განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002334894
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6203-18 31 იანვარი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია
მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - კ-----------------
წარმომადგენელი - დ--------------,მოწინააღმდეგე მხარე - მ-----------ე ს---------, ვ---- ქ-–----, მ----- ნ-–------ე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს „ტ---------“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელე კ------- რ------ის სასარგებლოდ, მ----- ნ-–------ისა და მ-----------ე ს---------სთვის სოლიდარულად 25 355.53 აშშ დოლარის, ხოლო, ვ---- ქ-–----სთვის 33 315.38 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება კ-----------------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს,5. 2014 წლის 25 ივნისს კ-----------------ს, ლ------–-------–---–-- და მ-----------ე ს---------ს შორის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების საგანს მიწის ნაკვეთის მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, დასახლება გ-–-----, მე-5 მ/რ-ნი, ბაგა-ბაღის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 0------------, დაზუსტებული ფართობი 354 კვ.მ (მესაკუთრე 106.20 კვ.მ მ-----------ე ს---------, 70.80 კვ.მ ვ---- ქ-–----, 177.00 კვ.მ კ----------------- და ლ---- ლ-------–---–ი) წარმოადგენდა. ხელშეკრულების მიხედვით, მისი ხელმოწერის დროისათვის შენობის 4 სართული თავისი სარდაფით შავი კარკასის მდგომარეობაში იყო აშენებული. მიწის შეძენაში, პროექტში და მშენებლობაში 190 000 აშშ დოლარი იყო დახარჯული. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლ---- ლ-------–---–ი და კ----------------- მიმდინარე მშენებლობის დასრულებას მოახდენდნენ. სანაცვლოდ მ-----------ე ს---------ს მიერ მოხდებოდა საბოლოოდ დასრულებული შენობის 50%-იანი და ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის და შენობის 50%-ის ლ------–-------–---–-- და კ-----------------ზე გადაფორმება (ტომი 1, ს.ფ. 278-279).
6. 2014 წლის 24 ნოემბერს სს „კ------------------------“ და კ-----------------ს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #------------------- დაიდო, რომლის თანახმად, მოსარჩელის სახელზე 72 თვის ვადით, 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 14%-იანი საპროცენტო განაკვეთით, კრედიტი გაიცა (ტომი 1, ს.ფ. 30-33, 34).
7. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #------------------- 2014 წლის 24 ნოემბერს სს „კ------------------------“ და მ-----------ე ს---------ს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით იქნა უზრუნველყოფილი. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა 307 773.39 აშშ დოლარით განისაზღვრა (ტომი 1, ს.ფ. 36-37, 35).
8. 2015 წლის 6 აგვისტოს სს „კ------------------------“ და კ-----------------ს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #------------------- დაიდო, რომლის თანახმად, კრედიტის თანხად - 30 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, წლიური 14%-იანი საპროცენტო განაკვეთით, კრედიტის გადახდის ვადად 63 თვე განისაზღვრა (ტომი 1, ს.ფ. 23-26, 27, 28-29).
9. 2015 წლის 02 სექტემბერს, მ----- ნ-–------ეს, მ-----------ე ს---------ს, ლ---- ლ-------–---–ს, კ-----------------სა და ვ---- ქ-–----ს შორის გარიგება დაიდო, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ სს „კ----------------------ში“ #------------------- და #------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ------- რ------ის სახელზე არსებული სესხი 348 331 000.00 აშშ დოლარი შემდეგნაირად გადანაწილდებოდა: მ----- ნ-–------ე - 123 170 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 1 970 აშშ დოლარი; ვ---- ქ-–---- - 30 562 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 492 აშშ დოლარი; ლ---- ლ-------–---–ი - 97 300 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 1 390 აშშ დოლარი; კ----------------- - 97 299 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 1 390 აშშ დოლარი (ტომი 1, ს.ფ. 22, მხარეთა ახსნა-განმარტება).
10. 2017 წლის 04 იანვარს, სს „ტ--------სა“ და მეორე მხრივ, მ-----------ე ს---------სა და მ----- ნ-–------ეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N-------------- დაიდო, რომლის თანახმად, მოპასუხეებზე 60 თვის ვადით კრედიტი 60 000 აშშ დოლარის ოდენობით გაიცა, წლიური საპროცენტო განაკვეთი 11.5% განისაზღვრა. ხელშეკრულების 3.13. პუნქტის თანახმად, კრედიტის მიზნობრიობას კ------- რ------ის ხელშეკრულების - #------------------- საბანკო კრედიტის დაფარვა წარმოადგენდა. აღნიშნული ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხე მ-----------ე ს---------სა და სს „ტ--------ს“ (ყოფილი სს „კ----------------------ი“) შორის 2015 წლის 24 ნოემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულება გაუქმდა და მ-----------ე ს--------- კ------- რ------ის სესხზე თავდების ვალდებულებებისაგან გათავისუფლდა (ტომი 1, ს.ფ. 272-277, 242, მხარეთა ახსნა-განმარტებები)
11. 2015 წლის 6 აგვისტოს სს „კ------------------------“ და კ-----------------ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #------------------- გამომდინარე ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე კრედიტორის მიმართ სრულადაა შესრულებული. 2014 წლის 24 ნოემბერს სს „კ------------------------“ და კ-----------------ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #------------------- გამომდინარე მოსარჩელეს დავალიანება კრედიტორის მიმართ ძირი თანხის - 20 687.04 აშშ დოლარის, პროცენტის - 3 606.74 აშშ დოლარის და ჯარიმის - 5 774.48 აშშ დოლარის ოდენობით ერიცხება (ტომი 1, ს.ფ. 177-181).
12. 2015 წლის 02 სექტემბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ----- ნ-–------ესა და მ-----------ე ს---------ს, კ------- რ------ის სასარგებლოდ 89 290 აშშ დოლარი აქვთ გადახდილი, რაშიც, ასევე, 2017 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებით კ------- რ------ის სესხიდან ცალკე გამოყოფილი 60 000 აშშ დოლარი შედის (მხარეთა ახსნა-განმარტებები, ტომი 1, 38-83, 177-181, 232 – 236).
13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის 2015 წლის 02სექტემბერს დადებული შეთანხმება იძულებით დადებულ გარიგებას არ წამოადგენს.
უწინარესად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის მხარეებზე და მათ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივ საფუძვლებზე, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-15-29-1443-2012, 2013 წლის 9 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ ბუნებაში არსებული ნებისმიერი გარიგება ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე არსებობს. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი თანხმდებიან არა მხოლოდ სამართლებრივ შედეგზე, არამედ წესებზეც, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. ნება, რომლის საფუძველზეც პირი კისრულობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თვითშებოჭვას, უნდა იყოს „ნამდვილი“, პირის მიერ გამოვლენილი ნება უნდა ემთხვეოდეს მის შინაგან ნებას, იმდენად, რამდენადაც ის თავისუფალია გარიგების დადებაში. ნების (გადაწყვეტილების მიღება) თავისუფლებასთან ერთად ნების გამოვლენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნების სწორად გამოხატვასა და ფორმირებას. ამ კომპონენტების ხარვეზი ნების ნაკლს იწვევს.
პალატა აღნიშნავს, რომ პირი სამართლებრივ ურთიერთობაში ჩასაბმელად ნების გამოვლენისათვის, რამდენიმე ეტაპს გადის, რომლის უნაკლო გავლაც ნების გამოვლენის წინაპირობაა. პირველ ეტაპზე ხდება პირის მიერ გარკვეული წარმოდგენის ჩამოყალიბება, თუ რისთვის ავლენს იგი ნებას. მხარეს წარმოეშობა გარკვეული მოთხოვნილება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც ის იწყებს საშუალებების ძიებას. მეორე ეტაპზე ის ირჩევს მიზნის მიღწევის ხერხს, ირჩევს კონტრაჰენტს და ნების გამოვლენის საშუალებას, რომელიც მას დაეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. პირი სწორად უნდა აფასებდეს გარემოებებს და ნების გამოვლენის სავარაუდო შედეგს. მესამე ეტაპია უშუალოდ ნების გამოვლენა. აუცილებელია, რომ ზუსტად და გასაგებად მოხდეს შინაგანად ფორმირებული ნების გამოხატვა (უნდა იყოს აღქმადი) ნების მიმღებთან, რაც შემდგომში მხარეთა შეთანხმების საფუძველი იქნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მესამე პირისაგან მომდინარეობს. იმავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იძულებად ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო მიზნით მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, შესაბამისად, თუ გარიგების დადებისას საშუალება და მიზანი შეუსაბამოა, ეს გარემოება გარიგების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებაა, რომ მოდავე მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობა 2014 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებით დაიწყო, რომლითაც მხარეთა ვალდებულებები განისაზღვრა, კერძოდ, მ-----------ე ს---------სა და ვ---- ქ-–----ს აშენებული 4 სართულიანი შენობა თავის სარდაფით, შავი კარკასის მდგომარეობაში 190.000 აშშ დოლარად შეფასდა. აღნიშნული შენობა ლ---- ლ-------–---–ს და აპელანტ კ-----------------ს უნდა დაემთავრებინათ, რის შემდგომაც მათ უძრავი ქონების ნახევარი გადაეცემოდათ. აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, მხარეებს გარკვეული ფინანსური პრობლემები წარმოეშვათ, გამოჩნდა გაუთვალისწინებელი ხარჯები. 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 02 სექტემბერს მოდავე მხარეებმა ახალი გარიგება დადეს, რომლის ძალით, მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ სს „კ----------------------ში“ #------------------- და #------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ------- რ------ის სახელზე არსებული სესხი 348 331 000.00 აშშ დოლარი შემდეგნაირად გადანაწილდებოდა: მ----- ნ-–------ე - 123 170 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 1 970 აშშ დოლარი; ვ---- ქ-–---- - 30 562 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 492 აშშ დოლარი; ლ---- ლ-------–---–ი - 97 300 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 1 390 აშშ დოლარი; კ----------------- - 97 299 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 1 390 აშშ დოლარი (ტომი 1, ს.ფ. 22). აღნიშნული ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიულად და მ----- ნ-–------ისა და მ-----------ე ს---------ს მიერ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სრულდებოდა, რასაც ადასტურებს საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც ირკვევა, რომ 2015 წლის 02 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ----- ნ-–------ესა და მ-----------ე ს---------ს, კ------- რ------ის სასარგებლოდ 89 290 აშშ დოლარი აქვთ გადახდილი (მხარეთა ახსნა-განმარტებები, ტომი 1, 38-83, 177-181, 232 – 236). საყურადღებოა, რომ მ----- ნ-–------ისა და მ-----------ე ს---------ს ერთობლივი ვალი ჯამში 123170 აშშ დოლარს შეადგენდა (ოდენობა სადავოდ არც მ-----------ე ს---------ს გაუხდია), შესაბამისად ნათელია, რომ საერთო თანხის უდიდესი ნაწილი მოპასუხე მხარეებს სარჩელის აღძვრის მომენტში უკვე შესრულებული ჰქონდათ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გარდა იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ საქმის მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 02 სექტემბრის გარიგება მოსარჩელე მხარის მიერ გამოვლენილი იმგვარი ძალადობის შედეგად დაიდო, რომელიც მხარეს მუქარის რეალურად აღქმის პირობებში გარიგებაზე ხელმოწერას აიძულებდა, ასევე ამ ფაქტს გამორიცხავს ის გარემოება, რომ ხელმოწერის შემდგომ მოპასუხე მხარეები კონკლუდენტური მოქმედებით დაეთანხმნენ დადებული გარიგების შინაარსს, კერძოდ, ისინი სტაბილურად ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებას, 2017 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებით კი, მ-----------ე ს---------მ ბანკიდან სესხის სახით დამატებით 60 000 აშშ დოლარი აიღო, რომელიც თავად მისივე განმარტებით ნაკისრი ვალდებულების დაფარვას მოხმარდა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმი 16:43:18 საათი და შემდგომ, 16:45:38 საათი და შემდგომ...). ამ უკანასკნელი სესხის დადებისას დ----- რ------ემ თანხმობა განაცხადა მ-----------ე ს---------ს თავდებობის ვალდებულებისგან გათავისუფლებაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არც სესხის აღების დროს და არც მას შემდეგ, მოპასუხეების იძულებას, შანტაჟს ან მუქარას ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით მოპასუხეთა მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტი, რომლის ზეგავლენითაც ისინი 2015 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას იკისრებდნენ არ დგინდება, რაც მოპასუხეთა მიერ გამოვლენილ ნებას ნამდვილს ხოლო, ხელშეკრულებას კანონის წესებით დადებულად ხდის.
14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მ----- ნ-–------ისთვისა და მ-----------ე ს---------სთვის 25 355,53 აშშ დოლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული 2015 წლის 02 სექტემბრის შეთანხმებით ცალსახად დგინდება, რომ მოპასუხეებმა კ------- რ------ის სესხის სულ - 348 331 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება სოლიდარულად იკისრეს, ამავე შეთანხმებაში მითითებულია, რომ მხარეებმა პასუხისმგებლობა აღნიშნული სესხის საბოლოო დაფარვამდე იკისრეს. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნას მასზედ, რომ 2017 წლის 04 იანვარს, მ-----------ე ს---------სა და მ----- ნ-–------ის მიერ სს „ტ---------დან“ 60 000 აშშ დოლარის სესხის აღებით 2015 წლის 02 სექტემბერს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება შეწყდა, ვინაიდან მხარეებმა დადეს ახალი შეთანხმება, რომლითაც მათ შორის არსებული ვალდებულებების მოცულობა ხელახლა განისაზღვრა. უპირველესად პალატა მიუთითებს, რომ 2015 წლის 02 სექტემბრის ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს მოპასუხეებთან ერთად მოსარჩელეც წარმოადგენდა მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 04 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაში მხარედ კ----------------- არ გვევლინება. ანუ ცალსახაა, რომ სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე კ------- რ------ის მიერ ნების გამოვლენას ადგილი არ ჰქონია, რაც მოპასუხეების მიერ მის მიმართ ნაკისრი ვალდებულების განსხვავებული მოცულობით განსაზღვრის შესაძლებლობას გამორიცხავს.
რაც შეეხება არგუმენტს მასზედ, რომ ახალი შეთანხმების დადებასა და ვალდებულების მოცულობის ახლებურად განსაზღვრას ასაბუთებდა ის გარემოება, რომ 2017 წელს დადებული ხელშეკრულებით მ-----------ე ს---------ს მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს ნაკისრი თავდებობის ვალდებულება შეწყდა, აღნიშნული გარემოება ფულადი ვალდებულების მოცულობაზე გავლენას ვერ ახდენს. აპელანტ მხარეს სადავო არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2017 წელს მოპასუხეების მიერ სს „ტ--------ში“ სესხის აღებისას მან მ-----------ე ს---------ს თავდებობისგან გათავისუფლებაზე თანხმობა განაცხადა, რომელსაც ასევე, დაეთანხმა ბანკის წარმომადგენელიც, თუმცა აღნიშნულიდან იმგვარი დასკვნის გამოტანა, თითქოს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის ამ დღეს ახალი გარიგება დაიდო და ვალდებულებები განსხვავებულად განისაზღვრა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული იმ თვალსაჩინო მიზეზის გამო, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების ფორმირების შესახებ ნება/თანხმობა არც საქმის მასალებით და არც მისი კონკლუდენტური მოქმედებებით არ დასტურდება, ასევე, თავდებობის ხელშრულება დამოუკიდებელი გარიგებაა და მას სამოქალაქო კოდექსის სპეციალური ნორმები აწესრიგებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით კ------- რ------ის მიერ 150 000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის გაღების ფაქტი არ დასტურდება, რის შემთხვევაშიც 2014 წლის შეთანხმების თანახმად, გაწეული ხარჯები ერთობლივ საქმიანობაში მონაწილე პირებს შორის გარკვეული პროპორციით უნდა გადანაწილებულიყო. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს აპელანტმა მიუთითა და მ-----------ე ს---------მ დაადასტურა, რომ შენობა, რომლის დამთავრებაც კ-----------------მ ივალდებულა და შესაბამისი სახსრებიც მოიძია დასრულებულია და წილები შეთანხმებული პროცენტულობით მხარეებს აქვთ გადანაწილებული. უდავოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ ნაკისრი 150 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება სწორედ შენობის დამთავრების მიზანს ისახავდა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა უძრავი ქონების 50%-ის მოსარჩელისთვის, ხოლო დარჩენილი 50%-ის მოპასუხეებისთვის გადანაწილება. მხარეთა ახსნა-განმარტებებით, რაც სამოქალაქო საპროცესო მიზნებისთვის ერთ-ერთ მტკიცებულებად მიიჩნევა დადასტურებულია, რომ მხარეთა მთავარი მიზანი შენობის დასრულება მიღწეულია, აღნიშნული კი, კიდევ ერთხელ ამყარებს სასამართლოს რწმენას მასზედ, რომ კ-----------------ს 2015 წლის 02 სექტემბერს მოპასუხეთა მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება ჰქონდა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმი 16:39:49 საათი და შემდგომ, 16:41:40 საათი და შემდგომ...).
15. მოსარჩელე მხარემ დაზუსტებულ სარჩელში მოპასუხეთა ვალდებულების შესრულების გრაფიკი წარმოადგინა და საბოლოო ჯამში აღნიშნა, რომ მ----- ნ-–------ესა და მ-----------ე ს---------ს ნაკისრი ვალდებულებიდან 91 794,21 აშშ დოლარი გადახდილი აქვთ, ხოლო გადასახდელი ოდენობა 25 355,53 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული გაანგარიშება მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი, დასტურდება, რომ მოპასუხეების (მ----- ნ-–------ესა და მ-----------ე ს---------ს) ძირითადი სესხის გადასახდელი თანხა 89 290,336 აშშ დოლარს შეადგენდა, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მოპასუხეებს შეთანხმებული პროცენტულობით 22022,04 აშშ დოლარი და საბანკო ჯარიმა 466 773 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ. აღნიშნული თანხებიდან მოსარჩელის მითითებით მოპასუხეებს 91 794,21 აშშ დოლარი გადახდილი ხოლო, 25 355,53 აშშ დოლარი გადასახდელი აქვთ. რაც შეეხება მოსარჩელეს მან როგორც სოლიდარულმა მოვალემ ბანკის წინაშე სრულად შეასრულა ვალდებულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 463-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხეებისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნის საფუძველს აძლევდა.
16. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ვ---- ქ-–----სთვის 33 315,38 აშშ დოლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.
უდავო გარემოებაა, რომ 2015 წლის 02 სექტემბრის ხელშეკრულებით მან 33 315,38 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა, ასევე, უდავო გარემოებაა, რომ ვ---- ქ-–----ს ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვს, მას არცერთი გადახდა არ განუხორციელებია. წარდგენილი შესაგებლით მხარემ თავდაცვის მექანიზმად მოტყუებით დადებული გარიგებების მარეგულირებელი ნორმები გამოიყენა და განაცხადა, რომ მოსარჩელემ ისარგებლა იმით, რომ მან ქართული ენა არ იცოდა, მოტყუებით მოაწერინა ხელი შეთანხმებაზე, მეორე დღეს კი მან მეგობარს ანახა შეთანხმება, რომელმაც მას რეალურად განუმარტა თუ რაზე ჰქონდა ხელი მოწერილი, რის შედეგადაც ვ---- ქ-–----მ ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო გარიგება საცილოდ არის გამხდარი გამოვლენილი ნების ნაკლის გამო, ხოლო ნების ნაკლს მოპასუხე მოსარჩელის მიერ განხორციელებულ მოტყუების ფაქტს უკავშირებს.
სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
ამდენად, მოტყუება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუების დროს არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება ცდომილებაში განზრახ შეყვანას გულისხმობს. პალატა აღნიშნავს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას გამოიწვევდა, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად ვერ ექნებოდა თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შექმნილ ვითარებაში „ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1117-1051-2015).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მოტყუების ფაქტს ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მან ქართული ენა სათანადოდ არ იცის და ვერ გაიგო იმ გარიგების შინაარსი რაზეც მოსარჩელემ ხელი მოაწერინა.
სააპელაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაპყრობს სამართალში მოქმედ ე.წ პრეზუმფციაზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ გარიგების დადებაზე ნების ნოტარიუსთან გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენს ნოტარიუსი უმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანამდევ შედეგებს. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 02 სექტემბრის სანოტარო აქტში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა მხარეებს განუმარტა მათი უფლებების შესახებ, ასევე განუმარტა, რომ ხელშეკრულების შინაარსზე იგი პასუხს არ აგებდა, რაზეც მხარეებმა განაცხადეს, რომ მათთვის აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი იყო და დაადასტურეს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება სურდათ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ვ---- ქ-–----სთვის გაცნობილი იყო და გააზრებული ჰქონდა ხელშეკრულების შინაარსი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე სანოტარო ბიუროში სხვა ოთხ პიროვნებასთან ერთად გამოცხადდა შესაბამისად, იქმნება გონივრული ვარაუდი იმისა, რომ იგი აღნიშნულ პიროვნებებს იცნობდა და მასთან ურთიერთობა ჰქონდა. ასევე, დამოწმებული შეთანხმება ერთ გვერდიანია, დაბეჭდილია საკმაოდ დიდი ზომის ასოებით და მისი უმეტესი ნაწილი ციფრებისგან შედგება, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ყოველი გონიერი ადამიანისთვის, ენის ცოდნის გარეშეც კი, მარტივი მისახვედრი იქნებოდა, რომ ხსენებული ერთგვერდიანი შეთანხმება გარკვეული თანხების გადანაწილებას შეეხებოდა, ამ პირობებში კი, ენის ცოდნის გარეშე გარიგებაზე ხელისმოწერა მოპასუხის სამოქალაქო დაუდევრობას წარმოადგენს, რაც მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო მართლწესრიგის გამართულ ფუნქციონირებასა და კერძო პირებს შორის მოქმედ ნების ავტონომიურობის პრინციპს საფრთხე შეექმნება და მსგავსი დაშვების პირობებში, ყველა არაკეთილსინდისიერ მოვალეს უფლება მიეცემა ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით ენის არცოდნაზე ან/და სხვა მსგავს გარემოებებზე მიუთითოს რაც, რა თქმა უნდა, სცდება სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს და გაზიარებული ვერ იქნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვ---- ქ-–---- ისევე, როგორც მ----- ნ-–------ე და მ-----------ე ს--------- მოვალეს წარმოადგენს და მას მოსარჩელის სასარგებლოდ შეუსრულებელი ვალდებულების სახით 33 315,38 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.
17. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, მოსარჩელე მხარემ შეთანხმების არსებობის ფაქტი დაადასტურა, ასევე წარდგენილი გადახდებით სასამართლოს შეუქმნა მტკიცებულებით გამყარებული რწმენა რომ მ----- ნ-–------ესა და მ-----------ე ს---------ს ნაკისრი ვალდებულების ნაწილი, ხოლო, ვ---- ქ-–----ს ვალდებულება არ შეუსრულებიათ. რაც შეეხება მოპასუხე მხარეებს მათ თანხის დაკისრების გამომრიცხველი გარემოებების შესახებ ვერ მიუთითეს, ის გარემოება კი, რომ 2017 წელს დადებულმა გარიგებამ ავტომატურად გამოიწვია 2015 წელს დადებული შეთანხმების შეცვლა და ახალი სამართალურთიერთობა შექმნა საქმის მასალებით არ დასტურდება და შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, კ------- რ------ის სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, ხოლო იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეებმა ვერ გასწიეს, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების, გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის სარჩელი პირველ ინსტანციაში არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელი დააკმაყოფილა, მოპასუხეებს მოსარჩელე კ------- რ------ის სასარგებლოდ სოლიდარულად, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარის, ხოლო, სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი 5000 ლარის გადახდის ვალდებულება იუნდა დაეკისროთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 389-ე, 47-ე, 48-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. კ------- რ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება;
3. კ------- რ------ის დაზუსტებული სარჩელი მ-----------ე ს---------ს, ვ---- ქ-–----სა და მ----- ნ-–------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
4. მ-----------ე ს---------სა და მ----- ნ-–------ეს კ------- რ------ის მიმართ დაეკისროს 25 355,53 აშშ დოლარის ანაზღაურება;
5. ვ---- ქ-–----ს კ------- რ------ის მიმართ დაეკისროს 33 315,38 აშშ დოლარის ანაზღაურება;
6. მ-----------ე ს---------ს, ვ---- ქ-–----სა და მ----- ნ-–------ეს კ------- რ------ის მიმართ სოლიდარულად დაეკისროთ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 000 ლარისა და სააპელაციო სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარის ანაზღაურება.
7. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი თამარ ზამბახიძე