განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700074469
საქმე №1/აგ-28-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი-----–--------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ი-----–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ი-----–--------ეს 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ი-----–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით;
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 7000(შვიდიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით.
ი-----–--------ეს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 13 აპრილიდან 2016 წლის 15 აპრილის ჩათვლით ჩაეთვალა სასჯელის საერთო ვადაში.
ი-----–--------ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2019 წლის 11 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ი-----–--------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენების გადასინჯვა და სასჯელის ზომის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–--------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს
კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ი-----–--------ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ი-----–--------ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების (ADB-FUBINAGA) უკანონოდ შეძენა, შენახვისათვის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის 33-ე თავით გათვალისიწნებული რომელიმე დანაშაული.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ი-----–--------ე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს.
აგრეთვე, მსჯავრდებული ი-----–--------ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ამასთან, ვინაიდან ი-----–--------ე წინა განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, მას ქმედებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ახალი ფსიქოატიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის 33-ე თავით გათვალისიწნებული რომელიმე დანაშაული) და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ახალი ფსიქოატიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა).
რაც შეეხება სასჯელს, ვინაიდან მსჯავრდებულს სასჯელი განსაზღვრული აქვს მოქმედი 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, სასჯელი არ იცვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი-----–--------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენებში შევიდეს ცვლილება:
ი-----–--------ე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს;
ი-----–--------ე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს;
ი-----–--------ეს ქმედებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი).
ი-----–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
ი-----–--------ეს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 13 აპრილიდან 2016 წლის 15 აპრილის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი, სხვა ნაწილში (მათ შორის დამატებითი სასჯელის და უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. კახეთელიძე