განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020212218002324922
საქმე №2/ბ-617-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლე: თამარ სვანიძე
დიმიტრი გვრიტიშვილი
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
განმცხადებელი: ნ--–- კო------ე
წარმომადგენლები: მ------ კო--------, ზ------ ჟღ-------
მოწინააღმდეგე მხარე: მ--- ნა-------
წარმომადგენ--–-: გ---- ფი----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი: გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება
სააპელაციო პალატამ განიხილა, საქმის განხილვისაგან მოსამართლეების: ირმა პერანიძის, თამარ სვანიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის აცილების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის განჩინებით, ნ--–- კ---------- განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №2/354-14 გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2015 წლის 06 მარტის №2/70-15 განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ--–- კ---------- წარმომადგენელებმა, მ------ კო--------მ და ზ------ ჯღ-------მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, ნ--–- კ---------- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის განჩინება.
2018 წლის 22 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ნ--–- კ---------- წარმომადგენლებმა, მ------ კო--------მ და ზ------ ჯღ-------მ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 428-ე მუხლის საფუძველზე, 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინების მიმღბი მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ნანა კალანდაძე და ლაურა მიქავა აცილებულ იქნენ მოცემული საქმის განხილვისაგან და სამოქალაქო საქმე №2/ბ-617-2018, განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა მოსამართლისათვის გადასაცემად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ნ. კ---------- განცხადების განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ. კ---------- წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს, საქმის განხილვისაგან სააპელაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მოსამართლეთა: ირმა პერანიძის, თამარ სვანიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის აცილება.
განმცხადებელთა მითითებით ნ--–- კ---------- არაერთი დავა ჰქონდა მ--- ნა-------ს წინააღმდეგ, რომელთა განხილვაში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ მოსამართლეები: ირმა პერანიძე, თამარ სვანიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. თითქმის ყველა დავა მის წინააღმდეგ გადაწყდა.
გარდა ამისა, ამავე სასამართლოს მოსამართლე ს.ჩხაიძემ მიზანიმართულად არ შეასრულა კანონისმიერი ვალდებულება და ნ.კ---------- და მ.ნა-------ს ისედაც გაჭიანურებულ სამოქალაქო დავაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებათან დაკავშირებით გამოტანილ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემისას, მხარეს (ნ.კ----------) და უზენაეს სასამართლოს არ აცნობა აუცილებელი ინფორმაცია, რაც ასევე ცნობილი უნდა ყოფილიყო ამავე სასამართლოს სამოქალაქო პალატის სხვა მოსამართლეებისთვისაც.
ამდენად, მოცემული საქმის განმხილველი მოსამართლეები ვერ იქნებიან მიუკერძოებულები და ობიექტურები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აცილებული უნდა იქნენ ნ--–- კ---------- განცხადების განხილვიდან (საქმე №2/ბ-617).
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.
პალატას მიაჩნია, რომ მითითებული საფუძვლით საქმის განხილვისაგან მოსამართლის აცილება დასაშვებია, თუ:
ა) არსებობს ფაქტები, რომლებიც, ობიექტურად აჩენს ეჭვს საქმის შედეგით მოსამართლის დაინტერესებაში, ე.ი. მასში, რომ საქმის მიმართ მოსამართლეს კერძო ინტერესი გააჩნია, ან/და
ბ) არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს მოსამართლის მიკერძოებაზე ერთ-ერთ მხარის სასარგებლოდ.
მოსამართლის მიმართ მხარის მიერ დაყენებული აცილების შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მან ისეთ გარემოებებზე უნდა მიუთითოს, რომლებიც ადასტურებენ საქმეში მონაწილე მხარესთან წარსულში ან ამჟამად მოსამართლის უშუალო კავშირზე (მაგ. არსებულ დავასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა ან წარმომადგენლობა, მხარესთან მრავალწლიანი პროფესიული ან პარტნიორული ურთიერთობა, რაც ქმნის მხარისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობის ან ლოიალური დამოკიდებულების საფუძველს და სხვ.), ან რაიმე ფორმით დამოკიდებულებაზე (მაგ., იერარქიული, ფინანსური, სამსახურებრივი და სხვ.), ან კონკრეტული საქმის შედეგის მიმართ მოსამართლის ინტერესზე (პირადი, ქონებრივი და სხვ.).
ნ--–- კ---------- წარმომადგენლების შუამდგომლობა ამგვარ ფაქტებს არ შეიცავს.
განმცხადებელი ძირითადად მსჯელობს მოსამართლის საქმიდან აცილების დასაბუთების სტანდარტების შესახებ, თუმცა საერთოდ არ უთითებენ არც-ერთ ფაქტს, საიდანაც საქმის შედეგის მიმართ მოსამართლეთა კერძო ინტერესი ანდა ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მიკერძოება გამოჩნდებოდა.
ნ--–- კ---------- წარმომადგელები, არსებითად, მოსამართლეთა აცილებას ითხოვენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიერ გასაჩივრებულ განჩინებებზე ნ--–- კ---------- საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებები მიღებულია, როგორც ამავე მოსამართლეების, ისე მათი კოლეგების - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ.
პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში მართლმსაჯულებას საერთო სასამართლოები ახორციელებენ. მართლმსაჯულების განხორციელება, თავისთავად, გადაწყვეტილებათა გამოტანასაც გულისხმობს. სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით კი, ერთ-ერთი მხარის ინტერესი, ხშირად, დაუკმაყოფილებელი რჩება. ეს ნიშნავს, რომ მხარეთა მოთხოვნების მართებულობასა და კანონიერებას, არა თავად მხარეები, არამედ სასამართლო წყვეტს და ის, რომ ერთ-ერთი მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, არც ამ გადაწყვეტილების უსწორობას და არც მოსამართლის მიკერძოებას არ ამტკიცებს.
საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველასათვის სავალდებულოა. მათი შეცვლა ან გაუქმება, მხოლოდ, სასამართლოს შეუძლია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის (იხ. „ვეტსტაინი შვეიცარიის წინააღმდეგ“, 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება; „მიქალეფი მალტის წინააღმდეგ“, 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; „პადოვანი იტალიის წინააღმდეგ“, 1993 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება; „პესკადორ ვალერო ესპანეთის წინააღმდეგ“, 2003 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება; „მილერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, 2004 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება) საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა:
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლებით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების/თვითაცილების ინსტიტუტი სამართლიანი სასამართლოს პრინციპს ემსახურება და გარანტირებულს ხდის მხარის უფლებას, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მოსამართლემ.
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილების საფუძვლები პირობითად შეიძლება დავყოთ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებად, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლო აქტითაა დადასტურებული, თუნდაც სუბიექტური წინაპირობის არსებობა (მაგ: სსსკ-ის 31.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი), სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, განაცხადოს თვითაცილება, მიუხედავად იმისა, მხარე გამოხატავს თუ არა უნდობლობას მის მიმართ.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსამართლის აცილების საკითხის განხილვისას უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს აწესებს ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნა. ამასთან, იმ საქმეების უდიდეს უმრავლესობაზე, რომლებიც მიკერძოებულობის საკითხს ეხება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აქცენტს სწორედ ობიექტურობის ტესტზე აკეთებს.
ობიექტურობის ტესტით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად აქვს ადგილი დადასტურებად ფაქტებს მოსამართლის ქცევისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც ეჭვს ბადებს ამ უკანასკნ--–-ს მიუკერძოებლობაში.
აღნიშნულის ფარგლებში, იმის განსაზღვრისას-არსებობს თუ არა კონკრეტულ საქმეში ლეგიტიმური ეჭვი იმის შესახებ, რომ ესა თუ ის მოსამართლე ან ორგანო, რომელიც განიხილავს საქმეს, არ არის საკმარისად მიუკერძოებელი, მოცემული პირის პოზიცია არ არის გადამწყვეტი. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არის ის, თუ რამდენად არის პირის ეჭვი მიკერძოების შესახებ ობიექტურად გამართლებადი, ანუ რამდენად აქვს მას შიშის საფუძველი.
ნიშანდობლივია, რომ ობიექტურობის ტესტი უმეტესწილად ეხება იერარქიულ ან სხვა კავშირებს მოსამართლესა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეებს შორის (იხ.სუსგ - #ას-152-148 - 2016 03.06.2016).
თუ კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ, კანონის შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარის მიერ მოსამართლის აცილების საფუძველი გახდება, ეს მხარეს მისცემს მოსამართლის საქმიანობაში ჩარევის საშუალებას გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, რაც პირდაპირ და ცალსახად ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის წარმომადგენლების მიერ მითითებული არც ერთი გარემოება მოსამართლის აცილების კანონით განსაზღვრული საფუძველი არ არის (სსსკ-ის 29-31-ე მუხლები).
აქედან გამომდინარე, ნ--–- კ---------- წარმომადგენლების მიერ დაყენებული შუამდგომლობა საქმის განმხილველი, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მოსამართლეების: ირმა პერანიძის, თამარ სვანიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის აცილების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 29-31-ე, 33-ე, 34-ე, 36-ე, 390-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--–- კ---------- წარმომადგენლების, მ------ კო--------ს და ზ------ ჯღ-------ს შუამდგომლობა, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მოსამართლეების, ირმა პერანიძის, თამარ სვანიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის მოცემული საქმის განხილვისაგან აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება, შეიძლება გასაჩივრდეს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
დიმიტრი გვრიტიშვილი