განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
190140018002765313
ინსტანცია
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190140018002765313

საქმე №6ბ/01-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ--–---- ლ------- საჩივარი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებაზე, ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თაობაზე.

 

აღწერილობით- სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით მ--–---- ლ-------–ნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქ/პუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მ--–---- ლ------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ მ--–---- ლ------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 11 ივლისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ--–---- ლ------- საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ--–---- ლ------- შუამდგომლობა, ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--–---- ლ--------რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის განჩინების გაუქმება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლება.

პალატამ, განიხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ პირი ავადმყოფობის გამო გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან აუცილებელია უტყუარად დადგინდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით მოცემული გარემოებების კუმულაციურად არსებობის ფაქტი, კერძოდ: 1) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და 2) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. ამასთან, მოცემული ორი გარემოების/პირობის ცალ-ცალკე ფორმით არსებობა (მხოლოდ ერთი გარემოების არსებობა) არ წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს. გარდა ამისა, აღნიშნულის გარემოებების დადგენასთან ერთად სასამართლომ საკითხის განხილვისას უნდა გაითვალისწინოს: ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, ბ) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, გ) მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დ) დანაშაულის ხასიათი, ე) მოტივი, 3) მიზანი, ზ) დამდგარი შედეგი, თ) დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, ი) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სამედიცინო ხასიათის მქონე ცნობები მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ მ--–---- ლ------- აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაციით არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას. გარდა ამისა, არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა (რომელიც მოცემული საკითხვის განხილვისას წარმოადგენს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას), რომელიც მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

ამდენად, პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმასთან მიმართებით, რომ ჯანმრთელობის შესახებ ცნობებით არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ მსჯავრდებული დაავადებულია ისეთი ავადმყოფობით, რაც შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან. ასევე, წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის საჩივარი ვერ აკმაყოფილებს, როგორც კანონის პროცესუალურ-სამართლებრივი მოთხოვნებს, ასევე მისი დასაბუთების სტანდარტებს საკითხის დადებითად გადაწყვეტის თვალსაზრისით.

პალატა უტყუარ დადგენილ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მსჯავრდებულს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ამ დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სიცოცხლის უფლებაზე, რომლის მიხედვითაც სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და კონვენცია ამ უფლებას პიროვნების სტატუსიდან გამომდინარე არ განიხილავს, რა დროსაც ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე „ხ-------------------–---–- საქართველოს წინააღმდეგ“, დადგინდა მე-2 მუხლის დარღვევა. სასამართლომ განმარტა, რომ უპირველეს ყოვლისა, კონვენციის მე–2 მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის უფლებას, კონვენციის უმნიშვნელოვანეს მუხლებს შორის ფიგურირებს და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროპის საბჭო. სასამართლომ უკიდურესი ყურადღებით უნდა განიხილოს პრეტენზიები აღნიშნული დებულების დარღვევის შესახებ (Natcova et autres c. [GC], nos 43677/98 et 43579/98, § 93, GEDH 2005 – VIII).

კონვენციის მე–2 მუხლის პირველი პარაგრაფის პირველი წინადადება სახელმწიფოს ავალდებულებს, არა მხოლოდ თავი შეიკავოს სიკვდილის განზრახ და უკანონოდ გამოწვევისგან, არამედ ასევე, მიიღოს ყველა აუცილებებლი ზომა მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ პირთა სიცოცხლის დასაცავად.

საქმეზე „მ----------------------–--- საქართველოს წინააღმდეგ“, რომელზეც ასევე დადგინდა მე-2 მუხლის დარღვევა და თემატური თვალსაზრისით ანალოგიურია პალატის მიერ განსახილველი საქმის, სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე–2 მუხლით გარანტირებული დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს განსაკუთრებული სიფრთხილით და გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების ქმედება, არამედ არსებული ვითარებაც. საპყრობილეში მოთავსებული პირები იმყოფებიან მოწყვლად პოზიციაში და მთავრობა ვალდებულია, დაიცვას ისინი. კერძოდ, მთავრობა ვალდებულია, დაიცვას თავისუფლებააღკვეთილ პირთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა (იხ.Naumenko v. Ukraine, no 42023/98 §112, 10 February 2004; and Dzieciak v. Poland, no. 77766/01, § 91, 9 December 2008). საპყრობილეში მყოფ პირთა სიცოცხლის დაცვა ასევე გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას მათი სიცოცხლის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის შესახებ (იხ.Tais v. France, no. 39922/03, § 98, 1 June 2006; and Huylu v. Turkey, no. 52955/99, § 58, 16 November 2006).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მ--–---- ლ------- მიმართ სააპელაციო საჩივრის განხილვისას მნიშვნელობა აქვს ასევე დადგინდეს კონკრეტული გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებულის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა აკმაყოფილებს თუ არა ზემოაღნიშნულ სტანდარტებს. ასევე, ის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილი არის თუ არა სასჯელის მოხდის პერიოდში.

აღნიშნული კუთხით საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება გაანალიზება ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულ მ--–---- ლ------- მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, რაც დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი არაერთი სამედიცინო დოკუმენტაციით, რაც მიუთითებს მასზედ, რომ სასჯელაღსულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე სახელმწიფოს მიერ გაწეული პოზიტიური ვალდებულებების (რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვაში გამოიხატება) გათვალისწინებით არ/ვერ განიხილება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შეუსაბამობად სასჯელის მოხდასთან, მითუფრო, რომ აღნიშნული გარემოება არცერთი სხვა მტკიცებულებით არ დგინდება, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უშლის სასჯელის მოხდას.

რაც შეეხება, მსჯავრებულის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ თავად სასამართლომ მოახდინოს მისი ავადმყოფობის ისტორიის გამოთხოვა და შესაბამისის ექსპერტიზის დანიშვნა. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის მხარის ხელშემწყობ მტკიცებულებათა მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა მხარეთა კომპეტენციაა“. მითითებული ნორმის ჩანაწერი ნათალდ მიუთითებს მასზედ, რომ სასამართლოში სწორედ მხარემ უნდა წარადგინონ ის მტკიცებულება, რომლის საფუძველზედაც ის ადასტურებს ან უარყოფს ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, ზემოაღნიშნულის შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, რადგან შემდეგ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა.

გარდა აღნიშნულისა, პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებს, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომლისთვისაც იგი დღეის მდგომარეობით სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო ჩადენილი დანაშაულების ხასიათის, მოტივის, მიზნის და დანაშაულების განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით ადასტურებენ მ--–---- ლ------- საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულებისაგან გათავისუფლება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასებით მსჯავრდებულ მ--–---- ლ------- ავადმყოფობა ამ ეტაპზე ხელს არ უშლის სასჯელის მოხდას, შესაბამისად მსჯავრდებულ მ--–---- ლ------- საჩივარი ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ--–---- ლ------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის განჩინება მ--–---- ლ------- მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მ. ისაევი

 

მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი

 

ვ.ლომიძე