განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190100118002497190
საქმე №1ბ/209-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ა------------------ი (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1----–-–-----------–ს, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ-------------------------–-----–------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: განაჩენთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ-------------–--მ და ითხოვა მსჯავრდებულ ა------------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სასამართლომ დაადგინა:
მეუღლის - ს-----------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ნასამართლევი ა------------------ი, 2018 წლის 15 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე მივიდა გ----------------------------–-----------ში, თავისი მეუღლის ს---------------------ს საცხოვრებელ სახლთან, დაუყვირა, ხელი დაარტყა საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინას და ყოფილ მეუღლეს დაემუქრა, რომ მაინც მოკლავდა. აღნიშნული ქმედებით, ს---------------------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულის ს-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული ა------------------ი არის მისი ყოფილი მეუღლე, მათ დაახლოებით წელიწადნახევარი იცხოვრეს ერთად, ხოლო ზაფხულის თვეში ისინი დაშორდნენ ერთანეთს. მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი, 3 წლის ბიჭი და 2 წლის გოგო. თანაცხოვრების პერიოდში ა------------------ი მის მიმართ ძალადობდა. მას ჩვევად ჰქონდა, რომ ღამის სამ საათზე იღვიძებდა, სცემდა და მერე ისევ იძინებდა. ერთად ცხოვრების პერიოდში ის პოლიციაში დარეკვას ვერ ახერხებდა, რადგან ბრალდებული მას ტელეფონს უმოწმებდა. განქორწინების შემდეგ დაზარალებული დედასთან ცხოვრობს. მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო მისი ორი ძმა სხვაგან ცხოვრობენ, ამასთან მას არ ელაპარაკებიან, ვინაიდან თავის დროზე არ სურდათ, რომ ბრალდებულზე ექორწინა. 2018 წლის 15 მაისს, ღამის 22:30 საათი იქნებოდა, ოჯახში იყო დედასთან და შვილებთან ერთად, როდესაც მასთან ფანჯარაზე დააბრახუნა მისმა ყოფილმა მეუღლემ ა------------------მა და ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, ასევე ეძახდა ცუდ სიტყვებს. მათი შვილი ამ დროს დივანზე იჯდა, ამ ხმაზე ისე შეეშინდა, გადმოვარდა დივანიდან. იმის გამო, რომ მსგავსი საქციელი ხშირად ახასიათებდა ბრალდებულს, მას შეეშინდა, რომ მოკლავდა მართლა და დარეკა პოლიციაში. მისივე განმარტებით, ერთხელ ბრალდებულმა მას კედელზე მიარტყმევინა თავი, მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი და სწორედ ამიტომ გამოიძახა პოლიცია. ამასთან, მანამდეც ბრალდებული ღამის საათებში მიდიოდა მათთან სახლში და უმეორებდა მას, რომ მოკლავადა, თვითონ გარეთ არ გადიოდა, იმ ფანჯარას კეტავდა, სადაც ა------------------ი აბრახუნებდა. ბრალდებულს ამ ფაქტამდე მეზობლისთვისაც ჰქონდა ნათქვამი, რომ სადაც ნახავდა მას იქ მოკლავდა. მას ასევე დაურეკა ა------------------ის კლასელმა და უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რადგან ა------------------ს მისთვის უთქვამს მაინც მოვკლავო. თუ რატომ უნდოდა ბრალდებულს მისი მოკვლა არ იცის, თავიდან განქორწინება უნდოდა და ზაფხულის თვეები იყო როდესაც ისინი განქორწინდნენ. ბრალდებული უკვე არის ერთხელ გასამართლებული ს-----------------ს ცემის ფაქტზე და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, იგი რამდენჯერმე კიდევ მივიდა მეუღლის სახლის ფანჯარასთან და დაემუქრა მას. ბრალდებულს მისი მეუღლის მეზობლისათვის უთქვამს, რომ სადაც შეხვდებოდა მას იქვე მოკლავდა. მერე ეუბნებოდა „ისეთ რაღაცას გიზავ, შენ თვითონ გაიქცევიო“. იგი ეჭვიანობას გამორიცხავს, რადგან სახლიდან მხოლოდ მაღაზიაში გადიოდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბრალდებულმა ბავშვების ნახვა მოიმიზეზა და მივიდა მათთან, რა დროსაც ს-----------------ს ბეტონზე თავი დაარტყმევინა და იგი 3 დღე საავადმყოფოში იწვა. გარდა ამისა, იგი ბავშვს სასქესო ორგანოში ურტყამდა. ს-----------------ს შეეშინდა რომ ბავშვი არ მოეკლა. ბავშვის ტირილის გამო ბრალდებულმა მას უთხრა, რომ ერთხელ ისე დაარტყამდა რომ მოკლავდა. 2018 წლის 15 მაისს, ბრალდებული როცა მივიდა მოწმის სახლთან, მას არ უთქვამს რომ ბავშვების ნახვა უნდოდა. ბრალდებულმა იცოდა, რომ სახლში ს----------------ა, დედამისი და ბავშვები ცხოვრობდნენ, იგი ღამის საათებში მიდიოდა ხოლმე, რადგან ამ დროს ქუჩაში მეზობლის ბიჭები არ იყვნენ. 2018 წლის 15 მაისამდე, ს----------------- ბრალდებულის მისვლისას იძახებდა ხოლმე სამართალდამცავებს, მაგრამ სანამ ისინი მივიდოდნენ, ბრალდებული გაქცევას ახერხებდა. ერთხელ მოწმემ ბრალდებულს გზის ფული 10 ლარი სთხოვა და მან უთხრა რომ ჰქონდა ფული, მაგრამ არ მისცემდა და ამის გამო ბეტონზე თავი დაარტყმევინა და შემდეგ წიხლი ჩაარტყა. მოწმის განმარტებით, ბრალდებული არ არის ფსიქიკურად ნორმალური, ბრალდებული არა მარტო მეუღლეს, არამედ ბავშვებსაც სცემდა. ერთ-ერთი ბავშვი დღემდე ვერ ლაპარაკობს რადგან შეშინებულია და იგი ნერვოპათოლოგთან დადის. ისინი როცა ერთად ცხოვრობდნენ, ბრალდებული მეუღლეს სახეში ურტყამდა, ერთხელ კბილებიც ჩაუმტვრია. იგი სამკურნალოდაც ვერ მიდის, რადგან ბავშვები დაჰყავს ექიმთან, ერთი ვერ დადის, ერთი კი ვერ ლაპარაკობს. როგორც პოლიციის თანამშრომლისგან იცის ბრალდებულმა მამამისის სახლიც დაწვა, სადაც მისი მეუღლის მზითვი იყო და მან ყოველთვის შეიძლება დედამისის სახლიც დაწვას. 15 მაისს როდესაც ბრალდებულმა ფანჯარაზე დააბრახუნა და ყვიროდა, მან ნამდვილად დაინახა, რომ ის პიროვნება ა------------------ი იყო. იგი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არ მუშაობდა, მან მისი ოქროები წაიღო და დაალომბარდა. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული ა------------------ი თუ გარეთ იქნება მისთვის და მისი შვილებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, სულ მათ სახლთან არის და ეუბნება რომ მოკლავს. ბავშვებს მკურნალობს ნევროპათოლოგთან, ბრალდებული თუ თავისუფლებაში იქნება ბავშვების მკურნალობა უშედეგო იქნება.
მოწმე გ---–--------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ს----------------- არის მისი შვილი, ხოლო ბრალდებული მისი ყოფილი სიძეა. 2018 წლის 15 მაისს ბრალდებული ნასვამი მივიდა მათთან სახლში, დაახლოებით 23:00 საათი იქნებოდა, კარებზე აბრახუნებდა, ყვიროდა, იგინებოდა. სახლში არ შეუშვიათ. ფანჯრიდან დაინახეს, რომ ნასვამი იყო, ხმაზეც ეტყობოდა. ბრალდებული ყვიროდა, იგინებოდა და ცუდ სიტყვებს იყენებდა. მის შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ყვირილის ბავშვს შეეშინდა და როცა იგი ნერვიულობს ცუდად ხდება. ბრალდებულს სახლში შესვლა უნდოდა, მაგრამ მას არ უშვებდნენ. მისმა შვილმა პოლიციაში დარეკა, რა დროსაც ბრალდებული გაიქცა, მაგრამ იგი მერე დააკავეს. გ---–--------------ას განმარტებით, ბრალდებული დედამისმა სახლიდან გააგდო და მან სახლი დაუწვა. მოწმეს უნდოდა კარი გაეღო და დაერტყა მისთვის, რადგან იგი ძალიან ნასვამი მივიდა მათთან, მაგრამ მას შეეშინდა, რომ დანა არ ჰქონოდა. მართალია მათ კარი არ გაუღიათ ბრალდებულისათვის, მაგრამ ფანჯრიდან დაინახეს იგი და ნამდვილად იციან რომ ის პიროვნება ა------------------ი იყო. თავიდან სახლში უშვებდნენ ბრალდებულს, ფიქრობდა იქნებ გამოსწორებულიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც თავის ქალიშვილს თავში ჩაარტყა და ამის გამო საავადმყოფოში იწვა, სახლში აღარ უშვებენ. იმის მერე მის ქალიშვილს თავის ტრამვა აქვს და თავის ტკივილები აწუხებს. მისი შვილისგან იცის, რომ როდესაც ერთად ცხოვრობდნენ ბრალდებული ცოლის ჯიბრზე ბავშვსაც სცემდა ხოლმე.
ბრალდებულმა ა------------------მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ თვე არ ახსოვს, როდესაც დააკავეს ის დღე იყო, 15 რიცხვში მეზობელმა სამუშაო შესთავაზა და ამ დროს დამხმარე სჭირდებოდა, გზაზე რომ მოდიოდა მეუღლე - ს----------------- ნახა ფანჯარასთან იდგა, დღის რა მონაკვეთი იყო არ ახსოვს, მიუახლოვდა და უთხრა, რომ ბავშვების ნახვა უნდოდა, რადგან ბავშვები მისიც იყო. ცოლს დახურული ფანჯრიდან ელაპარაკებოდა. ცოლმა უპასუხა, რომ ის ვერასდროს ნახავდა მის შვილებს. ამის მერე წავიდა რადგან დამხმარე უნდა აეყვანა ბირჟიდან. დაახლოებით 100-150 მეტრი ექნებოდა გავლილი პოლიცია მივიდა მასთან, ცოლს არ უთქვამს რომ პოლიციაში დარეკავდა, მან პოლიციას აუხსნა თუ რატომ იყო ცოლთან მისული. მეუღლის გარდა სახლში არავინ იყო. პრობაციაში რომ დადიოდა იქ ერთი ქალი ეუბნებოდა, რომ მისი ცოლი მასზე ცუდ რაღაცეებს ამბობდა. შვილების ნახვის საკითხის მოგვარების მიზნით, ადვოკატთანაც იყო მისული, მაგრამ 600 ლარი მოსთხოვეს, მას ფული არ ჰქონდა. მას შემდეგ შვილები არ უნახავს, რაც ცოლზე ძალადობის გამო გაასამართლეს. თანაცხოვრების პერიოდში ცოლი სულ აშანტაჟებდა. თურქეთში მუშაობდა 1500 აშშ დოლარი ჰქონდა ხელფასი, ცოლი ურეკავდა დღეში სამჯერ და ეუბნებოდა ჩამოსულიყო და სახლი ეყიდა. მას არ ჰქონდა ფული რომ სახლი შეეძინა, ეს იყო მიზეზი მათი დაშორების, სახლი რომ ვერ იყიდა, მაგის გამო ცოლი დედამისთან წავიდა საცხოვრებლად. თანაცხოვრების პერიოდში მხოლოდ ერთხელ სცემა ცოლი, შვილების მიმართ არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია.
ა------------------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა------------------ის გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ დაზარალებულის ჩვენება არის გაბრაზებული ადამიანის მიერ მიცემული ჩვენება და განსხვავდება რეალობისგან, რომ მსჯავრდებული მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნახვის მიზნით მივიდა დაზარალებულის სახლთან, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
კერძოდ: დაზარალებულ ს-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული ა------------------ი, 2018 წლის 15 მაისს, მის ფანჯარასთან მივიდა დახლოებით 22:30 საათზე, დააბრახუნა ფანჯარაზე, ეძახდა ცუდ სიტყვებს და ემუქრებოდა მოკვლით. მან, მისი ყოფილი მეუღლის პიროვნებიდან გამომდინარე, იცოდა, რომ მისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო (მასზე არაერთხელ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამო), ამასთან მეზობლებისგან იცოდა, რომ მის მეუღლეს ა------------------ს ნათქვამი ჰქონდა, რომ სადაც ნახავდა იქ მოკლავდა, მუქარა რეალურად აღიქვა, შეეშინდა და დარეკა პოლიციაში. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ ს----------------ას ჩვენება, შესაბამისობაშია მოწმე გ---–--------------ას ჩვენებასთან, რითაც დადგენილია, რომ მისი ყოფილი სიძე, ა------------------ი, მათ სახლთან მივიდა ღამის 23:00 საათაზე, აბრახუნებდა და მის შვილს მოკვლით ემუქრებოდა.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოსაზრება, რომ მსჯავრდებული, საღამოს, მისი ყოფილი მეუღლის სახლში მივიდა მხოლოდ ბავშვების სანახავად და ფანჯარაზე დააკაკუნა, არ შეესაბამება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია, დამაჯერებელია და საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და ემსახურება მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ინტერესებს.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა------------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილებების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ა------------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა, ოჯახური დანაშაულისათვის პირობითი მსჯავრდების პერიოდში.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი, ა------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ-------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა------------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ა------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომეტიდან - 2018 წლის 20 მაისიდან.
ა------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონიაძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაია თეთრაული