განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
330100118002513879
ინსტანცია
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002513879

საქმე №1ბ/1559-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ირ---–------–--------ს

ადვოკატის: ნო------–--–---ს

მონაწილეობით,ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ირ---–------–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გამართლებულ ჯე------------ს მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული: ს----------------–--–------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, ჯე------------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ჯე------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 00:05 საათზე, წარსულში ქურდობისთვის არაერთხელ ნასამართლევი ჯე------------ ქ. თბილისში, მეტროსადგურ „--------–---------------- არსებულ სავაჭრო ცენტრ „---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გე-–------–--ის მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო მიკროავტობუსიდან (სახელმწიფო ნომრით T------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა გე-–------–--ის კუთვნილ ფულად თანხას 26 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირ---–------–--------მ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ჯე------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. დაზარალებულ გე-–------–--ის და პოლიციის თანამშრომლების: გ--------------------------------------------------–---–------- მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ჯე-------------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სასამართლომ არ ახსენა განაჩენში დაზარალებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც გე-–------–--ე აცხადებს, რომ მან ნახა როგორ იღებდა ფულს ტორპედოდან ჯე------------. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჯე-------------ს მოქმედებას აღნიშნული 4 პირი ხედავდა უწყვეტად, ანუ მისი მიკროავტობუსში ასვლიდან ჩამოსვლამდე და ჩხრეკის ჩატარებამდე ჯე------------ს არავისთან შეხება არ ჰქონდა და თავის მხრივ მხოლოდ ის იმყოფებოდა მიკროავტობუსის „ტორპედოსთან“, საიდანაც დაიკარგა სწორედ ლარიანი კუპიურები და პირადი ჩხრეკისას სწორედ ჯე------------ს ჯიბეში 26 ცალი ლარიანი მონეტა აღმოაჩნდა. რაც შეეხება უშუალოდ მიყენებული ზიანის ოდენობას, ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ზიანის ოდენობის ზუსტად განსაზღვრა არცერთი პროცესუალური ნორმით არაა სავალდებულო. ამასთან, დაზარალებულმა სასამართლოში განაცხადა, რომ შესაძლოა ბრალდებულს თავისი რამდენიმე ლარიანი კუპიურაც ჰქონოდა და ზიანი ზუსტად 26 ლარი არ ყოფილიყო, თუმცა მისივე განმარტებით, დაახლოებით იმ ოდენობის ლარიანები იყო მოპარული, რაც ბრალდებულისაგან იქნა ამოღებული. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, რომ მძღოლს შეძლებოდა იმ ხურდა ფულის ამოცნობა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მასთან იცვლება. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, როდესაც ტორპედოსთან მხოლოდ ჯე------------ იდგა და ამ პროცესს 4 პირი მუდმივად ადევნებდა თვალყურს, აპელანტს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯე------------საგან ამოღებული ლარინი კუპიურები არის სწორედ გე-–------–--ის მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო მიკროავტობუსიდან დაკარგული თანხა.

სააპელაციო სასამართლოში გამართლებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ დაზარალებული და პოლიციის თანამშრომლები უწყვეტად ადევნებდნენ თვალყურს ჯე------------ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს და მათი ჩვენებები ქმნიან პირის მიმართ გამამტყუნებებლი განაჩენის გამოსატანად საკმარის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

აპელანტის ასეთი მსჯელობა აშკარად არ გამომდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და ამასთან, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დგინდება სამგზავრო მიკროავტობუსიდან ფულადი თანხის უშუალოდ ჯე------------ს მიერ დაუფლების ფაქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გე-–------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „-----–-–---–------- სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლად. მიკროავტობუსი მარშუტის მიხედვით, გადაადგილდება ქ. თბილისში, მეტროსადგურ „--------–--------------------–------------ მ/რაიონის მიმართულებით. 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 10:00-11:00 საათისათვის მიკროავტობუსი გააჩერა მეტროსადგურ „--------–-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე და გადავიდა ავტომანქანიდან დაახლოებით 15-20 მეტრის მოშორებით, ყავის დასალევად. მან მგზავრების ამოსასვლელი კარი დატოვა ღია, ხოლო მიკროავტობუსში არსებული ხურდა ფული ედო ე.წ. „ტორპედოზე“ განთავსებულ სპეციალურ დაფაზე. ამავე დროს მან დაინახა, რომ მის მიკროავტობუსთან გაჩერდა პოლიციის ავტომანქანა, რისთვისაც თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია. თუმცა, მალევე შემოესმა ხმაური და როგორც შემთხვევის ადგილზე მისვლისას გაარკვია, პოლიციელებს მისი მიკროავტობუსიდან ფულის მოპარვის გამო ჰყავდათ დაკავებული ერთი პირი. ამ უკანასკნელს ჯიბეში აღმოაჩნდა ხურდა ფული (ერთლარიანი კიპიურები), საერთო ჯამში 26 ლარის ოდენობით. დაზარალებულის განმარტებით, მიკროავტობუსში, ზემოხსენებულ ადგილზე ხურდების სახით დაახლოებით 40-50 ლარი ჰქონდა, რომლის ნაწილიც აღარ დახვდა ადგილზე. მან ასევე დაადასტურა, რომ ყავის დალევის პერიოდში შორიდან დაინახა, თუ როგორ ავიდა ბრალდებული მიკროავტობუსში, სადაც უკვე იჯდა რამდენიმე მგზავრი, დადგა მძღოლის სავარძელთან საეჭვოდ და რაღაცას აკეთებდა. აღნიშნულზე მან ხმამაღლა დაიძახა - მე მგონი ფულს იპარავსო და დაიძრა ადგილიდან მისი მიმართულებით. როგორც აღმოჩნდა პოლიციელებსაც ჰყავდათ იგი დანახული და დააკავეს. მოწმის განმარტებით, სიტყვები „მე მგონი ფულს იპარავს“ თქვა ვარაუდის საფუძველზე, ვინაიდან არც მოპარვის ფაქტი დაუნახავს და არც მგზავრებისთვის უკითხავს რამე. მისთვის აგრეთვე უცნობია, გამოკითხა თუ არა პოლიციამ მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები. იგი პოლიციის თანამშრომლებთან არ მისულა და არ უთქვამს ამ პირმა ფული მომპარაო. სამსახურებრივი ფორმა 3 პოლიციელიდან მხოლოდ ერთს ეცვა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ხედავდა მგზავრების ასასვლელ მხარეს, თუმცა როგორ ავიდა ჯე------------ მიკროავტობუსში, არ დაუნახავს. მან უშუალოდ დაინახა, რომ ჯე------------ს მძღოლის სავარძელთან დგომის ფაქტი, თუმცა რას აკეთებდა, მისთვის უცნობია. მის ფულს რაიმე ამოსაცნობი ნიშანი არ გააჩნდა. ვინაიდან არ იცის კონკრეტულად რა თანხა ჰქონდა მას დატოვებული მიკროავტობუსში, არ შეუძლია ზუსტად მითითება, თუ რა ოდენობის თანხა მოპარეს. როგორც მოგვიანებით ნახა, ლარიანები აღარ იდო შესაბამის სათავსოში, სხვა ხურდები კი ადგილზე იყო. ვიზუალურად ახსოვს, რომ დაახლოებით იმდენივე ლარიანი ჰქონდა ე.წ. „ტორპედოზე“ განთავსებულ დაფაზე, რამდენიც ამოიღეს ბრალდებულისაგან.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გო--------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 14 მაისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თანამშრომლებთან - პა-----------------თან და ზვ-----–---–-----თან ერთად. იგი ატარებდა სამსახურებრივ ფორმას. ქ. თბილისში, მეტროსადგურ „--------–-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწმე მათ შეამჩნიეს ახალგაზრდა პირი, რომელიც ავიდა №--- სამგზავრო მიკროავტობუსში, გაჩერდა მძღოლის ადგილის მიმდებარედ და სინჯავდა ე.წ. „ტორპედოს“. მან და მისმა თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული პირი იყო მძღოლის ახლობელი, რის გამოც რეაგირების გარეშე განაგრძეს მუშაობა. ასევე დაინახა, როგორ ჩამოვიდა იგი მიკროავტობუსიდან და წინ ჩაუარა, რა დროსაც შენიშნა, რომ მას სიარული უჭირდა. რამდენიმე წუთში მათთან მივიდა მიკროავტობუსის მძღოლი, რომელმაც მიუთითა იქვე, რამდენიმე მეტრში მყოფ პირზე, როგორც შემდეგ აღმოჩნდა ჯე------------ზე და განუცხადა, რომ ამ უკანასკნელმა მოპარა მიკროავტობუსში, ე.წ. „ტორპედოზე“ არსებული ფულადი თანხა. მათ დაახლოებით 30 მეტრში შეაჩერეს აღნიშნული პიროვნება და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჯე------------სგან ამოღებული იქნა 26 ლარის ხურდა ფული და 2 მობილური ტელეფონი, რის საფუძველზეც დააკავეს იგი ბრალდებულის სახით. მოწმის განმარტებით, დაკავებისას ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა მან აღნიშნული არ შეიტანა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში, ვინაიდან საჭიროდ არ მიიჩნია ამ ინფორმაციის ასახვა. გო-------------მ ასევე დაადასტურა, რომ მათ მიერ დაკავებული ჯე------------ იყო სწორედ ის პიროვნება, რომელიც მძღოლის გვერდით ე.წ. „ტორპედოსთან“ სინჯავდა რაღაცას. თუმცა, უშუალოდ ქურდობის ფაქტი მას და მის თანამშრომლებს არ დაუნახავთ. ისინი მიკროავტობუსიდან დაახლოებით 4-5 მეტრში იდგნენ. მძღოლს მათთვის არ განუმარტავს რამდენი ლარი დაკარგა, მხოლოდ ის მოახსენა, რომ რკინის კუპიურები მოპარეს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე პა----------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 14 მაისს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას თანამშრომლებთან - გო-------------სთან და ზვ-----–---–-----თან ერთად, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „--------–-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი ატარებდა სამსახურებრივ ფორმას. დაახლოებით ღამის 12 საათისთვის იმყოფებოდნენ სამარშუტო ტაქსების გაჩერებასთან და საუბრობდნენ, რა დროსაც შეამჩნიეს ერთი პირი, რომელიც ავიდა №--- სამგზავრო მიკროავტობუსში. დაინახეს, რომ იგი შეჩერდა იქვე მძღოლის სავარძელთან და რაღაცას აკეთებდა, რამდენიმე წამში კი ისევ უკან ჩამოვიდა და მათ წინ ჩაუარათ. მოწმემ შენიშნა, რომ მას სიარული უჭირდა. მან და მისმა თანამშრომლებმა ივარაუდეს, რომ იგი მძღოლის ახლობელი იყო. რამდენიმე წუთში მათთან მივიდა მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც იძახდა, რომ მიკროავტობუსიდან მოპარეს ხურდა ფული. ამ უკანასკნელმა მათ მიუთითა ჯე------------ზე, როგორც სავარაუდო დამნაშავეზე. აღნიშნულის საფუძველზე, მათ შეაჩერეს მძღოლის მიერ მითითებული პირი, დააკავეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოუღეს 26 ლარის ხურდა ფული და 2 მობილური ტელეფონი. მოწმემ დაადასტურა, რომ უშუალოდ ჯე------------ს მიერ თანხის აღების ფაქტი მათ არ დაუნახავთ და არც მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები გამოუკითხავთ. აღნიშნულის მიზეზად მოწმემ მიუთითა ბრალდებულთან მათი ყოფნის საჭიროება.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზვ-----–---–-----მა განაცხადა, რომ 2018 წლის 14 მაისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თანამშრომლებთან - გო-------------სთან და პა-----------------თან ერთად, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „--------–-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი ატარებდა სამსახურებრივ ფორმას. ღამის საათებში №--- სამგზავრო მიკროავტობუსების გაჩერებასთან პატრულირებისას მათ შენიშნეს, რომ №--- მიკროავტობუსში ავიდა ერთი პირი და გაჩერდა მძღოლის სავარძელთან. მოწმის განმარტებით, მან და მისმა თანამშრომლებმა იფიქრეს, რომ აღნიშნული პირი იყო მძღოლის ახლობელი. ხოლო მიკროავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ მათ ახლო მანძილზე ჩაუარა და სწრაფი ნაბიჯით გააგრძელა გზა. რამდენიმე წუთში მათთან მივიდა მიკროავტობუსის მძღოლი და უთხრათ, რომ მიკროავტობუსიდან მოპარეს გარკვეული თანხა. მოწმის განმარტებით, ისინი დაედევნენ მძღოლის მიერ აღწერილ სავარაუდო დამნაშავეს, დაახლოებით 25-30 მეტრის დაშორებით დააკავეს ჯე------------ და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოუღეს 26 ლარის ხურდა ფული და 2 მობილური ტელეფონი. აღნიშნულის საფუძველზე, მათ ჯე------------ დააკავეს ბრალდებულის სახით. მოწმემ დაადასტურა, რომ უშუალოდ ქურდობის ფაქტი მას არ დაუნახავს, მხოლოდ ის შენიშნა, ჯე------------ როგორ ავიდა მიკროავტობუსში, გაჩერდა ე.წ. „ტორპედოსთან“, სწრაფად ჩამოვიდა და გააგრძელა გზა. მიკროავტობუსში იყვნენ სხვა მგზავრებიც, რომელთაგან მას არავინ გამოუკითხავს. მათ დაკავებული პირი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ალ------------------მ განმარტა, რომ ჯე------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ჩაუტარდა სამი კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა 2015 წელს, 2017 წელს და 2018 წელს. კომისიური ექსპერტიზის წარმოების პროცესში დინამიკაში შესწავლილ იქნა წინა ექსპერტიზების დროს არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემები, მათი კომისიის კვლევის მონაცემები და ექსპერტთა კომისიამ დაადგინა, რომ ჯე------------ არის ქრონიკული პაციენტი, რომელსაც განკურნების პერსპექტივა არ გააჩნია.

2018 წლის 14 მაისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჯე------------ ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო არის 2018 წლის 14 მაისი 00:05 საათი. 2018 წლის 14 მაისს 00:07 საათიდან 00:25 საათამდე მიმდინარეობდა დაკავებულის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც, ამოღებულ იქნა 26 ცალი ერთლარიანი მონეტა, 1 ცალი „ჰუავეის“ და 1 ცალი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი. რაიმე შენიშვნა ან განცხადება ოქმზე არ აღინიშნება.

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში და აღნიშავს, რომ დაზარალებულ გე-–------–--ის და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს.

უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვერც დაზარალებულმა და ვერ სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ მიკროავტობუსიდან ფულადი თანხის უშუალოდ ჯე------------ს მიერ დაუფლების ფაქტი. გე-–------–--ემ პირველ ჯერზე განმარტა, რომ დაინახა როგორ ავიდა ჯე------------ სამგზავრო მიკროავტობუსში და თავიდანვე საეჭვოდ მოეჩვენა მისი ქცევა. სწორედ ამიტომ დაიძახა ხმამაღლა - მემგონი ფულს იპარავსო. ხოლო მოგვიანებით დაზარალებულმა აღნიშნა, რომ არ დაუნახავს როგორ ავიდა ჯე------------ მიკროავტობუსში. მან შენიშნა, რომ ჯე------------ იდგა მძღოლის სავარძელთან, თუმცა არ იცის, ეს უკანასკნელი იქ რას აკეთებდა. მას არ შეუძლია მიუთითოს, რომ თანხა აიღო ჯე------------მ და არც ის შეუმჩნევია მანამდე სხვა მგზავრები გაჩერდნენ თუ არა იმ ადგილას, სადაც ხურდა ფული ჰქონდა მოთავსებული.

ასევე, გო-------------ს, პა----------------- და ზვ-----–---–-----ს არ დაუნახავთ ჯე------------ს მიერ თანხის დაუფლების ფაქტი, არც იმისთვის მიუქცევიათ ყურადღება სხვა მგზავრები როგორ ავიდნენ მიკორავტობუსში და რა მოიმოქმედეს სავარძლებზე განთავსებამდე. მათი განმარტებით,შეამჩნიეს ჯე------------, რომელიც მძღოლის სავარძელთან იდგა და რაღაცას აკეთებდა, თუმცა ვინაიდან მიიჩნიეს მძღოლის ახლობლად, ყურადღება აღარ მიაქციეს. ამის შემდეგ მათ ჯე------------ დააფიქსირეს, როდესაც ჩავიდა მიკროავტობუსიდან და წინ ჩაუარა. მძღოლის მითითების შემდეგ კი იგი შენიშნეს დაახლოებით 25-30 მეტრში. ამდენად, დაუსაბუთებელია ბრალდების მხარის აპელირება, რომ როგორც დაზარალებული, ასევე სამართალდამცავები უწყვეტად ადევნებდნენ თავლყურს ჯე------------ს მოქმედებას და ამასთან, მხოლოდ ის იყო მიკოროავტობუსის ე.წ. „ტორპედოსთან“ გაჩერებული.

რაც შეეხება დაზარალებულისა და პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს შორის არსებულ ურთიერთწინააღმდეგობებს, გე-–------–--ემ განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებთან თვითონ არ მისულა და არ მიუთითებია ჯე------------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. პოლიციელებმა თავის მხრივ შეამჩნიეს ბრალდებული და მისი (გე-–------–--ის) შემთხვევის ადგილზე მისვლისას უკვე დაკავებული ჰყავდათ. სამართლდამცავების განმარტებით კი, სწორედ დაზარალებულმა მიუთითა მათ დაახლოებით 25-30 მეტრში მდგომ ჯე------------ზე, რომ ეს პირი დაეუფლა მისი მიკროავტობუსიდან ფულს. ასევე იმ პრობებში, როდესაც დაზარალებულის მითითებით, შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშორმლებიდან მხოლოდ ერთს ეცვა ფორმა, თავად გო-------------მ, პა----------------მ და ზვ-----–---–-----მა განაცხადეს, რომ სამივე მათგანი ატარებდა სამსახურებრივ ფორმას.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამართალდამცავების ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზეც და აღნიშნავს, რომ როგორც ზვ-----–---–-----მა განმარტა, მიკროავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ ჯე-------------მ მათ ახლო მანძილზე ჩაუარა და სწრაფი ნაბიჯით გააგრძელა გზა. ხოლო გო-------------ს და პა----------------ს განმარტებით, როდესაც ჯე------------მ მათ წინ ჩაიარა, შენიშნეს რომ სიარული უჭირდა.

ამასთან, გო-------------ს ჩვენება არსებით წინააღმდეგობაში მოდის მისი თანამშრომლების ჩვენებებთან და ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან იმ მიმართებით, რომ გო-------------ს განმარტებით, მათ ჯე------------ ჯერ შეაჩერეს, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და მხოლოდ ამის შემდეგ დააკავეს. პა----------------მ და ზვ-----–---–-----მა კი დაადასტურეს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე, საიდანაც ირკვევა, რომ ჯე------------ს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო არის 00:05 საათი, ხოლო პირადი ჩხრეკა დაიწყო 00:07 საათზე.

პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია - პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე დანაშაულის აშკარა კვალის აღმოჩენა, რაც ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. როგორც უკვე აღინიშნა, ოქმის თანახმად ჯერ განხორციელდა პირის დაკავება, ხოლო შემდეგ ჩაუტარდა მას პირადი ჩხრეკა და სწორედ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული 26 ცალი ლარიანი რკინის მონეტა.

უშუალოდ დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ ზიანის ოდენობის ზუსტად განსაზღვრა არცერთი პროცესუალური ნორმით არაა სავალდებულო. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ ბრალდების მხარე ვალდებულია დაადასტუროს იმ ფაქტობრივი გარემობების არსებობა, რასაც ედავება ბრალდებულს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს ან უარყოფდეს პირის ბრალდების ფორმულირებას. მოცემულ შემთხვევაში სწორედ პირის ბრადლების შესახებ დადგენილებაშია მითითებული, რომ ჯე------------ დაეუფლა გე-–------–--ის კუთვნილ თანხას 26 ლარის ოდენობით. ხოლო საქმეში არსებული მტკიცბულებებით არც ერთ შემთხვევაში არ დგინდება დაზარალებულს, რა ოდენობის თანხა ჰქონდა დატოვებული მიკროავტობუსში და მათგან რამდენი ლარი იქნა დაკარგული ქურდობის შედეგად.

პალატის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები ვერ ქმნიან უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯე------------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. აღნიშნულის უტყუარად მიჩნევისათვის საჭირო იყო ბრალდების მხარის მხრიდან დამატებითი პირდაპირი ხასიათის მტკციებულებების მოპოვება (მაგ. მიკროავტობუსში მყოფი სხვა მგზავრების ჩვენებების წარმოდგენა), რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. მხოლოდ დაზარალებულის და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, მათ შორის არსებული წინააღმდეგობების გამო, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს: ექსპერტ ალ------------------ს ჩვენება, ექსპერტზის დასკვნები და სისხლის სამართლის საქმეზე უდავოდ მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებები არ შეიცავენ რაიმე სახის ინფორმაციას ჯე------------ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის დადასტურების თვალსაზრისით და ასეთ მტკიცებულებებს სასამართლო ვერ გაითვალისწინებს პირის ქმედების შეფასებისას.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ჯე-------------ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჯე------------ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ირ---–------–--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ჯე------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ჯე------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

5. გამართლებულ ჯე------------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ჯე------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 26 ცალი ერთ ლარიანი მონეტა და ერთი ცალი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი