განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002721549
საქმე №1ბ/21-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო--------------ის
მსჯავრდებულის ადვოკატის: ნ---------------–---–ის
მსჯავრდებულის: ი-------–----------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ი-------–----------ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №11---------), განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------–----------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-------–----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი-------–----------ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლე მ------–-----ეს როგორც ერთად ცხოვრების, ისე განქორწინების შემდეგ, 2018 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 19:40 საათზე, ქ------------–---------–---------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ორი არასრულწლოვანი შვილის - 12 წლის ზ--------–----------ისა და 6 წლის ლ-–---–----------ის თანდასწრებით, კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მ------–-----ეს, უცენზურო სიტყვებით ლანძღა-აგინა, ითრია თმებით და რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავის არეში, რამაც მ------–-----ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
ი-------–----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ი-------–----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 4 ოქტომბრიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.
ი-------–----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მ-------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, ასევე, სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა მოითხოვა ი-------–----------ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ი-------–----------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული ლმობიერი სასჯელი ვერ იქნება ხელისშემშლელი და შემაკავებელი იმისა, რომ მან კვლავ არ ჩაიდინოს სხვა განზრახი დანაშაული. დანიშნული სასჯელი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის წამახალისებელია და არ ემსახურება კანონით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ მ------–-----ის და მოწმეების - ლ-------------–--ის, ქ----------------ის, ზ--------–----------ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ი-------–----------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, 2018 წლის 5 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №7--------- დასკვნით, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასზე თანდართული ფოტოცხრილით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-------–----------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაული.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ი-------–----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა ლმობიერი სასჯელის მიღების განცდა, აღნიშნული იქნება მისთვის წამახალისებელი ხასიათის და ვერ იქნება ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ი-------–----------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას სასჯელის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. როგორც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას რეალურად პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ითხოვს მის გამკაცრებას (იხ. სააპელაციო საჩივარი), რაც, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, დაკავშირებულია განაჩენის სამართლიანობასთან და არა განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა ფასდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ი-------–----------ის მიმართ გამოტანილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი არის დასაბუთებული, ვინაიდან იგი ემყარება მოცემულ საქმეზე შეკრებილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერი, ვინაიდან იგი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის პრეტენზია განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ი-------–----------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ი-------–----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ ი-------–----------ემ საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში დროული გამოცხადებისა და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, კერძოდ, იგი არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, ასევე ი-------–----------ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. იმავდროულად, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე შვილების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. მოცემულ შემთხვევაში, ქმედების განხორციელების სახის, ქმედების მასშტაბურობის (დაზარალებული მთელი ძალით მოქაჩა და ითრია თმებით, დააგდო მიწაზე და ურტყამდა მუშტებს თავში), ალკოჰოლური თრობის ქვეშ დანაშაულის ჩადენის და დანაშაულის მოტივის (მსჯავრდებული ეჭვიანობდა მ------–-----ეზე და ვერ შეეგუა მის მეორედ გათხოვებას) გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ი-------–----------ის მიმართ დამატებითი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც იქნება უკეთესი გარანტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მიზანშეწონილია ი-------–----------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გაზრდა და მას გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 1 წელი და 6 თვე, რაც იქნება დამატებითი გარანტია ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
გარდა გამოსაცდელი ვადის გაზრდისა, ზემოხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატა ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს ი-------–----------ისთვის მოვალეობის დაკისრებას ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის სახით, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი დამატებით ვალდებულებასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს ი-------–----------ე, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში ი-------–----------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენში ი-------–----------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ი-------–----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
ი-------–----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 4 ოქტომბრიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი;
პირობით მსჯავრდებულ ი-------–----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი-------–----------ეს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-------–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 15 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ვ--–---------–------ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, ფართობი 980.00 კვ.მ. მდებარე ზ------------------------------–----------- ს.კ. 3-----------;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე