განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002269527
საქმე №1ბ/1707-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მზია ლომთათიძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ზ-----–----------ს
ადვოკატის: ს---–------------–---ის
მსჯავრდებულის: ნ--------------ის
თარჯიმნის: ა---------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მსჯავრდებულ ნ--------------ის, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მა-------–--------------------–--–-–------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ--------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, მა-------–--------------------–--–-–------ში, ნ--------------სა და ტ--------------–---ს შორის მოხდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნ--------------მა სცემა ტ--------------–---ი, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტები სახის არეში. ცემის შედეგად ტ--------------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ--------------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, მა-------–--------------------–--–-–------ში, ზ-----------------სა და ნ--------------ს შელაპარაკება მოუვიდათ ნ---------------თან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნ--------------მა მის ხელთ არსებული დანით, ნ---------------ის მოკვლის მიზნით, სხეულის არეში მიაყენა რამდენიმე სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა, თუმცა ნ---------------ის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი ექიმების ჩარევის შედეგად.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით:
ნ--------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ნ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–----------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ--------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ნ--------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ--------------ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო ტ--------------–---ის ცემის ეპიზოდში არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულ ტ--------------–---ის ჩვენება, რომელმაც დეტალურად აღწერა, თუ რა ვითარებაში მიაყენა მას დაზიანება ნ--------------მა. ასევე არ გაიზიარა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილი იყო ის დაზიანებები, რომლებიც მიაყენეს ტ--------------–---ს.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულ ტ--------------–---ის ჩვენებას და პაციენტ ტ--------------–---ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციას, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ნ--------------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულ ტ--------------–---ის ჩვენება, რომელმაც დეტალურად აღწერა, თუ რა ვითარებაში მიაყენა მას დაზიანება ნ--------------მა. სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის ან მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარე უფლებამოსილია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების/ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე. ასევე სასამართლო ვალდებულია ყოველი მტკიცებულება შეაფასოს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ნ--------------ის მიერ ტ--------------–---ის ცემის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებად სწორედ დაზარალებულ ტ--------------–---ის ჩვენებაა წარმოდგენილი. მან კი სასამართლო სხდომაზე მისცა ჩვენება, რომელიც არსებით წინააღმდეგობაშია მის მიერ 2017 წლის 21 სექტემბრის გამოკითხვის ოქმთან.
სააპელაციო პალატა დაზარალებულის ჩვენების ანალიზის შემდგომ მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით, მხარის მიერ მოპოვებული მასალის (ინფორმაციის) სასამართლოსათვის წარდგენა, ამ მასალას (ინფორმაციას) ავტომატურად არ აქცევს გასაზიარებელ მტკიცებულებად, რადგან, წარდგენის შემდეგ მტკიცებულებამ (მხარეთა მიერ მოპოვებულმა და სასამართლოსათვის წარდგენილმა მასალამ (ინფორმაციამ)) უნდა გადალახოს რამდენიმე ,,ბარიერი“, ანუ მტკიცებულება უნდა შეფასდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით (საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი), რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. შესაძლოა, კონკრეტული მტკიცებულება აკმაყოფილებდეს ორ „ბარიერს“, მაგრამ მესამე „ბარიერის“ გადაულახაობის გამო, იგი არ იქნას გაზიარებული. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ტ--------------–---ის ჩვენება განსახილევლ საქმესთან მიმართებით არის რელევანტური, თუმცა ზემოთმითითებული წინააღმდეგობისა და ნაკლებად დამაჯერებლობის გამო, ვერ ლახავს უტყუარობის ბარიერს.
სახელმწიფო ბრალმდებელი ასევე აპელირებს საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე, რომელშიც აღწერილია ის დაზიანებები, რომლებიც მიაყენეს ტ--------------–---ს. საქმეში წარმოდგენილი, შპს „ა------ს კლინიკიდან“ 2017 წლის 19 სექტემბრიდან 2017 წლის 21 სექტემბრის შუალედში გამოთხოვილი ტ--------------–---ის ავადმყოფობის ისტორიიდან დგინდება ის დაზიანებები და სიმპტომები, რომლებიც აღენიშნებოდა დაზარალებულ ტ--------------–---ს, თუმცა, მისივე განცხადებით, ავადმყოფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცნობმა პირებმა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 38). სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდება, ტ--------------–---ს ფიზიკური დაზიანებები სწორედ ნ--------------მა რომ მიაყენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ნ--------------მა ჩაიდინა ტ--------------–---ის ცემა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ნაწილში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ნ--------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ნ--------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონულის სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი ნ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი ნ--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ნ--------------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ნ--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
ნ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 დეკემბრიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ნ--------------ის ავტომანქანა დაუბრუნდეს ნ--------------ის ოჯახის წევრებს.
ნ--------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ნ--------------ს.
ზ-----------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ზ-----------------ს.
ნ---------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ნ---------------ს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
მ. ხოლოაშვილი