განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210017001925058
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2ბ/5325-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - დ----- დ-----აშვილი;

წარმომადგენელი - გ--–-----–----ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ--- ფ--------ე;

წარმომადგენელი - მ----------–----ე;

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება;

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ--- ფ--------ის (პირადი №01005016299) სარჩელი მოპასუხე დ----- დ-----აშვილის (პირადი №01005020439) მიმართ. დაეკისრა მოპასუხე დ----- დ-----აშვილს (პირადი №01005020439) ც-----ე დ-----აშვილის (დაბადებული 2002 წლის 30 აპრილს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 16 მაისიდან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მოსარჩელე მ--- ფ--------ე და მოპასუხე დ----- დ-----აშვილი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ც-----ე დ-----აშვილი ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად.

2.2. არასრულწლოვან ც-----ე დ-----აშვილი სწავლობს საჯარო სკოლაში, ამასთან, დაკავებულია სპორტით და დამატებით ემზადება სხვადასხვა საგნებში.

 

2.3. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, ა. წერეთლის გამზირი N63, კორპუსი N2 , ბინა N28.

 

2.4. მოპასუხე დ----- დ-----აშვილი ცხოვრობს ნ-----–ია კ----–------–---–თან, არასრულწლოვან ნ--–ა დ-----აშვილთან და ე-----–ე დ-----აშვილთან ერთად. მოპასუხის მეუღლე, ნ-----–ია კ----–------–---–ი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. არასრულწლოვან ბავშვების აღზრდაში მონაწილეობს ასევე ძიძა, რომლის მომსახურების ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით 200 (ორასი) ლარია.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.5. მ--- ფ--------ეს და დ----- დ-----აშვილს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. პირველი შვილი სრულწლოვანია, ხოლო 2002 წლის 30 აპრილს დაბადებული ც-----ე დ-----აშვილი არასრულწლოვანია.

 

2.6. მოპასუხე დ----- დ-----აშვილი და ნ-----–ია კ----–------–---–ი დაქორწინდნენ 2013 წლის 01 ივნისს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2014 წლის 27 მარტს ნ--–ა დ-----აშვილი და 2015 წლის 07 აგვისტოს ე-----–ე დ-----აშვილი.

 

2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მ--- ფ--------ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალი 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2016 წლის იანვრის თვეში - 2946.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1599.6 ლარს, მარტის თვეში - 3920.8 ლარს, აპრილის თვეში - 4244.8 ლარს, მაისის თვეში - 2849.6 ლარს, ივნისის თვეში - 2670.8 ლარს, ივლისის თვეში - 2670.8 ლარს, აგვისტოს თვეში - 3884.6 ლარს, სექტემბრის თვეში - 2849.6 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1599.6 ლარს, ნოემბრის თვეში - 3849.6 ლარს, დეკემბრის თვეში - 6176 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 1125 ლარს, თებერვლის თვეში - 2724.6 ლარს, მარტის თვეში - 2724.6 ლარს, აპრილის თვეში - 4004.5 ლარს და ივნისის თვეში - 4175.6 ლარს.

 

2.8. დ----- დ-----აშვილი დასაქმებულია შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ქირურგის პოზიციაზე და მისი დასაბეგრი ხელფასი 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2016 წლის იანვრის თვეში - 868.38 ლარს, თებერვლის თვეში - 6078.69 ლარს, მარტის თვეში - 20.00 ლარს, აპრილის თვეში - 1913.63 ლარს, მაისის თვეში - 1323.13 ლარს, ივნისის თვეში - 1663.50 ლარს, ივლისის თვეში - 1985 ლარს, აგვისტოს თვეში - 3546.38 ლარს, სექტემბრის თვეში - 1063 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1651.63 ლარს, ნოემბრის თვეში - 4886.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 3862,63 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 2630 ლარს, თებერვლის თვეში - 1987.25 ლარს, მარტის თვეში - 2115 ლარს, აპრილის თვეში - 70 ლარს, მაისის თვეში - 2 199.88 ლარს. ამ პერიოდის მანძილზე, მისი საშუალო დასაბეგრი ხელფასი არის 22237.37 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1781.89 ლარს; იგივე მონაცემები ფიქსირდება მოპასუხე დ----- დ-----აშვილის დასაბეგრი შემოსავლების შესახებ (01.01.2016 წლიდან 31.05.2017 წლის ჩათვლით) სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

 

2.9. 2016 წლის 20 დეკემბერს სს ,,საქართველოს ბანკთან“ დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, დ----- დ-----აშვილმა კრედიტის სახით მიიღო 37300 აშშ დოლარი. კრედიტის მიზნობრიობად განისაზღვრა საცხოვრებელი ბინის შეძენა. კრედიტის თანხის დაფარვის ბოლო ვადაა 2026 წლის 17 დეკემბერი, ხოლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 450.56 აშშ დოლარს; 2016 წლის 20 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებით, სს ,,საქართველოს ბანკის“ წინაშე ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ბელიაშვილის 22, სართული 3, ბინა N27, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.13.02.010.076.01.027; 2017 წლის 29 მაისის მდგომარეობით, დ----- დ-----აშვილის ფინანსური ვალდებულება სს ,,საქართველოს ბანკის“ წინაშე შეადგენს 36 294.53 აშშ დოლარს და 1835.99 ლარს.

 

2.10. უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N22, ფართი (მშენებარე) სართული 3, ბინა N27, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.13.02.010.076.01.027, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ----- დ-----აშვილის სახელზე.

 

2.11. სს ,,თიბისი ბანკს“ და ნ-----–ია კ----–------–---–ს შორის 2017 წლის 3 აპრილს დადებული საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-----–ია კ----–------–---–მა მობილური ტელეფონის შესაძენად მიიღო კრედიტის სახით თანხა 448 (ოთხას ორმოცდარვა) ლარის ოდენობით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. მ--- ფ--------ე და დ----- დ-----აშვილი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. არასრულწლოვანი ც-----ე დ-----აშვილი ცხოვრობს მოსარჩელესთან მ--- ფ--------ესთან ერთად. (3.1.1). არასრულწლოვან ც-----ე დ-----აშვილი სწავლობს საჯარო სკოლაში, ამასთან, დაკავებულია სპორტით და დამატებით ემზადება სხვადასხვა საგნებში (3.1.2). მოსარჩელე მხარე დასაქმებულია და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით, მ--- ფ--------ეს 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით ყოველთვიურად უფიქსირდება დასაბეგრი შემოსავალი (3.2.3).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, მოპასუხე დ----- დ-----აშვილის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. დ----- დ-----აშვილი და ნ-----–ია კ----–------–---–ი დაქორწინდნენ 2013 წლის 01 ივნისს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2014 წლის 27 მარტს ნ--–ა დ-----აშვილი და 2015 წლის 07 აგვისტოს ე-----–ე დ-----აშვილი (3.2.2). მხარეთა განმარტებით, მოპასუხე ცხოვრობს მეუღლესთან ნ-----–ია კ----–------–---–თან, არასრულწლოვან ნ--–ა დ-----აშვილთან და ე-----–ე დ-----აშვილთან ერთად არასრულწლოვან ბავშვების აღზრდაში მონაწილეობს ასევე ძიძა, რომლის მომსახურების ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით 200 (ორასი) ლარია (3.1.4).

 

მოპასუხე დ----- დ-----აშვილი დასაქმებულია შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ქირურგად და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. მოპასუხის დასაბეგრი ხელფასი 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2016 წლის იანვრის თვეში - 868.38 ლარს, თებერვლის თვეში - 6078.69 ლარს, მარტის თვეში - 20.00 ლარს, აპრილის თვეში - 1913.63 ლარს, მაისის თვეში - 1323.13 ლარს ივნისის თვეში - 1663.50 ლარს, ივლისის თვეში - 1985 ლარს, აგვისტოს თვეში - 3546.38 ლარს, სექტემბრის თვეში - 1063 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1651.63 ლარს, ნოემბრის თვეში - 4886.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 3862,63 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 2630 ლარს, თებერვლის თვეში - 1987.25 ლარს, მარტის თვეში - 2115 ლარს, აპრილის თვეში - 70 ლარს, მაისის თვეში - 2 199.88 ლარს. ამ პერიოდის მანძილზე, მისი საშუალო დასაბეგრი ხელფასი არის 22237.37 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1781.89 ლარს. მოპასუხის შემოსავლების შესახებ იგივე მონაცემები ფიქსირდება სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში (3.2.4).

 

ზემოთ როგორც აღინიშნა, რომ მოპასუხე დ----- დ-----აშვილს მეორე ქორწინებიდან ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი: ნ--–ა დ-----აშვილი (დაბადების თარიღი 2014 წლის 27 მარტი) და ე-----–ე დ-----აშვილი (დაბადების თარიღი 2015 წლის 07 აგვისტო), რომლებიც ცხოვრობენ მოპასუხესთან ერთად და მათი რჩენის ვალდებულება აკისრია მოპასუხეს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ამდენად, ყურადსაღებია არა მხოლოდ ც-----ე დ-----აშვილის, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი ნ--–ა დ-----აშვილის და ე-----–ე დ-----აშვილის კანონით დაცული უფლებები. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვებზე ზრუნვის და მათი რჩენის ვალდებულება თანაბრად აკისრია მოპასუხის მეუღლესაც, ნ-----–ია კ----–------–---–ს რომელიც დასაქმებულია და აქვს შემოსავალი (3.1.4).

 

მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოპასუხე მხარის საბანკო დავალიანებებზე. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2016 წლის 20 დეკემბერს სს ,,საქართველოს ბანკთან“ დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, დ----- დ-----აშვილმა კრედიტის სახით მიიღო 37300 (ოცდაჩვიდმეტი ათას სამასი) აშშ დოლარი. კრედიტის მიზნობრიობად განისაზღვრა საცხოვრებელი ბინის შეძენა. კრედიტის თანხის დაფარვის ბოლო ვადაა 2026 წლის 17 დეკემბერი, ხოლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 450.56 (ოთხას ორმოცდაათი და ორმოცდათი და ორმოცდათექვსმეტი) აშშ დოლარს. აღნიშნული საკრედიტო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკის სასრაგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N22, ფართი (მშენებარე) სართული 3, ბინა N27, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.13.02.010.076.01.027 (3.2.5., 3.2.6). მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ დავალიანების დაფარვის მიზნით ყოველთვიურად დადგენილი თანხის შეტანა ბანკში მიუთითებს მის გადახდისუნარიანობაზე და აღნიშნული არ შეიძლება გახდეს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. უფრო მეტიც, მოპასუხისათვის, როგორც მშობლისათვის საბანკო დაწესებულების წინაშე სასესხო ვალდებულების აღების მომენტისათვის ცნობილი იყო არასრულწლოვანი ც-----ე დ-----აშვილის მიმართ რჩენის ვალდებულების არსებობისა და მისი ასაკის შესაბამისი საჭიროებების შესახებ.

 

პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. მშობლის შედარებით მაღალი შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს.

 

მოპასუხე დ----- დ-----აშვილი თავისი მატერიალური შემოსავლისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა, არასრულწლოვანი ც-----ე დ-----აშვილის ალიმენტის სახით გადაიხადოს 200 (ორასი) ლარი. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 11.07.2017წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2017 წლის მაისის თვისათვის - 153.5 ლარს და ივნისის თვისათვის - 154.4 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ც-----ე დ-----აშვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარით.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლოს მიერ უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური მდგომარეობის შეფასება და ამ გზით ალიმენტის დაკისრება. აპელანტს ასევე სარჩენი ყავს მასთან მცხოვრები მცირეწლოვანი შვილები. სესხის სახით აღებული აქვს თანხა. ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის ც-----ე დ-----აშვილის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ისუზრუნველყოფილ იქნეს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. აღნიშნული კი, ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ----- დ-----აშვილი დასაქმებულია შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ქირურგის პოზიციაზე და მისი დასაბეგრი ხელფასი 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2016 წლის იანვრის თვეში - 868.38 ლარს, თებერვლის თვეში - 6078.69 ლარს, მარტის თვეში - 20.00 ლარს, აპრილის თვეში - 1913.63 ლარს, მაისის თვეში - 1323.13 ლარს, ივნისის თვეში - 1663.50 ლარს, ივლისის თვეში - 1985 ლარს, აგვისტოს თვეში - 3546.38 ლარს, სექტემბრის თვეში - 1063 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1651.63 ლარს, ნოემბრის თვეში - 4886.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 3862,63 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 2630 ლარს, თებერვლის თვეში - 1987.25 ლარს, მარტის თვეში - 2115 ლარს, აპრილის თვეში - 70 ლარს, მაისის თვეში - 2 199.88 ლარს. ამ პერიოდის მანძილზე, მისი საშუალო დასაბეგრი ხელფასი არის 22237.37 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1781.89 ლარს; იგივე მონაცემები ფიქსირდება მოპასუხე დ----- დ-----აშვილის დასაბეგრი შემოსავლების შესახებ (01.01.2016 წლიდან 31.05.2017 წლის ჩათვლით) სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

 

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკის წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს აუცილებელი საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ წარმოადგენს 300 ლარს. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- დ-----აშვილს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ----- დ-----აშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

3. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი