განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001148848
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5666-18 28 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - ლ-----------
წარმომადგენელი - ჯ----–----–------
მოწინააღმდეგე მხარე - ბ-------------------ჰ, შ---------------
წარმომადგენელი - ო-----------------–----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ-----------მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხეების ბ-------------------ჰსა და შ---------------სთვის მატერიალური ზიანის - 10 000 ლარისა და მორალური ზიანის - 5 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ-----------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2014 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 15:10 საათზე ქ. თბილისში, დ-----------–-----–------------------ის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ავტომანქანა „მ----------“, სახელმწიფო ნომრით A-----, რომელსაც ბ-------------------ჰი მართავდა, ქვეითად მოსიარულე ლ-----------ს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლ-----------მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო (ს.ფ. 1-40).
6. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 2014 წლის 31 ივლისს გამოძიება დაიწყო, ხოლო თბილისის პროკურატურის პროკურორის 15.09.2014 წლის დადგენილებით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა (ს.ფ. 62-66).
7. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებას მოპასუხე ბ-------------------ჰი მართავდა, ავტომანქანა მეორე მოპასუხის შ---------------ს სახელზე იყო რეგისტრირებული (ს.ფ. 1-40).
8. ლ-----------ს 2014 წლის 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით სს „ს------–----------------–----------“ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მკურნალობის კურსი ჩაუტარდა, დიაგნოზით - ბარძაყის ყელის მოტეხილობა. მკურნალობის ღირებულებამ 3010 ლარი შეადგინა. ამავე კლინიკაში 2017 წლის 8 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში მოსარჩელეს მკურნალობის კურსი - მენჯ-ბარძაყის სახსარში სრული პროთეზის მეორადი იმპლანტირება, ჩაუტარდა და შემდგომი მედიკამენტოზური მკურნალობა დაენიშნა (ს.ფ. 14, 21).
9. 2014 წლის 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს პერიოდში გაწეული მკურნალობის საფასურის დაფინანსება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა (ს.ფ. 14, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).
10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2014 წლის 14 ივლისს მომხდარი შემთხვევის გამო, ბ-------------------ჰისთვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2014 წლის 31 ივლისს მოპასუხის მიერ ავტომობილის საპარკინგე ზოლიდან გასვლისას მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მოსარჩელე ლ-----------ს შეეჯახა, რა დროსაც მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. აღნიშნულ ფაქტს გარდა იმისა, რომ მოპასუხე არ უარყოფს, ასევე, ადასტურებს ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება იქნა გამოძახებული და ლ----------- ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოწმეების გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მანქანა დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, იგი მოსარჩელეს მსუბუქად შეეხო, რა დროსაც იგი წაიქცა და როგორც შემდგომ გაირკვა, ბარძაყის ყელის მოტეხილობა მიიღო. ცხადია, რომ ავტომანქანის „შეხებამ“ ხანდაზმული ქალბატონის წაქცევა და მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. გარდა ამისა, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 2014 წლის 31 ივლისს გამოძიება დაიწყო, ხოლო თბილისის პროკურატურის პროკურორის 15.09.2014 წლის დადგენილებით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ძირითადად, ამ გარემოებას დაეყრდნო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს იმ გარემოების დადგენა წარმოადგენს, თუ რამდენად შეიძლება ანაზღაურებას ექვემდებარებოდეს პირისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია ისეთი ქმედების შედეგად, რომელზეც სისხლის სამართლის საქმის წარმოება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.
11. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართალსა და სამოქალაქო სამართალში პასუხისმგებლობის დაკისრების განსხვავებულ წინაპირობებზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს.
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებას მოპასუხე ბ-------------------ჰი მართავდა, ხოლო ავტომანქანა მეორე მოპასუხის შ---------------ს სახელზე იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, მოპასუხე ბ-------------------ჰის პასუხისმგებლობის საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლია, ხოლო მოპასუხე შ---------------ს, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის პასუხისმგებლობა, ამავე კოდექსის 999-ე მუხლს ეფუძნება, რომელიც, თავის მხრივ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის პასუხისმგებლობას, ბრალის გარეშე აწესებს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს (მფლობელს) ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, ბრალის მიუხედავად აგოს პასუხი.
ამ მხრივ, ასევე, საყურადღებოა უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია, შედეგად, ბრალის მიუხედავად, დგება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.
უმნიშვნელოვანესია აქვე აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია, თუნდაც, ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე, დაზარალებულის ბრალი. დაუძლეველი ძალაში იგულისხმება, რომ, მიუხედავად ავტომანქანის გულისყურით მართვისა, ზიანის თავიდან აცილება ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, ზიანი გამოწვეულია თუ არა დაბრკოლებით, რომელიც არ შედიოდა ტრანსპორტის მფლობელის კონტროლის სფეროში და მას გონივრულად არ შეეძლო არც მისი წინასწარ გათვალისწინება და არც დაბრკოლების ან მისი შედეგების თავიდან აცილება, ან დაძლევა, ანუ პირი დაბრკოლებაზე ზემოქმედების შესაძლებლობას მოკლებული იყო. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის დაკისრებისას უნდა გამოირიცხოს დაზარალებულის ბრალიც, ვინაიდან დელიქტური ვალდებულებების მომწესრიგებელი ნორმები შემხვედრი ბრალის საკითხს არ ითვალისწინებს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შ---------------, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლზე დაყრდნობით, ბრალის გარეშე აგებს პასუხს, მარტოოდენ იმიტომ, რომ მან ავტოსატრანსპორტო საშუალება, ნებაყოფლობით, სხვას გადასცა, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა.
რაც შეეხება ბ-------------------ჰს, იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა. თავად მძღოლმა გამოძიებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტების მიცემისას განმარტა, რომ ვერ იგრძნო თუ, როგორ შეეჯახა ლ-----------ს, რადგან უკუ სვლით მოძრაობისას იყურებოდა და აკონტროლებდა გზის მარცხენა მხარეს, მარჯვენა სარკეში არ გაუხედავს. შემთხვევის დროს იყო დღე, ბუნებრივი განათება, ავტომანქანის მართვასა და მხედველობაში ხელს არაფერი უშლიდა. გარდა მძღოლის ჩვენებისა, ქმედების გონივრული განსჯის სტანდარტით განმარტებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც, კი თუ ქვეითად მოსიარულე არასწორად, ცუდ დროს, ჩავიდა ტროტუარიდან, მანქანის მძღოლს სარკეში, რომ გაეხედა და დაენახა ქალბატონი, მანქანას აღარ დაძრავდა და, შესაბამისად, შემთხვევასაც თავიდან აირიდებდა. ამ პირობებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მძღოლის მიერ მომეტებული საფრთხის წყაროს მართვა ვერ იქნება მიჩნეული გულისყურით განხორციელებულ ქმედებად, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც ზიანი სხვა არავითარ ისეთ გარეგან დაბრკოლებას არ გამოუწვევია, რომლის თავიდან აცილებაც მძღოლს ობიექტურად არ შეეძლო. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-------------------ჰმა მანქანის დაძვრისას გამოიჩინა მარტივი გაუფრთხილებლობა, მან, მართალია, ძალიან ნელი სვლით დაძრა მანქანა, თუმცა, მარჯვენა სარკეში არ გაუხედავს, რამაც ლ-----------სთან მანქანის მსუბუქი შეხება განაპირობა, რის გამოც ლ----------- წაიქცა და მის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მარტივ გაუფრთხილებლობას, რამაც ლ------------ ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული საფუძვლით პასუხისმგებლობა შ--------------- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლზე დაყრდნობით, ხოლო ბ-------------------ჰს ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად წარმოეშობა. თუმცა, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მასზედ, რომ საქმის მასალებით ჩატარებული ოპერაციების ღირებულების მოსარჩელის მიერ ანაზღაურების ფაქტი არ დასტურდება, მეტიც, როგორც თავად ლ-----------მ განმარტა, ოპერაციები მას, როგორც სოციალურად დაუცველ პირს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აუნაზღაურდა, შესაბამისად, ამ პირობებში, მიუხედავად მოპასუხეების ზიანის ანაზღაურების მატერიალური საფუძვლისა, მათზე ოპერაციის ღირებულების დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს.
12. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ლ-----------ს მომხდარი შემთხვევის გამო მორალური ზიანი მიადგა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს მორალური ზიანის არსებობა წარმოადგენს. იგი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილებების საფუძვლით მორალური ზიანის არსებობას, რაც ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში გამოიხატება.
სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში.
განსახილველ შემთხვევაში, სატრანსპორტო შემთხვევის გამო ლ-----------ს ბარძაყის ყელის მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით მეორე ოპერაცია დასჭირდა და სარეაბილიტაციოდ შემდგომი მკურნალობა დაენიშნა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ასევე დაზარალებულის ასაკისა და იმ დროის გათვალისწინებით, თუ რა პერიოდია გასული შემთხვევიდან დღიდან - სასამართლო განხილვამდე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 2500 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს.
13. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;
4. ან მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი (სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის, როგორც დელიქტური სამართლის კერძო შემთხვევის გათვალისწინებით, სასამართლო ზიანის მიმყენებლის ბრალს მხედველობაში არ იღებს).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს.
მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, მოსარჩელეს მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა. აღნიშნულის სამტკიცებლად საქმის მასალებში არსებობს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები, ფორმა-100, ასევე არც მოპასუხე მხარეს უარყვია მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება. ამ პირობებში, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ გარემოების დამტკიცება, რომ მანქანის შეჯახებას მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი არ გამოუწვევია, ან ის, რომ იგი განსაკუთრებული გულმოდგინებით მართავდა მანქანას, რა დროსაც მისგან დამოუკიდებელმა გარეგანმა მიზეზებმა მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია და მას აღნიშნულის თავიდან აცილების შესაძლებლობა არ გააჩნდა. საქმის მასალებში ხსენებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, მეტიც, თავად მძღოლის ახსნა-განმარტებით უტყუარად დგინდება, რომ მანქანის უკუ სვლის დროს იგი მხოლოდ გზის მარცხენა მხარეს აკონტროლებდა, მარჯვენა სარკეში არ გაუხედავს და არც კი გაუგია, თუ როგორ დააზიანა მოსარჩელე. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, მოსარჩელემ ვერ შეძლო დოკუმენტური მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც მკურნალობის ხარჯების მის მიერ გაღება დადასტურდებოდა, სწორედ ამ მოტივით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა, რაც, რა თქმა უნდა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, ხოლო იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ ვერ გასწია, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო-სამართლებრივ კონტექსტში ქმედების მართლწინააღმდეგობა ან მარტივი გაუფრთხილებლობა, რაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობაა, არ არსებობს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, ამიტომ ბ-------------------ჰსა და შ--------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ბაჟი 175 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ------------ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ლ------------ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბ-------------------ჰსა და შ--------------- ლ------------ სასარგებლოდ სოლიდარულად 2500 ლარის ანაზღაურება დაეკისროთ;
5. ბ-------------------ჰსა და შ--------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ბაჟი 175 ლარი დაეკისროთ;
6. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი