განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001225978
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №-ბ/1649-18 24 იანვარი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია
მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ბ------- ა------–---–ი
წარმომადგენელი - ი----------------
მოწინააღმდეგე მხარე - ს----------–-------------------------------------------------------------
წარმომადგენელი - ნ-----------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და 2011 წლის 11 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის თანახმადაც შპს „ს----------–----------------------–-“ ბ------- ა------–---–ის კუთვნილი 28% წილი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა. ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „ს----------–----------------------–-“ მისი კუთვნილი 28% წილის ღირებულების, 2 520 000 აშშ დოლარის, ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ბ------- ა------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ------- ა------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. შპს „ს----------–----------------------“ მეწარმე სუბიექტად 2002 წლის 21 ნოემბერს დარეგისტრირდა. საზოგადოების დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე ბ------- ა------–---–ი იყო (ტომი I, ს.ფ. 42-48).
6. 2006 წლის 17 ნოემბერს წილის დათმობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ბ------ მ-----–---მ, როგორც ბ------- ა------–---–ის წარმომადგენელმა, შპს „ს----------–----------------------–-“ მისი კუთვნილი 100% წილიდან 28% თავის მეუღლეს - ნ----- მ-----–---ს, ხოლო 44% მამას - ჟ----- მ-----–---ს დაუთმო. აღნიშნული გადაწყვეტილება მეწარმეთა და არასამეწარმეო/არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირდა (ტომი I, ს.ფ 1-18. 49-52, 57-58).
7. შპს „ს----------–-----------------------“ 2011 წლის 08 ივლისის პარტნიორთა საგანგებო კრების №- ოქმით დადგინდა, რომ პარტნიორები საკუთარ წილებს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემდნენ. კრების ოქმის თანახმად, კრების მოწვევის პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა, პარტნიორები გაფრთხილებულნი იყვნენ კრების მოწვევის თაობაზე 2011 წლის 01 ივლისს, დღის წესრიგის, თარიღის და მისამართების მითითებით, რომელიც კანონით დადგენილი წესით ეცნობა ყველა პარტნიორს, რაც მათი ხელმოწერებით არის დადასტურებული (ტომი I, 28-32).
8. 2011 წლის 15 ივლისის შეზღუდულ პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის უსასყიდლოდ/საჩუქრად დათმობის შესახებ ხელშეკრულებით შპს „ს----------–-----------------------“ პარტნიორებმა, თავიანთი წილები, სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცეს, მათ შორის, ბ------- ა------–---–მა სახელმწიფოს შპს „ს----------–----------------------–-“ თავისი კუთვნილი 28%-იანი წილი დაუთმო. დათმობილი წილობრივი მონაწილეობის საბაზრო ფასი, წილის დამთმობთა განცხადებით 9 000 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. აღნიშნული ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმდა (ტომი I, ს.ფ. 23-27).
9. 2003 წლის 23 ივლისს სანოტარო წესით უძრავი ქონების/მიწის ნაკვეთის აღნაგობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, სს „თ---–-------------–------------------------“ მიერ შპს „ს----------–-----------------------ათვის“ აღნაგობის უფლებით შესაბამისი უძრავი ქონება სასაწყობო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა. ხელშეკრულება 55 წლის ვადით, 2058 წლის 23 ივლისამდე დაიდო, ყოველწლიური საზღაური 2 020 ევროს ექვივალენტი თანხის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა. აღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. ქ--–--------–------------ ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 24 მაისის ბრძანებით შპს „ს----------–-----------------------ათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საოფისე-სამეურნეო კომპლექსის მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა გაიცა (ტომი I, ს.ფ. 33-39, 40-41, 59-60).
10. შპს „ს----------–------------------------------------“ კაპიტალიდან ამოღებული იქნა ქ. თბილისში, ა----------------------–---–- მდებარე 8 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და იგი სახელმწიფოს საკუთრებაში მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით დარეგისტრირდა. მიწის შესაბამისი ნაკვეთის ღირებულება 126 000 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა (ტომი I, ს.ფ. 61, 62, 63-64).
11. 2011 წლის 08 აგვისტოს საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანებით შპს „ს----------–-------------“ კაპიტალში ქ. თბილისში, ა----------------------–---–- მდებარე უძრავი ქონება, იქნა შეტანილი, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად 1 900 000 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა (ტომი I, ს.ფ. 65, 66-67, 68-69).
12. 2009 წლის 30 ივლისს ფ----------------------- შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „ს----------–-----------------------“ ქონებას ყადაღა დაედო (ტომი I, ს.ფ. 76, 74-75).
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ს----------–----------------------ს“ ბ------- ა------–---–ის სასარგებლოდ 326 196 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნულ საქმეზე ბ------- ა------–---–ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა (ტომი I, ს.ფ. 77-79, 81).
14. შპს „ს----------–----------------------“ 2012 წლის 20 ივნისს შპს „თ---–----------–------------------------ს“ შეერწყა და მისი შერწყმის გამო ლიკვიდაცია მოხდა.
15. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2015 წლის 11 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ბ------- ა------–---–ის კუთვნილი 28% ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.
უწინარესად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის მხარეებზე და მათ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივ საფუძვლებზე, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-15-29-1443-2012, 2013 წლის 9 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).
პალატას მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში მესაკუთრის (წილის მფლობელის) მიერ გამოვლენილი ნება ვერ ჩაითვლება ნამდვილად. ადგილი აქვს ნების გამოვლენის იმგვარ ნაკლს, რომელიც იწვევს მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას აღნიშნული დასკვნა კი შემდეგ დასაბუთებას ემყარება: პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდ წილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვა. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვაც საკმარისია. სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. როგორც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა ამ შემთხვევაში გამოსავალი სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა კეთილსინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას უნდა მიენიჭოს ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა - დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი მხარის ინტერესების დაცვა. უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს. „საჯარო წესრიგის“ ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული, რომლის დაცვას მსგავსი კატეგორიის დავებში, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესებიც ილახება. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობისაა და მისი დარღვევა ძირს უთხრის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-1184-1145-2016).
16. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდაა გამხდარი 2011 წლის 15 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლის ძალითაც შპს „ს----------–----------------------–-“ ბ------- ა------–---–ის კუთვნილი - 28% წილი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა. მსგავსი გარიგების სამართლებრივ ბუნებასთან მიმართებით ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე მსჯელობისას უარყო მოწინააღმდეგე მხარის შედავება ჩუქების სამართალურთიერთობის წარმოშობაზე, და ამგვარ დასკვნას საფუძვლად დაუდო თავად სადავო სამართალურთიერთობის არსი, მისი მოტივი და მიზანი, სახელდობრ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას ეფუძნება. როდესაც სადავოა ჩუქების ხელშეკრულების წარმოშობა, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს, რაც, როგორც წესი, მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას განაპირობებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-6-6-2015). შესაბამისად, სააპელაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან ერთობლიობაში გამოიკვლევს თუ რამდენად არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მულით განმტკიცებული ჩუქების ხელშეკრულების დეფინიციის წინაპირობები.
პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ გარიგების ამორალურად ცნობა სამართლებრივი შეფასების საკითხია, ამიტომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, ქონებების გასხვისების დრო და პერიოდულობა, ხელშეკრულების ფასი, ხელშეკრულების გაფორმებამდე განხორციელებული ქმედებები და გარიგების გაფორმების შემდგომი ქმედებები.
2018 წლის 19 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში ზეპირ სხდომაზე მოწმის სახით ჯ----–---–--–-–---–- დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ დ---------------, რომელიც იმ დროს სახელმწიფო მაღალჩინოსანს წარმოადგენდა, სამუშაო ოთახში დაიბარა კომპანიის დამფუძნებელი ბ------- ა------–---–ი და წილების დათმობა მოსთხოვა. მან წილების დათმობა გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ შესთავაზა, თუმცა, აღნიშნულ წინადადებაზე დ--------------- განუცხადა, რომ იმითაც უნდა დაკმაყოფილებულიყო, რომ არ აპატიმრებდნენ...
2018 წლის 19 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში ზეპირ სხდომაზე მოწმის სახით დ--------–-------–---–- დაიკითხა. მოწმის განმარტებით ჯ----–---–--–-–---–- და ბ------- ა------–---–ი შპს „ს----------–-----------------------“ მეწილეები იყვნენ. ისინი დ--------–-------–---–- იურიდიული მომსახურების გაწევის მიზნით დაუკავშირდნენ, რა დროსაც პრობლემას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ერთ-ერთი მეწილე დაპატიმრებული იყო, სახელმწიფო მათ ქონების გადაფორმებას სთხოვდა, თუმცა ამ ქონებაზე არსებობდა აღნაგობის უფლება, რომლისგან გათავისუფლებასაც სახელმწიფო მოითხოვდა. მისი ინფორმაციით, ქონების გადაცემის მიზანი დაპატიმრებული პარტნიორის გათავისუფლება იყო. რა თქმა უნდა, მარწმუნებლებს ქონების დათმობა არ სურდათ, ამიტომ ცდილობდნენ ეს ფორსირებული პროცესი რამენაირად შეეჩერებინათ, აღნიშნულს მოწმობდა ისიც რომ პარტნიორთა პირველ კრებაზე გადაწყვეტილების მიღება სწორედ ჯ----–--ა და ბ-------ის თანხმობის არარსებობის გამო ვერ იქნა მიღებული. ასევე, იმ პერიოდში ბ------- ა------–---–ს უკვე მოგებული ჰქონდა საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ბ------- ა------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მის მიმართ შპს „ს----------–----------------------ს დავალიანების სახით 326 196 ლარის გადახდა დაეკისრა. მისი ინფორმაციით, მას წილის დათმობასთან ერთად აღნიშნული გადაწყვეტილებით მიკუთვნებული უფლების დათმობაც მოეთხოვა.
სააპელაციო სასამართლოში ამავე სხდომაზე მოწმის სახით გ-------------------- დაიკითხა, რომელიც ბ------- ა------–---–ის ადვოკატი იყო. სასამართლოს კითხვაზე თუ რა მოტივით მოხდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მიკუთვნებულ უფლებაზე უარის თქმა მოწმემ განმარტა, რომ ერთ დღეს ძალიან ადრე ბ------- ა------–---–მა დაურეკა და განუცხადა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე უარი უნდა ეთქვათ. გ--------------------მ მას სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადების დაწერა ურჩია, თუმცა მარწმუნებელმა განუცხადა, რომ უფლებაზე უარი უნდა ეთქვა, რადგან აღნიშნულს მას სახელმწიფო სთხოვდა. ამ მიზნით მოხდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა, რა დროსაც ბ------- ა-----–---–-- მითითებით მარწმუნებელმა სასამართლოში მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რაც თავის მხრივ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გამოტანის საფუძველი გახდა.
2018 წლის 19 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში ზეპირი სხდომის მიმდინარეობისას მოწმის სახით დ----- ჯ---------– დაიკითხა, რომელიც სადავო პერიოდში ფ----------------------------------------------–--- უფროსი იყო. მისი განმარტებით, მისმა დანაყოფმა პასუხისმგებლობაში მისცა შპს „ს----------–-----------------------“ დირექტორი ბ------ ბ-----–---, რომელთანაც მას დიდი ხნის ბავშვობის ურთიერთობა ჰქონდა. ამ დროს იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, დაბრუნებისას უსიამოვნება მოუვიდა მის ხელმძღვანელობასთან რადგან ბ------ის დაპატიმრება სწორედ მისი ქვედანაყოფის მიერ მოხდა, თუმცა განუმარტეს, რომ იგი ამ საქმეს უნდა ჩამოსცილებოდა და მისით არ უნდა დაინტერესებულიყო. მოწმის გადმოცემით, პროკურატურას ბ------ მ-----–---სთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ სურდა რადგან თაღლითობასთან ერთად ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდნენ და თავად ბრალდებული მოითხოვდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. დ----- ჯ---------- განაცხადა, რომ მხოლოდ ის ახსოვს, რომ საპროცესო შეთანხმებაში გარკვეული ოქროს ნივთების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია იყო მითითებული, წილების დათმობა პროკურატურის მოთხოვნა იყო თუ არა მან არ იცის და ვარაუდის დონეზე იკითხა აღნიშნულის შეთავაზება რატომ არ შეიძლება თავად ბ------ის მხრიდან მომხდარიყო?! სასამართლოს შეკითხვაზე, ნამდვილად მოხდა თუ არა მის სამუშაო კაბინეტში შპს „ს----------–-----------------------“ მეწილეებთან შეხვედრა, განაცხადა, რომ მას ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ ახსენდება, დანარჩენი შეხვედრების თაობაზე ინფორმაციას არ უარყოფს, მაგრამ არ ახსენდება. მან გაიგო, თითქოს ბ------- ა-----–---–- დათანხმდა წილების გადაცემას და შემდეგ უარს აცხადებდა... მეწილეებმა მას ჰკითხეს თუ რას ფიქრობდა ამ საკითხზე, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ასეთი ქმედებისთვის მას მედალს არავინ მისცემდა, თუ შეთანხმება იყო და ბ-------მა დაარღვია, ამისთვის ბ------ს გარეთ არავინ გამოუშვებდა... შეხვედრისას დ-----მა საწარმოს მეწილეებს ჰკითხა, თუ რა ხდებოდა მათ საქმეზე, მათ უპასუხეს, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო და მხოლოდ რამდენიმე კითხვა ჰქონდათ დარჩდენილი, კერძოდ, ის რომ შპს „ს----------–----------------------ს“ სახელმწიფოსგან გარკვეული თანხები ჰქონდა დარიცხული და მეწილეებს აინტერესებდათ თუ რა ხდებოდა ამ თანხებზე. დ----- ჯ---------- გაუკვირდა თუ რატომ ინტერესდებოდნენ ამ საკითხით თუ კი უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო... უთხრა თუ წილი სახელმწიფოსთვის უნდა ეჩუქებინათ აღნიშნული ინფორმაცია რაღაში აინტერესებდათ... სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რატომ მოხდა აღნიშნული შეხვედრის მის მიერ ორგანიზება და მეწილეების მის მიერ დაბარება, მოწმემ განაცხადა, რომ იგი ბ------ს და მის პარტნიორებს ერთ ჭრილში განიხილავდა და გულშემატკივრობდა. ასევე, სასამართლოს შეკითხვაზე, ბ------- ა-----–---–-, რატომ უნდა დაეთმო ბ------ის სასარგებლოდ წილი მოწმემ განაცხადა, რომ მას თუ გაუჭირდება და პრობლემები შეექმნება დარწმუნებულია მისი მეგობრები „თავს შეიწუხებენ“ და იქნებ მათაც ასეთივე ურთიერთობები ჰქონდათო... მოწმის განცხადებით შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შემდეგ ხელმძღვანელობასთან და იმათთანაც ვინც აღნიშნული საკითხის გარკვევა მოსთხოვა თქვა, რომ პარტნიორები ალოგიკურ რაღაცებს კითხულობდნენ....
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. მოწმის ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე (1) მუხლის კონტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ ჩვენების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-28-25-2017). შესაბამისად, ცალსახაა, რომ ცალკე აღებული მოწმის ჩვენება კიდეც, რომ აკმაყოფილებდეს ყველა კრიტერიუმს შესაძლებელია კონკრეტული ფაქტის სამტკიცებელ გარემოებად არ გამოდგეს, თუმცა, როდესაც იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით/გარემოებებით არის გამყარებული მას სარწმუნო მტკიცებულებითი ძალა ენიჭება.
ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში პროცესზე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენება თანმიმდევრულია, არცერთი მოწმე პროცესის შედეგით დაინტერესებულ პირს არ წარმოადგენს და შესაბამისად, მათი ჩვენების სანდოობაში შეტანის საფუძველი არ არსებობს. ცხადია, რომ დ----- ჯ---------, რომელიც სადავო პერიოდში ფ----------------------------------------------–--- უფროსი ანუ სახელმწიფო მაღალჩინოსანი იყო მოსარჩელის წილის დათმობის შესახებ გარიგებით დაინტერესებული იყო. ასევე ცალსახაა, რომ კომპანიის პარტნიორებსა და სახელმწიფო მაღალჩინოსანს შორის მის კაბინეტში შეხვედრა სულ მცირე ერთხელ მოხდა, მართალია მეტ შეხვედრას მოწმე ვერ იხსენებს, თუმცა, ასეთის არსებობის ფაქტს ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ როგორც მოწმემ მიუთითა მეწილეებთან შეხვედრის შესახებ მის ხელმძღვანელობასთანაც განაცხადა, რაც სასამართლოს უქმნის ვარაუდს, რომ იგი მხოლოდ თავისი პირადი ინტერესებით არ მოქმედებდა.
რაც შეეხება მოსარჩელის ადვოკატების მიერ მიცემულ ჩვენებებს, მათი ახსნა-განმარტება საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც დასტურდება, კერძოდ საქმის მასალებში არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ბ------- ა------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ს----------–----------------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 326 196 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ამავე სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განჩინება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით, სასამართლოს მიმართა და საქმისწარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილებით საქმეზე საქმისწარმოება შეწყდა (ტომი I, ს.ფ. 77-82). უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სარჩელზე უარის თქმა მოსარჩელეს უსპობს უფლებას იმავე საქმეზე, იმავე მხარეების მიმართ და იგივე საფუძვლით ხელახლა მიმართოს სასამართლოს უფლების დასაცავად, შესაბამისად, ლოგიკას მოკლებულია და ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის ძნელად აღსაქმელია, თუ რატომ შეიძლებოდა ბ------- ა------–---–ს უარი ეთქვა ასეთი სოლიდური თანხის მოთხოვნის უფლებაზე, რომელიც მას დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უკვე მიკუთვნებული ჰქონდა. ასევე საყურადღებოა, რომ მითითებული სამართლებრივი აქტების შედგენის დრო სადავო გარიგების გაფორმების დროის მონაკვეთს ემთხვევა, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს მასზედ, რომ მიკუთვნებულ თანხაზე უარის თქმა წილის დათმობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.
17. გარდა ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენებებისა საქმეში არსებობს წერილობითი მტკიცებულებებიც, კერძოდ, 2011 წლის 15 ივლისის ხელშეკრულება წილის უსასყიდლოდ/საჩუქრად დათმობის შესახებ. ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტში წილის დამთმობებად მოხსენიებულნი არიან ნ----- მ-----–---, ჟ----- მ-----–--- (ბ------ მ-----–---- მეუღლე და მამა) და ბ------- ა------–---–ი (მოსარჩელე), ამავე ხელშეკრულების თანახმად, წილის დამთმობთა განცხადებით ხელშეკრულების ფასი, ანუ ის სიკეთე, რომელიც სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, 9 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა. პალატა განმეორებით მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, კერძოდ როდესაც სადავოა ჩუქების ხელშეკრულების წარმოშობა, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს, რაც, როგორც წესი, მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას განაპირობებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-6-6-2015).
რაც შეეხება მოცემულ შემთხვევაში მჩუქებლების ნების თავისუფლების განმარტებას, პალატა მიუთითებს, რომ წილის დათმობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ბ------ მ---–----- დაპატიმრებული იყო, ბ------- ა------–---–თან ერთად შპს „ს----------–-----------------------“ პარტნიორებს მისი მეუღლე და მამა ნ----- და ჟ----- მ-----–---ები წარმოადგენდნენ, წილის დათმობის შესახებ გადაწყვეტილება პირველივე პარტნიორთა კრებაზე ვერ იქნა მიღწეული, ბ------- ა------–---–ი სახელმწიფო მაღალჩინოსანთან სამუშაო კაბინეტში შეხვედრაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ფ----------------------------------------------–--- უფროსი სადავო წილის დათმობასთან მიმართებით მიმდინარე საკითხებზე დაინტერესდა. დათმობილი სამართლებრივი სიკეთეს (წილი) საკმაოდ სოლიდური ღირებულება, კერძოდ, 9 000 000 აშშ დოლარი ღირდა. საქმის მასალებიდან არ იკვეთება და ვერც მოპასუხის (მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის) ახსნა-განმარტებებით დასტურდება, თუ რამ განაპირობა წილის მესაკუთრეების მიერ ცხრა მილიონიანი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „გრუზინსკი რუსეთის წინააღმდეგ“ სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადება, რომელიც დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, მაღალი ალბათობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის შპს „ს----------–-----------------------“ იმდროინდელი დირექტორის ბ------ მ-----–---- მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებით იკვეთება, რომ მის მიმართ განაჩენი არ დამდგარა. მართალია მოსარჩელე ბ------ მ-----–---- ოჯახის წევრი არ არის, მაგრამ უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს დანარჩენი ორი მეწილე ბ------ მ-----–---- ოჯახის წევრები იყვნენ, ასევე მოწმე დ----- ჯ---------- ჩვენებითაც დადასტურდა, რომ ბ------- ა------–---–ი წილის დათმობის შესახებ თანხმობას არ აცხადებდა, ყოველივე ზემოაღნიშნული კი, სასამართლოს უქმნის მტკიცებულებებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულება, პროვოცირებული იყო საწარმოს დირექტორის დაპატიმრებითა და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნებისთვის და ბ------- ა------–---–ის მიერ წილის დათმობა არც მხარეთა შორის არსებული ურთიერთობით და არც გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობით არ იყო გამოწვეული რაც მის მიერ გამოხატულ ნებას არანამდვილს ხდის.
ამასთანავე, 2011 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბ------- ა------–---–ის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მიკუთვნებული ფულადი თანხის მოთხოვნის უფლების დათმობა და სადავო საწარმოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აღნაგობის უფლების ფორსირებულ რეჟიმში გაუქმება, ცხადყოფს, რომ აღნიშნული არა გამჩუქებლის ნებას, არამედ სახელმწიფოს ინტერესს - მიეღო ვალდებულებებისგან თავისუფალი სამართლებრივი სიკეთე, წარმოადგენდა. ამ მოცემულობაში კი, 2011 წლის 15 ივლისს მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფოსთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ (ჩუქება) საკუთრებაში გადაცემა არ წარმოშობს იმგვარი ვარაუდის საფუძველს, რომ ჩუქების სამართლებრივი კვალიფიკაციის განმაპირობებლი ყველა წანამძღვარი (სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი), მათ შორის, როგორიცაა მჩუქებლის ნება (თავისუფალი) განხორციელებულად მივიჩნიოთ. საგულისხმოა, საკასაციო პალატის ზემოთ მოხმობილ განჩინებაში გაკეთებული განმარტებებიც ჩუქების მოტივთან მიმართებით, რასაც ძირითადად მჩუქებლის მხრიდან მადლიერების, პოზიტიური დამოკიდებულების ქონა დასაჩუქრებულთან განაპირობებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩუქების საგანი გამორჩეულია თავისი ღირებულებით - უძრავი ქონება შეფასებული 9 000 000 აშშ დოლარად, ასევე მხედველობაში მივიღებთ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ძნელად წარმოსადგენია ბ------- ა------–---–ს სახელმწიფოსთვის მადლიერებს ნიშნად ასეთი ღირებულების ქონება საკუთარი ნებით დაეთმო.
18. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მხრიდან უარყოფილია გარიგების ნამდვილობა, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) სადავოდ ხდის მოსარჩელის ნების თავისუფლებაში ჩარევას და მიაჩნია, რომ სახეზე არ არის იძულების ანდა მუქარის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელი განმაპირობებელი ფაქტორია სამოქალაქო კოდექსის 85-86-ე მუხლებით კვალიფიკაციისათვის, მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, როგორც გარიგების ბათილობის ერთადერთი და დამოუკიდებელი სამართლებრივი საფუძველი არ არის რელევანტური. ამ მიმართებით, პალატა ეთანხმება სამინისტროს პოზიციას სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის იმ განმარტებასთან მიმართებით, რაც განხორციელებულია დიდი პალატის 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე, №ას-664-635-2016), რომელშიც საუბარია 54-ე მუხლის, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის გამოყენების დაუშვებლობაზე, რა დროსაც დიდმა პალატამ არასაკმარისად მიიჩნია მარტოოდენ გარიგების ამორალურობის ზოგადი ნორმის გამოყენება სასყიდლიანი გარიგების ბათილობის საფუძვლად, ნასყიდობის ფასის დისპროპორციასთან აუცილებელ კავშირში, სახელდობრ დიდმა პალატამ განმარტა, რომ: „...სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს.... მარტოოდენ გარიგების ამორალურობის ზოგადი ნორმის გამოყენებას, დიდი პალატა არასაკმარისად მიიჩნევს და, აქედან გამომდინარე, ამ ნორმის სააპელაციო სასამართლოსეული ინტერპრეტაცია არადამაჯერებელია, რადგანაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებს. სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, ამორალურ გარიგებებთან მიმართებით, შეიცავს მხოლოდ იმ დათქმას, რომ იგი არის გარიგება, რომელიც არღვევს ზნეობის ნორმებს და გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგად ან იძულებით დადებული გარიგებებისაგან (სამოქალაქო კოდექსის 55-ე და 85-ე მუხლებისაგან) განსხვავებით, მისი ამორალურად მიჩნევისათვის აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა მისი დადება. ეს კი იმთავითვე მცდარია. ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპს. სამოქალაქო კანონები საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს (სამოქალაქო კოდექსის მე-9 მუხლი). ამ წესიდან არსებული გამონაკლისი, ამ თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნის გაზიარება, რომ „საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის“, რათა გარიგება ამორალურად იქნეს მიჩნეული, ხელს შეუშლის სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურ განვითარებასა და სტაბილურობას, რადგანაც ხელშეკრულების არაკეთილსინდისიერ მხარეს, სათანადო წინაპირობების არარსებობის პირობებშიც კი, შეეძლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე“. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ჩუქების ნამდვილობას, რასთან დაკავშირებითაც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულია, რომ სახელმწიფოსთვის სოლიდური ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას აშკარად უნდა იკვეთებოდეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ლოგიკური საწყისები და მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგები და ცხადი იქნება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. საკასაციო პალატამ საქმეზე №ას-15-15-2016 განმარტა, რომ სამართალურთიერთობის წარმოშობის საფუძვლის მორალური სტანდარტის დაცულობის აუცილებლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, რადგან ასეთ გარიგებებში ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული. ასევე, ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც სახელმწიფო სასარგებლოდ საკუთრების მიტოვების შესახებ გარიგების ნამდვილობა იყო სადავო, საკასაციო პალატას ჩამოუყალიბდა მტკიცე შინაგანი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება ბათილი იყო, მისი ამორალურობისა და მართლსაწინააღმდეგობის სამართლებრივი საფუძვლით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1184-1145-2016).
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული მსჯელობის, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სასამართლო პრაქტიკისა და სამართლის ნორმათა ინტერპრეტაციის საფუძველზე, ასკვნის, რომ ბ------- ა------–---–ის მიერ გამოვლენილი ნება ბათილია სწორედ ამორალურობისა და მართლსაწინააღმდეგობის სამართლებრივი საფუძვლით (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი, დამხმარე ნორმა სამოქალაქო კოდექსის, 54-ე მუხლი). გარიგების (ხელშეკრულების) ბათილობისას კი, დგება უკვე განხორციელებული შესრულების უკუქცევის საკითხი ანუ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა-რესტიტუცია. აღნიშნული გულისხმობს, რომ გარიგებას ეცლება ის იურიდიული ზემოქმედება, რაც მან მოახდინა. კერძოდ, ვინაიდან შპს „ს----------–----------------------“ ლიკვიდირებულია, ბ------- ა------–---–ს მისი კუთვნილი წილის ღირებულება უნდა აუნაზღაურდეს.
19. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის წილის ღირებულების 2 520 000 აშშ დოლარის დაკისრება წარმოადგენდა, რაც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, საქმის მასალებში არ არსებობს დათმობილი წილის შეფასების ან/და ოფიციალური ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი, მისი მოპოვების შესაძლებლობა დღესდღეობით შეუძლებელია, თუმცა საქმეში არსებობს ნოტარიულად დამოწმებული წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად დათმობილი ქონების ღირებულება მხარეთა ერთობლივი თანხმობით 9 000 000 აშშ დოლარად შეფასდა, ამიტომ კომპენსაციის გამოთვლის მიზნებისთვის სასამართლო სწორედ ამ ღირებულებას მიიღებს მხედველობაში.
საქმის მასალებში ასევე, არსებობს 2011 წლის 08 აგვისტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანება, რომლის თანახმად იმ უძრავი ქონების ღირებულება, რომელიც აღნაგობის უფლებით შპს „ს----------–----------------------ს“ გადაეცა (ს/კ 0---------------) აუდიტორული დასკვნის თანახმად 1 900 000 ლარს შეადგენს, საიდანაც უძრავი ქონების ღირებულება - 300 000 ლარს ხოლო მასზე აღმართული შენობა-ნაგებობების ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს. (ტომი I, ს.ფ. 33-42, 59-60, 61, 62-70). ასევე, მოძრავი ქონების ღირებულება, რომელიც ამოღებულ იქნა შპს „ს----------–-------------------------ნ და მოგვიანებით შეტანილ იქნა შპს „ს----------–------------- კაპიტალში“ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნით სულ 276604 ლარს წარმოადგენდა. ვინაიდან წილი არის მიმოქცევადი უფლება, საწარმოში წილის ღირებულებას განსაზღვრავს საწარმოს აქტივები და პასივები, მისი ფინანსური ბრუნვა, საკუთრებაში არსებული ქონება და ასე შემდეგ, შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან წილის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების გაფორმებამდე დადებული აღნაგობის ხელშეკრულება გაუქმდა, მხარეთა მიერ შეთანხმებულ ღირებულებას (9 000 000 აშშ დოლარს) აღნიშნული საფასური უნდა გამოაკლდეს.
2011 წლის 15 ივლისის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 1,684 ლარს უდრიდა. ანუ, დათმობილი ქონების ღირებულება 15 156 000 ლარი იყო (9 000 000 აშშ დოლარი * 1,68 = 15 120 000), საწარმოს კაპიტალიდან ამოღებული უძრავი ქონება და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ჯამში 1 900 000 ლარად შეფასდა, რომელიც საწარმოს წილის საერთო ღირებულებას უნდა გამოაკლდეს და საბოლოო ჯამში 100%-იანი წილის ღირებულება 13 256 000 (15 120 000 ლარს - 1 900 000 ლარი = 13 256 000 ლარი) ლარით უნდა განისაზღვროს. მოსარჩელე ბ------- ა------–---–ი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში წილის 28% ფლობდა, აღნიშნული კი ნიშნავს, რომ წილის დათმობის დროს მისი წილის ფულად ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში - 3 711 680 ლარი წარმოადგენდა (13 256 000 * 28/100 = 3 711 680), რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც მოპასუხე ეკ-------------------------------------------------------- უნდა დაეკისროს.
20. სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს დაყენებულ შუამდგომლობასთან მიმართებით, რომლითაც იგი 2018 წლის 19 ოქტომბერს მოწმის სახით დაკითხული გ--------------------- ჩვენების საქმის მასალებიდან ამორიცხვას მოითხოვდა. შუამდგომლობა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ გამოკითხვის დაწყებამდე სარჩელის წარდგენის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და განცხადების წარდგენის თარიღის შესახებ ინფორმაცია მოწმეს აპელანტის წარმომადგენლის მხრიდან მიეწოდა, რის გამოც მოწმის ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე და 148-ე მუხლების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნულ მოსაზრებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების, ამ საქმეზე საქმისწარმოების შეწყვეტისა და ბ------- ა------–---–ის წარმომადგენლის მიერ სარჩელზე უარის თქმის თარიღები/განხორციელებული პროცედურები უდავოდ დასტურდება, შესაბამისად ის გარემოება, რომ მოწმეს დეტალურად არ ახსოვდა რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ, მისი ჩვენების ავთენტურობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს, მით უფრო, ისეთ პირობებში როდესაც საუბარია 2011 წელს მომხდარ ფაქტებზე, მოწმე კი ბ------- ა------–---–ის ადვოკატი იყო, რომელსაც ადვოკატის პროცესიის სპეციფიკიდან გამომდინარე მარტივად შესაძლებელია ყოველ კონკრეტულ საქმეზე განხორციელებული ქმედებები ზედმიწევნით არ ახსოვდეს, თუმცა, როდესაც იგი საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
21. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო ბრუნვის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ყოველი მხარე იმ ტვირთის მატარებელი შეიძლება იყოს, რომლის ზიდვაც მას შეუძლია. როცა დასტურდება, რომ იგი უძლურია ზიდოს ეს ტვირთი, პასუხისმგებლობის საკითხიც იხსნება. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ, სახელმწიფოს ეკისრება იმისი მტკიცების ვალდებულება, რომ მასსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული უსასყიდლო გარიგება არ ეწინააღმდეგებოდა მორალურ იმპერატივებს და სუსტი მხარის ინტერესებს. ამ გარემოების სამტკიცებლად კი, მოწინააღმდეგე მხარე მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ სახელმწიფოს არ ეკისრებოდა იმის გამორკვევის ვალდებულება თუ რა მოტივი გააჩნდა მოსარჩელის საკუთრების გაჩუქებისას, ასევე აცხადებდა რომ თავისუფალი ნების გამოვლენაში სახელმწიფოს ჩარევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა სააპელაციო პალატის მოსაზრებით აღნიშნული მსჯელობა, ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული, არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ასევე ნების ლოგიკური განმარტებიდან არ გამომდინარეობს.
შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ აპელანტმა წარმატებით დასძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი და სასამართლოს შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ სადავო გარიგება ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე არ გაფორმებულა.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა 2 520 00 აშშ დოლარს ანუ 4 243 680 ლარის ანაზღაურებას (2 520 00 * 1,684 = 4 243 680) აღნიშნული მოთხოვნა კი, ნაწილობრივ 3 711 680 ლარის ნაწილში, დაკმაყოფილდა, ამიტომ, მოპასუხე ს----------–-------------------------------------------------------------ს მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 3000 ლარიდან 2625 ლარი, ხოლო სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი 5 000 ლარიდან 4 375 ლარის გადახდის ვალდებულება მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს, ხოლო დარჩენილ ნაწილში გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 389-ე, 47-ე, 48-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ბ------- ა------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;
3. ბ------- ა------–---–ის სარჩელი ს----------–-------------------------------------------------------------ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ს----------–-------------------------------------------------------------ს ბ------- ა------–---–ის მიმართ დაეკისროს 3 711 680 ლარის ანაზღაურება;
5. ს----------–-------------------------------------------------------------ს ბ------- ა------–---–ის მიმართ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 625 ლარისა და სააპელაციო სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილი 4 375 ლარის ანაზღაურება, აპელანტის (თავდაპირველი მოსარჩელის) მიერ გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი თამარ ზამბახიძე