება...), სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ იქნება მიჩნეული.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება თავად არის წერილობითი ხელშეკრულება (გარიგება). შესაბამისად, ვალის აღიარებად ჩაითვლება მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება. თუ წერილობითი დოკუმენტებიდან ან მოვალის მოქმედებიდან ნათლად არ ირკვევა, რომ მოვალე ვალს აღიარებს, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს მოვალის სასარგებლოდ (16.01.2012 წ. სუსგ №ას-1768-1748-2011 საქმეზე).
ა------- ტ----------ე და ვ-–-------- ც--–--ე, სადავო ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედებდნენ თავისი და არა ორგანიზაციის სახელით. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ: 2011 წლის 15 და 17 ნოემბერს შედგენილი ხელწერილებით, ვ-–-------- ც--–--ემ აღიარა, რომ მას ა------- ტ----------ის მიმართ გააჩნია ვალი 11 450 აშშ დოლარის ოდენობით და აიღო ვალდებულება, დასახელებული დავალიანება 2014 წლის განმავლობაში დაეფარა ნაწილ-ნაწილ 2014 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, დასახელებული ხელწერილებით, ვ-–-------- ც--–--ე ადასტურებს, რომ „19 050 ლარი არის მისი პირადი ვალი ა------- ტ----------ის წინაშე და მას არანაირი კავშირი არ აქვს შპს "ო------ პ-----------თან" ან ა------- ტ----------ის მიერ მისი სახლის რემონტზე დახარჯულ თანხასთან და მისგან გამომდინარე რაიმე ფინანსურ ვალდებულებასთან“. ამდენად, მხარეებს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოიშვა. აღნიშნულის შემდგომ, შესაფასებელია შესრულდა თუ არა მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საგნის გადაცემა მოპასუხისათვის, მოპასუხემ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა დაადასტუროს მის მიერ შემხვედრი ვალდებულების - თანხის გადაცემა შესრულება, უკეთუ, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება მოვალის მტკიცების ტვირთია. მოვალის მიერ მითითებული ფაქტის დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებით დადასტურების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთი შემთხვევაა მოცემული სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული დანაწესის ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის _ დასტურის გაცემა. ამ დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა _ მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ, სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და ისინი ფასდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს უკავშირდება. ვ-–-------- ც--–--ეს არ წარმოუდგენია თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები) და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, არც აღნიშნული ვალდებულების არარსებობის ან/და გათავისუფლების შესახებ მიუთითებია.
ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ვ-–-------- ც--–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაეკისრა 11 450 აშშ დოლარი.
4.2. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
ა------- ტ----------ე მოითხოვს ვ-–-------- ც--–--ეს 2015 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაეკისროს 11 450 აშშ დოლარის წლიური 5 პროცენტის გადახდა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობის მიზნით, საქმეში წარმოდგენილია სს „თიბისი ბანკის“ 2015 წლის 31 დეკემბრის წერილი, რომლის თანახმად, 2015 წლის 5 იანვარს ვადიან ანაბარზე ერთი წლის ვადით, სარგებლის ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში, საპროცენტო აშშ დოლარში განისაზღვრებოდა წლიური 5%-ის ოდენობით. შესაბამისად, 11 450 აშშ დოლარზე ერთი წლის ვადით განხსნილ ანაბარზე ვადის ბოლოს მოხდებოდა 572.50 აშშ დოლარის ოდენობით საპროცენტო სარგებლის დარიცხვა. პალატა მიიჩნევს, რომ ა------- ტ----------ის მიერ გადაცემული თანხა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ იქნა ვ-–-------- ც--–--ისათვის ანაბარზე განთავსება წარმოადგენს შემოსავლის მიღების ყველაზე ფართოდ დამკვიდრებულ და აპრობირებულ ფორმას. ამდენად, დგინდება რა მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი და კრედიტორის მიერ დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, ვ-–-------- ც--–--ეს მართებულად დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-–-------- ც--–--ეს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ-–-------- ც--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე