განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002576977
საქმე #1/ბ-1523-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ან---–----–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ალე-------------------–---–ი;
მსჯავრდებული - ეკ--------------------------–--–-----–--–---–ი, დაბადებული 1--- წლის 1------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–-------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ეკ----------–-----–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ეკ----------–-----–--–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საზოგადოებრივ საშიშროებას და დაზარალებულის პოზიციას. ეკ----------–-----–--–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თაღლითობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხი სრულიად მიუღებელია, ვინაიდან წარმოადგენს ადამიანის მოტყუებას, რა დროსაც დამნაშავე იყენებს დაზარალებულთან არსებულ ნდობის ფაქტორს, აწოდებს არასწორ ინფორმაციას. საქმის მასალებიდან კარგად ჩანს, რომ დაზარალებულმა ეკ----------–-----–--–---–ს მისი ქმედების გამოსწორების არაერთი შესაძლებლობა მისცა, თუმცა ეს უკანასკნელი ბოროტად იყენებდა მის ნდობას და მუდმივად არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.
მსჯავრდებულმა ეკ----------–-----–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი არის კანონიერი და დანიშნული სასჯელი სამართლიანი. ეკ----------–-----–--–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულს შეურიგდა და აუნაზღაურა მიყენებული ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 23 აგვისტოს, თბილისში, ა---–------------------–- მდებარე მზ---------------–ის ანტიკვარიატის მაღაზიიდან, ეკ----------–-----–--–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა სარეალიზაციოდ განთავსებულ „ვაიმარის“ ფირმის სადილისა და ჩაის სერვისს და ფრანგული წარმოების ბრინჯაოს ნაკეთობის ანტიკვარულ საათს, რითაც დაზარალებულ მზ---------------–ს მიაყენა 10 132.59 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ეკ----------–-----–--–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თა---------–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, პალატა მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ასევე - ეკ----------–-----–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ეკ----------–-----–--–---–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი, პროპორციული და ადეკვატური სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბრალდების მხარეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე, დამატებით არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და მისი პირადი დასჯა, არამედ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც საზოგადოებისაგან პირის იზოლირების გარეშე შეუძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა. მოცემულ სიტუაციაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მიერ ეკ----------–-----–--–---–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენება მიზანშეწონილი იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი ეკ----------–-----–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თა---------–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი ეკ----------–-----–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ეკ----------–-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ეკ----------–-----–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმებულია.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ლომბარდიდან ამოღებული ანტიკვარული საათი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ მზ---------------–ს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე