განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002522587
საქმე №1ბ/41-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ------------–---–ის
გამართლებულის: ვ----–------ის
ადვოკატის: უ–---------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულის ვ----–------ის მიმართ. ვ----–------ე დაბადებულია 1990 წლის 30 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №2----------), დაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ლ----------------------------–--–---–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–-------------–---------------------------------–--
ქმედების კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1--–- ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1--–- ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ვ----–------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ვ----–------ის აღნიშნული ქმედება პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე ქ. თბილისში, ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრო რაიონის მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში ვ----–------ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს მ--–--- რ-–---------ს ესროლა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ქურთუკი, რის შემდეგაც მარცხენა ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, ასევე ერთხელ დაარტყა ხელი თავის არეში. აღნიშნულის შედეგად მ--–--- რ-–---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 6 ივნისს ვ----–------ემ მ--–--- რ-–---------ს უთხრა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და ამის გამო არ აცოცხლებდა, დაჩეხავდა, შუბლს გაუხვრეტდა და სულ მალე გარდაცვლილს იპოვიდნენ, რის შედეგადაც მ--–--- რ-–---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნორმბრის განაჩენით:
ვ----–------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1--–- ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1--–- ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ვ----–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა.
სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ლევან ჩხაიძის მიმართ 2018 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ----–------ემ მ--–--- რ-–--------ს მიმართ განახორციელა ოჯახური ძალადობა და მუქარა, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისთვის. ამასთან, ვ----–------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ვ----–------ის ადვოკატმა უ–---------–--ემ. შესაგებელში ვ----–------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი დაცვის მხარემ მიიჩნა დასაბუთებულად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი გამართლებულ ვ----–------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობაზე მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს, რომელთა ურთიერთშეჯერებით ნათელია, რომ გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა არაერთი პირი, რომლებიც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით სასამართლოს აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას. გარდა ამისა, საქმეზე მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ვ----–------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტები. აღნიშნული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პალატას აძლევს შემდეგი მტკიცებულებები:
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველის ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ--–--- რ-–--------მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო განხილვისას არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის - ვ----–------ის წინააღმდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამომძიებელმა უ-------–---–მა განაცხადა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები - გამოკითხული ჰყავს დაზარალებული, მოწმე - ლ-------–- რ-–---------, დათვალიერებული აქვს შემთხვევის ადგილი და სხვა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტს უშუალოდ არ შესწრებია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ექპერტმა შ--–-------------მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - 2018 წლის 7 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე და განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ოქმთან დაკავშირებით შენიშვნა არავის გამოუთქვამს. იგი უშუალოდ ფაქტს არ შესწრებია და ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია მიიღო მ--–--- რ-–---------სგან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პროცესში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ-------–- რ-–---------მ განაცხადა, რომ სახლში მისულს პატრული დახვდა. მისმა შვილმა მ--–--- რ-–---------მ უთხრა, რომ შეხვდა ვ----–------ეს, რომელმაც სახეში დაარტყა ხელი. მოწმის განმარტებით მან გამოძიებას ჩვენების მიცემის დროს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც თავის დროზე მისმა შვილმა მ--–--- რ-–---------მ უამბო. იგი უშუალოდ ფაქტს არ შესწრებია და მხოლოდ შვილის ნაამბობიდან იცის, რომ ვ----–------ემ მ--–---ს დაარტყა. რაც შეეხება მუქარას აღნიშნულის თაობაზე მ--–---ს მისთვის არაფერი უთქვამს. მოწმის განმარტებით, გადმოცემით იცის, რომ შემთხვევის ადგილზე უცხო ხალხიც იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტულად ვინ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 7 ივნისს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს 1--–- განყოფილების გამომძიებელ უ-------–---–ის მიერ მოწმე მ--–--- რ-–---------ს, ექსპერტების - შ--–------------ის და ნ------–----ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ვარკეთილის ზემო პლატო, მე-2 მიკრო რაიონი, კორპუსი №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი. დათვალიერებაში მონაწილე მ--–--- რ-–---------მ მიუთითა ადგილზე, სადაც მისმა ქმარმა - ვ----–------ემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ იქნა ფოტოსურათები. რაიმე სახის კვალი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.
პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს გამართლებულის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 1261-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების შინაარსობრივ მხარეზე, რომლითაც დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია. კერძოდ, აუცილებელია, დადგენილი იქნას: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნას აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1--–- ნაწილით ქმდების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების კვალიფიკაციისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.
რაც შეეხება მუქარას, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ აღნიშნულია მუქარის შინაარსი - კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მოცემულ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია დაზარალებუის ჩვენება.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა აღინიშნოს ის გარემოება, რომ გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება (ოჯახში ძალადობის საქმეები) გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, ხოლო თავისებურებები დაკავშირებულია იმასთან, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი დაზარალებულის გარდა, ან ხშირ შემთხვევაში ფაქტის თვითმხილველი პირები არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები/ახლო ნათესავები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კანონმდებლის მიერ მათვის მინიჭებული უფლების შესაბამისად სარგებლობენ უფლებით, არ მისცენ ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ საქმის არსებით განხილვაზე დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება, არ მიეცა ჩვენება თავისი ყოფილი მეუღლის საწინააღმდეგოდ, ხოლო სხვა პირი, რომელიც უშუალოდ იყო შემსწრე გამართლებულის მხრიდან პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ქმედებების ჩადენისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის კუთხით ობიექტურ პირს უტყუარად დაარწმუნებდა იმაში, რომ ვ----–------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ან მუქარა. აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მოწმეები, რომლებსაც მოცემულ დღეს შემხებლობა ჰქონდათ დაზარალებულთან, თუმცა ისინი უშაუალოდა არ არიან დანაშაულებრივი ქმედებების თვითმხილველი პირები და მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებიც ეფუძნებადა დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. დაზარალებულის დაკითხვა კი საქმის არსებით სხდომზე მოცემულ ფაქტობრივი გარემოებათა დასადგენად არ/ვერ განხორციელებულა. შესაბამისად, მათი ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით კი პალატა უთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას (იხ. უზენაესი სასამართლოს N561აპ-15 გადაწყვეტილება).
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:
„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მსგავს ძალადობრივ დანაშაულებში მინიმუმ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (ცალკეული კატეგორიების დანაშაულებში კი აღნიშნული სტანდარტი გაცილებით მაღალია და საჭიროა მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება) არსებობას უნდა გულისხმობდეს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი არ იქნა თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ვ----–------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს მ--–--- რიჟკოვსაკიას, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტკივილს. ასევე არცერთი პირადარი ხასიათის მქონე მტკიცებულებით არ არის დადგენილი, რომ დაზარალებულის მიმართ გამართლებულმა განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მით უფრო აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით უტყუარად არ დგინდება ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ დაზარალებულმა მუქარა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალურად აღიქვა, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლით პირის ქმედების კვალიფიკაციისთვის. მოცემული გარემოებების დასადგენად მხარე ეყრდნობა მხოლოდ იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც თავისი შინაარსით ირიბ ჩვენებებს წარმოადგენენ, რომლებიც გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის განმარტებას ეფუძნებიან. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები ირიბია და ამ ნაწილში სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, ვინაიდან, სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს ვ----–------ის ბრალეულობაში მის მიმართ წარდგენილი ზემოაღნიშნული ბრალდებებში, რის გამოც ვ----–------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1--–- ნაწილის წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პალატამ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ვ----–--------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით და საქართველოს 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის საფუძველს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ვ----–-------მ ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩაიდინა. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი დაფუძნებულია მხოლოდ ეჭვებზე და ვარაუდებზე, რაც არ შეიძლება, საფუძვალდ დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასებით მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი გამართლებულ ვ----–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი გამართლებულ ვ----–------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ვ----–------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1--–- ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1--–- ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ----–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვ----–------ეს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე