განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002396490
საქმე №1ბ/1369-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ხ-----------------ის,გამართლებულ: მ----------------ის,ადვოკატ: მ---------------ის
მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N3----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ------------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ----------------ი ბოლო პერიოდში მეუღლეს ე-–-–------------–---ს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიზეზებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით. მ----------------ი ე-–-–------------–---ს ეძახდა შეურაცხმყოფელ მეტსახელს, მიიჩნევდა თავის საკუთრებად, რომლის მოვალეობა იყო მხოლოდ მისი მომსახურეობა და მორჩილება, რითაც ე-–-–------------–---ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. გარდა ფსიქოლოგიური ძალადობისა, 2018 წლის 20 მარტს, დაახლოებით 19:45 საათზე, ქ-----------–----------–----------–-----–------------------------------ში მ----------------მა, შელაპარაკებისას, სკამზე მჯდომ ე-–-–------------–---ს, ხელი დაარტყა სხეულზე, რითაც წააქცია იგი, რა დროსაც ე-–-–------------–---ი შეეჯახა კედელს, დაეცა იატაკზე და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით მ----------------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბერის განაჩენის გაუქმება და მ----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მ----------------ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო გამოძიებისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების გ--------------------------------–--------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, რომელთაც დაზარალებულისაგან მიიღეს პირველადი ინფორმაცია. თავად დაზარალებულის და მისი შვილის რ-------------------ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა კი გამომდინარეობს ზოგადად ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან და დაზარალებულის წარსულიდან. აგრეთვე იმ გარემოებიდან, რომ ისინი ფინანსურად დამიკიდებულები არიან მ-----------------ზე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ----------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში მ----------------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმების გამოკითხვის ოქმებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მ-----------------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მეუღლესთან აქვს კარგი ურთიერთობა. 2018 წლის 20 მარტს ოჯახში მოუვიდათ კამათი, რადგან შვილი ჰყავს ონკოლოგიური ავადმყოფი, განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას და ის კი სახლში ნასვამი მივიდა. კამათისას მხოლოდ შეაგინა მეუღლეს, არ დაურტყამს. ასეთი შეკამათება სხვა დროს არ მოსვლიათ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-----------------ემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 20 მარტის შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც ე-–-–------------–---ს მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, გავიდა შემთხვევის ადგილზე ბე---------–-------------------------სთან ერთად. მისვლისას მ----------------ი, უშვერი სიტყვებით იგინებოდა, რის გამოც დააკავეს. დაკავების ოქმს მ----------------მა გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა. მის მიერ დაკითხული იქნა ბრალდებულის ვაჟი რ-------------------ი, რომელმაც დაადასტურა, რომ მ----------------მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას, ე-–-–------------–---ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ბ----------–--ემ დაადასტურა, რომ შემთხევის ადგილზე მის თანამშრომლებთან ო-------------სა და გ-----------------ესთან ერთად მისვლისას, ცოლ-ქმარი მ----------------ი და ე-–-–------------–---ი აღელვებული დახვდათ. ქმარი იწევდა მეუღლისკენ, მათი თანდასწრებით არ დაურტყამს. სავარაუდოდ, მ----------------ი იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ.
სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ" პუნქტის შესაბამისად მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს მ----------------ის მეუღლემ, დაზარალებულად ცნობილმა - ე-–-–-------------–---მა და მ----------------ის შვილმა - რ-------------------მა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მარტის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკნის თანახმად ე-–-–------------–---ს გარეგანი დათვალიერებით 21.03.2018 წ. სხეულზე მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
ბრალდების მხარემ მოხსნა ბრალდების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული მოწმეების: ექსპერტების მ---------–----------ის და ზ---------------–---–ის, ინსპექტორ-გამომძიებლების ო-------------ს და დ--------------ის და თარჯიმანი თ----–-------------ს დაკითხვა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მოწმეების გ--------------------------------–--------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დასტურდება მ-----------------ის ბრალდება, ვინაიდან საქმეზე დაკითხული ინსპექტორ-გამომძიებლების ირიბი ჩვენებები, რაზეც თავად ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ მათ დაზარალებულისაგან მიიღეს პირველადი ინფორმაცია, ხოლო როგორც აღინიშნა დაზარალებულმა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ" პუნქტის შესაბამისად, მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მ----------------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. აღნიშნულის დამადასტურებელი არც წერილობითი მტკიცებულებები წარმოდგენილა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკნის თანახმად, ე-–-–-------------–---ს სხეულზე მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი, აშკარა და შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა მ----------------ის მხრიდან ე-–-–-------------–---ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მ----------------მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა მ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი მ----------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი მ----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მ----------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ----------------ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის №11-18 განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია.
მ----------------ს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი