განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2019
საქმის ნომერი
330210118002518398
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002518398

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6401-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ზ----- კ---------

წარმომადგენელი - ა-–---- ს------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- გ------–---

წარმომადგენელი - ვ------- ჩ-------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ------- გ------–--ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად ზ----- კ---------ს, გ------- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა 4178 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2018 წლის 5 აპრილს თ---–--–-------------------------–--------ის მიმდებარედ მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა გ------- გ------–--ის საკუთრებაში და მისი მართული მოტოციკლი „ს--------“, სახელმწიფო ნომრით A------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ 17-19)

 

2.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით გ------- გ------–---ს სამედიცინო დახმარება გაეწია კლინიკა „ლ--–---ში“, რომლის ღირებულებამ შეადგინა 54.40 ლარი.

 

გ------- გ------–--ის მოტოციკლის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის შედეგად მოსარჩელის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 124 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ-- ვ-------ის მომსახურების ანაზღაურების ქვითარი (ს.ფ 31-32)

- ე-–-----------–-----–--------------–ის რეკომენდაცია გაწერისას (ს.ფ 31)

- სს ლ-------- ბანკის ქვითარი (ს.ფ 30)

 

2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილზე, რომლის რეკვიზიტებია მოტოციკლი „ს--------“, სახელმწიფო ნომრით A------, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 4 000 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 22-23)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელ ნორმებზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი), რითაც მოწესრიგებულია ამ კატეგორიის დავებზე, მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

საქმეზე წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, რომლის მიხედვით გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 5--------–- მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ზ----- კ--------ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით. მისი ქმედება არ შეესაბამება ზემოაღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. უდავოა, რომ დადგენილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა საქმის განხილვისას მოპასუხე ზ----- კ--------ის ზეპირ-სიტყვიერ ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ იგი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად ცნობილ იქნა სამართალდამრღვევ პირად და დაჯარიმდა 250 ლარით, რაც მოპასუხე მხარის მიერ გადახდილია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დადგენილება და თავად მოპასუხის ახსნა-განმარტება სრულფასოვნად ადასტურებს მის მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას ავტოსაგზაო შემთხვევისას. ამავდროულად გ------- გ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ უნდა განიხილოს სსსკ-ის XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესებით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება (ს.ფ 17-19)

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება, რომელიც არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში კერძოდ: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

სასარჩელო მოთხოვნების განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ------- გ------–---ს მიადგა ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა ჯამში 4178 ლარით. დადასტურებულია, რომ გ------- გ------–--ისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხე ზ----- კ--------ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით. მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის სრული მოცულობა შეადგენს 4178 ლარს. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს მოსაზრებით არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ყველა წინაპირობა და გ------- გ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით არ არსებობდა დავის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესით განხილვის საფუძველი. აპელანტის აზრით სასამართლოს ქ. თბილისის პროკურატურის 1--------- წლის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ არ უნდა მიეჩნია დავის გამარტივებული წესით განხილვის საფუძვლად, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის და აღნიშნულის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც საქმეში საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1 სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ ქვემდგომმა სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, კერძოდ, ქ. თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების 1--------- წლის დადგენილებას და მცდარად განსაზღვრა, რომ სახეზე იყო დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გ------- გ------–--ის სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების პროცესუალურ სამართლებრივი ანალიზის მიზნებისათვის, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესები გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ანუ როდესაც დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე აღარ იკვლევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დადასტურებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული დასკვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლი, რომლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. მითითებული მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს.

 

განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, პალატა აპელანტის პოზიციაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულების, კერძოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 1---------წ. დადგენილების არასწორ შეფასებას შეეხება და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის შესაბამისად ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად არასწორად მიიჩნია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 1---------წ. დადგენილება საკმარის მტკიცებულებად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დისპოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/ თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 1---------წ. დადგენილებით ირკვევა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გ------- გ------–--ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ზ----- კ--------ის მიმართ ადმინისტრაციული ზომების მისაღებად გამომძიებელს დაევალა დადგენილების ასლის შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის და ანალიზის განყოფილებაში გადაგზავნა. უდავოა, რომ 0--------- წელს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1---- მუხლის მ---- ნაწილის საფუძველზე ზ----- კ--------- დაჯარიმდა და 0--------- წელს მის მიმართ გამოიცა #ე------- საჯარიმო ქვითარი. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 0--------- წლის #ე------- საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებული იქნა ზ----- კ--------ის მიერ, რომელზეც შემაჯამებელი სასამართლო განჩინება, რომლითაც ამ უკანასკნელს უარი ეთქვა საჯარიმო ქვითრის გაუქმებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ 2--------- წელს გამოცხადდა. (იხ. სხდომის ოქმი 26.12.2018წ. 10:17;41-10:17:51; 10:53:44-10:53:59)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით საქმის განხილვისთვის გათვალისწინებული წესების და იმ უდავო გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ 1---------წ. დადგენილებით ზ----- კ--------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ზ----- კ--------ის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მისი გასაჩივრების გათვალისწინებით კანონიერ ძალაში პირველი ინსტანციის წესით წინამდებარე დავის განხილვის შემდეგ შევიდა, პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას მასზედ, რომ არ არსებობდა გ------- გ------–--ის სარჩელის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესებით განხილვის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესები შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ანუ როდესაც დანაშაულის ჩადენის შედეგად პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების მიზნებისთვის სახეზე არ იყო კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სასამართლოს წინამდებარე დავა არა სარჩელის განხილვის გამარტივებული წესით, არამედ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი სასაარჩელო წარმოების წესით უნდა განეხილა.

 

4.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდწილად განაპირობებს სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

 

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

 

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

 

4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი;

 

განსახილველ შემთხვევაში ზ----- კ--------- არ უარყოფს ფაქტს მასზედ, რომ მან 2018 წლის 05 აპრილს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია, მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს კი დაზიანდა როგორც მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, ასევე მოტოციკლეტი ,,S--------------’’ (სახ. ნორმით: A-----). ზ----- კ--------- სადავოდ ხდის ფაქტს მასზედ, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომა საგზაო მოძრაობის წესების მხოლოდ მის მიერ დარღვევამ განაპირობა, აღნიშნულზე დაყრდნობით ზ----- კ--------- ავტოსანტრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მასზე დაკისრებას არ ეთანხმება, რისი დადასტურებაც მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურების მიზნით სასამართლოში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--------- წლის დასკვნა წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. მოცემულ საგზაო სიტუაციაში მოტოციკლ ს--------ს მძღოლს გ------- გ------–---ს უგულებელყოფილი აქვს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

2. მოცემულ შემთხვევაში ავტომობილ ,,მ---------ის’’ მძღოლს ზ----- კ---------ს უგულებელყოფილი აქვს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32- მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომლის დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შეთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ საქმის მასალებში არსებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და თანდართული სქემის საფუძველზე ექსპერტმა დაადგინა, რომ სავალი ნაწილის სიგანე იქ სადაც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი შეადგენს 14.5 მეტრს და გაყოფილია ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზით არა ტოლ ნაწილებად, სადაც პ------ ი-----ს ქუჩის მხრიდან დ----- ა----–-----–ის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილის სიგანე შეადგენს 7,5 მეტრს, რომელიც გაყოფილია წყვეტილი ხაზით. საქმის მასალების მიხედვით ავტომობილი მ---------ი გამოვიდა კორპუსებიდან, ანუ მეორე ხარისხოვანი გზიდან და დაახლოებით 10კმ/სთ სიჩქარით (მძღოლის ჩვენების მიხედვით) დაიწყო სავალი ნაწილში გადაკვეთა, რომელსაც უკანა მარცხენა კარსა და მარცხენა ფრთაში შეეჯახა მოტოციკლი ,,ს--------’’, რომელსაც მძღოლი გ------- გ------–--- მართავდა. სატრანსპორტო საშუალებების შედეგად ჩამონაყარი დაფიქსირებულია მეორე სამოძრაო ზოლში. აქედან გამომდინარე ავტომობილ ,,მ---------ს’’ საფრთხის შექმნის მომენტიდან წინა ნაწილით გავლილი აქვს დაახლოებით 8,7 მეტრი მანძილი. დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტის მიერ განსაზღვრულია მანძილი, რომლითაც მოტოციკლი ,,ს--------’’ დაცილებული იქნებოდა შემთხვევის ადგილიდან, იმ დროს როდესაც ავტომობილმა ,,მ---------მა’’ მისი სავალი ნაწილის გადაკვეთა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტი უთითებს, რომ ავტომობილი მ---------ი ამ უკანასკნელის მოძრაობის სიჩქარის - 10კმ/სთნ და მოტოციკლეტ ,,ს--------ს’’ ნებადართული სიჩქარის - 40 კმ/სთ გათვალისწინებით საფრთხის შექმნის მომენტში შეჯახების ადგილიდან დაცილებული იქნებოდა დაახლოებით 35 მეტრი მანძილით და სწორედ აღნიშნული მანძილი იქნებოდა მოტოციკლის მძღოლის განკარგულებაში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ექსპერტის მიერ ასევე განსაზღვრულია საჭირო მანძილი 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მოტოციკლ ,,ს--------ს’’ გაჩერებისთვის. კერძოდ, მოტოციკლის სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილი განსაზღვრულია 24,5 მეტრით, რაც ექსპერტის მითითებით ნაკლებია მოტოციკლის მძღოლის განკარგულებაში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად არსებულ მანძილზე (35 მ.) აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტი ასკვნის, რომ მოტოციკლ ,,ს--------ს’’ მძღოლს გ------- გ------–---ს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო თავიდან აეცილებინა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, თუ ის ნებადართული 40 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებდა.

 

პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გ------- გ------–---მ ზემოაღნიშნულ დასკვნას ვერ დაუპირისპირა სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულება, რომელიც დასკვნაში მითითებულ ფაქტებს, კერძოდ, ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს სამართლებრივ საფუძველს შეურყევდა.

 

დაპირისპირებულ მხარეთა ამგვარ შეჯიბრში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ----- კ---------მ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაძლია იმ თვალსაზრისით, რომ მან შეძლო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომაში ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტის დადასტურება. რაც შეეხება მოსარჩელეს (მოწინააღმდეგე მხარეს), მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში ვერ შეძლო იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებმაც ზ----- კ--------ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას ეჭვქვეშ დააყენებდა და სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას მისი მხრიდან საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

 

ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყო ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ. „შერეული ბრალი“. ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრება მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განსაზღვროს.

 

განსახილველ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა შერეული ბრალის შერაცხვის წინაპირობები. ამასთან, გათვალისწინებით იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ზ----- კ--------- მეორე ხარისხოვანი გზიდან მთავარ გზაზე გასვლას ცდილობდა, რა დროსაც საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მის ვალდებულებას წარმოადგენდა მთავარ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისთვის, კერძოდ, მთავარ გზაზე მოძრავი მოსარჩელისთვის გზის დათმობა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მხრიდანაც მოხდა მოძრაობის წესების დარღვევა სააპელაციო პალატა მიიჩნეს, რომ სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის მხარეს დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოსარჩელეს მხარეთა შერეული ბრალის გათვალისწინებით უნდა დაეკისროს და მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს არა სარჩელით მოთხოვნილი 4178 ლარი, არამედ 2924.60 ლარი, დამდგარ ავტოსატრანსპორტო შემთხევასთან მიმართებით მისი ბრალის პროპორციულად. პალატა შენიშნავს, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მეტწილად გამოიწვია სწორედ ზ----- კ--------ის მოქმედებამ, ვინაიდან მან დაარღვია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება და არ დაუთმო გზა მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მართვდა მოსარჩელე. სწორედ ამ ვალდებულების უგულვებელყოფამ მოახდინა ამ ავტოსაგზაო შემთხვევის პროვოცირება. რაც შეეხება გ------- გ------–--ის მხრიდან მოძრაობის წესების დარღვევას პალატა მიიჩნევს, რომ მას შემდეგ რაც ზ----- კ---------მ დარღვევით განახორციელა მთავარ გზაზე გასვლის მანვევრი, რამაც წარმოშვა ავტოსგზაო შემთხვევის საფრთხე, გ------- გ------–---ს, როგორც ეპქსერტიზის დასკვნის ანალიზი ცხადყოფს, მაინც შეეძლო შემთხვევის თვიდან აცილება. ამდენად კონკრეტულ შემთხვევაში დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ბრალეულობა დამდგარ ავტოსაგზაო შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ზ----- კ--------ის შემთვევაში 70%-ით, ხოლო გ------- გ------–--ის შემთვევაში 30%-ით.

 

ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ თავად ზიანის მოცულობა, რომელიც დასტურდება მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: 1---------–- ექსპერტიზის დასკვნით და ქვითრებით: სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის და სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ მოპასუხე მხარის მხრიდან შედავებული არ ყოფილა, აღნიშნული თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხე/აპელანტი უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ საგზაო მოძრაობის წესების ორივე მძღოლის მიერ დარღვევის პირობებში არ არსებობდა მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების საფუძველი, რაც წინამდებარე გადაწყვეტილებით მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გაზიარებული. საბოლოოდ შერეული ბრალის და ბრალის ხარისხის გათვალისწინებით, რის შესახებაც ზევით უკვე მივუთითეთ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ------- გ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს ნაცვლად მოთხოვნილი თანხის ოდნეობისა - 4178 ლარისა, უნდა დაეკისროს 4178 ლარის 70 %-ის ე.ი. 2924,60 ლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, გ------- გ------–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ------- გ------–--ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 126 ლარს შეადგენს (ს.ფ. 40) საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით ირკვევა, რომ ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეულია ხარჯი 500 ლარის ოდენობით (ს.ფ. 34) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ზ----- კ--------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 182 ლარი. (ს.ფ. 133) გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, ზ----- კ--------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის გათვალისწინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ------- გ------–--ის სარჩელი, რომლის ფარგლებშიც ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ზ----- კ---------ს 2924,60 ლარის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- გ------–---ს ზ----- კ--------ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად 54,6 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს და ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯს, აღნიშნულ ნაწილში ზ----- კ---------ს გ------- გ------–--ის სასარგებლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 88,2 ლარის, ხოლო სასამართლოს გარეშე გაწეულის ხარჯისთვის (იურიდიული მომსახურების ხარჯი) 116,98 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზ----- კ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. გ------- გ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3.1. ზ----- კ---------ს მოსარჩელე გ------- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 2924,60 ლარის გადახდა;

 

4. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გ------- გ------–---ს ზ----- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 54,6 ლარის გადახდა;

 

5. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ზ----- კ---------ს მოსარჩელე გ------- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 88,2 ლარის გადახდა;

 

6. ზ----- კ---------ს მოსარჩელე გ------- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის ანგარიშში 500 ლარიდან 116,98 ლარის გადახდა;

 

7. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური