განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
330210017001875490
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები , სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001875490

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/487-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი, ელენე ომანიძე

 

აპელანტი - კ--------------

წარმომადგენელი - ა------–-----

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „--------–----------------

წარმომადგენლები - ვ----------------, მ---------–----–--

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ---- ბ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „--------–---------------- რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომრციული) იურიდიული პირების რეესტრში 2008 წლის 10 აპრილიდან საიდენტიფიკაციო ნომრით 2--------. საწარმოს წილის 34 %-ის მესაკუთრეა მოსარჩელის მეუღლე, მ----------------------, ხოლო 66%-ისა - თურქეთის მოქალაქე ო--------–----–--. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საწარმოს დირექტორია ო--------–----–--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ს.ფ. 26

 

2.2. 2008 წლის 2 მაისს, შპს „--------–--------------ის“ დირექტორმა, ო--------–----–--მ, მოსარჩელე კ--------------ზე 3 წლის ვადით გასცა მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭა უფლება, ყოფილიყო მოპასუხე საწარმოს წარმომადგენელი „---------------–---ს“ ნებისმიერ ფილიალში და მოპასუხის სახელით განეხორციელებინა კანონით დაშვებული ნებისმიერ ქმედება, ეწარმოებინა ნებისმიერი საბანკო ოპერაცია, მათ შორის - ანგარიშის გახსნა, თანხის შეტანა-გამოტანა, გადარიცხვები, ვალდებულების აღება, უძრავი და მოძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა და დაგირავება. აღნიშნული დავალებების შესრულების მიზნით, მოსარჩელეს მიეცა უფლება, მოპასუხე საწარმოს სახელით, დირექტორის მაგივრად მოეწერა ხელი განცხადებებისთვის და შეესრულებინა ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია ზემომითითებული დავალების შესრულებასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :

სანოტარო აქტი N------, დამოწმებული ნოტარიუს ნ---------------ს მიერ 2008 წლის 2 მაისს, ს.ფ. 15-18

 

2.3. 2011 წლის 10 ივნისს, ნოტარიუს ნ---------------ს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ო--------–----–--მ, როგორც შპს „--------–--------------ის“ დირექტორმა, კ---- ბ-------ის სახელზე გასცა უვადო მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელეს მიეცა უფლება, იყოს მოსარჩელე საწარმოს წარმომადგენელი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებში, მათ შორის - ნებისმიერ საბაჟო სამსახურში, ასევე აწარმოოს მოლაპარაკებები ფირმის სახელით, აიღოს ვალდებულებები, აიღოს ვალდებულებები, ნებისმიერ ბანკში გახსნას და დახუროს ანგარიშები, შეასრულოს საბანკო ოპერაციები, საზოგადოების ანგარიშებზე შეიტანოს და ამ ანგარიშებიდან გამოიტანოს თანხები, აწარმოოს გადარიცხვები, ფირმის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები, დადოს ხელშეკრულებები, ხელი მოაწეროს საგადასახადო განცხადებასა და სხვა სახის საჭირო დოკუმენტებს, შეასრულოს აღნიშნული ფირმის სახელზე შემოსული საქონლის საბჟო პროცედურები, იყიდოს და გაყიდოს ფირმის სახელით ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება, აწარმოოს ყველა სახის სადაზღვევო პროცედურები, ხელი მოაწეროს საჭირო დოკუმენტებს და შეასრულოს ნებისმიერი მოქმედება ამ მინდობილობაში აღნიშნული დავალების შესასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :

 

2011 წლის 10 ივნისის სანოტარო აქტი, შპს „--------–--------------სის“ მიერ კ--------------ზე გაცემული მინდობილობა, ს.ფ. 20-22

 

2.4. 2016 წლის 23 დეკემბერს, შპს „--------–--------------ის“ დირექტორმა ო--------–----–--მ გააუქმა კ---- ბ-------ის სასარგებლოდ 2011 წლის 10 ივნისს გაცემული მინდობილობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :

2----–-–----------------- სანოტარო აქტი მინდობილობის გაუქმების შესახებ, ს.ფ. 23-25

 

2.5. 2008 წლის 2 მაისისა და 2011 წლის 10 ივნისის მინდობილობების საფუძველზე, კ-------------- შპს „--------–--------------ის“ სახელით მითითებული მინდობილობებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს მოპასუხე საწარმოს სახელით ახორციელებდა ჯამში 103 თვის მანძილზე. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ამ პერიოდში მოსარჩელე კ--------------ს მოპასუხე საწარმოსგან ხელფასის სახით თანხა არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ მხარეთა შორის არ შემდგარა შეთანხმება მოსარჩელე კ---- ბ-------ისთვის ხელფასის სახით ყოველთვიურად 5000 ლარის გადახდის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, შეესრულებინა ზემოთ მითითებული, 2008 წლის 2 მაისისა და 2011 წლის 10 ივნისის მინდობილობებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, როგორც საწარმოს დირექტორისგან უფლებამოსილ პირს. მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა ის გარემოება, რომ ზემოთ მითითებული მინდობილობების ფარგლებში, მოსარჩელეზე გადავიდა დირექტორის უფლებამოსილებები და, შესაბამისად, მინდობილობებით განსაზღვრულ საკითხებში, მოსარჩელე მოქმედებდა, როგორც საწარმოს დირექტორი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ დავაზე მსჯელობისას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები.

 

,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხე საწარმოს შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც დაარეგულირებდა მხარეთა ურთიერთობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად, დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს როგორც უსასყიდლო, ასევე - სასყიდლიანი. იმის დასადგენად, სასყიდლიანია თუ არა დავალების ხელშეკრულება, უნდა შემოწმდეს, ხომ არ ითვალისწინებს კანონი დავალების ხელშეკრულების სავალდებულოდ სასყიდლიან ხასიათს, ან ხომ არ არსებობს მხარეებს შორის დავალების ხელშეკრულება, მოცემულ შემთხვევაში - სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება, რომელიც მიანიჭებდა მოსარჩელეს უფლებას, მოითხოვოს მოპასუხისაგან 103 თვის ხელფასი თვეში 5000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ 2008 წლის 2 მაისისა და 2011 წლის 10 ივნისის მინდობილობებში მითითებული უფლებამოსილებები ზოგადი ხასიათისაა და ვრცელდება არა რომელიმე ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ გარიგებაზე/გარიგებებზე, არამედ - მინდობილობების მოქმედების პერიოდში მოპასუხე საწარმოს საბანკო, საბაჟო და სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით შესასრულებელ მოქმედებებზე ზოგადად, რაც, თავის მხრივ, არ გულისხმობს მითითებული მოქმედებების მაღალი ალბათობით გასამრჯელოს სანაცვლოდ განხორციელებას.

 

ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების გაქარწყლება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ, თუ იგი დაადასტურებს, რომ სადავო ურთიერთობა გასამრჯელოს არ ითვალისწინებდა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოს მხრიდან გასამრჯელოსთან დაკავშირებული ხელშეკრულება ზეპირი ფორმით ვერ იქნებოდა დადებული თუნდაც იმიტომ, რომ მოპასუხე საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე ვერ აიღებდა თავის თავზე ვალდებულებას, ხელფასის სახით 8 წლის შემდეგ გადაეხადა მოსარჩელისთვის ხელფასი თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით, ვინაიდან საწარმოს მრავალი წლის მანძილზე არ ჰქონია და მოსარჩელისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ საწარმოს ვერ ექნებოდა თანხები, რომლიდანაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული ხელფასის გადახდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვისას, მოპასუხის მიერ გაკეთებული განმარტება და წარმოდგენილი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე საწარმოს შესაბამისი თანხები არ ჰქონია და არა აქვს, მოსარჩელეს სადავო არ გაუხდია.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე საწარმოს სადავო თანხის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს იმდენად, რამდენადაც მოსარჩელის მუშაობის შედეგად კომპანია ფინანსურად განვითარდა, რასაც ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელზეც მოსარჩელეს ხელი აქვს მოწერილი. სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოს წარმომადგენლის მიერ თუნდაც საწარმოსათვის ფინანსურად მომგებიან ხელშეკრულებებზე ხელის მოწერის ფაქტი არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ დადგენილად იქნეს მიჩნეული დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელფასის გადახდის თაობაზე მოპასუხე საწარმოს ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია, რომ არსებობდეს შეთანხმება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობაზე, კერძოდ - ანაზღაურების ოდენობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ მხარეებს შორის არსებობს ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მოპასუხე საწარმომ აიღო ვალდებულება, მინდობილობებით გათვალიწინებული დავალებების შესრულების სანაცვლოდ, გადაუხადოს მოსარჩელეს ხელფასი თვეში 5000 ლარის ოდენობით, ევალებოდა მოსარჩელე მხარეს, რაც მის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობაზე - ყოველთვიური ანაზღაურების კონკრეტულ ოდენობაზე - სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არ შემდგარა შეთანხმება მოსარჩელე კ---- ბ-------ისთვის ხელფასის სახით ყოველთვიურად 5000 ლარის გადახდის თაობაზე.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან სადავო ხელფასთან დაკავშირებულ გარემოებაზე ზეპირი შეთანხმების არსებობაზე მხოლოდ მითითება არ არის საკმარისი არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოცემული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად და არც იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მხარეებს შორის დადებულია სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ვინაიდან სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კ--------------სა და მოპასუხე შპს „--------–--------------ს“ შორის არ წარმოშობილა სასყიდლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კ---- ბ-------ის მოთხოვნა მოპასუხე საწარმოზე 103 თვის ხელფასის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით ფაქტობრივი უსწორობაა, რომ თითქოს მხარეთა შორის არ შემდგარა შეთანხმება ყოველთვიური ანაზღაურების თაობაზე და მოსარჩელემ უსასყიდლოდ იშრომა მთელი წლების განმავლობაში. ასეთი მიდგომა არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით ასევე ზეპირი ფორმით, გადაწყვეტილებაში მოყვანილი განმარტებით კი სასამართლომ უარყო ამ მუხლის შინაარსი და გარიგების დასადებად მხოლოდ წერილობითი ფორმა აღიარა, როდესაც სახეზეა ადამიანის მიერ 8 წლის განმავლობაში განხორციელებული და პირნათლად შესრულებული მასზედ დაკისრებული ვალდებულება. აპელანტის განმარტებით სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, რომ გარიგება დაიდოს როგორც წერილობით ისე ზეპირი ფორმით. აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება შეიძლება პირდაპირ არ შეიცავდეს მითითებას გასამსჯელოს თაობაზე, მაგრამ შესასრულებელი მოქმედების შინაარსი მხოლოდ რწმუნებულის ანაზღაურებად საქმიანობას ითვალისწინებდეს. აპელანტის მითითებით მართლია, კანონი არ განსაზღვრავს გასამრჯელოს ოდენობას, თუმცა მიიჩნევს, რომ 5000 ლარი არის საკმაოდ გონივრული დირექტორის თანამდებობისთვის.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1. - 3.1.5. პუნქტები) სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი. შესაბამისად, მათ სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

 

4.1.2. პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელფასის სახით ყოველთვიურად 5000 ლარის გადახდის თაობაზე შეთანხმების არსებობა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ კ--------------ს და შპს ,---------–----------------’’ შორის ამ უკანასკნელის დირექტორის მიერ მოსარჩელის სახელზე 02.05.2008წ. და 10.06.2011წ. გაცემული მინდობილობების საფუძველზე გრძელვადიანი ურთიერთობა არსებობდა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს საწარმოს სახელით სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის, მათ შორის ნებისმიერი სახის გარიგების დადების უფლებამოსილება გააჩნდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. იმის გათვალისწინებით, რომ უდავოა, 02.05.2008წ. და 10.06.2011წ. მინდობილობის საფუძველზე საწარმოს სახელით მოსარჩელის მიერ უფლებამოსილების განხორცილების ფაქტი, მოპასუხის მიერ ამ მოქმედებათა უსასყიდლოდ შესრულების მოტივის დადასტურებამდე იქმნება პრეზუმფცია, რომ მოგებაზე ორიენტირებული საწარმოს სასარგებლოდ/სახელით წლების მანძილზე მოქმედება, ანაზღაურებადი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს უნდა უზრუნველეყო კ---- ბ-------ის მიერ შპს ,---------–------------------ სასარგებლოდ გასამრჯელოს მიღების გარეშე მოქმედების მოტივის დამადასტურებელი არგუმენტაციის წარმოდგენა.

 

4.1.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს რამდენიმე ფაქტზე, რომელთა ურთიერთშეჯერება და ანალიზიც, კონკრეტულ შემთხვევაში აქარწყლებს მოსარჩელის სასარგებლოდ კანონიდან გამომდინარე პრეზუმფციას დავალების სასყიდლიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ფაქტია რომ მთელი ამ სადავო პერიოდის (103 თვის მანძილზე) განმავლობაში საწარმოს (რეგისტრირებულ) დირექტორს ო--------–----–-- წარმოადგენდა, რომელსაც ასევე უდავოა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში არ მიუღია ანაზღაურება (მოსარჩელის პოზიცია დავალების სასყიდლიანობის თაობაზე, დამაჯერებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურებული იქნებოდა ის გარემობა, რომ საწარმოს რეგისტრირებული დირექტორი მთელი ამ სადავო პერიოდის იღებდა ანაზღურებას- ხელფასს).

 

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „--------–--------------ის’’ პარტნიორებს მ--------------------- და ო--------–----–-- წარმოადგენენ. საწარმოში მ--------------------ის წილი 34 %-ს, ხოლო ო--------–----–--ს წილი 66 %-ს შეადგენს (ტ.1.ს.ფ. 26-27). უდავოა, რომ მ--------------------- და კ-------------- მეუღლეები არიან. მეტიც, უდავოა ის გარემოებაც, რომ მხარეებს შორის დავის დაწყებამდე მოპასუხე საწარმოში დასაქმებულები იყვნენ მოსარჩელის შვილებიც.

 

პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იმ პირობებში, როდესაც 02.05.2008წ. და 10.06.2011წ. მინდობილობების საფუძველზე მოსარჩელეს საკმაოდ ხანგრძლივად საზოგადოების სახელით მოქმედების, მათ შორის საზოგადოებაში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების გაცემის უფლებამოსილება გააჩნდა, გაუგებარია წლების მანძილზე რატომ არ ურიცხავდა საკუთარ თავს, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს საზოგადოების სასარგებლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლო ანაზღაურებას, მაშინ როდესაც მისი მტკიცების თანახმად, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ხელფასის სახით ყოველთვიურად 5 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

 

ამ მიმართებით სააპელაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს აპელანტის წარმომადგენლის მითითებას მასზედ, რომ საზოგადოებაში საქმიანობის პერიოდში მან ხელფასის სახით თანხა რამდენჯერმე აიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის შეფასების შედეგად შესაბამისი/ მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხარისათვის მოულოდნელი არ უნდა იყოს და ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს, როგორც სარჩელსა და შესაგებელში ასახული გარემოებების შეფასებიდან, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებების და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად გაკეთებული დასკვნებიდან. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე შპს ,,--------–---------------- წინააღმდეგ ხელფასის სახით 484 115 ლარის დაკისრების მოთხოვნით აღძრულ სარჩელში თანხის დაკისრების საფუძვლად 02.05.2008წ. და 10.05.2011წ. საზოგადოების დირექტორის მიერ მის სახელზე მინდობილობების გაფორმების/გაცემის და ამ მინდობილობების საფუძველზე საზოგადოების სახელით წლების განმავლობაში საქმიანობაზე მიუთითებდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარეს არც სარჩელში და არც მოგვიანებით, საქმის მომზადების არც ერთ სტადიაზე, არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოებიდან ხელფასის სახით თანხები ნაწილობრივ აღებული ჰქონდა. მეტიც, 28.04.2017 წელს შესაგებლის პასუხად წარდგენილ განცხადებაში მოსარჩელე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რვა წლის განმავლობაში მას ხელფასის სახით არანაირი თანხა არ მიუღია. (ტ.1.ს.ფ. 77). პალატა აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელფასის სახით საზოგადოებიდან თანხის მიღების თაობაზე მითითებული არც სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა, მითუმეტეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.5 პუნქტში უდავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნია სასამართლომ ის გარემოება, რომ კ--------------ს მთელი ამ 8 წლიანი პერიოდის განმავლობაში მოპასუხე საწარმოსაგან ხელფასის სახით თანხა არ ჰქონია მიღებული.

 

შესაბამისად, ამ გარემოებასთან მიმართებით მოპასუხე მხარეს საპროცესო კანონით დეკლარირებული შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით არ მისცემია ამ ფაქტის გაბათილების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მართალია მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი შპს ,--------–-------–--------–---------------------–---------- დირექტორის 10.07.2017 წლის წერილით ირკვევა, რომ ხელფასის სახით კ--------------ს 2012 წლის ივლისში 15311.25 ლარი, ხოლო 2013 წლის ოქტომბერში 6250 ლარი დაერიცხა, თუმცა ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილია მოპასუხე მხარის მიერ იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელე საზოგადოების თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა და ამ საფუძვლით საზოგადოებას მიმართული ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის. საბოლოოდ, სააპელაციო პალატა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით მხედველობაში ვერ მიიღებს ისეთ გარემოებას, რომელიც მოსარჩელის/აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვამდე როგორც სარჩელის ფაქტობრივი გარემოება მითითებული არ ყოფილა და ამ გარემოებასთან მიმართებით მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარეს კანონით დადგენილი წესით არ მისცემია მისი უარყოფის შესაძლებლობა.

 

4.1.2.2. საბოლოოდ, იმ პირობებში, როდესაც ფაქტია, რომ კ-------------- დავალების საფუძველზე ახორციელებდა იმ საწარმოს (შპს,---------–------------------) წარმომადგენლობის და ხელმძღვანელობის უფლებამოსილებას, რომლის პარტნიორსაც წარმოადგენდა და წარმოადგენს მისი მეუღლე მ---------------------, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული მინდობილობის გაუქმებამდე ე.ი. 23.12.2016 წლამდე, კ---- ბ-------ის შვილები დასაქმებულები იყვნენ საზოგადოებაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს მასზედ, რომ იკვეთება მოსარჩელის ინტერესი ანაზღაურების გარეშე დავალების განხორციელებისა, ვინადიან მოსარჩელის საზოგადოებაში საქმიანობის მიზანს/მოტივს მეუღლეთა თანასაკუთრების (საზოგადოებაში წილზე უფლება) ხელშწყობა/განვითარება, ასევე ოჯახის წევრების (შვილების) დასაქმებულობა წარმოადგენდა. ამ კონტექსტში, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტში უდავო ფაქტობრივი გარემოების სახით დაადგინა, და რაც აპელანტს სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო საჩივრით (იხ. ს.ფ. 233, 241-246), მთელი ამ სადავო პერიოდის (2008 წლის 2 მაისიდან 2016 წლის 23 დეკემბრამდე, ე.ი 103 თვის მანძილზე) განმავლობაში კ--------------ს მოპასუხე საწარმოსაგან ხელფასის სახით თანხა არ მიუღია. ამ უდავო ფაქტობრივი გარემოების ანალიზი კი, იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე საწარმოს არ გააჩნდა მოსარჩელის მიმართ ხელფასის გადახდის ვალდებულება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, თუ რატომ არ იქნა მოთხოვნილი კ---- ბ-------ის მიერ მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებისაგან ყოველთვიური 5 000 ლარიანი ანაზღურების გადახდა, მითუმეტეს, რომ მისი მეუღლე ამ საწარმოს პარტნიორს წარმოადგენდა, ხოლო თავად ამ საზოგადოების წარმომადგენლობაზე და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი იყო.

 

4.1.3. ზემო აბზაცებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის კვალობაზე სააპელაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ კოკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ვეღარ დაეყრდნობა სკ-ის 710-ე მუხლიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაშვებულ პრეზუმფციას, რომ საზოგადოების სასარგებლოდ საქმიანობა მხოლოდ გასამრჯელოს გადახდის საფუძველზე იყო შესაძლებელი, ვიანდიან ეს პრეზუმფცია გაქარწყლებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით (იხ. 4.1.2.1. და4.1.2.2. პუნქტები). ასეთ ვითარებაში კი მოსარჩელეს მართებდა შესაბამის მტკიცებაზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაედასტურებინა მის მიერ დავალების შესრულების სასყიდლიანობის შესახებ გარემოება. რამდენადაც მოსარჩელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოება მასზედ, რომ მხარეთა შორის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 5000 ლარის გადახდის თაობაზე შეთანხმება არსებობდა და რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხის დავალიანება მის სასარგებლოდ შეადგენს 484 115 ლარს.

 

ამგვარად, ზემოთ მითითებული მსჯელობის და ფაქტობრივი გარემოებების საფუძელზე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ფაქტობრივი საფუძვლის არ არსებობის გამო კ---- ბ-------ის სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა უარყოფილი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საბოლოოდ სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს წაგებულ მხარეს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენადაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, მასზე გადახდილი თანხა აპეალნტისათვის დაბრუნებას არ ექვემდებარება და აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (5 000 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. კ---- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /