განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001918944
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3241-18 27 ნოემბერი, 2018 წელი
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლე თამარ ალანია
ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - სს „ს----------–---------“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - დ--------------–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ბ------------–----–---–ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ---------------–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – ს----კო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს დაეკისროს 2016 წლის 16 ივნისის ს----კო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 21 605,01 აშშ დოლარის გადახდა;
1.2 მოპასუხეს დაეკისროს დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე 64,94 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. დავალიანების დაფარვა განხორციელდეს ბ------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით;
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელესა და მ--- ა--------ეს შორის 2016 წლის 16 ივნისს გაფორმდა ს----კო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით. იმავე დღეს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა სესხი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, 180.3 თვის ვადით, წლიური 8%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაზღვევის მართვის საკომისიო 0.38%. სესხის უზრუნველყოფის მიზნით დაიტვირთა ბ------------–----–---–ის უძრავი ქონება. 16.06.2016წ. მ--- ა--------ესთან ასევე გაფორმდა ს----კო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული თითოეული ტრანშის მაქსიმალური ოდენობა 54 აშშ დოლარი, წლიური 18%, 0.5% პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე დღეს თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა ბ------------–----–---–თან.
2016 წლის 01 სექტემბერს მსესხებელი გარდაიცვალა, რომლის უფლებამონაცვლეა მეუღლე ბ------------–----–---–ი. სარჩელით მომართვის დროისათვის მოპასუხეს ერიცხება სასესხო დავალიანება 21 605.01 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც, ძირი თანხა - 19 872.34 აშშ დოლარი, პროცენტი - 984.36 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 705.06 აშშ დოლარი, საკომისიო - 43.25 აშშ დოლარი. სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 64.94 აშშ დოლარს, საიდანაც, ძირი თანხაა -41.68 აშშ დოლარი, პროცენტი - 4.64 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 18.62 აშშ დოლარი.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მსესხებელი მ--- ა--------ე დაზღვეული იყო სს ს----------------------ა „ა-–----სა“ და სს ,,ს----------–--------ს“ შორის გაფორმებული სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისის საფუძველზე ავტომატური დაზღვევის ფარგლებში, 2016 წლის 16 ივნისს გაცემული სიცოცხლის დაზღვევის პოლისით №2-------. დაზღვევის პირობების“ 2.1 პუნქტის მიხედვით, დაფარულ რისკებს წარმოადგენს: ა) დაზღვეულის გარდაცვალება ნებისმიერი მიზეზით, ბ) დაზღვეულის მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება. დაზღვევის პირობების მიხედვით, მოსარგებლე, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, არის - სს ,,ს----------–---------“. მხარეთა შეთანხმებით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებაზე მოტივირებული უარის თქმის შემთხვევაში, სს „ს----------–---------ს“ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეების ვალდებულებად რჩება. ამგვარ შემთხვევებში, დაზღვეულის მემკვიდრეებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში საკრედიტო დავალიანების დაფარვა უნდა მომხდარიყო ს----------------------ის მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2018წ. გადაწყვეტილებით ს/ს „ს----------–---------ს“ სარჩელი ბ------------–----–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა;
4.1. 2016 წლის 16 ივნისს ს/ს „ს----------–---------“-ს და მ--- ა--------ეს შორის გაფორმდა ს----კო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ--- ა--------ემ კრედიტის სახით მიიღო 20 000 აშშ დოლარი, 180 თვის ვადით, წლიური სარგებელი - 8%. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არსებული დავალიანების 0,5%.
4.2. ს----კო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ბ------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე, ქ-------–------------------------. აღნიშნული ხელშეკრულება, ასევე უზრუნველყოფილია ბ------------–----–---–ის თავდებობით;
4.3. სს „ს----------–---------ს“ მიერ 2016 წლის 16 ივნისს განხორციელდა მ--- ა--------ის სიცოხლის დაზღვევა ს/ს ს----------------------ა „ა-–----ში“ და გაიცა სადაზღვევო პოლისი №2-------. სადაზღვევო პრემიის გადახდის განსაზღვრულია მსესხებლის ვალდებულების სახით;
4.4. 2016 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა მ--- ა--------ე;
4.5. 2017 წლის 30 მაისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა სადაც მემკვიდრედ დაფიქსირებულია ბ------------–----–---–ი. სხვა მემკვიდრეებს სამკვიდრო მიღებული არა აქვთ არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსთან მიმართვის გზით;
4.6. 2016 წლის 13 სექტემბერს ს/ს „ს----------–--------მა“ მიმართა ს/ს ს----------------------ა „ა-–----ს“ და მოითხოვა მსესხებლის გარდაცვალების გამო სადაზღვევო ანაზრაურების გაცემა. ს----------------------ამ უარი გადაცხადა ანაზღაურებაზე, იმ მოტივით, რომ უტყუარად და კონკრეტულად არ დგინდებოდა გარდაცვალების მიზეზი; (იხ. 2016 წლის 6 ოქტომბრის წერილი ს/ფ 102).
4.7. სასამართლო მიიჩნევს ს/ს „ს----------–--------მა“ იგნორირება გაუკეთა 2016 წლის 16 ივნისის დაზღვევის ხელშეკრულებას, რომლის მიზანს წარმოადგენდა სადაზღვევო რისკის არსებობის პირობებში გაენთავისუფლებინა მ--- ა--------ის მემკვიდრეები მის მიმართ არსებული ვალდებულებისაგან. ს----------------------ას და ს/ს „ს----------–--------ს“ შორის არსებული და საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციის შეფასებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნა ს/ს ს-----------------------ა „ა-–----ის“ მიმართ განპირობებული იყო მხოლოდ სადაზღვევო ურთიერთობების ფორმალური დაცვით და არა ამ გარიგებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფით, რომელსაც მიზნად ისახავს სადაზღვევო რისკების დაცვას.
2016 წლის 16 ივნისის დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმებულია ს/ს „ს----------–---------“-ს და ს/ს ს----------------------ა „ა-–----ს“ შორის. გარიგების შინაარსი შეთანხმებულია ამ ორ კომპანიას შორის ისე, რომ მ--- ა--------ეს არ გააჩნდა არანაირი შესაძლებლობა გავლენა მოეხდინა პირობების ჩამოყალიბებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებას ასრულებდა უშუალოდ მსესხებელი. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების მიზანი ემსახურებოდა ბ----ს ეკონომიკურ ინტერესს დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა სადაზღვევო ანაზღაურების ხარჯზე. საკუთარი ინტერესის სრულყოფილი დაცვის სანაცვლოდ, მოსარჩელე შემოიფარგლა ს----------------------ის მიმართ მხოლოდ ერთჯერადად განხორციელებული მოთხოვნით და საკმარისად მიიჩნია პირობების დარღვევაზე წერილობითი მითითება, ისე რომ არც კი უცდია უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენება. ამ შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს სს ს----------------------ა „ა-–----ის“ უარის ლეგიტიმურობას, თუმცა მოტივები იმდენად ფორმალურია, რომ ამ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მოპასუხეს შეეძლოთ უზრუნველეყო მოთხოვილი ცნობების მიწოდება. ამავდროულად, გასათვალისწინებელია რომ მსესხებელს არ გააჩნდა წვდომა დაზღვევის ხელშეკრულებაზე და მისთვის უცნობი იყო როგორც ანაზღაურების გამომრიცხველი პირობები, ისე წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა. დაზღვევის ხელშეკრულება უზრუნველჰყოფდა სს „ს----------–---------ს“ კომერციულ ინტერესებს, ხოლო მ--- ა--------ისათვის არ იყო ხელმისაწვდომი შეთანხმების დეტალები, ბ----ს ინტერესებში შედიოდა დაზღვევის ხელშეკრულების პირობების იმგვარი შინაარსით ჩამოყალიბება, რომელიც მორგებული იქნებოდა მის ინტერესებზე და გამორიცხავდა მოთხოვნის მსგავსი ფორმით უარყოფას. ამ მოთხოვნების და ქცევის სტანდარტის უგულვებელჰყოფა, წარმოშობს ეჭვს, რომ ბ---- და ს/ს ს----------------------ა „ა-–----ს“ შორის განხორციელებული სამართლებრივი კომუნიკაცია წარმოადგენდა მხოლოდ სტრატეგიის ნაწილს, რომ ფორმალურად გამოერიცხათ სადაზღვევო ურთიერთობების გავლენა მოსარჩელის მოთხოვანზე, რომელიც ს----კო კრედიტის ხელშეკრულებაზე იქნებოდა დაფუძნებული. ს/ს „ს----------–---------“-ს პასიურმა დამოკიდებულებამ არაქმედითი გადახადა 2016 წლის 16 ივნისის დაზღვევის ხელშეკრულება და საკრეტიდო ვალდებულების ტვირთი გადაიტანა მ--- ა--------ის მემკვიდრეებზე, მაშინ როდესაც მსესხებელი დამატებით იხდიდა სადაზღვევო პრემიას.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს----------–--------მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5.1. მსესხებლის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში ბ----ა მიმართა ს----------------------ას თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა 2016 წლის 6 ოქტომბრის წერილით ბ---- უარი ეთქვა თანხის ანაზღაურებაზე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის დადგენა, ხოლო გარდაცვლილის გაკვეთის საფუძველზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა მზღვეველთან წარდგენილი არ იყო.
სადაზღვევო პოლისის 3.1. მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მზღვეველთან წარდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი სამედიცინო ცნობა დაზღვეულის გარდაცვალების შესახებ (ფორმა #106ს-4, სადაც მითითებული უნდა იყოს გარდაცვალების/სიკვდილის კონკრეტული, უტყუარად დადგენილი მიზეზი, გარდაცვალების თარიღი, ადგილი და გარდაცვლილის ასაკი). ამასთან, თუ მოწმობა არ შეიცავს ჩამოთვლილ ინფორმაციას, სავალდებულოა გარდაცვლილის გაკვეთის საფუძველზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნება გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. 3.3. მუხლის თანახმად, შემთხვევის დამადასტურებელი 3.1 მუხლში მითითებული ყველა აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში შემთხვევა არ ექვემდებარება მზღვევევლის მიერ განხილვას და ზარალი არ ანაზღაურდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. 16.06.2016წ. სს „ს----------–--------ს“ (შემდგომში „მოსარჩელე“) და მ--- ა--------ეს შორის გაფორმდა ს----კო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ--- ა--------ემ კრედიტის სახით 25.06.2031წ.-მდე ვადით მიიღო 20 000 აშშ დოლარი, 8% წლიური სარგებლით. პირგასამტეხლოს ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა არსებული დავალიანების 0,5% (ტ.1, ს.ფ.14-19, 23,24).
გაცემული კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ბ------------–----–---–ის (შემდგომში მოპასუხე) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ-------–------------------------ (საკადასტრო კოდი 0---------------) (ტ.1, ს.ფ. 42-45, 49,50). კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხესთან გაფორმდა ასევე თავდებობა (ტ.1, ს.ფ.46,47).
8. მსესხებელი მ--- ა--------ე დაზღვეული იყო მოსარჩელესა და სს „ს----------------------ა ა-–----ს“ შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული სიცოცხლის დაზღვევის #C-------------------- ღია პოლისის საფუძველზე, ავტომატური დაზღვევის ფარგლებში, 16.06.2016წ. გაცემული სიცოცხლის დაზღვევის პოლისით №2------- (სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი: 16.06.2016წ.) (ტ.1, ს.ფ.102-105). სადაზღვევო პრემიის გადახდა წარმოადგენდა დაზღვეულის (მსესხებლის) ვალდებულებას (ტ.1, ს.ფ.30).
9. 1-----1---წ. დაბადებული მ--- ა--------ე გარდაიცვალა 01.09.2016წ. (ანუ 1-------------ს მას შეუსრულდებოდა 46 წელი) (ტ.1, ს.ფ.48). სადავო არ არის გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელეს დროულად ეცნობა მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე.
10. მოპასუხე წარმოადგენს მ--- ა--------ის პირველი რიგის მემკვიდრეს, მეუღლეს, რომელმაც 3---------წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სრულად მიიღო დანაშთი სამკვიდრო ქონება (ტ.1, ს.ფ. 77-79).
11. 1---------წ. მოსარჩელემ მიმართა სს ს----------------------ა „ა-–----ს“ და მოითხოვა მსესხებლის გარდაცვალების გამო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა. ს----------------------ამ 06.10.2016წ. წერილით უარი განაცხადა ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციიდან შეუძლებელი იყო დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის დადგენა, ხოლო გარდაცვლილის გაკვეთის საფუძველზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნა მზღვეველთან წარდგენილი არ იყო, რაც წარმოადგენდა მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს (ტ.1, ს.ფ.102).
ამდენად, ს----------------------ის უარი დასაბუთებული იყო ერთადერთი საფუძვლით - წარდგენილი დოკუმენტაციიდან მზღვეველმა შეუძლებლად მიიჩნია დაზღვეულის (მსესხებლის) გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის დადგენა.
ამავე წერილიდან ირკვევა, რომ მზღვეველისათვის წარდგენილი იყო 29.08.2016წ., ანუ მსესხებლის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე გაცემული შპს „ა----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ ცნობა მსესხებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV -100/ა), რომლის მე-9 პუნქტში მითითებული იყო შემდეგი:
· სუ---------–-----------------------0;
· ფილტვის ქრონიკული ო---------–----–- ავ------------- გამწვავებით, და-------------–------1;
· გუ-–---–-----------------------ბა;
· ჩ-----------------–-----–---------------------------7.0;
· სიმსუქნე I----–--- E-----;
· პულმონური ჰ----------------------–--------.0 .
წერილით ირკვევა, რომ მზღვეველთან ასევე წარდგენილი იყო 02.09.2016წ. სსიპ „ს--–---------------–----------------ს ცენტრის“ მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა გარდაცვალების შესახებ, რომელშიც მითითებული იყო გარდაცვალების მიზეზი: R-- სიკვდილის სხვა დაუზუსტებელი და არაზუსტად განსაზღვრული მიზეზები (ტ.1, ს.ფ. 102).
12. რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ს----------------------ის უარის მიღების შემდგომ მოსარჩელემ განახორციელა რაიმე ქმედება: აცნობა მსესხებლის ოჯახის წევრებს/მემკვიდრეებს ს----------------------აში სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების თაობაზე ან/და თავად მიმართა ს----------------------ას დამატებით რაიმე განმარტებებით თუ მოთხოვნით, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთ გარემოების არსებობაზე არც მოსარჩელე (აპელანტი) მიუთითებს. სააპელაციო საჩივარში ციტირებულია მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ის მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს მზღვეველთან წარსადგენ დოკუმენტებს და ადგენს, რომ ასეთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევა არ ანაზღაურდება.
აპელანტი არ მიუთითებს მისი მხრიდან ს----------------------ის უარის შემდგომ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში და დაზღვეულის / მისი მემკვიდრის ინტერესების დასაცავად რაიმე სამართლებრივი საშუალების გამოყენებაზე (მაგ.: სასარჩელო წესით თანხის მოთხოვნაზე).
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ს----კო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
პალატა განმარტავს, რომ დავა წარმოშობილია ს----კო კრედიტის ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებშიც დაზღვეული სარგებლობდა სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისით, რომლის თანახმად დაზღვეული იყო დამზღვევის ფინანსური ინტერესი დაზღვეულის მიმართ:
· დამზღვევი - მოსარჩელე ბ----;
· მზღვეველი - სს „ს----------------------ა ა-–----ი“;
· დაზღვეული - მოსარჩელე ბ----ს მსესხებელი ფიზიკური პირი;
· მოსარგებლე - მოსარჩელე.
· სადაზღვევო შემთხვევა - დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით ან მხოლოდ უბედური შემთხვევით გარდაცვალება.
სადაზღვევო პოლისის შესაბამისად, დაფარულ რისკს წარმოადგენდა დაზღვეულის გარდაცვალება ნებისმიერი მიზეზით ან დაზღვეულის მხოლოდ უბედური შემთხვევით გარდაცვალება, გარდა პოლისით განსაზღვრული გამონაკლისებისა (ტ.1, ს.ფ. 103-105).
ამდენად, სადაზღვევო ურთიერთობებში სწორედ მოსარჩელე იყო დამზღვევიც და მოსარგებლეც. სწორედ მასსა და მზღვეველს შორის შეთანხმებით მოხდა დაზღვევის პირობების, მათ შორის მზღვეველისათვის დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს წარსადგენი დოკუმენტების შეთანხმება, რისი სამართლებრივი შედეგიც ავტომატურად ვრცელდებოდა დაზღვეულზე/მსესხებელზე/მემკვიდრეებზე, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებას ასრულებდა მსესხებელი.
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სამართალურთიერთობის დადგენა მნიშვნელოვანია დავის საგნიდან გამომდინარე, რათა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული შედეგის შემოწმების თვალსაზრისით, სასამართლომ განსაზღვროს მტკიცების საგანში შემავალი წანამძღვრები, კერძოდ, სარჩელისა და შესაგებლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა, ამ უკანასკნელის შეფასება სწორედ სასამართლოს პრეროგატივაა.
მოპასუხე შესაგებელს აფუძნებს გარემოებაზე მასზედ, რომ მსესხებლის გარდაცვალების გამო სასესხო ვალდებულების დაფარვა უნდა განეხორციელებინა არა მის მემკვიდრეს, არამედ ს----------------------ას, ვინაიდან ბ----ა და ს----------------------ას შორის გაფორმებული მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა სადაზღვევო რისკის დადგომის - მსესხებლის გარდაცვალების - შემთხვევაში ბ----სათვის სესხის დაფარვა და მისი მემკვიდრეების გათავისუფლება სასესხო ვალდებულებისაგან.
პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ საკრედიტო ურთიერთობებში ს----კო დაწესებულება თავისი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსით უპირისპირდება „სუსტ“ მხარეს, მოცემულ შემთხვევაში მსესხებელ ფიზიკურ პირს, რა დროსაც ბ---- შებოჭილია მოქმედების უფრო მაღალი სტანდარტით, რაც მისი ქცევის კეთილსინდისიერებით იზომება. ს----კო კრედიტის თუ მის უზრუნველსაყოფად გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების სპეციფიკა ავალდებულებს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ძლიერ მხარეს, უზრუნველყოს „სუსტი“ მხარის დამატებით გარანტიები, რომელიც გამორიცხავს ამ ურთიერთობებში არაკეთილსინდისიერი ქცევის ყოველგვარ ეჭვს.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა სწორედ მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა (იხ.: სუსგ 25.06.2015წ. საქმეზე N1338-1376-2014).
პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საკუთარი ინტერესის სრულყოფილი დაცვის სანაცვლოდ მოსარჩელე შემოიფარგლა ს----------------------ის მიმართ მხოლოდ ერთჯერადად განხორციელებული მოთხოვნით და საკმარისად მიიჩნია პირობების დარღვევაზე წერილობითი მითითება, ისე რომ არც კი უცდია უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენება, მსესხებლის მემკვიდრეებისაგან დამატებითი დოკუმენტების გამოთხოვა. ს----------------------ას და ბ---- შორის არსებული და საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციის შეფასებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნა ს----------------------ის მიმართ განპირობებული იყო მხოლოდ სადაზღვევო ურთიერთობების ფორმალური დაცვით და არა ამ გარიგებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფით, რომელიც მიზნად ისახავს სადაზღვევო რისკებისაგან დაცვას.
პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში ვერ შეფასდება ს----------------------ის უარის მართლზომიერების საკითხი, თუმცა ამავე დროს, საკრედიტო დაწესებულების ქმედების კეთილსინდისიერების სტანდარტით შეფასების მიზნებისათვის, გასაზიარებელია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მსჯელობა, რომ სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის მოტივი იმდენად ფორმალურია, რომ ამ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მოპასუხეს შეეძლო უზრუნველეყო მოთხოვილი ცნობების მიწოდება. ამ დასკვნის საწინააღმდეგო არც სააპელაციო საჩივარშია წარმოდგენილი. აქვე არ მსჯელობს პალატა მასზედ, რამდენად იყო სიცოცხლესთან შესაბამისობაში შპს „ა-----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ მიერ მსესხებლის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე გაცემულ ცნობაში მითითებული დიაგნოზი და თუნდაც კლინიკის გარეთ გარდაცვალების შემთხვევაში და გარდაცვალების ფაქტის სსიპ „ს--–---------------–----------------ს ცენტრის“ თანამშრომლების მიერ კონსტატაციისას, რამდენად არსებობდა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გარდაცვლილის გაკვეთის აუცილებლობა.
შესაბამისად, ისეთ პირობებში, როცა სადაზღვევო ხელშეკრულების მხარეს და სადაზღვევო პოლისით მოსარგებლეს (ბენეფიციარს) წარმოადგენდა მხოლოდ მოსარჩელე ბ---- (დამზღვევი) და მსესხებელს/ მის მემკვიდრეს არ გააჩნდა წვდომა დაზღვევის ხელშეკრულებაზე და მისთვის უცნობი იყო როგორც ანაზღაურების გამომრიცხველი პირობები, ისე წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, ბ----ს პასიურმა დამოკიდებულებამ ფაქტობრივად არაქმედითი გახადა სადაზღვევო ხელშეკრულება და საკრედიტო ვალდებულების ტვირთი გადაიტანა გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრეზე, ისე რომ არ გამორიცხა აღნიშნული ვალდებულების ს----------------------ის მიერ ანაზღაურების შესაძლებლობა სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში. პალატას მიაჩნია, რომ ბ----, როგორც საკრედიტო დაწესებულებას, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ევალებოდა გულისხმიერი დამოკიდებულება გამოეჩინა და ს----------------------ის ერთჯერადი უარის შემდგომ ეცადა უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენება. აღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა სარჩელი. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
14. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
15. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 142).
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი შუამდგომლობს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯის ანაზღაურების თაობაზე. შესაგებელს სააპელაციო საჩივარზე ერთვის ბ------------–----–---–სა და ადვოკატ გ---------------–-–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლითაც მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია 865 აშშ დოლარის ოდენობით და რომლის გადახდის ვადაც განსაზღვრულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 7 დღით. ამასთან, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ გაწეული, არამედ ასევე გასაწევი ხარჯი. მხარესა და მის წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე მუხლი), სამოქალაქო კოდექსის 710-ე მულის პირველი ნაწილის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, დავალების შესრულების შემთხვევაში, რწმუნებულის მიმართ წარმოშობს ვალდებულებას მითითებული ნორმის საფუძველზე. ამდენად, როდესაც ირკვევა მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, რომლის ფარგლებშიც მარწმუნებელს მომსახურების ხარჯის გადახდის ვალდებულება აქვს ნაკისრი, არსებობს ასეთი გასაწევი ხარჯის დაკისრების წინაპირობა (იხ. სუსგ №ას-330-315-2015, 29 ივნისი, 2015 წელი; სუსგ №ას-734-702-2016 , 20 იანვარი, 2017 წელი).
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამავე კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში აპელანტს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 864 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (21 605.01-ის 4%) ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს----------–---------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2018წ. გადაწყვეტილება.
3. სს „ს----------–--------ს“ დაეკისროს ბ------------–----–---–ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გასაწევი ხარჯის სახით 864 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები თამარ ალანია
ბესარიონ ტაბაღუა