განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2019
საქმის ნომერი
010141319700074342
ინსტანცია
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141319700074342

საქმე № 1აგ/26-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ------ კ--–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით, თ------ კ--–------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზ------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გამამართლებელი განაჩენი თ------ კ--–------ის მიმართ.

თ------ კ--–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

თ------ კ--–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ------ კ--–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით, მსჯავრდებულ თ------ კ--–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

2019 წლის 08 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ადვოკატმა დ-----------------–---–მა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ითხოვა მსჯავრდებულ თ------ კ--–------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც არ იყო ცნობილი სასამართლოსთვის და არ ყოფილა სასამართლოს განხილვის საგანი და სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულ თ------ კ--–------ის უდანაშაულობას. ის ფაქტი, რომ თ------ კ--–------ის პირადი ჩხრეკის ოქმში არ არის ასახული მისგან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ამოღება და დათვალიერება, ადასტურებს, როგორც 2017 წლის 03 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმის, ასევე მოწმეების - ვ-–-----------–----–---–ის, ზ-------------–---–ის, კ-------------–---–ის ჩვენებების სიყალბეს, ანუ იმ ფაქტს, რომ განაჩენი ეფუძნება თავისი არსით დაუშვებელ მტკიცებულებებს. შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ მოწმეები იძლეოდნენ ცრუ ჩვენებებს და ისინი საფუძვლად არ უნდა დადებოდა გამამტყუნებელ განაჩენს. თ------ კ--–------ის პირადი ჩრეკის დროს ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და ქიმიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ ნარკოტიკულ საშუალებებს შორის არსებული არსებითი განსხვავებები ასევე ადასტურებენ მსჯავრდებულის უდანაშაულობას, რაც ასევე არ ყოფილა სასამართლოში დავის და განხილვის საგანი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად თ------ კ--–------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ თ------ კ--–------ის ადვოკატის დ-----------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში გაწერილია საფუძვლები, რა შემთხვევაშიც ხდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ თ------ კ--–------ის ადვოკატ დ-----------------–---–ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ მოიცავს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ რომელიმე პირობას (საფუძველს), რაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად შეიძლება იქნეს მიჩნეული, კერძოდ:

 

ადვოკატი, მოცემული განაჩენის გადასინჯვას, ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტებზე მითითებით, რომლის თანახმადაც, ,,განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამარლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“.

 

აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და შედეგის დადგომისთვის აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა. კანონის უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს, რომ სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. ამასთან, ეს ფაქტი თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, უნდა ამტკიცებდეს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვის დროს, შუამდგომლობის ავტორს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არის ახალი და გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც 2017 წლის 03 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმი და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე მოწმეების - ვ-–-----------–----–---–ის, ზ-------------–---–ის, კ-------------–---–ის ჩვენებები საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილი იყო სასამართლოში და მათ მიეცა შესაბამისი შეფასება. სხვა რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროს არ იყო ცნობილი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ ზემოთხსენებულმა მოწმეებმა სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენებები, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა და პირადი ჩრეკის ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებაა პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, რის შემდეგაც შეიძლება გახდეს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. ამ ეტაპისთვის აღნიშნული არ არის დადასტურებული სათანადო წესით (არ არის წარმოდგენილი ამ ფაქტების დამადასტურებელი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი), რისი გათვალისწინებითაც არ შეიძლება გახდეს განაჩენის გადასინჯვის წინაპირობა .

 

შესაბამისად, ადვოკატ დ-----------------–---–ის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენენს განაჩენის გადასინჯვისათვის სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახალ გარემოებებს, ვინაიდან ყველა აღნიშნული მონაცემი ცნობილი იყო საქმის განმხილველი სასამართლოსათვის. ამ საკითხებზე სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ იყო მსჯელობა, რასაც სასამართლომ მისცა სათანადო შეფასება და გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი და განაჩენი). რაიმე ახალი გარემოება, კი რაც საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა წარმოდგენილ შუამდგომლობაზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის რეჟიმში ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სახეზე არ არის სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილი რომელიმე პირობა.

 

საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ შუამდგომლობა სისხლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას.

 

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ თ------ კ--–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------------–---–ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულ საფუძვლებს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-313-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ------ კ--–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

ვეფხია ლომიძე