განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0-----------------
საქმე №1/აგ-23-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ-----------------ს შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით:
დამტკიცდა პროკურორ ბაქარ ხიჯაკაძესა და ბრალდებულ თ----------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
თ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
თ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 14 მარტიდან - იმავე წლის 16 მარტის ჩათვლით პერიოდი.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის თანახმად, თ----------------ე სრულად გათავისუფლდა ამ კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევისაგან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით:
დამტკიცდა პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილსა და ბრალდებულ თ----------------ეს შორის 2015 წლის 25 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება;
თ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე დამატებითი სასჯელის სახით, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, შეეფარდა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თ-----------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნული 5 (ხუთი) წლით პირობითი მსჯავრი; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, თ----------------ეს შეეფარდა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, შეეფარდა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით;
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
2019 წლის 05 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თ----------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა; მსჯავრდებული ასევე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის განაჩენის გადასინჯვას და გამართლებას, ხოლო ალტერნატივის სახით, კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ თ-----------------ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით; სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
მოცემულ შემთხვევაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით თ----------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი, მასვე დამატებითი სასჯელის სახით, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის შესაბამისად ჩამოერთმევა უფლებები. (საქმეში წარმოდგენილი მომართვით დასტურდება, რომ განაჩენი დაკისრებული ჯარიმის ნაწილში არის აღსრულებული).
რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული თ----------------ე უნდა გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან; მასვე უნდა აღუდგეს აღნიშნული განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის განაჩენს, თ----------------ე ითხოვს აღნიშნული განაჩენით მსჯავრდების ნაწილში გამართლებას, რაც ვერ იქნება დაკმაყოფილებული, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორი არ უთითებს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული რომელი საფუძვლით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას; ამასთან, სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე ახალი ფაქტი ან გარემოება, რაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.
თუმცა, პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ თ----------------ეს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით), რაც სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან, თოთხმეტ წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით, განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვთას ვადით 5 (ხუთიდან), 8 (რვა) წლამდე და შესაბამისად, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ-----------------ს მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).
რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ თ-----------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი ახალი რედაქციით განსაზღვრული სანქციის ფარგლებშია (თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან, რვა წლამდე), მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის განაჩენში და თ-----------------ს ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ კანონთან.
ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში თ----------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების 0,00034 გრამი ,,დეზომორფინის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის, დიდი ოდენობით, რაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება.
შესაბამისად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ-----------------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ-----------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
თ-----------------ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე:
მსჯავრდებული თ----------------ე გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან.
მასვე, აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე, განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი
ლ.თევზაძე