განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 831310017001895095
საქმე N3/ბ-485-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოსარჩელე) – ნ-----–- კ-------
წარმომადგენლები – თ-------------–-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ბ----------------–----–---------------
წარმომადგენლები – თ-----------–---
მესამე პირი – ლ-------–---
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბ---------- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – ბ---------- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2017 წლის 21 აპრილს ნ-----–- კ-------მ სარჩელით მიმართა ბ---------- მაგისტრატ სასამართლოს ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 23 მარტის №4---- ბრძანების ბათილად ცნობა, გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე აღდგენა და ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
მოსარჩელის განმარტებით, ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 მარტის ბრძანებით დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე სოფელ რ---–ი. ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 23 მარტის №4---- ბრძანების საფუძველზე უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან ბ---------- მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დაუსაბუთებელი დასკვნით, რაც გახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი.
მოპასუხე ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მარტის №4---- ბრძანება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და მისი მომზადებისა და გამოცემისას არ დარღვეულა კანონით დადგენილი მოთხოვნები. მოსარჩელე ვერ აღდგებოდა პირვანდელ სამუშაოზე, ვინაიდან ის მის მიერ დაკავებულ თანამდებობას და მოვალეობას იყენებდა არაჯეროვნად, რასაც ადასტურებდა 2017 წლის 21-23 მარტის ბ---------- მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბ---------- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნ-----–- კ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. ნ-----–- კ------- ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 მარტის N4---- ბრძანებით დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე. მის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა სოფელი რ----.
სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.2. ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 23 მარტის N4---- ბრძანებით, მოსარჩელე ნ-----–- კ------- გათავისუფლდა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან. ამავე ბრძანებაში გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ“ და ,,ე.ე“ ქვეპუნქტები,” ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და ,,ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბ---------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის N- დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი;
2.2.3. ნ-----–- კ------- 2015 წლის 10 მარტიდან მუშაობდა გამგებლის წარმომადგენლად რ----ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 1000 ლარს, ასევე დადგენილია, რომ ნ-----–- კ------- მუშაობის პერიოდში ადმინისტრაციული წესით არ ყოფილა დასჯილი;
2.2.4. ბ---------- მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2017 წლის 21-23 მარტს შემოწმებული იქნა ბ---------- რაიონის სოფელი რ---- სოფლის მხარდაჭერის პროგარამისა და მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების შესახებ. დასკვნის თანახმად ბ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ს მცხოვრებთა საერთო კრების გადაწყვეტილებით 2014 წლის ზაფხულში სოფელ რ---–ი ე.წ. უ------–-----ის უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოებისას სამუშაოს მწარმოებელმა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით სავალი ნაწილისათვის ზედაპირული წყლების მოსაცილებლად დაიწყო ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი გადამკვეთი ბეტონის სანიაღვრე არხის და მასზე ლითონის ცხაურის მოწყობა. ბეტონის არხის მოწყობის შემდეგ სამუშაოები აღარ გაგრძელებულა, რამაც სირთულეები შეუქმნა როგორც ტრანსპორტს, ისე ფეხით მოსიარულეებს. იმავე წლის შემოდგომაზე ბ---------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სოფელ რ----ს მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით დაიგეგმა ცხაურის მოწყობის სამუშაოების დასრულება. 2014 წლის 28 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N187 ხელშეკრულებით დაევალა ინდ.მეწარმე მ-–-------ეს, რომელსაც აუნაზღაურდა ცხაურის მოწყობის ღირებულება, რომელიც უკვე მოწყობილი იყო სხვა სამუშაოთა მწარმოებლის მიერ გაკეთებულ ბეტონის არხზე, მიტანილი იქნა 6 გრძივი მეტრის მილი, რომელიც არხს არ მოერგო, ამის გამო არხში არც ჩადებულა;
2.2.5. 2015 წლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ისევ სოფლის დეპუტატის ძალისხმევით, კვლავ დაიგეგმა ცხაურის მოწყობის დასრულება, ამჯერად უკვე არა უ------–-----ის უბნად, არამედ იგივე გზა კ-–---ების უბნის სახელწოდებით. აღნიშნული ერთხელ კიდევ ანაზღაურდა სრულად ისე, რომ ცხაური არ მოწყობილა. ცხაურის მოსაწყობად მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 8448 ლარი იქნა გადარიცხული. ზედმეტად გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 2999 ლარი. ასევე რ----ს ადმინისტრაციული მართვის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული იყო და არის სს ,,ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლის ოფისი, რომელსაც 2014 წლამდე გაფორმებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულება ბ---------- მუნიციპალიტეტთან. 2015 წლიდან კი აღნიშნული ქონების გადაცემასათან დაკავშირებით არ არსებობდა რაიმე ხელშეკრულება;
2.2.6. შპს ,,ჯ--------------–--ის“ მიერ 2015 წლის 27 ივლისის N94 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის სოფლებში: დიმში, ხანში და რ---–ი დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობის არგუმენტით ერთი თვით 2015 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივდა სამუშაოთა მიწოდების ვადა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება, ანგარიშსწორების პირობები ხელშეკრულების სხვა პირობებთან ერთად დარჩა უცვლელი. 2015 წლის 11 ნოემბერს შპს ,,ჯ--------------–--მა“ N5------ წერილის საფუძველზე სოფელ რ---–ი, ვარციხესა და ზეკარში წვიმიანი ამინდების შედეგად სამშენებლო ობიექტებზე გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად კვლავ მოითხოვა დამატებითი ვადა 14 დღე, რითაც თავად დაადასტურა ობიეტებზე ხარვეზების არსებობა. მუნიციპალიტეტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია სამუშაოთა წარმოების ვადის კიდევ ერთხელ დამატებით გაზრდა და ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება ამოქმედება. 2015 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით ობიექტზე დამატებითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა დაადასტურა თავად შპს ,,ჯ--------------–--მა“, მაგრამ სოფელ რ---–ი გამგებლის წარმომადგენლის 2015 წლის 8 დეკემბრის N-1----- მოხსენებით ბარათში სამუშაოთა დასრულების თარიღად მითითებულია 10 ნოემბერი, თუმცა ის დღემდე დაუსრულებელია;
2.2.7. აუდიტის სამსახურმა შეამოწმა სოფელ რ---–ი ე.წ ლელაძეების და სუპატაშვილების არხები. არხების გამაგრებითი სამუშაოების დათვალიერებისას გაირკვა, რომ სამუშაოები მართლაც არის დაწყებული და ნაწარმოები, მაგრამ უხარისხოდ. აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება დააზიანოს სახლში მარტოხელა მოხუცი ქალბატონი პარკისონის დაავადებით;
2.2.8. სოფლის რამოდენიმე უბანში გაიყვანეს ბუნებრივი აირის მილები, რომელიც პროექტის თანახმად უნდა განთავსებულიყო მიწის საფარში. გაიჭრა მიწა და ჩაიდო მილი, მაგრამ სამუშაოთა მწარმოებელმა არ დაასრულა საქმე. ნალექის მოსვლისას გზა ხდება გაუვალი როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე ტრანსპორტისთვის;
2.2.9. შიდა აუდიტის სამსახურმა გადაამოწმა ბ---------- მუნიციპალიტეტის კანცელარიაში სოფელ რ----ს ტერიტორიული ორგანოდან შემოსულ განცხადებაზე რეაგირების დროულობა, აღმოჩნდა რომ 2016 წლის 01 ივლისს სოფელ რ---–ი მცხოვრებმა ვ-–----------------–--ემ განცხადებით მიმართა ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ გ--–---–---–----ეს. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 2015 წლის ნოემბერში ძლიერმა ქარმა დაუზიანა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვრება არ შეიძლება. ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ა-----–--------ის სახელზე სოფლის წარმომადგენელმა დაწერა მოხსენებითი ბარათი 5 თვის დაგვიანებით, რომელშიც დაადასტურა მოქალაქის განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, მაგრამ არც მოქალაქის განცხადებაში და არც წარმომადგენლის მოხსენებით ბარათში არ არის მითითებული ის, რომ როდესაც სტიქია მოხდა, იყო თუ არა აღნიშნული სახლი შეყვანილი სტიქიით დაზარალებულთა სიაში. განმცხადებელმა მიმართა 8 თვის დაგვიანებით, ხოლო სოფლის წარმომადგენელი ერთი წლის შემდეგ წერს მოხსენებით ბარათს. ამასთან მოქალაქე ვ-–----------------–--ე არის სოფელ რ----ს მკვიდრი და ჩაწერილია დედის ოჯახში, ხოლო აღნიშნული სახლი არის რეგისტრირებული თ--- და თ------ დ------ეების სახელზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს აღნიშვნით, ზოგადად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომლებიც თავმოყრილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავში და მოქმედებს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სახისათვის.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. შესაბამისად, წინამდებარე დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური შემოწმების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს. აქტი ასევე, მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე.
სასამართლოს აღნიშვნით, საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, ამოქმედდა საქართველოს ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - გამგეობის სტრუქტურა განისაზღვრა საქართველოს ორგანული კანონით - ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, რომლის მიხედვით, გამგეობის სტრუქტურა განისაზღვრა მხოლოდ სტრუქტურული ანუ დარგობრივი პრინციპით. კერძოდ, მითითებული ორგანული კანონის 50-ე მუხლის თანახმად, გამგეობა/მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის/მერის დავალებების შესრულებას. გამგეობის/მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის/მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
სასამართლოს მითითბით, საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგებელი/მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს; ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ე“ ქვეპუნქტის თანახმად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით. ხოლო 1012.2 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანო მოსამსახურის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ თანამდებობიდან პირის გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მარტის №4---- ბრძანებით გათავისუფლდა ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან მასზედ დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების მოტივით. ვინაიდან განსახილველი დავა შეეხება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, სასამართლო ამ აქტის კანონშესაბამისობას ამოწმებს ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმების ჭრილში.
სასამართლოს აღნიშვნით, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პრეამბულის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონითაა დადგენილი მოსამსახურეთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლები. ამავე კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში, წარმოადგენს საჯარო სამსახურის სახეს, ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპი - კანონიერების პრინციპი მოიცავს ორ ასპექტს - გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და გადაწყვეტილების მიღება კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად.
”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება გააჩნდა გამგებელს. ვინაიდან, მითითებული ნორმების თანახმად, გამგებელი (მერი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს;
სასამართლოს აღნიშვნით, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ხოლო იგივე კანონის 79-ე მუხლის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით _ არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს; სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მართალია როდესაც დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ აქტს, მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი ანუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. მოთხოვნა მხარემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. დასახელებული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ბ---------- მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა, რომლის თანახმად 2017 წლის 21-23 მარტს შემოწმებული იქნა ბ---------- რაიონის სოფელი რ---- სოფლის მხარდაჭერის პროგარამისა და მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების შესახებ, აღნიშნული დასკვნის თანახმად, გამოვლენილი იქნა მთელი რიგი დარღვევები. აღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოსაზრება, რომ აღნიშნულ დასკვნაში მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და სამუშაოები, რომლებიც ჩატარდა სოფლის მხარდაჭერის პროგარამის ფარგლებში, ნამდვილად ხარისხიანად და ჯეროვნად იყო შესრულებული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის მოთხოვნის იმგვარად დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლოა გამხდარიყო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, არ გამოვლენილა და მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1-ე-53.2-ე მუხლებზე, რომლის მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას და დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის დასაბუთება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - გარკვევით და გასაგებად გამოკვეთოს ის გარემოებები, რამაც გავლენა მოახდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის დასაბუთების მოთხოვნა არა მარტო ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის განხორციელებას ემსახურება, არამედ აქტის კანონიერების შემოწმებასც უწყობს ხელს.
სასამართლოს აღნიშვნით, ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის როგორც ფაქტობრივ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება), ისე სამართლებრივ (საქართველოს ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) საფუძვლებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად და გასაგებად იყო ასახული ის ფაქტობრივი წინაპირობები და სამართლებრივი საფუძვლები, რამაც განაპირობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის გასაჩივრებული აქტი ნ-----–- კ------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ ეწინააღმდეგებოდა კანონს. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, ამ აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას, არ დადგენილა, შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მითითებით, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე პირდაპირ დაკავშირებული იყო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენასთან და მისი დადასტურების შემთხვევაში წარმოადგენდა თანმდევ შედეგს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ დგინდებოდა მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი, მისი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ იყო უსაფუძვლო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბ---------- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ-----–- კ-------მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ---------- მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ შემოწმებულ იქნა 2017 წლის 21-23 მარტს ბ---------- რაიონი სოფელი რ----, რაც არასწორია და აბსურდია, რადგანაც სასამართლო სხდომაზე დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ რეალურად არანაირი შემწმება არ განხორციელებულა, მითუმეტეს, რომ აუდიტის დასკვნაზე ხელისმომწერი პირი (შემმოწმებელი) ზ-------------–--ე დანიშნული იქნა ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2017 წლის 22 მარტს. ანუ დასკვნა მომზადებულ იქნა მისი დანიშვნის დღესვე, რაც ასევე აბსურდია. დასკვნის თანახმად შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 21-23 მარტით, ანუ ფაქტობრივად აღნიშნული დასკვნა მომზადებული იქნა 1 დღის ვადაში;
3.1.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა 2017 წლის 28 თებერვლის N-- დადგენილებით დამტკიცებული ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული გარემოება, მასზედ რომ დებულების მე-4 მუხლის თანახმად აუდიტის სამსახური ვალდებულია აუდიტის/ინსპექტირების დაწყებამდე აუდიტის/ ინსპექტირების ობიექტს წარუდგინოს აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისი აუდიტის პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა, რაც ასევე აუდიტის სამსახურს არ განუხორციელებია. უფრო მეტიც, ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებობს ელექტრონული საქმის წარმოება, სადაც გამგეობის მიერ შექმნილი (დამუშავებული) არც ერთი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს წარედგინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი წესით გატარებული არ არის;
3.1.3. აპელანტის აღნიშვნით, ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო გადაწყვეტილება და რაც აუდიტის დასკვნაში არის მითითებული, თითოეულ მათგანზე არსებობს სათანადო დოკუმენტაცია და უფრო მეტიც, მოწმეთა ჩვენებები, რომ აღნიშნული არც ერთი გარემოება არ გამომდინარეობს ჩემი სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებიდან, არამედ პირიქით. ამ პერიოდის განმავლობაში არ მაქვს დაკისრებული არანაირი დისციპლინური ღონისძიება. მითუმეტეს, რომ აბსურდია სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული 3.2.3 პუნქტში გარემოება, რომ ბეტონის სანიაღვრე არხის და მასზე ლითონის ცხაურის მოწყობისათვის პასუხისმგებლობა დამკისრებოდა მე, როდესაც ყველა სამუშაო შესრულებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კანონის შესაბამისად და კომისიამ რომელიც საბოლოოდ იბარებდა შესრულებულ სამუშაოს, მიღება ჩაბარების აქტით ჩაიბარა სამუშაოები, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და შესაბამისად მეწარმემ, რომელმაც ჩაატარა სამუშაოები მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული თანხა;
3.1.4. აპელანტის მითითებით, გაუგებარია გამგებლის წარმომადგენლისათვის იმ ვალდებულების დაკისრება (ხელშეკრულების მომზადება-დადება), რომელიც არ შედის მის უფლება-მოვალეობაში, არამედ წარმოადგენდა გამგეობის იურიდიული სამსახურისა და ბანკის ვალდებულებას. ასევე არასწორი და დაუსაბუთებელია ის გარემოებები, რომელიც მითითებულია გადაწყვეტილების 3.2.5. 3.2.6 და 3.2.7 პუნქტებში, რადგანაც შესაბამისად ყველა სამუშაო ჩაბარებული აქვს გამგეობის მიღება ჩაბარების კომისიას მიღება-ჩაბარების აქტზე ხელისმოწერით, მათ შორის ინფრატრუქტურისა და იურიდიულ სამსახურს;
3.1.5. აპელანტის აღნიშვნით, გადაწყვეტილების 3.2.8 პუნქტში ასევე არასწორადაა მითითებული მთელი რიგი გარემოებები, მაშინ როდესაც სასამართლოსათვის მტკიცებულებებად წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომ წერილი რომლითაც მოქალაქე ო-----–--ე მიმართვას გამგეობას, დაგვინებით დამეწერა შესასრულებლად, რაზეც განხორციელებულ იქნა კანონით გათვალისწინებულ ვადებში რეაგირება, რაც ასევე არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ;
3.1.6. აპელანტის მითითებით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა სადავო ბრძანების ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებაზე. იმისათვის, რომ ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ჩაითვალოს კანონიერად, უნდა პასუხობდეს შემდეგ პრინციპებს: ფორმალური კანონიერების პრინციპი, რომელიც უნდა პასუხობდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 1.უფლებამოსილება. 2.ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე - რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მუნიციპალიტეტსი გამგეობის მიერ დაცული არ ყოფილა. 3. აქტის ფორმა. 4.დასაბუთება - რომელიც სადავო აქტს საერთოდ არ გააჩნია; მატერიალური კანონიერების პრინციპის დაცვა კი კანონის თანახმად გულისხმობს: 1. მოქმედ კანონებთან და სამართლის პრინციპებთან შესაბამისობას. 2.უფლებამოსილების სამართლებრივ საფუძვლებს, რაც ბრძანებაში დაცული არ არის. 3.დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას. 4.თანაზომიერების პრინციპის დაცვას. 5. კონკრეტულობის პრინციპს - რაც სადავო ბრძანებაში დაცული არ არის. მითუმეტეს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდეს, და როდესაც საქმე ეხება მოხელის შეფასებას და მისი მუშაობის არამართლზომიერებას, რაც ცალსახად შეფასებითი კრიტერიუმია და როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თანამდებობის პირი ასეთი სახის გადაწყვეტილებას იღებს, იგი ვალდებულია იმსჯელოს და დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობს უღირსი საქციელი, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და რატომ არის გამორიცხული თუნდაც სხვა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენება მოხელის მიმართ, რომელსაც არც ერთი მოქმედი დისციპლინური სახდელი არ აქვს. ყოველგვარი ეჭვი უნდა გამოირიცხოს იმის თაობაზე, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისკრიმინაციულ მიდგომას ამა თუ იმ მოხელის მიმართ;
3.1.7. აპელანტის აღნიშვნით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, მისი მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის;
3.1.8. აპელანტის მითითებით, ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე;
3.1.9. აპელანტის აღნიშვნით, საგულისხმოა, რომ ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან ქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენციით დადგენილ, დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად განთავისუფლების დაცვის მინიმალურ სტანდარტთან და შესაბამისად, „გონივრული საფუძვლის“ პრინციპთან დაკავშირებით, ექსპერტთა კომიტეტმა თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ: „კონვენციის მინიმალური სტანდარტი წარმოადგენს სამი ელემენტის - სამართლიანობისა და თანასწორობის უნივერსალური პრინციპების, ინსტიტუტებისა და პროცედურების - ურთიერთშეწყობილ და ჰარმონიულ კომბინაციას.“ იქვე, კომიტეტი აღნიშნულ სტანდარტს განიხილავს, როგორც „აუცილებელს ყველა მუშა-მოსამსახურისათვის“, რომელიც „უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მთელს მსოფლიოში.“ შრომის უფლების შესახებ პირდაპირაა მითითებული გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგად კომენტარში, რომელიც ნათლად დეკლარირებს აღნიშნული პრინციპის აუცილებელ გამოყენებაზე და სახელმწიფოთა გარდაუვალ ვალდებულებაზე, უზრუნველყონ მისი შესრულება და პატივი სცენ და დაიცვან იგი. გაეროს ხსენებული კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტისეული შრომის უფლება აგრეთვე გულისხმობს სახელმწიფოთა ვალდებულებას, რომ მათ „ფიზიკური პირებისათვის უზრუნველყონ უფლება, არ გაათავისუფლონ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ.“ ამავდროულად, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი შრომის უფლებას აკვალიფიცირებს როგორც „ფუნდამენტურ თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია სხვადასხვა სამართლებრივ ინსტრუმენტში“ და ხაზს უსვამს მის უნივერსალურ ხასიათს. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ საერთაშორისო სამართალში არსებობს საკმაოდ მყარი opinio juris (მართლშეგნება), 158-ე კონვენციით გათვალისწინებული დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გონივრული საფუძვლის გარეშე განთავისუფლების პრინციპი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენცია ერთ-ერთ მიზნად ისახავს, სახელმწიფოებმა შიდასახელმწიფოებრივ დონეზე უზრუნველყონ ისეთი სამართლებრივი სისტემების შექმნა, რომლებიც დასაქმებულს სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად გათავისუფლებისაგან დაიცავდა.
3.2. სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მხარეთა პოზიცია:
აპელანტის პროცესუალური მოწინააღმდეგე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიჩნია კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიღებულად და ბ---------- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
3.3. საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები:
3.3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ-----–- კ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბ---------- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ-----–- კ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 23 მარტის ?4---- ბრძანება ნ-----–- კ------ის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; დანარჩენ ნაწილში ნ-----–- კ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ-----–- კ------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ნ-----–- კ------ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ლ-------–---.
3.4. სააპელაციო სასმართლოში საქმის ხელახალი განხილვისას მხარეთა მიერ გამოთქმული პოზიცია:
აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ბ---------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო იმავე თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ნ-----–- კ------ის ყოფილი თანამდებობა არ არსებობდა, რადგან იგი კონკურსის წესით, რომელშიც მონაწილეობა აპელანტს არ მიუღია, დაიკავა ლ-------–---მ, ასევე მიუთითა, რომ რაიმე სახის ვაკანსია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა აპელანტის აღდგენა, ბ----------------–----–---------------ს არ გააჩნდა.
მესამე პირმა აღნიშნა, რომ ბ---------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, რის შედეგად დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე და მის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა სოფელი რ----. შესაბამისად არ დაეთანხმა სამსახურში აღდგენის თაობაზე ნ-----–- კ------ის მოთხოვნას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ-----–- კ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ბ---------- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, ნ-----–- კ------- აღდგენილი უნდა იქნეს ბ---------- მუნიციპალიტეტში ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 23 მარტის N4---- ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ასევე ბ----------------–----–---------------ს უნდა დაევალოს ნ-----–- კ------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის 30-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 29-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, პალატა მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და შესაბამისად სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით. ამავე კანონის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვა. საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი.
ასევე აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო-სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე, მისი გათავისუფლების საკითხიც.
უპირველეს ყოვლისა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ნ-----–- კ------ის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 23 მარტის ?4---- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ-----–- კ------- ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 მარტის N4---- ბრძანებით დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე. მის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა სოფელი რ----.
ისიც უდავოდ დადგენილია, რომ ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 23 მარტის N4---- ბრძანებით, ნ-----–- კ------- უკანონოდ გათავისუფლდა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან, შესაბამისად აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა აღნიშნული თანამდებობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 ივნისის N4----- ბრძანებით ლ-------–--- დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე რ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ბ---------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში ლ-------–--ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნ-----–- კ-------ს აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობა არ მიუღია, არც კონკურსის მიმდინარეობის შეჩერების შესახებ უსარგებლია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით, ამასთან კონკურსის შედეგებსაც არ ხდის სადავოდ, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ამ პირობებში სამართლებრივად და ფაქტობრივად შეუძლებელია ნ-----–- კ------ის აღდგენა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე რ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში, ამდენად პალატა თვლის, რომ აპელანტი აღდგენილი უნდა იქნეს ბ---------- მუნიციპალიტეტში ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 23 მარტის N4---- ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; კერძოდ ნ-----–- კ------- აღდგენილი უნდა იქნეს იმავე რანგის (დონის) თანამდებობაზე, რომელიც არსებითად არ ცვლის შრომის პირობებს და რომლის განსახორციელებლად საკმარისია ის ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელსაც ახმარდა უწინდელი სამუშაოს შესრულებისას და თუ ახალი თანამდებობა უნარჩუნებს მატერიალურ და სოციალურ სიკეთეს, რაც გააჩნდა უწინდელ თანამდებობაზე მუშაობისას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ნ-----–- კ-------ს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–- კ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ბ---------- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-----–- კ------- აღდგენილი იქნება ბ---------- მუნიციპალიტეტში ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 23 მარტის N4---- ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ასევე ნ-----–- კ-------ს აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–- კ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბ---------- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ-----–- კ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
– ნ-----–- კ------- აღდგენილი იქნეს ბ---------- მუნიციპალიტეტში ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 23 მარტის N4---- ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე;
– ბ----------------–----–---------------ს დაევალოს ნ-----–- კ------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე