განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
010141319700072891
ინსტანცია
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN010141319700072891-1აგ/07-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ----–----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენით;

 

გ----–----ე (პ/ნ 3----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ნარკოტიკული საშუალების ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 წელი;

 

გ----–----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 23 იანვრის N5016 მომართვის თანახმად, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენის საფუძველზე გაცემული N1/6627-07 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად გ----–----ეს დაკისრებული ჰქონდა ჯარიმის 2 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნული ჯარიმის თანხა გადახდილია სრულად.

 

2019 წლის 15 იანვარს მსჯავრდებულმა გ----–----ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ----–----ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გ----–----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული გ----–----ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 წელი, შუამდგომლობის ავტორს შუამდგომლობის შემოტანის დროისათვის გამოსაცდელი ვადა დასრულებული აქვს, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 23 იანვრის N5016 მომართვის თანახმად კი გ----–----ეს დამატებით სასჯელად დაკისრებული ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს სრულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე სასჯელის არ არსებობის პირობებში და ამასთან იმის გათვალისწინებით რომ გივი შაინიძეს გაქარწყლებული აქვს ნასამართლობა მოცემული დანაშაულისათვის პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან მისი გათავისუფლების თაობაზე, რის გამოც პალატა მიიჩნევს რომ არ არსებობს გ----–----ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ამდენად, მსჯავრდებულის მოთხოვნა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯული იქნეს მისი სისხლის სამართლის საქმე, განთავისუფლებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხიმგებლობისაგან და გამართლდეს არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მსჯავრდებულ გ----–----ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

 

2.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ისაევი

 

მ. თეთრაული