განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002220657
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3984-18 24 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი
I აპელანტი - სსიპ შ--------–----------------
წარმომადგენელი - ლ-–--------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - სს „დ-------------------–-------------------------“
წარმომადგენელი - ა-------------------
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
II აპელანტი - სს „დ-------------------–-------------------------“
წარმომადგენელი - ა-------------------
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შ--------–----------------
წარმომადგენელი - ლ-–--------–---–-
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სადაზღვევო თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ შ--------–----------------- თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე სს „დ-------------------–-------------------------სთვის“ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 13 230 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს, სულ, 3538,25 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს „დ-------------------–-------------------------ს“, სსიპ შ--------–----------------ს სასარგებლოდ 13 330 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 3538,25 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ შ--------–----------------- სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, გაასაჩივრა მოპასუხე სს „დ-------------------–-------------------------მ“, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2017 წლის 5 იანვარს სს „დ-------------------–-------------------------სა“ და სსიპ შ--------–---------------- შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, ხელშეკრულების დანართი #1-ით განსაზღვრული სსიპ შ--------–----------------ს ავტოსატრანსპორტო საშუალებები იქნა დაზღვეული (ს.ფ. 20-35).
6. ხელშეკრულების 5.2 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია: შეატყობინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო რისკის სახისა და ხარისხის განსაზღვრისათვის, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის (მზღვეველის) წარმომადგენლის (აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოს წარმომადგენლის) შემთხვევის ადგილზე გამოცხადებამდე არ მოახდინოს ზიანის დადგომის მომენტში არსებული ვითარების შეცვლა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ზარალის ოდენობის შემცირების ან ზიანის შემდგომი განვითარების თავიდან აცილების მიზნით) (ს.ფ. 22-23).
7. ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.14 პუნქტის მე-3, მე-4 და მე-8 ქვეპუნქტების მიხედვით, მზღვეველი არ აანაზღაურებს ზარალს, თუ უფლებამოსილი მძღოლი მართავდა ავტომობილს ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების სიმთვრალის მდგომარეობაში, თუ შემსყიდველი (დაზღვეული) განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე სარგებლის მიღების მიზნით, ამასთან შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი თქვას (ს.ფ. 24-25).
8. 2017 წლის 20 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სსიპ შ--------–----------------ს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, M-------------- სახელმწიფო ნომრით R------- დაზიანდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #------------ ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ ნ----–-------–--–--- გზის პირველ კილომეტრზე დაახლოებით 20:00 საათზე მძღოლმა ზ----------------მ ავტომანქანით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და მოახდინა შეჯახება, რის შემდეგაც გადააადგილა ავტომანქანა და შემთხვევის ადგილი მიატოვა. ზ---------------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის და 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე 250 ლარით დაჯარიმდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ შემოწმებისას ზ----------------- ალკოჰოლური თრობა არ გამოვლენილა (ს.ფ. 36-37, 38-39).
9. მოპასუხემ უარი განაცხადა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, ვინაიდან ადგილი ჰქონდა დაზღვევის პირობების დარღვევას, კერძოდ, მძღოლის მიერ მიტოვებული იქნა შემთხვევის ადგილი. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი განპირობებულია მხოლოდ ზემოაღნიშნული მოტივით (ს.ფ. 51).
10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სს „დ-------------------–-------------------------ს“ 2017 წლის 20 იანვარს მომხდარი შემთხვევისთვის სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის, სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.14 პუნქტი შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მზღვეველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან თავისუფლდება, კერძოდ, ერთ-ერთი დებულების მიხედვით, თუ შემსყიდველი (დაზღვეული) განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე სარგებლის მიღების მიზნით, მზღვეველი ნაკისრი ვალდებულებისგან თავისუფლდება. ამავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის (მზღვეველის) წარმომადგენლის (აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოს წარმომადგენლის) შემთხვევის ადგილზე გამოცხადებამდე არ მოახდინოს ზიანის დადგომის მომენტში არსებული ვითარების შეცვლა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ზარალის ოდენობის შემცირების ან ზიანის შემდგომი განვითარების თავიდან აცილების მიზნით).
საქმის მასალებში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------------ (საჯარიმო ქვითარი) ირკვევა, რომ 2017 წლის 20 იანვრის ნ----–-------–--–--- გზის პირველ მონაკვეთზე 20:00 საათზე მომხდარ ავტოავარიაზე პასუხისმგებელ პირად ავტოსატრანსპორტო საშუალების, სახელმწიფო ნომრით R------- მძღოლი - ზ---------------- იქნა მიჩნეული. აღნიშნულ ოქმს ხელს ზ---------------- აწერს, სადაც მითითებულია, რომ მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი მიატოვა, ასევე, 2017 წლის 20 იანვარს 21:19 წუთზე ალკოტესტი სწორედ ზ----------------ს ჩაუტარდა. საქმის მასალებში აგრეთვე არსებობს ზ----------------- ახსნა-განმარტებაც, სადაც იგი დეტალურად აღწერს მომხდარ ავარიას და მიუთითებს, რომ ავტომობილს თავად მართავდა.
აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სსიპ შ--------–----------------- 2017 წლის 05 იანვარს სს „დ-------------------–-------------------------ს“ მიმართა და მათ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. 2017 წლის 22 სექტემბერს სადაზღვევო კომპანიამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა დაზღვევის პირობების დარღვევას, კერძოდ, მძღოლმა შემთხვევის ადგილი მიატოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილის მიტოვება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლებში არ იყო მითითებული, ასეთი ვალდებულების დაკისრება მძღოლისთვის არაგონივრული იქნებოდა და სწორედ ამიტომ, ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
11. 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ სადაზღვევო კომპანიის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სსიპ შ--------–---------------- გ------------------- სამსახურიდან გათავისუფლებისა და მისი განმაპირობებელი მიზეზების შესახებ დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება დააკისრა. აპელანტის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს ახლავს სსიპ შ--------–----------------ს მონიტორინგის დეპარტამენტის მოკვლევის მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ ავტომანქანა „M--------------“-ის, სახელმწიფო ნომრით R------- მართვის უფლება საბაჟო გამშვები პუნქტი „ნ----–------ს“ უფროსს გ------------------- აქვს მინიჭებული. ამავე დოკუმენტში ასახულია გ------------------- ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, 2017 წლის 20 იანვარს სამსახურის დასრულების შემდგომ, დაახლოებით 18:15 საათზე სამსახურებრივი ავტომანქანით „M--------------“-ის, სახელმწიფო ნომრით R------- გავიდა სამსახურიდან პირად საქმეზე (სურსათის საყიდლად) თანამშრომლის ჰ---------------------ს ოჯახში და შემდეგ კვლავ გააგრძელა გზა თბილისის მიმართულებით. გზა სრულად დაფარული იყო თოვლით და ყინულით. მან შენიშნა საპირისპირო გზიდან მომავალი ავტომობილი და ნელ-ნელა დაიწყო ჭრილიდან გადასვლა, რა დროსაც მოუცურდა მანქანა და ამოტრიალდა. დაახლოებით 19:20 საათზე დაურეკა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დ-----------–---- და მომხდარის შესახებ აცნობა. ამის შემდეგ დაუკავშირდა სატრანსპორტო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელ - ი-------------–---- და მასაც მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. შემდეგ საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა, კერძოდ, დარეკა ნაცნობ - ზ----------–----------, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს და მან შეატყობინა ადგილობრივ საპატრულო პოლიციას. აღნიშნულის შემდეგ, გ------------------- თავად დაუკავშირდა ადგილობრივი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ბ---- (გვარი ვერ გაიხსენა) და უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციას გაგზავნიდნენ. ვინაიდან იყო დაბნეული და ანერვიულებული, გადაწყვიტა თბილისში წაჰყოლოდა ერთ-ერთ გამვლელს, რომელიც გაჩერდა და ეხმარებოდა. დაახლოებით 20:15 საათზე სამსახურებრივი მანქანიდან ამოიღო თავისი პირადი ნივთები, ტანსაცმელი და გზაში ნაყიდი სურსათი, წამოსვლამდე გ------------------- სთხოვა თავის თანამშრომლებს, დ--------------–---–-- ზ----------------სა და ჰ--------------------- (რომლებიც შემთხვევის ადგილზე მისი თხოვნით გამოცხადდნენ), რომ დარჩენილიყვნენ შემთხვევის ადგილზე და საპატრულო პოლიციას დახვედროდნენ, კერძოდ, ზ----------------ს სთხოვა, საპატრულო პოლიციისთვის განეცხადებინა, რომ საჭესთან იგი იჯდა.
სსიპ შ--------–----------------ს მონიტორინგის დეპარტამენტის მოკვლევის მასალებში, ასევე არსებობს ზ----------------- ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, 2017 წლის 20 იანვარს სამსახურში იმყოფებოდა, მისმა უფროსმა გ------------------- ცვლის უფროსს დ--------------–---–- დაურეკა და უთხრა, რომ ავარია მოუვიდა, მისი სამსახურებრივი ავტომანქანა ამობრუნებული იყო და დახმარება სჭირდებოდა. ზ---------------- ორ თანამშრომელთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილისკენ, ავტომანქანა გადმობრუნებული და სავალი ნაწილიდან გადაყვანილი დახვდათ, ამ დროს საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე მისული არ იყო. გ------------------- თანამშრომლებს უთხრა, რომ წინა დღეს მიიღო ალკოჰოლური სასმელი, იყო ნაბახუსევი, ეშინოდა ალკოტესტს არ დაეფიქსირებინა სიმთვრალე, ამ მიზნით მან ზ----------------ს სთხოვა, საპატრულო პოლიციისთვის ეთქვა, რომ იგი იჯდა საჭესთან. ამის შემდგომ გ------------------ თბილისისკენ მიმავალ მანქანას გაჰყვა. ვინაიდან საპატრულო პოლიცია აგვიანებდა, დ--------------–---–-, ზ---------------- და ჰ--------------------- სამსახურში დაბრუნდნენ, დაახლოებით 20:40 საათზე გ------------------- დაურეკა დ--------------–---–-- განუცხადა, რომ შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია მივიდა და სთხოვა მისულიყვნენ. ადგილზე მისულ ზ----------------ს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ჰკითხა, თუ ვინ იყო მძღოლი და ვის ეკუთვნოდა ავტომობილი, რაზედაც მან განაცხადა, რომ მანქანას თვითონ მართავდა, ხოლო ავტომანქანა შ--------–---------------- ეკუთვნოდა, რომლითაც ამჟამად ს.გ.პ. „ნ----–------ს“ უფროსი გ------------------ სარგებლობდა. იდენტურ ინფორმაციას იძლევა ადგილზე მყოფი მესამე თანამშრომლის ჰ---------------------ს ახსნა-განმარტებაც.
შ--------–----------------ს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გ------------------- მიერ ადგილი ჰქონდა სსიპ შ--------–----------------ს შინაგანაწესის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომებს, კერძოდ, სამსახურის შინაგანაწესის უხეში ან სისტემური დარღვევა, დაწესებულებისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა და ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი იგი თუ მის გარეთ, აღნიშნული გადაცდომები გ------------------- სამსახურიდან გათავისუფლებას დაედო საფუძვლად.
წინამდებარე მსჯელობა ცხადყოფს, რომ საქმის მასალებში არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო წერილობითი მტკიცებულება, კერძოდ, საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის აქტი, რომლითაც ავარიაზე პასუხისმგებელ პირად ზ---------------- იქნა მიჩნეული (მასვე ჩაუტარდა ალკოტესტი) და სსიპ შ--------–----------------ს მონიტორინგის დეპარტამენტის მოკვლევის მასალები, რომლითაც ცალსახად დადასტურებულია, რომ ავტომანქანას გ------------------ მართავდა, შემთხვევის ადგილიდან წავიდა და თავის თანამშრომელ ზ----------------ს სთხოვა, ავარია თავის თავზე აეღო, საპატრულო პოლიციისთვის განეცხადებინა, რომ საჭესთან თავად იჯდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს აღნიშნული მტკიცებულებების შეფასება და იმის გამოკვლევა წარმოადგენს, თუ საქმეში წარმოდგენილ რომელ მტკიცებულებას უნდა დაეფუძნოს გადაწყვეტილება.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. შესაპირისპირებელი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-139-ე მუხლების კონტექსტში მოწოდებულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ მტკიცებულების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სასამართლოს როლს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასა და მათი შეფასების ნაწილში ასევე ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრირებას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა ან ის თუ, როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა, ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები, ამრიგად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ევროსასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასების მხრივ ეჭვქვეშ დააყენოს სამოქალაქო დავის შედეგის სამართლიანობა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების კონტექსტში მუდმივად აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოები ვალდებულნი არიან პროცესის სამართლიანობა უზრუნველყონ, რომელიც, ასევე, მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესის სამართლიანობის შემოწმებას. სხვა მხრივ, მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივაა შეაფასოს მხარეთა არგუმენტები, მტკიცებულებები და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დისპოზიციურობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრული რეალიზაციის პირობებში, საქმის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა, რომ გადაწყვეტილება სსიპ შ--------–----------------ს მონიტორინგის დეპარტამენტის მოკვლევის მასალებს უნდა დაეფუძნოს და საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიციის უმნიშვნელოვანესი როლის მიუხედავად, რომელიც მათ მიერ შედგენილ დოკუმენტაციას განსაკუთრებით მყარ/სარწმუნო მტკიცებულებად აქცევს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომანქანის მძღოლის მიერ განხორციელდა იმგვარი ქმედებები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტში საპატრულო პოლიციისთვის ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა ნამდვილი სამართალდამრღვევის დადგენას, კერძოდ, გ------------------, რომელიც ავარიის დროს ავტომანქანას მართავდა, შემთხვევის ადგილიდან წავიდა, სადაც თავისი თანამშრომელი ზ---------------- დატოვა და მასვე სთხოვა მომხდარი შემთხვევის საკუთარ თავზე აღება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ გ------------------- მიერ მოხდა მტკიცებულებათა ფაბრიკაცია, რაც საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ დოკუმენტებს მტკიცებულებით ძალას უკარგავს და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ სსიპ შ--------–----------------ს მონიტორინგის დეპარტამენტის მოკვლევის მასალების გაზიარებას, ცალსახაა, რომ მონიტორინგის მსვლელობისას გამოიკითხა შემთხვევის ადგილზე მყოფი თითოეული პიროვნება, მათ შორის, გ------------------ და ზ----------------ც. მათ მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები თანმიმდევრულია და სრულიად ემთხვევა ერთმანეთს, გამოკითხული პირები ადასტურებენ, რომ დოკუმენტი მათი თანდასწრებითა და მათი კარნახის შედეგად შედგა, ასევე, ხსენებულ დოკუმენტზე არსებობს გამოკითხული პირების ხელმოწერაც. მანქანა, რომელსაც ავარიის დროს გ------------------ მართავდა, სწორედ მის სახელზე იყო განპიროვნებული. რაც შეეხება მონიტორინგის თანმდევ შედეგს, გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გ------------------- სსიპ შ--------–----------------ს შინაგანაწესის არაერთი მუხლით დადგენილი წესების გადაცდომა ჩაიდინა, რაც მის სამსახურიდან გათავისუფლებას დაედო საფუძვლად. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, და შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მონიტორინგის შედეგები, ასევე, გ------------------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, კანონით დადგენილი წესით, გასაჩივრებული არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროცესის მართებულად წარმოებას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების 5.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომლის მიხედვით, დაზღვეულს ევალებოდა მიმწოდებლის (მზღვეველის) წარმომადგენლის (აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოს წარმომადგენლის) შემთხვევის ადგილზე გამოცხადებამდე ზიანის დადგომის მომენტში არსებული ვითარება არ შეეცვალა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გ------------------ შემთხვევის ადგილიდან წავიდა და თავის თანამშრომელს, რომელიც ავარიის დროს მასთან ერთად არ იმყოფებოდა, შემთხვევის თავის თავზე აღება სთხოვა. გარდა ამისა, ავარიის შედეგად ამოტრიალებული ავტომანქანის გზის სავალი ნაწილიდან გადატანა და მისი მდგომარეობის შეცვლა მოხდა. ხსენებული გარემოებები, რა თქმა უნდა, გამორიცხავს დაზღვეული პირის მიერ ზიანის დადგომის მომენტში არსებული ვითარების შენარჩუნების შესახებ მსჯელობის გაგრძელების შესაძლებლობას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, განსახილველ შემთხვევაში, დაირღვა მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების 7.14 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, თუ შემსყიდველი (დაზღვეული) განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე სარგებლის მიღების მიზნით, ამასთან შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი თქვას. მოცემულ შემთხვევაში, გ------------------- მხრიდან ადგილი ჰქონდა ინფორმაციის ფაბრიკაციასა და იმგვარი ფაქტობრივი გარემოებების შექმნას, რომელსაც საპატრულო პოლიციის მიერ არასწორი ადმინისტრაციული აქტების შედგენა მოჰყვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომას, ვინაიდან არსებობდა მხარეთა მიერ შეთანხმებული იმგვარი გარემოებები, რომლებიც მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულების წარმოშობას გამორიცხავდა.
14. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სს „დ-------------------–-------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულად მიიჩნია და დაადგინა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შ--------–----------------ს მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის არსობრივად განხილვის წინაპირობები არ არსებობს, ვინაიდან საჩივრით მოთხოვილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული საურავის 3 538,25 ლარის გადახდის ვალდებულება არ დაეკისრა. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები გამოირიცხება, ასევე, არ არსებობს საურავის, ანუ მეორადი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებიც.
15. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, მოსარჩელე მხარემ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამზღვევის ვალდებულების გამომრიცხავი გარემოებების არარსებობა ვერ დაადასტურა. რაც შეეხება მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას, მან შესაგებლის სამართლებრივი საფუძვლები წარმატებით დაადასტურა, კერძოდ, მიუთითა ისეთი გარემოებების არსებობის თაობაზე, რომელიც მისი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს გამორიცხავდა, ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა, მოპასუხე შ--------–----------------სთვის გ------------------- გათავისუფლების შესახებ ინფორმაციისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ წარმოებული მოკვლევის მასალების წარმოდგენის თაობაზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა, თუმცა,, აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. აშკარაა, რომ მოპასუხე მხარემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია და სარჩელის საფუძვლის გაქარწყლება შეძლო.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სს „დ-------------------–-------------------“ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, ხოლო იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ (სსიპ შ--------–----------------) ვერ გასწია, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების, გაუქმებისა და სს „დ-------------------–-------------------------ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან სსიპ შ--------–---------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებულ სუბიექტს წარმოადგენს, შესაბამისად, მას სს „დ-------------------–-------------------------ს“ მიმართ, მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი - 533,20 ლარის ოდენობით, უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „დ-------------------–-------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი სს „დ-------------------–-------------------------ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ შ--------–----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. სსიპ შ--------–---------------- სს „დ-------------------–-------------------------ს“ მიმართ დაეკისროს ბაჟის სახით გადახდილი 533,20 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი